საერთაშორისო მოლაპარაკებათა 35-ე რაუნდის წინ, რომელსაც ჟენევა 22-23 მარტს უმასპინძლებს, საქართველოში კიდევ ერთხელ იჩინა თავი შეკითხვებმა: რაზე დაელაპარაკება საქართველო რუსეთს, ხომ არ ცდილობს რუსეთი ჟენევის ფორმატის შევიწროებას პრაღის (ანუ იმავე აბაშიძე-კარასინის) ფორმატის როლის გაძლიერებით და რამდენად ადეკვატურად მუშაობს ეს ფორმატი. დისკუსია პრეზიდენტის შეფასებების კვალდაკვალ გამწვავდა. გიორგი მარგველაშვილი მიიჩნევს, რომ პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა ზურაბ აბაშიძემ საკადრისი პასუხი ვერ გასცა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გრიგორი კარასინის მუქარის შემცველ განცხადებებს. ზურაბ აბაშიძეს კი უკვირს, რომ პრეზიდენტი არა ქართული, არამედ რუსული წყაროების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას დაეყრდნო.
საქართველოს პრეზიდენტისთვის ცხადია, რომ გრიგორი კარასინის განცხადებები ადეკვატურ და საკადრის პასუხს იმსახურებდა, მაგრამ ეს, მისი თქმით, საქართველოს წარმომადგენელმა ვერ მოახერხა. პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელს რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძეს სტრატეგია და ტაქტიკა გიორგი მარგველაშვილმა 20 მარტს საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში დაუწუნა:
„ის არის პრემიერ-მინისტრის საგანგებო წარმომადგენელი. მე რომ მყავდეს წარმომადგენელი, ჩემი წარმომადგენელი, სხვა ტიპის პასუხს გასცემდა და სხვა ტიპის მესიჯს მიიტანდა კარასინამდე“.
პრეზიდენტი მარგველაშვილი კვირას „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ პირველ არხზე ლაპარაკობდა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გრიგორი კარასინის მიერ 16 მარტს გაკეთებული განცხადებების კონტექსტში. გავიხსენოთ, რომ იმ დღეს პრაღაში, არაფორმალური დიალოგის მორიგი შეხვედრის წინ, გრიგორი კარასინმა ღიად გააკრიტიკა საქართველოს ოფიციალური პირების, მათ შორის, თავად პრეზიდენტისა და თავდაცვის მინისტრის „ანტირუსულ რიტორიკა“, თქვა, რომ რუსეთი ჯერ ითმენს, მაგრამ ნებისმიერ მოთმინებას აქვს თავისი საზღვრები და, ამასთან, ეს არსებითად უშლის ხელს პრაღის ფორმატში მიღწეულ პროგრესს. თუკი მისი სიტყვების შინაარსს კარგად დავუკვირდებით, გაკეთდა მინიშნება იმის თაობაზეც, რომ რუსეთის მოთმინების ფიალა უკვე ავსებულია და რომ ერთგვარ „სახიფათო“ წყალგამყოფს 2016 წლის არჩევნები წარმოადგენს. მთელი ამ ფონის გათვალისწინებით, პრეზიდენტმა მარგველაშვილმა კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა პრაღის ფორმატის როლის სიმკვეთრე და თქვა, რომ ამ ფორმატის შინაარსი უფრო გასაგები და გამჭვირვალე უნდა იყოს.
21 მარტს გიორგი მარგველაშვილს სპეციალური პრესკონფერენციით გამოეხმაურა მის მიერ წინა დღით გაკრიტიკებული ზურაბ აბაშიძე და მან პრეზიდენტის კრიტიკას ყოვლად უსაფუძვლო და გასაოცარიც კი უწოდა. ზურაბ აბაშიძის თქმით, გრიგორი კარასინთან 16 მარტის შეხვედრამდე რამდენიმე დღით ადრე, ის შეხვდა პრეზიდენტ მარგველაშვილის მრჩეველსაც და გეგმები დეტალურად გაუზიარა. გარდა ამისა, საქმის კურსში იყო ჩაყენებული ყველა შესაბამისი სახელმწიფო უწყება. ხოლო რაც შეეხება კარასინის მიერ მედიასთან გაკეთებულ განცხადებებს, ზურაბ აბაშიძის თქმით, ამის შესახებ მან მოგვიანებით შეიტყო და ამიტომ მყისიერი პასუხი ვერ გასცა, თუმცა, მისი აზრით, პრეზიდენტი რუსულის ნაცვლად ქართულ წყაროებს რომ დაყრდნობოდა, მიხვდებოდა, რომ პრაღაში მალულად არაფერი ხდება. აბაშიძე კარასინს კიდევ ერთხელ საჯაროდ პასუხობს:
„ჩვენ კრიტიკას ვერავინ ვერ აგვიკრძალავს, ჩვენ აქ პირს ვერავის ამოვუკერავთ, ვერც ერთი ქვეყნის მიმართ კრიტიკას ვერ შევაჩერებთ, რაოდენ მწვავეც არ უნდა იყოს ეს... ბუნებრივია, კრიტიკა უნდა იყოს კორექტული, არ უნდა იყოს შეურაცხმყოფელი... მაგრამ ჩვენი დიალოგი არანაირად არ ნიშნავს იმას, რომ საქართველო რაღაც კომპრომისებზე უნდა წავიდეს სასიცოცხლო ინტერესების ხარჯზე“.
ზურაბ აბაშიძის თქმით, პრაღის „არაფორმალური დიალოგის“ ფორმატმა, რაც ჰუმანიტარული, ეკონომიკური და კულტურული საკითხების მოგვარებას ისახავს მიზნად, ბევრი სასარგებლო რამ მოუტანა საქართველოს მოქალაქეებს - მეწარმეებსა თუ რუსეთში მცხოვრებ ქართველებს - და რომ ეს კონკრეტული სტატისტიკითაც დასტურდება. პრაღის ფორმატის არსებობის აუცილებლობაზე ლაპარაკობდნენ ორშაბათს მთავრობაშიც და, მაგალითად, როგორც სახელმწიფო მინისტრმა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში პაატა ზაქარეიშვილმა აღნიშნა, იქ, სადაც დაძაბულობა და ვითარების გამწვავების საფრთხეებია, ქვეყნებს შორის რამდენიმე საკომუნიკაციო ფორმატი უნდა არსებობდეს: „...ეს ფორმატი საჭიროა იმისთვის, რომ არ მოხდეს დაძაბულობის გაღრმავება“.
თვითონ რუსეთის ფედერაციას არ უყვარს ხოლმე დამატებითი მედიატორების ჩართვა მოლაპარაკებებში. მას ურჩევნია, რომ ერთი ერთზე არკვიოს ურთიერთობები საქართველოსნაირ მხარეებთან, იმიტომ რომ ჩვენ ერთი ერთზე რუსეთის ფედერაციასთან ცალსახად ვართ უფრო წამგებიან პოზიციაში, ვართ სუსტები და ეს არ უნდა დაუშვას ქართულმა მხარემ...გიორგი გობრონიძე
მთავრობის სხვა წევრთა მსგავსი განმარტებების მიუხედავად, პრეზიდენტ მარგველაშვილის განცხადებების შემდეგ პრაღის ფორმატის საჭიროებასთან მიმართებით ისევ გაჩნდა კითხვის ნიშნები და, მათ შორის, ანალიტიკოსების მხრიდანაც. მაგალითად, როგორც პოლიტოლოგმა გიორგი გობრონიძემ უთხრა რადიო თავისუფლებას, პრაღის ფორმატისთვის პოლიტიკური დატვირთვის მინიჭებით, რუსეთი ჟენევის მოლაპარაკებათა მეორე პლანზე გადაწევასა და საერთაშორისო თანამეგობრობის ჩამოშორებას ცდილობს:
„თვითონ რუსეთის ფედერაციას არ უყვარს ხოლმე დამატებითი მედიატორების ჩართვა მოლაპარაკებებში. მას ურჩევნია, რომ ერთი ერთზე არკვიოს ურთიერთობები საქართველოსნაირ მხარეებთან, იმიტომ რომ ჩვენ ერთი ერთზე რუსეთის ფედერაციასთან ცალსახად ვართ უფრო წამგებიან პოზიციაში, ვართ სუსტები და ეს არ უნდა დაუშვას ქართულმა მხარემ“.
ისევე როგორც წინა რაუნდების ფარგლებში, რუსეთის დესტრუქციული ქმედებების ფონზე, ანალიტიკოსები სასიკეთო გარღვევას არც ჟენევის მოლაპარაკებათა 35-ე რაუნდის მსვლელობისას მოელიან. თუმცა წინასწარ შექმნილი არასახარბიელო ფონით თუ ვიმსჯელებთ, 23 მარტს საქართველოს დელეგაციას არაერთი საკითხის წამოწევა მოუწევს და, უპირველეს ყოვლისა, ეს იქნება რუსეთის მცოცავი ოკუპაციის კიდევ ერთი გამოვლინება გორის რაიონის სოფელ ჯარიაშენში. ჯერ კიდევ 13 მარტს აცხადებდა საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე დავით ზალკალიანი, რომ საქართველოს დელეგაცია ჟენევის მოლაპარაკებების ფარგლებში ამ საკითხის „ძალიან მწვავედ“ დაყენებას აპირებდა. ამასთან, საერთაშორისო მოლაპარაკებათა მონაწილეები კვლავინდებურად გვერდს ვერ აუვლიან დილემად ქცეულ საკითხს, რაც ძალის არგამოყენების შეთანხმებას უკავშირდება. ქართული დელეგაციის ინფორმაციით, განსახილველად წამოწეული იქნება ბევრი საკითხი და მათ შორის საგანგებო ყურადღება დაეთმობა დევნილების დაბრუნების პრობლემატიკას.