„ქალს ვეძებ, ქალს!“ - რეპეტიცია წლის ბებიისა და პაპის ასარჩევად

რეპეტიცია წლის ბებიისა და პაპის ასარჩევად

ჰუმანიტარულ კავშირ „კათარზისში“, სადაც მოხუცები ცხოვრობენ, ყოველწლიური საახალწლო კონკურსისთვის ემზადებიან. იანვრის დასაწყისში წლის ბებია და პაპა უნდა აირჩიონ. კონკურსში არა მხოლოდ თავშესაფრების ბენეფიციარებს, არამედ ნებისმიერ ასაკოვან ადამიანს შეუძლია მონაწილეობა. განცხადებები უკვე მთელი საქართველოდან შემოვიდა და კონკურსისთვის 33 მონაწილეს ელოდებიან. მანამდე კი „კათარზისში“ რეპეტიციები ტარდება. რადიო თავისუფლება ერთ ასეთ რეპეტიციას დაესწრო.

Your browser doesn’t support HTML5

„ქალს ვეძებ, ქალს!“ - რეპეტიცია წლის ბებიისა და პაპის ასარჩევად

5 იანვარს „კათარზისის“ პატარა დარბაზში ტევა არ იქნება, მაგრამ ახლა მხოლოდ რამდენიმე ადამიანია. კონკურსის მონაწილე მოხუცებიდან ზოგი გაციებულია, ზოგი - სიცხიანიც კი. ბევრი რამე ეშლებათ. რეჟისორი ილია ნიშნიანიძე წინ და უკან ენერგიულად დადის და მომავალი კონკურსის იმიტაციას აკეთებს, ხანდახან ბრაზდება, ხანდახან ჩხუბობს, ხანდახან - ვითომ ჩხუბობს.

„ვიწყებთ კონკურსს! იცით, რას ვიზამ? მოგხსნით კონკურსიდან და გაგიშვებთ გინდა იმ კარებში და გინდა - ზედა კარებში. მე ერთი ოცდაცამეტ კაცს ვერ გაგიძლებთ... ასპარიძე თინათინი, 82 წლის, კათარზისიდან, ის შეასრულებს სიმღერას „ბაღჩაშიაც გადვიხედე!“

თინათინ ასპარიძეს სარეპეტიციო ტანსაცმელზეც მედლები აქვს დაბნეული და ასე მღერის, თუმცა მეორე მსოფლიო ომში თავად არ უბრძოლია, პატარა იყო, იქ მამა და ძმა დაეღუპა.

„ძალიან შეჩვეული ვიყავი მამას და ძმას. რომ მიდიოდნენ, დავიწყე ტირილი, მეც წამიყვანეთ- მეთქი. ამიყვანეს ხელში, მაკოცეს, გავრეკავთ მტერს და მოვალთო. მე წავედი მერე სევასტოპოლში საფლავზე და ის კი ვერ მოვიდა“.

მიკროფონამდე ღიმილით უნდა მიხვიდეთ, - ეუბნება რეჟისორი კონკურსანტებს, - „ჩვენი მოხუცებულური ენერგია, ჩვენი სიცილი დარბაზში უნდა გადავიტანოთ, მოხუცებამდე მივიტანოთ. ყველაფერს აქვს მნიშვნელობა. რატომ ვაკეთებთ ამას 80 წლის ასაკისები? იმიტომ, რომ ამ ასაკში ისეთი ენერგია გვაქვს შემორჩენილი, რომ ჟიურის უკვირს, თორემ 70 წლისები გვყავდა და ამოვიღეთ, 70 წლის ახალგაზრდაა ჯერ“.

- ბავშვია! - უდასტურებს ბენდის წევრი.

82 წლის თეიმურაზ კერესელიძე სცენაზე გურულ სიმღერას მღერის, სცენის მიღმა კი თავის ბავშვობას იხსენებს. ამბობს, დღევანდელ ახალგაზრდობას სიმღერა კი არა, ლაპარაკიც აღარ გამოსდის ქართულიო. ჩონგურზე დაკვრა გურიაში ისწავლა, ვინმე ცუნუ ჟორდანიასთან, რომელზეც ადგილობრივები ამბობდნენ, ნოე ჟორდანიას ნათესავიაო, თუმცა, კერძოდ რა ნათესავი იყო, არ იცოდნენ.

„ისე იყო ხალხი შეშინებული, კი ვერ გაუბედავდი, ნოე ჟორდანიასი ვინა ხარო, მაგრამ ბებიაჩემი იტყოდა: „დაია მაგი, ბიჯო, ნოვესო", ზოგი ამბობდა, ბიძაშვილიაო... თებერვლის თვე იყო, ცივი. ცუნუო, დაუძახა ბებიაჩემმა ჭიშკრიდან. მოი, ცა, მოიო, - უპასუხა იმან გურულად. რომ შევაღეთ, ხის ოდა იყო, მაგრამ იატაკი მიწის ჰქონდა. შამოი, ცა, შამოი შითო, ამისთანაში მამაჩემი საქონელს არ გააჩერებდა, მაგრამ მე რა ვქნა, ასე ვცხოვრობო, - თქვა. ამასო, - ბებიაჩემმა, - ჩონგური აინტერესებსო. კაი ნამეტანიო, - ჩამოიღო ჩონგური და დაუკრა სიმღერა: „დილა იყო, ცა ლაჟვარდი““.

კიდევ ერთი კონკურსანტი მორიგ სატრფიალო სიმღერას ასრულებს. რეჟისორი ასწავლის, მეტი დამაჯერებლობისთვის ფრაზაზე „ქალს ვეძებ“ დარბაზში მსხდომ ქალებს გადახედოს. გამომსვლელი, თავის მხრივ, წუწუნებს, პროჟექტორები პირდაპირ თვალებში მანათებს და ვეღარც ქალს ვხედავ და ვეღარც კაცსო. რეჟისორი არ ნებდება:

„ - რას ხედავ, აბა? სცენის შუქები განათებს, როგორ აბა? „ქალს ვეძებ, ქალს“... ეგ არის საინტერესო, რომ ოთხმოცი წლის ადამიანი ქალს ეძებ!

- არტისტობა მაკლია.

- ჰოდა, აბა?!“

გამომსვლელების გარდა შენიშვნებს ბენდიც იღებს.

„ან აკორდეონი რას უკრავს, ან დოლი რას უკრავს! რა ხდება, ვერ გავიგე ...“ - შემდეგ ისევ მომღერალზე გადადის, - „ტონალობაში არ ჯდები და ამიტომ არ გამოგვდის არაფერი“.

„ჰოდა, შენს მაგივრად მე მადანაშაულობენ“, - თავისთვის ბუზღუნებს აკორდეონისტი.

შუა რეპეტიციაში კარი იღება და მორიგი კონკურსანტი შემოდის. ქალბატონი ნერვიულობს, მეწყვილეს თუ ვერ მივუსწარი, შეიძლება გაბრაზდეს და წავიდესო. „კი, ერთი გაბრაზებული კაცი გვყავდა უკვე, იმღერა და წავიდა“, - უდასტურებს რეჟისორი. მოსული გაოცებულია, ვერ იგებს, დუეტში მომღერლებმა რეპეტიცია ცალ-ცალკე როგორ უნდა გაიარონ.

„რა იმღერა თვითონ? ეტყობა, მარტო უნდა სიმღერა. ორივეს უნდა გვემღერა, რა ვიცი“.

გაუგებრობაში მოხვედრილი წყვილი შემდეგ რეპეტიციაზე დაიბარეს. ილია ნიშნიანიძე ამბობს, რომ ხანდაზმულებთან მუშაობა, ზოგადად, ადვილი არ არის:

„მაგრამ რამდენადაც რთულია, იმდენად სახალისოა ჩემთვის. ყველაფერი მინდა გავუკეთო მათ, რაც კი შემიძლია, ჩემი ასაკიდან გამომდინარე“