როგორ შევავსოთ (ან დავწმინდოთ) წიგნის თარო

მკითხველებს, მგონი, არც სჭირდებათ იმის შეხსენება, თუ რა მნიშვნელოვანია დროდადრო წიგნების თაროების შევსება-წმენდა, ამიტომ, ვფიქრობ, უპატიებელ დანაშაულად არ ჩაგვეთვლება, თუკი მოყირჭებულ წიგნებს შეველევით და მათ ნაცვლად ახალთახლებს, ან ხელახლა აღმოჩენილებს ჩამოვალაგებთ.

Your browser doesn’t support HTML5

როგორ შევავსოთ (ან დავწმინდოთ) წიგნის თარო

ვუყურებ ჩემი ბიბლიოთეკის წიგნებს და თაროთა უკომპრომისო დამცლელი, დიდი ჰერმან ჰესე მახსენდება, რომელმაც პირველმა გაგვაბედინა პირადი ბიბლიოთეკის შეუბრალებელი წმენდა (იხ. მისივე ჰიგიენურ-მამხილებლური სტატია: “როგორ დავწმინდოთ ჩვენი წიგნის თარო სტრესების და გამთანგველი ისტერიკის გარეშე”). ჰოდა, რახან მონტანიოლელი განდეგილი ვახსენეთ, კარგი იქნება, თუკი დასაწყისისთვის სწორედ კლასიკოსებს ვკითხავთ, რომელ ავტორებს უნდა ვენდოთ და ვისგან გავთავისუფლდეთ თაროიან-თავებიანად.

აგერ, ზევითა თაროდან ამაყად გადმომცქერის ამ თუ სხვაგვარ რჩევებში ყველაზე ავტორიტეტული არისტოტელე (უფრო სწორად კი, მისი მცირე ბიუსტი), რომლის “პოეტიკაშიც” საკითხ-ცნება როგორ-ს ბევრად მეტი მნიშვნელობა ენიჭება, ვიდრე რა-ს: ამბავი ყველამ იცის, სამსჯელო ისაა, ამ ამბავს ვინ როგორ ყვებაო, და ამ კუთხით ყველაზე სრულყოფილ დრამატულ ტექსტს ასახელებს: სოფოკლეს “მეფე იოდიპოსს” - პიესას საშიშ შეკითხვებსა და კიდევ უფრო საშიშ პასუხებზე, სადაც, თუკი ამჯერად გაბრიელ გარსია მარკესს მოვიხმობთ, გამომძიებელი სულ ბოლოსღა აღმოაჩენს, რომ მთავარი დამნაშავე, არც მეტი, არც ნაკლები, თვითონ ყოფილა (მარკესს დეტექტიური ლიტერატურა არ ჰყვარებია და როცა მისთვის უკითხავთ, ერთი დეტექტივი მაინც დაგვისახელეთო, სწორედ ამ რეპლიკით გაუხსენებია სოფოკლეს ტრაგედია).

ამიტომ სოფოკლე და მასთან ერთად ყველა ძველი ბერძენი - სულ ზევით! ტრადიციულად…

ხორხე ლუის ბორხესი კიდევ უფრო შორს მიდის და წასაკითხად ორად ორ წიგნს გვიბარებს კაცობრიობას, რაც რბილად რომ ვთქვათ, მისგან ცოტა თავხედური და უსამართლო საქციელია, რადგან თავად ყველა წიგნი მოსმენილი ჰქონდა სხვადასხვა ცოლის შეწევნა-დახმარებით (მოგეხსენებათ, უსინათლო გახლდათ და ცხოვრების თანამგზავრებს სწორედ იმ ნიშნით არჩევდა, საათში ვინ რამდენ გვერდს წაუკითხავდა) და ჩვენთვის კი, ანუ კაცობრიობისთვის მხოლოდღა ორი ამბავი გამოიმეტა: ამბავი კაცისა, რომელიც მშობლიურ ითაკაში ვერ ბრუნდება ათი წლის განმავლობაში, და ღმერთის ამბავი, რომელსაც ადამიანები მოკლავენ.

დიახ, სწორად მივუხვდით: პირველი - ჰომეროსის “ოდისეაა”, მეორე - ოთხთავი.

ბორხესის თქმით, ადამიანები უკვე საუკუნეებია სხვა და სხვა ინტერპრეტაციით ყვებიან შინვერდაბრუნების და ღმერთის ვერაღქმის დრამას და რა და რამდენი წიგნიც არ უნდა ვიკითხოთ, ბოლოს მაინც ამ ტექსტებთან მივალთ…

არა, არა, თაროსთან დიდხანს შეყოვნება უამრავ პასუხგაუცემელ შეკითხვას გაგვიჩენს, ამიტომ ახლა ბარბაროსული სიჩქარით გვმართებს თაროების დაცლა-შევსება.

ამჯერად პროზაიკოსებს მივხედოთ.

ბორხესი ვახსენეთ, არა? დარწმუნებული ვარ, ამ მწერლის მოთხრობებს არავითარ შემთხვევაში არ გააჩერებდა თავის ბიბლიოთეკაში სმენადაქვეითებული ლუის ბუნუელი, რომელმაც შეუნიღბავი არაკორექტულობით გვამცნო თავის მემუარებში - როგორც ყრუს, მთელი ცხოვრება ბრმები მაღიზიანებდნენ და განსაკუთრებით კი ნობელის პრემიის მიღების ჟინით შეპყრობილი ხორხე ლუის ბორხესიო. ზედმეტად მოწესრიგებული და ხელოვნურია, მე კი ველურები და არანორმალურები მიყვარსო - აი, მაგალითად, დოსტოევსკიო.

“ჰო, ცხადია, დოსტოევსკი, მაგრამ ზომიერად”, - აგერ თომას მანიც ამას გვაფრთხილებს. მაგრამ ეს რომ ნაბოკოვის წიგნების თარო ყოფილიყო, ზედ არც არანორმალური რუსი მწერალი შერჩებოდა და არც, მით უმეტეს, “ზომიერი” დოსტოევსკის მოყვარული თომას მანი. “ლოლიტას” ავტორი პირველს სტილს, ანუ უსტილობას დაუწუნებდა (იტყოდა, წერა არ იცისო), ხოლო მეორეს, თომას მანს, საერთოდ არც ჩათვლიდა მწერლად - ჩვეულებისამებრ შარლატანად მოიხსენიებდა. ნაბოკოვს ხომ სძულდა ისეთი ავტორები, რომლებიც რაიმენაირ “იდეას” გამოხატავდნენ თავიანთ რომანებში: მხოლოდ აღწერეთ, ნუ სიმულირებთო - ასე არ მოუწოდებდა თავის სტუდენტებს?!

რა ვქნათ, ვენდოთ ნაბოკოვს? ალბათ, არა. დოსტოევსკის შედევრს - “ეშმაკებს” გვერდით უნდა ჩამოვუდოთ მანის “ფაუსტუსი” (მით უმეტეს, რომ შეფარული თუ ხილული დემონები ორივე რომანში ჭარბად არიან წარმოდგენილი), თუმცა რაშიც ნაბოკოვს ვერ შევეკამათებით, ეს “მწერალთა შორის ყველაზე დიდი მწერლის” განსაზღვრებაა: “დიახ, ის დოსტოევსკიზე დიდია, და კიდევ ბევრ სხვაზე დიდიც, რომელსაც მხოლოდ ჰომეროსს თუ შევადარებთ… “ ყველა თომას მანის, ყველა ჰემინგუეის, ყველა ფოლკნერის, ყველა ვირჯინია ვუფლის, ყველა ჩეხოვის, ყველა ლიოსას თუ გრასის აზრით - ყველაზე გამაოგნებელი მთხრობელი - ლევ ტოლსტოი, რომელიც თვითონვე ამბობდა თავის “ომსა და მშვიდობაზე” - კეკლუცობის გარეშე, ეს “ილიადას” დონეაო, და იქვე სრული არაობიექტურობით აკნინებდა თავის გენიალობას: “ლიტერატურა ტყუილია… მრცხვენია, რომ “ანა კარენინას” ავტორი ვარ, ეს ახალგაზრდულ ცოდვას ჰგავს…”

ოჰ, დიდი უცნაური ვინმე იყო ეს გრაფი ტოლსტოი, წარსულში “გარყვნილი მექალთანე”, მოგვიანებით ახირებულ ვეგეტარიანელ-ასკეტად და სახარების თავისებურ მქადაგებლად ქცეული, ანათემაზე გადაცემული რუსეთის წმინდა სინოდის მიერ, ცოლი ფარულად რომ ურევდა მის დიეტურ-მორალისტურ სუპში ქათმის ბულიონს, ბიბლიური წინასწარმეტყველივით წვერგაბარდნილი, მუჟიკების უბედურებით გატანჯული და მათგანვე დისტანცირებული (“არ მომეკაროთ, გრაფი ვარ”), ზოგჯერ აუტანლად რომ სძულდა საკუთარი თავი, “ანა კარენინა” და… უილიამ შექსპირი.

აი, ვინ მოისვრიდა შექსპირის პიესებს თავისი ბიბლიოთეკიდან!

არადამაჯერებელი ბოდვააო, იტყოდა “მეფე ლირზე” და ბენ ჯონსონს დააყენებდა შექსპირზე მაღლა. ჩეხოვსაც კი უთხრა ერთხელ - რა კარგი მოთხრობები გაქვთ, საერთოდაც რა კარგი ადამიანი ბრძანდებით, მაგრამ ნეტა იცოდეთ, როგორ ვერ ვიტან ვერც თქვენს და ვერც შექსპირის პიესებსო. სულ ამას იმეორებდა: რატომ უნდა დაწყევლო ქალიშვილი მხოლოდ იმიტომ, რომ რაღაც უაზრო ცერემონიის დროს არ გემლიქვნელა და სხვებივით ლაყე სიტყვებით არ შეგაქოო? ამ სისულელის ხალხს როგორ სჯერაო…

ტოლსტოის შექსპირის გმირების მოტივაციების არ სჯეროდა, თუმცა, პარადოქსია, თითქმის ისევე დაასრულა სიცოცხლე, როგორც საძულველი დრამატურგის გმირმა: ქონება - ანუ სამეფო - შვილებს გადაუნაწილა, უარი თქვა თავის “გვირგვინზე” - შემოსავალზე - და ისევე აღესრულა “ქარბუქსა და უდაბნოში” (სადგურ ასტაპოვოზე), როგორც მეფე ლირი - შეშლილობის თუ გასხივოსნების ზღვარზე…

განა მეფე ლირიც ისე არ გარბის, როგორც ტოლსტოი გაიქცა თავისი იასნაია-პოლიანიდან?

ამიტომ შექსპირის პიესებსა და ტოლსტოის ტომებს დღეს ერთიმეორის გვერდით ჩამოვდებ, რათა აქ მაინც შეძლონ მორიგება. მე კი კლასიკოსებიდან თანამედროვე პროზაიკოსების ტექსტებზე გადავალ და ავტორიტეტების დაუკითხავად შევუდგები თაროების წმენდა-შევსებას.

აბა, ვინ იქნება პირველი?

აი, ვინც!.. ნეტა იცოდეთ, მერამდენედ მოვისროლე ვინმე პოლ ოსტერი ჩემი ბიბლიოთეკიდან და ის კი ისევ ჯიუტად მიხვდება თაროზე. რა ჯადოა ასეთი! შორს ჩემგან… ამჯერად, იმედია, საბოლოოდ.

და ფილიპ როთი?! ეჭვი მაქვს, ადგილს ესეც ტყუილად იკავებს. არა, არა, მაინც იყოს, დარჩეს “პორტნოის” (და ამ “პორტნოის” ქართული თარგმანის) ხათრით… თუკი როთებს შორის მომიწევს არჩევა, ცხადია, იოზეფ როთს ავირჩევ და არა მას!

კუტზეეც იყოს, ჰა, თუმცა გულწრფელად რომ ვთქვა, არც დასატოვებლად მემეტება და არც გადასაგდებად. როგორც მისივე ერთ-ერთი გმირი იტყოდა “პეტერბურგული შემოდგომიდან”, მისდამი ვერაფრით ჩამოვაყალიბე დამოკიდებულება. ეს კია, ცოცხალ გენიოსთა წიგნებს შორის მის ტექსტებს ვერაფრით ჩავატევ. ასეთი ცოცხლები თაროზე სულ სამი ცალი მყავს: მარიო ვარგას ლიოსა, სალმან რუშდი და მილან კუნდერა. თუმცა ნურც ფამუქს დავჩაგრავთ, არც ისაა ვინმეზე ნაკლები. დანარჩენებთან - ბოდიში. მაგალითად, “ჭკვიან მწერალ” უელბეკთან (ფამუქის დეფინიცია), ანუ ისეთი რომანების ავტორთან, გადაკითხვა რომ არ მოგინდება, რაც, მოგეხსენებათ, არცთუ უმნიშვნელო ჩვევაა ლიტერატურაში… მაგრამ მაინც დარჩეს, რახან ბევრზე ნიჭიერია.

ეს უწმინდურობა საიდანღა გაჩნდა ჩემ ბიბლიოთეკაში?! ვირუსი არ იყოს! ქათმის გრიპი დაიძლია, თხის გრიპი დაიძლია, ციანიდიც დაიძლია და ეს კოელიო რით ვეღარ დავძლიეთ?! მისი გვარის დაწერაც კი მეზარებოდა… შორს აქედან! სასწრაფოდ!

მოდი, ბარემ მურაკამიც კოელიოს გზას გავუყენოთ... პატიებას ვთხოვ მის უამრავ თაყვანისმცემელს, მაგრამ ამ უპრობლემო გრაფომანზე დროს აღარასდროს გავხარჯავ!

მაგრამ, აი, კარგი სიახლე: ჩემ თაროზე კიდევ ერთი ორიგინალური მწერლის (და, სამწუხაროდ, ჯერაც უცნობი ქართული წიგნის თაროებისთვის) ჩილელი რობერტო ბოლანიოს წიგნები ჩნდება, რომლის რომანების ბუმია მთელ მსოფლიოში (ბოლანომანია, როგორც კრიტიკოსები ამბობენ), ჩვენთან კი ისევ კოელიოს კითხულობენ სენტიმენტალური მასები, ჰოდა ვფიქრობ, არაფერი დაშავდება, თუკი ბოლანიოს “მესამე რაიხს” და “ნოქტიურნს ჩილეზე” (ანუ პინოჩეტზე) ამ ეტაპზე ლიოსას წიგნების გვერდით ჩამოვდებ…

აქვე აღვამაღლებ ბრაზილიელ უნიკალურ ქალ-მწერალს - კლარისე ლისპექტორს, არცთუ დიდი ხნის წინ გარდაცვლილს ბოლანიოს მსგავსად და უკვე ლეგენდად ქცეულს თავისი ტექსტებით თუ (თავს ვერ ვიკავებ, რომ არ აღვნიშნო) სილამაზით…

აქვე მოწიწებით ვათავსებ ლიტერატურის “მესამე მუშკეტერის” (მან სწორედ ასე უწოდა საკუთარ თავს, როცა “პირველი” და “მეორე” მუშკეტერის წოდება გაიმეტა ლიოსასთვის და რუშდისთვის), უმბერტო ეკოს “ქართულ” “ფუკოს ქანქარას”, და, სავარაუდოდ, სამუდამო მორჩილებით ვუჩენ ადგილს ანდრეი პლატონოვის საშინელ და გენიალურ რომანებს - “ქვაბულს” და “ჩევენგურს”.

და ბოლოს, რაკი წმენდა-შევსების სურვილი ქართველმა ავტორებმა და თბილისის წიგნის საფესტივალო დღეებმა აღმიძრეს, ჩემ თაროს რამდენიმე ახლადწაკითხულ პროზაულ ტექსტსაც ვუმატებ, რომელთა წაკითხვა-გადაკითხვის შემდეგ, აგერ უკვე მერამდენედ ვრწმუნდები არისტოტელეს “პოეტიკის” მოდელის უტყუარობაში: კარგი მთხრობელი ბევრია, მაგრამ გადამწყვეტი სწორედ ისაა, რას და როგორ გვიყვება ამბავს ავტორი…

ჰოდა ამ პრინციპით - რა კარგად ყვება - ჩემ ბიბლიოთეკას ოთხი ავტორის ოთხი გამორჩეული წიგნით ვავსებ:

ეს წიგნები ნინო ხარატიშვილის “ჩემი ნაზი ტყუპისცალი”, ალეკო შუღლაძის “გადამალვა”, ოთარ ჯირკვალიშვილის “კანფეტი” და დავით გაბუნიას “დაშლაა”.

დანარჩენი - შემდეგში.