რუსეთი აპირებს, სირიაში თავის სამხედრო ბაზაზე განათავსოს მოწინავე ანტისაჰაერო სისტემა. რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა 25 ნოემბერს მოსკოვში განაცხადა, რომ თავდაცვის სამინისტროს რეკომენდაციით სირიაში, ჰმეიმიმის სამხედრო ბაზაზე დამონტაჟდება მოწინავე, S-400 ტიპის ანტისაჰაერო სისტემა, რაც უკვე დაამტკიცა პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა. დღეს უფრო ადრე პუტინმა ეკატერინბურგში გამოსვლისას, როგორც ჩანს, შეცდომა დაუშვა, როცა თქვა, რომ სირიაში აგზავნიან არა მოწინავე, არამედ S-300 ტიპის ანტისაჰაერო სისტემას. ეს განცხადებები გაკეთდა ერთ დღეში მას შემდეგ, რაც თურქეთის საბრძოლო თვითმფრინავმა სირიასთან საზღვარზე ჩამოაგდო რუსეთის სამხედრო თვითმფრინავი და დაიღუპა რუსი მფრინავი. ანკარა აცხადებს, რომ რუსეთის SU-24 ტიპის თვითმფრინავმა რამდენჯერმე დაარღვია თურქეთის საჰაერო სივრცე და არ მოახდინა რეაგირება 10 გაფრთხილებაზე, ვიდრე მას ესროდნენ. მოსკოვი კი ირწმუნება, რომ თვითმფრინავს არ დაუტოვებია სირიის საჰაერო სივრცე. ინციდენტის შემდეგ რუსეთის პრემიერ-მინისტრმა დმიტრი მედვედევმა თურქეთი დაადანაშაულა ექსტრემისტების გაერთიანება „ისლამური სახელმწიფოს“ მფარველობაში. მედვედევმა 25 ნოემბერს ეკატერინბურგში განაცხადა, რომ ზოგ თურქ ოფიციალურ პირს "პირდაპირი ფინანსური ინტერესი" აკავშირებს ექსტრემისტების მიერ გაკონტროლებულ ტერიტორიაზე წარმოებულ ნავთობპროდუქტებთან.