სტრესული სიტუაცია, - იქნება ეს, ომი, სტიქია თუ ტოტალიტარული რეჟიმი, - რომელიც ადამიანთა დიდ ჯგუფს ეხება, საზოგადოებაზე განსაკუთრებულ კვალს ტოვებს. ფსიქოლოგების თქმით, მსგავსი მოვლენები იწვევს დაუცველობისა და უსუსურობის განცდას, რაც შემდეგ წლების განმავლობაში მოქმედებს ქვეყნის განვითარებაზე. ისინი, ფსიქოლოგები, განასხვავებენ ბუნებრივი კატასტროფისგან მიღებულ სტრესს და ადამიანური ფაქტორებით შექმნილ პრობლემებს. ბუნებრივი კატასტროფა ადამიანის ფიზიკურ არსებობას აყენებს საფრთხის ქვეშ, ომი და ტოტალიტარიზმი კი - მის იდენტობას.
Your browser doesn’t support HTML5
ელისო სკოლის მოსწავლე იყო, როცა საქართველოში დამანგრეველი მიწისძვრა მოხდა. მიწისძვრამ ყველაზე მეტად რაჭა და ზემო იმერეთი დააზარალა. ელისო ამბობს, რომ მიწისძვრის შიში ამდენი წლის შემდეგაც მოჰყვება და საინფორმაციო გამოშვებებში ყველაზე მეტად სწორედ მიწისძვრის შესახებ გადმოცემული ახალი ამბები ზარავს.
„პირველი რეაქცია არის ის, რომ ხარ საშინლად დაუცველი! გეშინია! მეორე მხრივ, არის ერთიანობის შეგრძნება, ადამიანები ერთად იკრიბებიან, ერთად ათევენ ღამეს. მაგრამ საშინელი დაძაბულობაა, ნერვიულობა - არ იცი ეს განმეორდება-არ განმეორდება, დამთავრდა-არ დამთავრდა... თან მიწისძვრას ყოველთვის მოსდევს პატარა ბიძგები, რომელიც არ იცი, რა სიმძლავრის იქნება და რას გიზამს. სახლი აღარ გაქვს, ვისაც აქვს, იქაც ვერ შედიხარ. ღია ცის ქვეშ დგახარ და ისიც არ იცი, ის მიწა როდის გამოგეცლება ფეხქვეშ... და ეს გრძელდება ძალიან დიდხანს“.
მაშინ მიწისძვრისგან დაზარალებულ მოსახლეობას ფსიქოლოგიური დახმარება არ მიუღია. არც იცოდნენ, მსგავსი რამ თუ არსებობდა. შესაბამისად, ეს სტრესი ყველამ საკუთარი ძალებით გადაიტანა ან ვერ გადაიტანა.
ფსიქოლოგი ჯანა ჯავახიშვილი ამბობს, რომ, სამწუხაროდ, საქართველოს მოსახლეობას ამ მხრივ, დიდი გამოცდილება აქვს. მასობრივმა რეპრესიებმა საბჭოთა კავშირის ხალხში შიშისა და ერთმანეთისადმი უნდობლობის სინდრომი ჩამოაყალიბა. ამ ყველაფერმა შემდეგ სამოქალაქო დაპირისპირების სახით იჩინა თავი და დღემდე მოგვყვება:
„დღესაც ვიწვნევთ ამას. პოლიტიკური სიტუაცია რაც არის, სიძულვილის ენის გამოყენება, უმრავლესობა-უმცირესობას შორის შავ-თეთრი დამოკიდებულება, ეს ყველაფერი ტოტალიტარიზმის დროს განცდილი ზიარი უსუსურობის შედეგებია“.
ჯანა ჯავახიშვილი იხსენებს 9 აპრილის მოვლენებს, როდესაც რეალურზე გაცილებით მეტ ადამიანს ეგონა, რომ მოწამლული იყო. მისივე თქმით, ძალიან დიდი სტრესი გადაიტანა დევნილთა თემმაც:
„ჯერ სანამ მოაღწევდნენ, ბევრი ურთულესი გზით, კოდორის ხეობით, გადმოვიდა. გზაში ხალხი იღუპებოდა და ნორმალურად გამოტირების საშუალებაც არ ჰქონდა. 90-იან წლებში მე ვმუშაობდი დევნილთა თემთან და ბავშვებს ჰქონდათ ე.წ. ტრავმული თამაში, ისინი პატარა მკვდარ ცხოველებს რამდენჯერმე დაასაფლავებდნენ, ამოთხრიდნენ, გოდებაც ახლდა ამას და საუბრები, რომ აუცილებლად გადავასვენებთ“.
თუ ადამიანი და თემი იხარშება მსხვერპლის ემოციაში, ეს ხელს უშლის განვითარებას. ალბათ, სახელმწიფო პოლიტიკა უნდა იყოს ისეთი, რომ ბინებით უზრუნველყოს ეს ხალხი და თუ ვერ ბრუნდებიან, განაწილდნენ საზოგადოებაში, იცხოვრონ როგორც საზოგადოების სრულფასოვანმა წევრებმა...ჯანა ჯავახიშვილი
მისივე თქმით, დევნილთა ჩასახლებები, ანუ მსგავსი ტრავმის მქონე ადამიანების ერთად ცხოვრება, თავდაპირველად კარგად მოქმედებს დევნილებზე, ამით ისინი წარსულში მომხდარის გამოტირებას ახერხებენ, მაგრამ შემდეგ, შესაძლოა, ეს მათი განვითარების შემაფერხებელ ფაქტორად იქცეს:
„თუ ადამიანი და თემი იხარშება მსხვერპლის ემოციაში, ეს ხელს უშლის განვითარებას. ალბათ, სახელმწიფო პოლიტიკა უნდა იყოს ისეთი, რომ ბინებით უზრუნველყოს ეს ხალხი და თუ ვერ ბრუნდებიან, განაწილდნენ საზოგადოებაში, იცხოვრონ როგორც საზოგადოების სრულფასოვანმა წევრებმა“.
იგივე ითქმის უშუალოდ აფხაზებთან დაკავშირებითაც. ომში მათი მხრიდან პროცენტულად უფრო მეტი ადამიანი დაიღუპა, შესაბამისად, თითქმის ყველა ოჯახმა დაკარგა ახლობელი, რაც განაპირობებს იმას, რომ მათი თემიც დღემდე განიცდის ომის შედეგებს.
„ოჯახის ექვს წევრს რომ დაკარგავ, ამ დანაკარგში საზრისი უნდა ჩადო, წინააღმდეგ შემთხვევაში დანაკარგთან შეგუება ძალიან გაგიჭირდება. ეს საზრისი დამოუკიდებლობა იყო, მაგრამ ახლა ეს დამოუკიდებლობაც ფარვანასავით არის, პეპელასავით. რუსეთი სულ უფრო უჭერს კლანჭებს და ესეც კარგავს საზრისს აფხაზი საზოგადოებისთვის. და ამ სიტუაციაში, რასაკვირველია, ძალიან უჭირთ“.
კიდევ ერთი პრობლემა, რომელიც საზოგადოების საკმარისად დიდ ნაწილს შეეხო, იყო პატიმრების წამება. ფსიქოლოგი ლელა ცისკარიშვილი ამბობს, რომ სახელმწიფოს დღემდე არ უზრუნია, რომ ის პირები, ვინც პატიმრებს აწამებდა, სათანადოდ დასჯილიყვნენ, რაც მათ მდგომარეობას კიდევ უფრო ართულებს.
„ერთი ადამიანის შემთხვევაშიც ძალიან მძიმეა, მაგრამ როცა მასობრივია და სისტემატური, ადამიანებს აქვთ განცდა, რომ გზები მოჭრილია. შიშის გრძნობა იმდენად დიდია, რომ ის ადამიანს პასიურს ხდის“.
როგორ უნდა გაუმკლავდე სტრესს? ლელა ცისკარიშვილი ამბობს, რომ ადამიანის შესაძლებლობები ძალიან დიდია და თუკი მას გარემო ხელს უწყობს, სტრესთან გამკლავებას შეძლებს. თუმცა ხანდახან ხდება ისეც, რომ სტრესი ადამიანზე დიდი აღმოჩნდება ხოლმე და, ფაქტობრივად, წალეკავს მას. ასეთ დროს საჭიროა სპეციალისტების დახმარება. რაც შეეხება გარემოს, ლელა ცისკარიშვილის თქმით, ის ყოველთვის არ არის დაზარალებულის მიმართ კეთილგანწყობილი:
„თუნდაც ჩვენი სუბკულტურა ავიღოთ. ერთმანეთის ლანძღვა არის ახალი, ნორმირებული, დაშვებული ქცევა. ადამიანებიც მიჰყვებიან ამ სოციალურად დაშვებულ ქცევას, სხვების განსჯას, ქილიკს. ინფანტილური დამოკიდებულებაა მოვლენების მიმართ“.
ფსიქოლოგი ამბობს, რომ ჩვენს რეალობაში ხალხს ძალიან უყვარს სხვების კრიტიკა, განსაკუთრებთ ეს ჩანს ინტერნეტსივრცეში. მსხვერპლის მიმართ ასეთი დამოკიდებულება მის მდგომარეობას, რა თქმა უნდა, კიდევ უფრო ართულებს.