„იმას, რაც მოხდა სანკტ-პეტერბურგში რეალურად, მართლა შესაძლებელია გარდატეხის მომენტი ვუწოდოთ თანამედროვე თურქეთისა და რუსეთის ურთიერთობაში“, - ამბობს რადიო თავისუფლების მიმომხილველი, რუსულენოვანი სატელევიზიო პროექტ „რეალური დროს“ მთავარი რედაქტორი კენან ალიევი. 9 აგვისტოს რუსეთში მყოფმა თურქეთის ლიდერმა სამხედრო გადატრიალების მცდელობის დროს თურქეთის ხელისუფლებისადმი გამოხატული თანადგომისათვის კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა რუსეთის პრეზიდენტს და მას რამდენჯერმე „ძვირფასი მეგობარი“ უწოდა. მანამდე, 9 თვის განმავლობაში, ამ ორი ქვეყნის ურთიერთობა უაღრესად პრობლემური იყო, ისინი ლამის ცივი ომის მდგომარეობაში იმყოფებოდნენ. გასული წლის ნოემბრის ბოლოს თურქეთის მიერ რუსული ბომბდამშენის ჩამოგდების გამო, პუტინმა პირობა დადო, რომ „ერდოანს ამას არასოდეს აპატიებდა“.
Your browser doesn’t support HTML5
კობა ლიკლიკაძე: და რა მოხდა ამ ხნის განმავლობაში, რამ შეასრულა გადამწყვეტი როლი რუსეთ-თურქეთის ურთიერთობის შემობრუნებასა და პუტინ-ერდოანის ხელახლა დამეგობრებაში?
ამაზე, ვფიქრობ, ანკარაში ნამდვილად არავინ წავა, არავითარი „თურქული ნაკადის“ ფასად, რადგან საქართველო საერთაშორისოდ არის აღიარებული თავის საზღვრებში. მაგრამ ჩვენ ძალიან გაურკვეველ დროში ვცხოვრობთ...კენან ალიევი
კენან ალიევი: „თურქეთი ძალიან საინტერესო ვითარებაში იმყოფება. ერთი მხრივ, ქვეყანაში, როგორც ვიცით, მოხდა სამხედროების ამბოხება, პუტჩი, რომელიც თურქეთის ხელისუფლებამ დაუკავშირა აშშ-ში მცხოვრებ ფეთულა გიულენს. ეს თურქეთის ხელისუფლებას საფუძველს აძლევს, აშშ და ნატო თურქეთისა და ერდოანის წინააღმდეგ შეთქმულებაში დაადანაშაულოს. და სწორედ ეს რიტორიკა დომინირებს დღეს თურქეთში. და ამ ფონზე ერდოანმა რუსეთისაკენ გადადგა ნაბიჯი. რატომ? იმიტომ რომ, ჯერ ერთი, რუსეთსა და თურქეთს, კაცმა რომ თქვას, საავიაციო ინციდენტამდეც კარგი ურთიერთობა ჰქონდათ: რუსეთის ტურისტები მასობრივად ისვენებდნენ თურქეთის ხმელთაშუა ზღვის კურორტებზე, ბოდრუმსა და ანტალიაში, და მათთვის იქ დასვენება ხელმისაწვდომი იყო. თავის მხრივ, რუსეთი იყო ძალიან დიდი ბაზარი თურქული პროდუქციისათვის და რუსეთთან ეკონომიკური კავშირების გაწყვეტამ ძალიან დააზარალა თურქეთის ეკონომიკა. ერთ-ერთი უმთავრესი ორი ქვეყნის ურთიერთობაში იყო გაზსადენის პროექტი -„თურქეთის ნაკადი“, რომელიც, როგორც ჩანს, ამიერიდან კვლავ დაიწყებს აღორძინებას. კიდევ ერთი მომენტი ისაა ამ დაახლოებაში, რომ, კაცმა რომ თქვას, პუტინი და ერდოანი ხასიათით ძალიან ჰგვანან ერთმანეთს, ორივეს მმართველობის სტილი ავტორიტარულია. არც ერთს არ უყვარს წაგება, არ უყვარს უკან დახევა. და ახლა ისინი ერთ რამეშიც გაერთიანდნენ, დასავლეთის მიმართ სიძულვილში. ზოგიერთები იმასაც კი ამბობენ, რომ რაღაც მომენტში თურქეთმა შეიძლება ნატოც კი დატოვოს“.
კობა ლიკლიკაძე: რამდენად შესაძლებელია მოვლენათა ასეთი განვითარება? განა რას შესთავაზებს რუსეთი თურქეთს ევროკავშირსა და ნატოზე მეტს?
კენან ალიევი: „ჩვენ იმაზე ვლაპარაკობთ, თუ როგორ იქცევიან პოლიტიკოსები. ამ შემთხვევაში კი ერდოანი არ იქცევა ისე, როგორც პროდასავლური ორიენტაციის პოლიტიკოსი. ის იქცევა, როგორც ნამდვილი სულთანი. რა თქმა უნდა, ამ ქვეყნებს, რუსეთსა და თურქეთს, აქვთ საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტები, მაგრამ თურქეთის ასეთი მკვეთრი გადახრა რუსეთისაკენ შეუმჩნეველი არ დარჩება დასავლეთს, მით უფრო, რომ თურქეთის ძირითადი ბაზარი მაინც ევროპაა. თურქეთის მთელი ბიზნესი და ეკონომიკა უფრო მეტად ინტეგრირებულია ევროპაში, ვიდრე რუსეთში, თანაც, რუსეთს შეუძლია თურქეთს შესთავაზოს მაქსიმუმ მხოლოდ ტურისტები, გაზი ან გარკვეული სამხედრო შეიარაღება, თუმცა თურქეთს საკუთარი შეიარაღებაც საკმარისი აქვს. მოკლედ, ჯერ ძალიან ძნელი სათქმელია, თუ რითი დასრულდება რუსეთ-თურქეთის ხელახალი დამეგობრება, თუმცა ამას აუცილებლად ექნება გარკვეული გავლენა ჩვენს, სამხრეთ კავკასიის, რეგიონზე“.
კობა ლიკლიკაძე: როგორი გავლენა, დადებითი თუ უარყოფითი? როცა რეგიონის დიდი ქვეყნები მეგობრობენ, წესით, პატარებიც ხეირობენ ხოლმე...
კენან ალიევი: „პოლიტიკური თვალსაზრისით, კი, მაგრამ ეკონომიკურით - არა. მაგალითად, აზერბაიჯანისათვის... თუკი „თურქეთის ნაკადი“ აღდგება, ბაქო ამ შემთხვევაში კარგავს შემოსავალს და ეს მისთვის არ არის ხელსაყრელი ეკონომიკური თვალსაზრისით. თურქეთი არის ერთგვარი ტრანზიტული ქვეყანა ევროპაში აზერბაიჯანული გაზის ტრანსპორტირებისათვის, ხოლო ევროკავშირი აზერბაიჯანთან მუშაობდა რუსეთის გაზის მიმართულებით - უფრო სწორად, იმისათვის, რომ რუსული გაზი კი არ წასულიყო ევროპისაკენ, არამედ, აზერბაიჯანის გავლით, თურქმენეთის, კასპიის ზღვის რეგიონის გაზი. დღეისათვის გაზის მსოფლიოს ბაზარზე მოთხოვნა შემცირებულია და ამ ვითარებაში ისევ „თურქეთის ნაკადის“ პროექტის გამოჩენა კონკურენციას უქმნის აზერბაიჯანულ გაზს. რაც შეეხება რუსეთ-თურქეთის დაახლოებას პოლიტიკური თვალსაზრისით, აქაც დიდი კითხვის ნიშანია. მაგალითად, ბევრი აკრიტიკებს თურქეთს იმისათვის, რომ ანკარამ თითქოს დათმო ყირიმის ნახევარკუნძული. ისტორიულად თურქეთს ყოველთვის ჰქონდა გარკვეული გავლენა ყირიმზე, გარკვეულ დონეზე იდგა ურთიერთობა ყირიმელ თათრებთან. ახლა კი, რუსეთის აგრესიული პოლიტიკის შემდეგ, ერდოანმა ყირიმი დათმო. სხვათა შორის, თურქეთს კარგი ურთიერთობა აქვს საქართველოსთან, მაგრამ ცვლილება ამ მხრივაც შესაძლებელია. არ არის გამორიცხული, მოსკოვმა მოსთხოვოს თურქეთს, რომ უფრო ლოიალური იყოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საკითხების მიმართ“.
კობა ლიკლიკაძე: სხვათა შორის, 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, 14 აგვისტოს, რეჯეპ ტაიპ ერდოანი, რომელიც მაშინ თურქეთის პრემიერ-მინისტრი იყო, საქართველოში ჩამოვიდა და ჩამოიტანა სამშვიდობო ინიციატივა. იმედია, რუსეთ-თურქეთის დაახლოების შემდეგ ანკარა არ შეიცვლის დამოკიდებულებას აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის არაღიარების მიმართულებით...
კენან ალიევი: „ამაზე, ვფიქრობ, ანკარაში ნამდვილად არავინ წავა, არავითარი „თურქული ნაკადის“ ფასად, რადგან საქართველო საერთაშორისოდ არის აღიარებული თავის საზღვრებში. მაგრამ ჩვენ ძალიან გაურკვეველ დროში ვცხოვრობთ“.