ირანის პრეზიდენტის განცხადებით, ირანი იოლად შეძლებს ბირთვული შეთანხმებიდან გასვლას, თუ შეერთებული შტატები გააგრძელებს მის მიმართ „სანქციებისა და იძულების“ პოლიტიკას. თეირანიდან ეს გაფრთხილება მოჰყვა აშშ-ის პრეზიდენტის მორიგ კრიტიკას ირანისა და მასთან 2015 წელს დადებული ბირთვული შეთანხმების მისამართით.
ირანის პრეზიდენტის, ჰასან როჰანის, შეფასებით, მისი ამერიკელი კოლეგის, დონალდ ტრამპის, ადმინისტრაციამ მსოფლიოს აჩვენა, რომ „არ არის კარგი პარტნიორი“, რადგან დაიმუქრა, რომ „დახევს“ 2015 წელს მიღწეულ ბირთვულ შეთანხმებას. შეგახსენებთ, რომ ეს შეთანხმება, რომელიც ირანმა დადო ექვს ქვეყანასთან, - შეერთებულ შტატებთან, ჩინეთთან, ბრიტანეთთან, საფრანგეთთან, რუსეთსა და გერმანიასთან, - ითვალისწინებს ირანის მიმართ სანქციების შემსუბუქებას და, სანაცვლოდ, ირანის ბირთვული პროგრამის შეკვეცას.
Your browser doesn’t support HTML5
„ბირთვული შეთანხმება არის ომსა და ცალმხრივობაზე მშვიდობისა და დიპლომატიის გამარჯვების ნიმუში. ეს არის ის, რასაც უპირატესობას ანიჭებს ირანის ისლამური რესპუბლიკა, მაგრამ ეს არასოდეს ყოფილა და არასოდეს იქნება ქვეყნის ერთადერთი არჩევანი“, - განაცხადა როჰანიმ 15 აგვისტოს პარლამენტარებისადმი მიმართვაში, რომელიც ტელევიზიითაც გადაიცა.
როჰანის თქმით, აშშ-ის წინა ადმინისტრაციები „სანქციებისა და იძულების“ წარუმატებლობამ დაარწმუნა ირანთან მოლაპარაკების საჭიროებაში და, თუ ამჟამინდელ ადმინისტრაციასაც სურს სანქციების კურსის გაგრძელება, ირანი ძალიან მალე შეძლებს დაუბრუნდეს ბირთვულ პროგრამას.
„თუ აშშ-ის ადმინისტრაციას სურს, დაუბრუნდეს ამ გამოცდილებას, ირანს მართლაც მოკლე დრო - არათუ კვირები და თვეები, არამედ საათები და დღეები - ეყოფა საიმისოდ, რომ დაუბრუნდეს ბირთვული პროგრამის პირობებს, რომლებიც გაცილებით უფრო წინ არის წასული მოლაპარაკების დაწყების პერიოდთან შედარებით“, - განაცხადა ირანის პრეზიდენტმა.
შეერთებული შტატებისა და გაეროს კომისიები, რომლებიც ბირთვული შეთანხმების შესრულებას მეთვალყურეობენ, აღნიშნავენ, რომ ირანი ასრულებს შეთანხმებით ნაკისრ ვალდებულებებს. მაგრამ აშშ-ის ხელმძღვანელობას, პრეზიდენტ ტრამპის ჩათვლით, მაინც არაერთხელ ჰყავს დადანაშაულებული თეირანი, რომ არ მოქმედებს ბირთვული შეთანხმების „სულისკვეთებით“. კრიტიკის მიზეზია ირანში ბალისტიკური რეაქტიული ჭურვებისა და ბირთვული ქობინებისათვის გამოსადეგი რაკეტების გამოცდა, რის გამოც შეერთებულმა შტატებმა ირანს რამდენიმე წყება სანქციებიც დაუწესა. ირანი რაკეტების გამოცდას თავდაცვის საჭიროებით ამართლებს და ამტკიცებს, რომ არ არღვევს ბირთვულ შეთანხმებას.
10 აგვისტოს დონალდ ტრამპმა კვლავ დაადანაშაულა ირანი ბირთვული შეთანხმების „სულისკვეთებასან“ შეუსაბამობაში და, ამასთანავე, „საშინელი“ უწოდა საკუთრივ ბირთვულ შეთანხმებას.