კლერ ბიგი და ალექსანდრ ლაშჩენკო
13 იანვარს ერთი თვე შესრულდა მას შემდეგ, რაც შიმშილობა გამოაცხადა უკრაინელმა სამხედრო მფრინავმა ნადია სავჩენკომ. ის რუსეთში წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფება და ამბობს, რომ იქვე მოკვდება, თუ რუსეთი უარს იტყვის მის გათავისუფლებაზე.
„ჩემი პროტესტით, შიმშილობით, მსურს მივაღწიო რუსეთის ხელისუფლების კეთილგონიერებასა და რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტის სინდისიერებას. არსებობს უტყუარი მტკიცებულებები, რომ არაფერი მაქვს საერთო (...) დანაშაულებთან, რომლებშიც ბრალს მდებენ. სხვა რა უნდათ?“ - წერს ნადია სავჩენკო მიმართვაში, რომელიც მისმა ადვოკატებმა გაავრცელეს.
33 წლის უკრაინელი მფრინავი აცხადებს, რომ უკანონოდ იქნა გადაყვანილი რუსეთში მას შემდეგ, რაც ის შარშან, ივლისში, აღმოსავლეთში შეიპყრეს რუსეთის მომხრე სეპარატისტებმა. თავის მხრივ, რუსი ოფიციალური პირები ირწმუნებიან, რომ პილოტი ქალი რუსეთის ტერიტორიაზე დააკავეს. მას ბრალად ედება თანამონაწილეობა ორი რუსი ჟურნალისტის მკვლელობაში. სავჩენკო უარყოფს ბრალდებას.
რუსეთში სასამართლოს გადაწყვეტილებით, უკრაინელმა პატიმარმა ერთი თვე დაყო სერბსკის სახელობის დაწესებულებაში, მოსკოვში განთავსებულ სოციალური და სასამართლო ფსიქიატრიის ცენტრში, რომელსაც არცთუ სახარბიელო რეპუტაცია აქვს ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდიდან, როცა მას დისიდენტების დევნის ინსტრუმენტად იყენებდნენ.
შიმშილობის გამოცხადების შემდეგ ნადია სავჩენკოს 10 კილო აქვს დაკლებული. ის მხოლოდ წყალს სვამს, მაგრამ სამარტოო საკანში მყოფ პატიმარს ბოლოხანს გლუკოზის ხსნარის ვენაში შეყვანა დაუწყეს.
რუსი უფლებადამცველი ანა კარეტნიკოვა, რომელიც სასჯელაღსრულების დაწესებულებათა მაკონტროლებელი სახელმწიფო კომისიის წევრია და ამ თვეში ორჯერ მოინახულა ნადია სავჩენკო, ამბობს, რომ მას უკეთეს პირობებს უქმნიან, ვიდრე, ზოგადად, რუსეთის სასჯელაღსრულების სისტემაში მყოფთა უმრავლესობას. მის მიმართ სისასტიკე არ გამოუჩენიათ, თუმცა ორი თვე უარს ეუბნებოდნენ წერილების გაგზავნაზე, იზოლატორის შინაგანაწესის დარღვევისთვის.
კარეტნიკოვა ადასტურებს, რომ სავჩენკო არ აპირებს შიმშილობის შეწყვეტას და მზად არის ციხეში მოკვდეს, თუ მას უკრაინას არ გადასცემენ: „არ ცნობს არანაირ მოთხოვნას ან თხოვნას, შეწყვიტოს შიმშილობა. ამბობს, რომ იშიმშილებს მანამდე, სანამ გაიმარჯვებს. მან საკუთარი გზა აირჩია და ყურს არ უგდებს არანაირ რჩევას“.
ხოლო ნადიას და, ვერა, მნიშვნელოვნად მიიჩნევს იმის განმარტებას, რომ ნადიას შიმშილობა თვითმკვლელობას არ ნიშნავს: „ეს არის პროტესტის ერთადერთი ფორმა, რომელსაც ახლა შეუძლია მიმართოს. ეს არის პროტესტი, რათა გაათავისუფლონ, იმიტომ რომ უდანაშაულოა. უკრაინამ უკვე წარმოადგინა ყველა შესაძლო მტკიცებულება და რკინის ალიბი“.
ვერა სავჩენკო და ნადიას ყველა სხვა ახლობელი თუ მხარდამჭერი, ბუნებრივია, შეშფოთებული არიან პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობით და იმედოვნებენ, რომ შიმშილობა, მართლაც, გაჭრის, მოსკოვი გაათავისუფლებს უკრაინელ პილოტს საერთაშორისო სკანდალის თავიდან ასაცილებლად.
ის გარემოება, რომ ნადია სავჩენკო უკრაინის პარლამენტის წევრია (დეპუტატი უკრაინის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, იულია ტიმოშჩენკოს, პარტია „ბატკივშჩინიდან“), უადვილებს მხარდამჭერებს მისი გათავისუფლებისთვის ბრძოლას. „ეს, რასაკვირველია, ძალიან გვეხმარება. მადლობა ხელისუფლების ყველა შტოს, ჩვენს პრეზიდენტს, რომელიც ნადია სავჩენკოსადმი ყურადღებას იჩენს და მას ახსენებს ყველა საერთაშორისო გამოსვლაში. მადლობა უკრაინის პარლამენტს, ყველა ფრაქციას. ოპოზიციამაც კი ერთხმად დაუჭირა მხარი მისი გათავისუფლების მოთხოვნას. ამ საკითხში მთელი უკრაინაა გაერთიანებული“, - ამბობს ნადია სავჩენკოს თანაპარტიელი ალექსი რიაბჩინი.
ყველაფერთან ერთად, ნადია სავჩენკო არჩეულია ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომებზე უკრაინის პარლამენტის დელეგაციის წევრად. 26 იანვარს, როცა სტრასბურგში კვლავ შეიკრიბება ასამბლეა, მსოფლიოს მრავალ ქალაქში ჩატარდება სავჩენკოს მხარდამჭერი აქციები. 12 იანვარს დაიწყო ონლაინ პეტიციაზე ხელმოწერების შეგროვებაც, დღეს, ალბათ, ყველაზე ცნობილი უკრაინელი პატიმრის გათავისუფლების მოთხოვნით.
რუსი უფლებადამცველი ანა კარეტნიკოვა ასეთ დასკვნამდე მიდის: „მისი საქმე ძალიან არის პოლიტიზებული. შესაძლოა, ეს ის იშვიათი შემთხვევა იყოს, როცა შიმშილობას აზრი აქვს“.