რუსეთის პრესის მიმოხილვა. 2017 წლის 19 აპრილი

„გზა აჩვენებს“ - ამ სათაურით გამოაქვეყნა „კომერსანტმა“ სტატია, რომელშიც საუბარია როგორც ცხინვალში გამართული არჩევნებისა და რეფერენდუმის შესახებ, ასევე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტზე სოხუმში. სტატიის თანახმად, თვითაღიარებულ რესპუბლიკაში გამართულ არჩევნებში გაიმარჯვა იმ კანდიდატმა, რომლის საქმიანობასაც უკავშირდება რუსეთის შემადგენლობაში შესვლის მეტი იმედი. რეალურად, არანაირი საარჩევნო პროგრამა, რომელშიც ამომრჩეველთა სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების გეგმა იქნებოდა ჩამოყალიბებული, გამარჯვებულ კანდიდატს, ანატოლი ბიბილოვს, არ ჰქონია. მთელი იმედი დამყარებულია რუსეთთან მჭიდრო ინტეგრაციაზე, თუმცა, როგორც სტატიის ავტორი შენიშნავს, სამხრეთ ოსეთის მიღებას რუსეთის შემადგენლობაში მოჰყვება საერთაშორისო თანამეგობრობის ნეგატიური რეაქცია და ურთიერთობის სრული გაწყვეტა საქართველოსთან, მაშინ როცა ამ ურთიერთობაზე დამოკიდებულია რეგიონში რუსეთის ერთადერთი გეოპოლიტიკური მოკავშირის, სომხეთის, ბედი. რუსეთის სომხეთთან დამაკავშირებელი ერთადერთი სახმელეთო მარშრუტი სწორედ საქართველოზე გადის, ამასთან, ამ გზის ფუნქციობაზე დამოკიდებულია არ მხოლოდ რუსეთის პარტნიორის ეკონომიკური კეთილდღეობა, არამედ სომხეთში განლაგებული რუსეთის სამხედრო ბაზების ბრძოლისუნარიანობა, რისთვისაც მათი უწყვეტი მომარაგებაა საჭირო. რუსეთი ალტერნატიული მარშრუტების სახით ასევე განიხილავს სატრანზიტო გზების გახსნას სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის თვითაღიარებული რესპუბლიკების გავლით. შესაბამისად, ოფიციალური მოსკოვი ყველანაირად მოერიდება საქართველოსთან ურთიერთობის შემდგომ დაძაბვას, წერს „კომერსანტი“.

„ნეზავისიმაია გაზეტა“ კი იმის შესახებ წერს, რომ რუსეთის მოსახლეობაში კვლავინდებურად ჭარბობს პესიმისტური განწყობები. „როსტატის“ მონაცემებზე დაყრდნობით, რუსეთში მესამე წელია გრძელდება რეალური შემოსავლების შემცირების ტენდენცია. „ხელისუფლებას, ფაქტობრივად, არ შეუძლია შემოსავლების შემცირების შეჩერება. შედეგად, სახელმწიფო მოხელეებს ყურადღება გადააქვთ კრიზისიდან იმ მომხმარებელთა უფლებების დაცვაზე, რომლებსაც არ ჰყოფნით ფული მრავალ საყიდელზე“, ვკითხულობთ სტატიაში.

სტატიაში მოტანილი სტატისტიკური მონაცემებით, 2017 წლის მარტში 2,5 პროცენტით შემცირდა რუსეთის მოქალაქეების რეალური შემოსავალი, 2016 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, პირველი კვარტალის მიხედვით კი, შემცირებამ 0,2 პროცენტი შეადგინა.

„რუსეთის მოქალაქეები არ არიან მზად ძვირად ღირებული ნივთების შესაძენად და დანაზოგის გასაკეთებლად. როგორც ჩანს, ამისათვის მათ შემოსავლები არ ჰყოფნით. გამოკითხვამ ასევე აჩვენა, რომ მოცემული ვითარება მნიშვნელოვანი თანხების დახარჯვისთვის შესაფერის დროდ მიაჩნია გამოკითხულთა 8 პროცენტს, ხოლო დანაზოგის გასაკეთებლად - 5 პროცენტს. გამოკითხულთა ორ მესამედს თავისი მდგომარეობა მიაჩნია „საშუალოდ“, მეოთხედს - „ცუდად“ და სამ პროცენტს კი -„ძალიან ცუდად“. საგულისხმოა, რომ კარგად თავის მატერიალურ მდგომარეობას მიიჩნევს გამოკითხულთა მხოლოდ 6,7 პროცენტი, - ვკითხულობთ „ნეზავისიმაია გაზეტაში“.