როკის გვირაბი სამი წლით იკეტება. ეს ინფორმაცია ცხინვალში ოფიციალურად რამდენიმე დღის წინ გავრცელდა. გვირაბი, რომელიც დე ფაქტო რესპუბლიკას რუსეთის ფედერაციასთან აკავშირებს, 1985 წელს გაიხსნა და მას შემდეგ სარემონტო სამუშაოები არ ჩატარებულა. სამწლიანი რეკონსტრუქცია ცხინვალელების გაკვირვებას და აღშფოთებას იწვევს. მათთვის გაუგებარია სარემონტო სამუშაოებს ამხელა დრო რისთვის სჭირდება. სამი წლის განმავლობაში გარკვეული გრაფიკით მხოლოდ პარალელური მცირე ზომის სავენტილაციო გვირაბი იქნება გახსნილი, რომელსაც ნაკლები გამტარობა აქვს და მოძრაობა მხოლოდ ცალმხრივადაა შესაძლებელი. გავრცელებული ინფორმაციით, როკის გვირაბის არა მარტო სარემონტო, არამედ მთლიანი რეკონსტრუქციისა და გაფართოების სამუშაოების ჩატარება იგეგმება. ადგილობრივი ეკონომისტები კი უკვე იმაზე ლაპარაკობენ, რომ რუსეთთან დამაკავშირებელი ამ ერთადერთი გზის ჩაკეტვა დე ფაქტო რესპუბლიკის ისედაც მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას კიდევ უფრო დაამძიმებს. ზოგიერთის აზრით, მალე პროდუქტებზე ფასები გაიზრდება, რასაც ბაზარზე ამ პროდუქტების დეფიციტი გამოიწვევს. ცხინვალელი ეკონომისტი აზა თიბილოვა ფიქრობს, რომ, ეკონომიკურის გარდა, ჰუმანიტარული პრობლემებიც შეიქმნება. მისი აზრით, უკეთესი იქნება მოძრაობა შუქნიშნის მეშვეობით დარეგულირდეს.
ამჟამად უკვე არსებობს სავენტილაციო გვირაბში ტრანსპორტის მოძრაობის გრაფიკი. დე ფაქტო რესპუბლიკის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, მოძრაობა იქნება 3 საათს ერთი და 3 საათს მეორე მიმართულებით. ტრანსპორტის ნაკადზე დაკვირვება მიმდინარეობს და გრაფიკი შესაძლოა შეიცვალოს. ადგილობრივი ტაქსები ვლადიკავკაზში ჩასვლას 2 საათში ახერხებდნენ ხოლმე, მაგრამ ახალი რეჟიმის პირობებში შესაძლოა ეს დრო 5 საათამდე გაიზარდოს, ამიტომ გადამყვანები მგზავრობის საფასურის გაზრდას არ გამორიცხავენ. ცხინვალელების აზრით, ყველაზე მძიმე მდგომარეობა ზამთარში შეიქმნება. კლიმატური პირობების გამო, გზებზე ჩამოწოლილი ზვავებისა და მეწყერების დროს დე ფაქტო რესპუბლიკა რამდენიმე დღით ისედაც იზოლირებული რჩება ხოლმე, მცირე გამავლობის გვირაბის არსებობა კი პრობლემებს უფრო გააღრმავებს. შიდა ქართლის დემოკრატიული ინსტიტუტის წარმომადგენელი მალხაზ მინდიაშვილი ფიქრობს, რომ ამ მცირე გვირაბში გადაადგილებისას უპირატესობა რუს სამხედროებს და მათ ტვირთებს მიენიჭებათ და ადგილობრივი მოსახლეობა მძიმე მდგომარეობაში ჩავარდება. მისი აზრით, ამ იზოლაციამ შესაძლოა ის გამოიწვიოს, რომ ოსურმა მხარემ ქართულ მხარესთან გზის გახსნისა და სავაჭრო ურთიერთობების დაწყებაზე დაიწყოს ფიქრი, თუმცა აქ როგორც რუსეთის, ისე საქართველოს ხელისუფლების პოზიცია იქნება გასათვალისწინებელი.
აღსანიშნავია, რომ ერთ-ერთი წინასაარჩევნო შეხვედრისას ლეონიდ თიბილოვმა ერგნეთის ბაზრობისა და სავაჭრო ურთიერთობების აღდგენისათვის მზადყოფნა გამოხატა, თუმცა ჯერჯერობით არავინ იცის რა სახით სურს ოსურ მხარეს ამ პრობლემის გადაჭრა და არც ქართული მხარის პოზიციაა ცნობილი. ცხინვალში გარკვეული საზოგადოებრივი და პოლიტიკური ჯგუფები მომხრენი არიან, რომ ქართულ სოფლებთან დამაკავშირებელი გზები გაიხსნას და ამის შესახებ სამოქალაქო დიალოგის ფორმატში არაერთხელ განუცხადებიათ. მათივე ინფორმაციით, დღეს ცხინვალის ბაზარზე არსებული პროდუქცია ქართულ ბაზარზე არსებულ პროდუქციაზე თითქმის სამჯერ ძვირია, ამიტომ ოსების მოთხოვნა, რომ გზები გაიხსნას, ყოველდღიურად აქტუალური ხდება. რადიო თავისუფლების წყაროების ცნობით კი, ახალგორიდან და ქვეში–არცევის გადასასვლელიდან დე ფაქტო რესპუბლიკის ტერიტორიაზე ქართული პროდუქცია მცირე მასშტაბით მაინც აღწევს.