საქართველოს ეთნიკური, ლინგვისტური და რელიგიური რუკები - ნავიგაცია მულტიკულტურალიზმის ოკეანეში

ახალი რუკების გამოფენა

15 სექტემბერს ეთნიკურობისა და მულტიკულტურალიზმის შესწავლის ცენტრმა საზოგადოებას წარუდგინა საქართველოს ეთნიკური, ლინგვისტური და რელიგიური რუკები, რომლებიც მომზადებულია უახლეს სტატისტიკურ მონაცემებზე დაყრდნობით. რუკების შედგენისას გამოყენებული იქნა, ასევე, ეთნიკურობისა და მულტიკულტურალიზმის შესწავლის ცენტრის მკვლევართა ჯგუფის საველე მუშაობის შედეგები. როგორც ირკვევა, საქართველოს ეთნიკური, ლინგვისტური და რელიგიური რუკები ისეთი ჭრელი და მრავალფეროვანი აღარ არის, როგორიც იყო წლების წინ.

Your browser doesn’t support HTML5

საქართველოს ეთნიკური, ლინგვისტური და რელიგიური რუკები - ნავიგაცია მულტიკულტურალიზმის ოკეანეში

საქართველოს ეთნიკური რუკის შედგენისას ეთნიკურობისა და მულტიკულტურალიზმის შესწავლის ცენტრი დაეყრდნო საქსტატის მიერ 2014 წელს ჩატარებული საყოველთაო აღწერის შედეგებს. როგორც ცენტრის დამფუძნებელი გიორგი სორდია გვეუბნება, ეთნიკურ რუკაზე მონაცემები დახარისხებულია მუნიციპალიტეტებისა და რეგიონების მიხედვით, ცალკეა გამოყოფილი თბილისი.

გიორგი სორდია

„აქ არის 26 ეთნიკური ჯგუფის შესახებ მონაცემები ეროვნული მასშტაბით. ცალკე გამოვყავით თბილისის საერთო სურათი და, ასევე, უბნების მიხედვით დავახარისხეთ, რომელ უბანში რომელი ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენელი ცხოვრობს. ასევე, ჩანს გრაფიკულად უბნების მიხედვით და ადვილია აღსაქმელად. შესაბამისად, შეგვიძლია განვსაზღვროთ, რომელი უბანია ყველაზე მრავალეთნიკური. ასეთია, მაგალითად, კრწანისის რაიონი. ისანი და სამგორი... სხვა უბნები შედარებით მონოეთნიკურია, თუმცა გლდანსა და ნაძალადევშიც გვხვდება გარკვეული მრავალფეროვნება“, უთხრა რადიო თავისუფლებას გიორგი სორდიამ, რომელიც გვიჩვენებს, ასევე, ეროვნულ ბიბლიოთეკაში გამოფენილ ლინგვისტურ რუკას, რომელიც შეიქმნა ცენტრის თანამშრომელთა მრავალთვიანი საველე მუშაობის შედეგად. რუკაზე სომხურენოვანი დასახლებები ლურჯი ფერით არის გამოყოფილი, აზერბაიჯანული - შინდისფერით, ქართველური ენების შესაბამისი ადგილები - მწვანედ. ჩანს, ასევე, ქვეჯგუფებად დაყოფილი ინდოევროპული, იბერიულ-კავკასიური და ალთაური ენები. გიორგი სორდიას თქმით, რუკაზე ასახულია ყველა ის ენა, რომლებზეც საქართველოს მოქალაქეები საუბრობენ:

ჩვენ თანამედროვე ტექნოლოგიები გვაძლევს საშუალებას, რომ ეს ენები შევინახოთ და გავუფრთხილდეთ იმ კულტურებს, რომლებიც საქართველოს რუკაზე არსებობენ და აგრძელებენ ცხოვრებას...
ემზარ ჯგერენაია

„გვაქვს ანალიზი საქართველოში გავრცელებული ენებისა, რომლებიც დავყავით ოთხ კატეგორიად: სახელმწიფო სტატუსის მქონე ენები - ქართული და აფხაზური; ენები, რომლებიც აქტიურად გამოიყენება ყოველდღიურ ურთიერთობებში (მაგ. სომხური, აზერბაიჯანული); გვაქვს, ასევე, პასიურად გამოყენებული ენები, რომელთა კატეგორიაში მოვათავსეთ, მაგალითად, ყურმანჯი ანუ ქურთული ენა, ოსური ენა და სხვ. ასევე, ცალკე გვაქვს გამოყოფილი გადაშენების პირას მყოფი ენები, რომლებზეც მოქალაქეების გარკვეული კატეგორია საუბრობს, მაგრამ ვვარაუდობთ, რომ ძალიან ახლო მომავალში ეს ენები, თუ რამე ჩარევა არ მოხდა, გაქრებიან საქართველოს ლინგვისტური რუკიდან. ასეთ ენად მიჩნეული გვაქვს, მაგალითად, ასურული, უდიური და სხვა მცირე ენები“.

რაც შეეხება რელიგიურ რუკას, მასზე დატანილია ინფორმაცია თერთმეტი რელიგიური ჯგუფის შესახებ. როგორც პროექტის ავტორი ამბობს, 1989 და 2002 წლებში ჩატარებული საყოველთაო აღწერების შემდეგ, რაოდენობრივად არც ერთი ეთნიკური ჯგუფი არ გაზრდილა. ყველაზე ნაკლები კლება აღირიცხა ეთნიკურ აზერბაიჯანელებში, ყველაზე მეტი - ეთნიკურ ოსებში, დინამიკა კი ისეთია, რომ, თუ რამე არ შეიცვალა, რაც უფრო მეტი დრო გავა, მით უფრო გაღარიბდება საქართველოს მრავალფეროვნება როგორც ეთნოგრაფიული, ასევე ლინგვისტური თვალსაზრისით, რაც, სოციოლოგ ემზარ ჯგერენაიას თქმით, ძალიან დასანანი იქნება.

ემზარ ჯგერენაია

„მართლაც, მცირერიცხოვან ენებს გარკვეული პრობლემა ექმნებათ, რაც არის ძალიან ცუდი. ეს არის გაღარიბება, რადგანაც ენაში არის გარკვეული ხედვა სამყაროსი და ეს არის ის სიმდიდრე, რომელიც არ უნდა გაქრეს. სამწუხაროდ, ეს არ არის მხოლოდ საქართველოში არსებული ტენდენცია. ძალიან ბევრი ენა კვდება და ეს, გარკვეულწილად, გლობალიზაციასთან არის დაკავშირებული, თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ სამყარო ყოველთვის ასეთი იყო. ძალიან ბევრი ენა დაკარგულა ჩვენამდე, მათი მატარებლებიც კი დაიკარგნენ და აღარ არსებობენ, რაც ძალიან ცუდია, მაგრამ ჩვენ თანამედროვე ტექნოლოგიები გვაძლევს საშუალებას, რომ ეს ენები შევინახოთ და გავუფრთხილდეთ იმ კულტურებს, რომლებიც საქართველოს რუკაზე არსებობენ და აგრძელებენ ცხოვრებას“, უთხრა ემზარ ჯგერენაიამ რადიო თავისუფლებას.

ყურმანჯი ერთ-ერთი ენაა, რომელზეც მოლაპარაკე ხალხის - ქურთების - რაოდენობა საქართველოში მკვეთრად შემცირდა. ყოველ შემთხვევაში, საქსტატის მიერ გამოქვეყნებულ 2014 წლის აღწერის შედეგებში ქურთების მონაცემები საერთოდ არაა შეტანილი, რაც აღწერის ხარვეზად მიაჩნია თბილისელ ქურთს, ქერიმ ამყოსს - საზოგადოებრივი მაუწყებლის ქურთულენოვანი გადაცემების რედაქტორს:

ქერიმ ამყოსი

„გამიკვირდა, ამდენი ათასი ქურთი იყო საქართველოს მოსახლეობაში და ამ აღწერით ქურთები აღარ არსებობენ. სად გაქრნენ ქურთები? მე ვდგავარ თქვენს წინაშე. გავქრი? 2014 წლის აღწერაში არ უნდა ვიყო? ასევე არის სხვა შეცდომებიც. მაგალითად, წერია ეზიდები - 12 ათას 400, აქედან 8 ათას 600 არისო ეზიდური აღმსარებლობის მიმდევარი. არადა, ვისაც ესმის ეს საკითხი, ყველამ იცის, რომ ეზიდი ამ აღმსარებლობის გარეშე არ არსებობს. ვის გაუგონია მუსლიმი ან ქრისტიანი ეზიდი?! როგორ შეიძლება ამხელა შეცდომების დაშვება. ეს არა მარტო მეცნიერული, არამედ პოლიტიკური შეცდომაცაა“.

თუმცა ქერიმ ამყოსი არ უარყოფს, რომ საქართველოში მცხოვრები ქურთების რაოდენობა მართლა შემცირდა, ისევე როგორც შემცირდა ქართველების და სხვა ეროვნების მოქალაქეების რაოდენობა. პროფესორი გიორგი გოგსაძე, რომელიც მოსახლეობის გეოგრაფიას ასწავლის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ამბობს, რომ ეთნიკური, რელიგიური და ლინგვისტური სტრუქტურების ცვლილების დინამიკის ცოდნა მნიშვნელოვანია სოციალურ-ეკონომიკური და კულტურული განვითარების დაგეგმვის თვალსაზრისით. რაც შეეხება უარყოფითი დინამიკის მიზეზებს, ამასთან დაკავშირებით გიორგი გოგსაძე ამბობს:

როცა სახელმწიფო იცავს, თვითონ ეთნიკური უმცირესობების მხრიდან პოლიტიკური მოთხოვნები, სეპარატიზმი ნაკლებად შესაძლებელია. თუ ეს საფრთხე დგება, ეს ნიშნავს, რომ რაღაც წესრიგში არ არის...
ზურაბ დავითაშვილი

„მძიმე ეკონომიკური სიტუაცია! სამსახურის საშოვნელად ხალხი იძულებულია გავიდეს საზღვარგარეთ. სსრკ-ს დაშლის შემდეგ საქართველო დატოვა, დაახლოებით, 1,7 მილიონმა ადამიანმა, მათ შორის, ეთნიკურმა ქართველებმაც. და ეს ტენდენცია გაგრძელდება, თუკი ეკონომიკა არ განვითარდება“.

ეთნიკურობისა და მულტიკულტურალიზმის შესწავლის ცენტრის მიერ შედგენილმა ეთნიკურმა, ლინგვისტურმა და რელიგიურმა რუკებმა ხელი უნდა შეუწყოს შესაბამისი ჯგუფების სრულფასოვან ინტეგრაციას საქართველოს პოლიტიკურ და კულტურულ ცხოვრებაში - ასე ფიქრობს პროფესორი ზურაბ დავითაშვილი, რომლის თქმით, ამ ცოდნის საფუძველზე სახელმწიფო თუ სამოქალაქო სექტორმა უნდა წარმართოს ინტეგრაციის პროცესი, რომელიც იმთავითვე გამორიცხავს ასიმილაციის საფრთხეს.

„პირიქით, ზუსტად ასეთ შემთხვევაში სახელმწიფო იღებს თავის თავზე ვალდებულებას, რომ დაიცვას ეთნიკური უმცირესობის თვითმყოფადობა, კულტურა, არადა, ასეთ შემთხვევაში, როცა სახელმწიფო იცავს, თვითონ ეთნიკური უმცირესობების მხრიდან პოლიტიკური მოთხოვნები, სეპარატიზმი ნაკლებად შესაძლებელია. თუ ეს საფრთხე დგება, ეს ნიშნავს, რომ რაღაც წესრიგში არ არის“, უთხრა ზურაბ დავითაშვილმა რადიო თავისუფლებას.

ახალი რუკების გამოფენა

საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში ახალ რუკებთან ერთად გამოიფინა, ასევე, ეთნიკურობისა და მულტიკულტურალიზმის შესწავლის ცენტრის კერძო კოლექციაში არსებული მე-19 საუკუნისა და მე-20 საუკუნის დასაწყისის გერმანული, რუსული და ოსმალური ეთნოგრაფიული, პოლიტიკური და რელიგიური რუკები. ცენტრის ხელმძღვანელი გიორგი სორდია ამბობს, რომ ამგვარი რუკები ნაკლებად ცნობილი რელიგიური, ლინგვისტური და ეთნიკური ჯგუფების გამორჩევის, პოპულარიზაციისა და, შესაბამისად, გადარჩენის საშუალებას იძლევა. გიორგი სორდია, დუხობორებისა და მალაკნების გარდა, გამოყოფს თითქმის უჩინარ ეთნიკურ ჯგუფს, ლაიჯებს, რომლებიც კახეთში, სოფელ გომბორში, ცხოვრობენ.

„ოფიციალურად მოსახლეობის აღწერის დოკუმენტებში რეგისტრირდებიან როგორც აზერბაიჯანელები, თუმცა რეალურად ეს ჯგუფი გახლავთ თათურ ენაზე მოსაუბრე ეთნიკური ჯგუფი. თათური გახლავთ ირანულ ენათა ჯგუფში შემავალი ენა და უკვე ას წელზე მეტია თათები საქართველოში ცხოვრობენ, მათი დიალექტი არის ლაიჯური ენა. სამწუხაროდ, მათ შესახებ იცის მხოლოდ ენათმეცნიერთა და აღმოსავლეთმცოდნეთა მცირე ჯგუფმა“, უთხრა გიორგი სორდიამ რადიო თავისუფლებას.

გიორგი სორდიას თქმით, რუკების შექმნა ხელს შეუწყობს, ასევე, მულტიკულტურალიზმის კონცეფციის უკეთ გააზრებას, იმის გაცნობიერებას, რომ მულტიკულტურალიზმი მხოლოდ სხვადასხვა კულტურის თანაარსებობა არაა და რომ ის უნდა განხორციელდეს როგორც კონცეფციის, ასევე პოლიტიკის დონეზე.