შემცირებული ეკონომიკური ზრდის პროგნოზის ფონზე, პრემიერ-მინისტრმა ფინანსთა მინისტრს კორექტირებული ბიუჯეტის წარდგენა მოსთხოვა. ამისთვის მინისტრს ვადა 10 ივნისამდე აქვს.
მოგეხსენებათ, საქართველოს 2015 წლის ბიუჯეტის შემოსულობები ეკონომიკის 5%- იან ზრდაზე გათვლით არის დაგეგმილი. რამდენიმე კვირის წინ კი საერთაშორისო სავალუტო ფონდმა საქართველოს 2015 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 5%-დან 2%-მდე შეამცირა. მიმდინარე წლის ოთხი თვის საშუალო ეკონომიკური ზრდა, წინასწარი მონაცემებით, მხოლოდ 2,6%-ია.
შესაბამისად, დადგა ბიუჯეტის კლების მიმართულებით კორექტირების აუცილებლობა. ჯერჯერობით, უცნობია, რომელი პროგრამების გაუქმების თუ შემცირების ხარჯზე მოხდება ბიუჯეტის კორექტირება. ფინანსთა მინისტრის თქმით, იგეგმება, რომ შემცირება შეეხოს მიმდინარე ხარჯებს და სოციალური ხარჯების გაწევას საფრთხე არ დაემუქროს.
ოპერატიულ მონაცემებზე დაყრდობით, პირველი იანვრიდან 4 ივნისამდე საბიუჯეტო შემოსულობებმა 3 მლრდ 872 მლნ-ს გადააჭარბა, რაც წლიური გეგმის თითქმის 40%-ია. მათ შორის, გადასახადებიდან მიღებული შემოსავლები 3 მლრდ 113 მლნს აღემატება, რაც წლიური გეგმის 41%-ია. რაც შეეხება გადასახდელების შესრულებას, 5 ივნისის მდგომარეობით, გახარჯულია ბიუჯეტის 3,6 მლრდ-ზე მეტი ლარი, ანუ წლიური გეგმის 38%. უკვე ტრადიციად იქცა კაპიტალური დანახარჯების ათვისება. ამ პერიოდისთვის ამ მიმართულებით გახარჯულია 192.3 მლნ ლარი, რაც წლიური გეგმის მხოლოდ 22%-ია. ფინანსთა მინისტრის ინფორმაციით, პრობლემებია ადგილობრივ მუნიციპალიტეტებში და ავტონომიურ რესპუბლიკებში, სადაც ყველაზე ნაკლებად ხდება საბიუჯეტო სახსრების ათვისება. მაგალითად, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მილიარდიანი ბიუჯეტიდან ათვისებულია 259,5 მლნ ლარი, რაც წლიური ბიუჯეტის მხოლოდ მეოთხედს შეადგენს.
როგორც სტატისტიკური მონაცემები გვიჩვენებს, ბიუჯეტის შემოსულობების ნაწილში, ჯერჯერობით, პრობლემები არ არის, თუმცა კორექტირების გარეშე დადგება დეფიციტის საშიშროება წლის ბოლოს.
მთავრობის სხდომაზე რამდენიმე მინისტრმა იმ თანხებზეც ისაუბრა, რომლის შემცირებაც, მათი აზრით, შესაძლებელია. ასე მაგალითად, დევნილთა მინისტრის თქმით, სამინისტრო, ალბათ, უარს იტყვის ახალი რეგიონული შენობების გახსნაზე. თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ პროგრამული მიმართულებით არ გეგმავს თანხების შემცირებას. არ იგეგმება არც ინფრასტრუქტურული ხარჯების შემცირება. ინფორმაციისთვის, საბიუჯეტო ხარჯების სტრუქტურა ასეთია: სოციალური უზრუნველყოფა (34%), შრომის ანაზღაურება (18%), ადგილობრივ მუნიციპალიტეტებზე გადასაცემი გრანტები (15%), სხვა ხარჯები (14%), საქონელი და მომსახურება (12%), პროცენტი (4%), სუბსიდიები (3%).
უკვე მომავალ კვირას გახდება ცნობილი, თუ, კონკრეტულად, რომელ ხარჯებს შეამცირებენ სამინისტროები.