რუსეთის კრიზისი და მისი გავლენა მსოფლიოსა და საქართველოს ეკონომიკაზე

მიმდინარე წელს რუსული რუბლი თითქმის 60 პროცენტით გაუფასურდა. 1998 წლის შემდეგ ეს ყველაზე დიდი გაუფასურებაა რუბლის ისტორიაში. რუსეთის ეროვნულმა ბანკმა 2 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების რეზერვი გამოიყენა სავალუტო ბაზარზე რუბლის შესაძენად. შესაბამისად, გაძვირდა რუსეთის სახელმწიფო ვალიც, რომლის 80 პროცენტიც დოლარშია დენომინირებული და 60 მილიარდ აშშ დოლარს უტოლდება. ვალის მომსახურების პროცენტი 8 პროცენტამდე გაიზარდა. იმ შემთხვევაში, თუ ნავთობის მსოფლიო ფასი დარჩება ბარელზე 60 დოლარის ოდენობით, რუსეთის ცენტრალური ბანკის პროგნოზით, ქვეყნის მშპ 4,7 პროცენტით შემცირდება. ცნობისთვის: ნავთობპროდუქტებიდან მიღებული შემოსავლები ქვეყნის ფედერალური ბიუჯეტის ნახევარზე მეტს და მთლიანი ექსპორტის ორ მესამედს შეადგენს.

იმის გათვალისწინებით, რომ რუსეთი სიდიდით მსოფლიოს მეექვსე ეკონომიკაა და მსოფლიოში ნავთობისა და გაზის უმსხვილესი ექსპორტიორია, მიმდინარე მოვლენები გავლენას მოახდენს მსოფლიო ეკონომიკაზე. საერთაშორისო სავალუტო ფონდი შიშობს, რომ რუსეთში მიმდინარე მოვლენები, კერძოდ, ღრმა რეცესია და კონტროლდაკარგული ინფლაცია, შესაძლოა მსოფლიოს ახალი ეკონომიკური კრიზისის დასაწყისი იყოს. ინფლაციის მაჩვენებელი დაახლოებით 9,1 პროცენტია, წინა წელთან შედარებით, ხოლო მაღაზიებში ფასები ყოველდღიურად იცვლება. თუ გავითვალისწინებთ რუბლის გაუფასურებას, ამ ეფექტის გასანეიტრალებლად, ფასები დაახლოებით 50 პროცენტით უნდა გაიზარდოს. ყოველივე ამის გათვალისწინებით, მომუშავეთა მიერ მიღებული ხელფასი მსყიდველუნარიანობას დღითიდღე კარგავს.

რას ნიშნავს ეს საქართველოსთვის? ყველაზე მეტად მიმდინარე კრიზისი საქართველოს ფულადი გზავნილების არხით შეეხება. მოგეხსენებათ, რუსეთი ფულადი გზავნილების გამომგზავნ ქვეყნებში უპირობო ლიდერია და ამ ქვეყნიდან საქართველოში 2013 წელს მილიარდ ნახევარ დოლარამდეა შემოსული, რაც საქართველოს მშპ-ს 10 პროცენტია. გასულ წელს ყოველთვიურმა საშუალო ჩარიცხვებმა 123 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. ნოემბრის მდგომარეობით, წინა წლის ნოემბერთან შედარებით, გზავნილების ნაკადი 20 პროცენტით არის შემცირებული და 104,2 მლნ აშშ დოლარს აღწევს. ფულადი გზავნილები საქართველოსთვის საერთაშორისო ვალუტის მნიშვნელოვან წყაროს წარმოადგენს და მრავალი ოჯახისთვის შემოსავლის წყაროა. თუ გავითვალისწინებთ, რომ რუსეთში მცხოვრებ ქართველებს მიმდინარე პროცესების გამო განკარგვადი შემოსავალი შეუმცირდებათ, ამ ქვეყნიდან უნდა ველოდოთ გზავნილების მნიშვნელოვან შემცირებას. ამას ისიც ემატება, რომ რუსულ ბანკებში უცხოური ვალუტის გაცემაზე უკვე დაწესებულია გარკვეული შეზღუდვები. კერძოდ, „სბერბანკში“ შესაძლებელია მხოლოდ ორი ათასი დოლარის ყიდვა, ისიც თუ დილით ადრე მიუსწრებს მომხმარებელი.

რუსეთში მიმდინარე მოვლენები საქართველოზე გავლენას ექსპორტის მიმართულებითაც იქონიებს. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი საქართველოს მთლიან ექსპორტში მხოლოდ 10 პროცენტს იკავებს, თანხობრივად ეს 242.5 მლნ აშშ დოლარია და განსაკუთრებით დააზარალებს სოფლის მეურნეობის პროდუქციისა და სურსათის ექსპორტიორებს. ექსპორტიორებისთვის რეკომენდებულია საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაცია და ნაკლებად დამოკიდებულება რუსეთის არასტაბილურ ბაზარზე. რაც შეეხება ფულად გზავნილებს, ამ მიმართულებით ალტერნატიული ბაზრების მოძიება, რა თქმა უნდა, გაცილებით უფრო რთული იქნება.