იმერეთში რთველი წელსაც სახელმწიფო სუბსიდირების გარეშე ჩაივლის

ციცქა, ცოლიკოური, ალადასტური, კრახუნა და ძველშავა იმ ყურძნის ჯიშებია, რომლებიც იმერეთის რამდენიმე მუნიციპალიტეტშია გავრცელებული, თუმცა ყურძნის ეს ჯიშები ვერ მოხვდა სახელმწიფო სუბსიდირების ნუსხაში. სოფლის მეურნეობის მინისტრის ოთარ დანელიას მიერ გასულ კვირაში გაკეთებულიგანცხადების მიხედვით,დარგის განვითარების დადებითი დინამიკის შენარჩუნებისა და წარმოების სტიმულირების მიზნით, ასევე მევენახეების ინტერესის გათვალისწინებით, საქართველოსმთავრობამ წელსაც, 2014 წლის მსგავსად, ყურძნის სუბსიდირების გადაწყვეტილებამიიღო.მინისტრის განცხადებით, ბიუჯეტის კორექტირების მიუხედავად,„რთველი 2015“-ის ფარგლებში,სახელმწიფოს მიერ 1 კგ რქაწითელსა და კახურ მწვანეზე 35 თეთრის, ხოლო1 კგ. საფერავზე 15 თეთრის ოდენობისსუბსიდია გაიცემა. გასული წლის მსგავსად, „რთველი 2015“-ისთვის საკოორდინაციო შტაბი თელავსა და გურჯაანში განთავსდება. კახეთისგან განსხვავებით, იმერეთში რთველი წელსაცსახელმწიფო სუბსიდირების გარეშე ჩაივლის. თუ რა ფასი ექნება იმერულ ყურძენს, მევენახეებმა ჯერ არ იციან, თუმცა იხსენებენ, რომ გასულ წელს, მოსავლის სიმცირის გამო, 1 კგ ცოლიკოურის ფასი ბაზარზე 1,20 ლარიდან 1,50 ლარამდე მერყეობდა, შედარებით იშვიათი ვაზის ჯიშის, კრახუნას,ყურძენი კი 2 ლარი ღირდა. მევენახეები წუხან იმის გამო, რომ აქ სახელმწიფო რთვლის მიმდინარეობაში არ ერევა - არც სუბსიდირებით და არც რაიმე კომპენსაციით. იმერელიგლეხების თქმით, ყურძნის მოსავლის ნაწილს საკუთარი საჭიროებისთვის მოიხმარენ და დარჩენილი ნაწილის რეალიზაციასაც თავადვე ახდენენ. გლეხები ამბობენ, რომ ჩამბარებელი პუნქტები მუნიციპალიტეტებში ადგილზე წლებია აღარ ფუნქციონირებს.

მიმდინარე წელს ყურძნის მცირე მოსავალს ელოდება რადიო თავისუფლების რესპონდენტი მევენახეების ნაწილი და ამბობს, რომ მიზეზი უამინდობაა: მაღალმა ტემპერატურამ და გვალვებმა ყურძნის მარცვალზე უარყოფითად იმოქმედა. გლეხების თქმით, მცირემოსავლიანი მევენახეებისთვის სახელმწიფოსგან დახმარება სტიმულის მიმცემი იქნებოდა, რადგან ყურძნის გასაყიდი ფასი, ხშირ შემთხვევაში, მის მოსავლელად გაწეულ ხარჯს ვერ ანაზღაურებს.

გლეხების თქმით, რთველი გვიან შემოდგომაზე უნდა გაიმართოს, თუმცა მაღალი ტემპერატურის გამო ყურძნის კრეფა, შესაძლოა, უფრო ადრეც დაიწყონ.