როგორ შემცირდეს ევროპაში მიგრანტთა ნაკადი

მიგრანტები, რომლებიც თურქეთიდან საბერძნეთში გადავიდნენ. 2015 წლის 24 ნოემბერი

ევროკავშირი და თურქეთი გეგმავენ ახალ ზომებს ევროპაში მიგრანტთა ნაკადის შესამცირებლად. ამ საკითხს მიეძღვნა ბრიუსელში კვირას გამართული სამიტი, რომლის დროსაც გადაწყდა, რომ თურქეთი სამ მილიარდ დოლარს მიიღებს თავისი საზღვრების უკეთ დასაცავად და ლტოლვილთა ბანაკებში პირობების გასაუმჯობესებლად.

საქართველოს სამხრეთით მდებარე ქვეყანას ამჟამად თავს აფარებს 2,2 მილიონამდე სირიელი ლტოლვილი და, როგორც ევროკავშირში იმედოვნებენ, მათთვის უკეთესი პირობების შექმნა ბევრს დაარწმუნებს, რომ იქვე, სირიის მეზობელ თურქეთში დარჩენა ჯობია სახიფათო გზის გავლას ევროკავშირში მოსახვედრად. ფინანსური დახმარების გარდა, თურქეთს ჰპირდებიან ევროკავშირში გაწევრიანებასა და ვიზების ლიბერალიზაციაზე მოლაპარაკების განახლებას.

ყველა ამ საკითხზე ევროკავშირის ლიდერები კვირას ბრიუსელში ესაუბრნენ თურქეთის პრემიერ-მინისტრ აჰმეტ დავუთოღლუს, რომელმაც აღნიშნა, თურქები ევროპელები ვართო. „ანკარიდან არის გზავნილი, მკაფიო გზავნილი: ჩვენ ევროპელი ხალხი ვართ! ჩვენი კონტინენტის ბედი ჩვენს ხელშია, თქვენს, ყველას ხელშია. ევროპის კონტინენტის მომავლისათვის თურქეთი მზად არის ყველაფერი გააკეთოს: რეაგირება მოახდინოს არა მარტო ამ კრიზისზე, არამედ ყველა კრიზისზე, ყველა საკითხზე, რომელიც ჩვენი კონტინენტის მომავალს ეხება“, - განაცხადა ევროკავშირის ლიდერებთან შეხვედრის დაწყებამდე დავუთოღლუმ. მან კარგად იცის: ბრიუსელში სწორედ მის ქვეყანას მიიჩნევენ საკვანძო მნიშვნელობის პარტნიორად ევროკავშირში მიმავალი ასიათასობით ლტოლვილის შესაჩერებლად.

დღევანდელი კონსულტაციების შემდეგ შევთანხმდით, რომ წელიწადში ორჯერ გაიმართება ევროკავშირ-თურქეთის სამიტი. ასევე შევთანხმდით, რომ გვექნება ეკონომიკის, ენერგეტიკის, პოლიტიკის საკითხებში მაღალ დონეზე დიალოგის ძალიან ეფექტური მექანიზმები - მექანიზმები ჩვენი ურთიერთობების გასააქტიურებლად...
აჰმეტ დავუთოღლუ

ბრიუსელში სამიტის შემდეგ დავუთოღლუ აშკარად კმაყოფილი იყო. როგორც მან განაცხადა, ოთხსაათიანი შეხვედრისას უთანხმოება არც ერთ საკითხს არ გამოუწვევია. „დღევანდელი კონსულტაციების შემდეგ შევთანხმდით, რომ წელიწადში ორჯერ გაიმართება ევროკავშირ-თურქეთის სამიტი. ასევე შევთანხმდით, რომ გვექნება ეკონომიკის, ენერგეტიკის, პოლიტიკის საკითხებში მაღალ დონეზე დიალოგის ძალიან ეფექტური მექანიზმები - მექანიზმები ჩვენი ურთიერთობების გასააქტიურებლად. ამ თვალსაზრისით, განვავრცობთ ჩვენს სტრატეგიულ თანამშრომლობას, ისევე როგორც გავააქტიურებთ და დავაჩქარებთ ევროკავშირში თურქეთის გაწევრიანების პროცესს“, - განაცხადა თურქეთის პრემიერ-მინისტრმა.

თავის მხრივ, ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტი დონალდ ტუსკი შეეხო თურქეთთან შეთანხმების იმ ნაწილს, რომელიც საერთო საზღვრის უკეთ დაცვას ითვალისწინებს. „ნება მიბოძეთ, მკაფიოდ ვთქვა, რომ სხვებისაგან არ მოველით ჩვენი საქმის კეთებას ჩვენი საზღვრების დაცვით. ეს შეიძლება და უნდა გაკეთდეს ევროპელების მიერ. მაგრამ მოველით დიდ ნაბიჯს თამაშის წესების შეცვლისაკენ, როცა საქმე ეხება მიგრანტთა ნაკადს ევროკავშირში, თურქეთის გავლით. ჩვენი შეთანხმება ითვალისწინებს მკაფიო გეგმას ჩვენს საერთო საზღვარზე წესრიგის დროულად აღსადგენად. გარდა ამისა, გავზრდით თურქეთში სირიელი ლტოლვილების დახმარებას სამი მილიარდი ევროთი დაფინანსებული „ლტოლვილთა ახალი მექანიზმის“ მეშვეობით“, - განაცხადა დონალდ ტუსკმა თურქეთის პრემიერთან ევროკავშირის ლიდერების შეხვედრის შემდეგ.

ხოლო საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა განმარტა, რომ შეთანხმებით გათვალისწინებულ ფინანსურ დახმარებას თურქეთი მიიღებს ეტაპობრივად, პირობების შესრულების შემოწმების საფუძველზე.

თურქეთს ასევე მოუწევს წინასწარ განსაზღვრული მოთხოვნების შესრულება ევროკავშირთან ვიზების ლიბერალიზაციის მისაღწევად.

დონალდ ტუსკი

„თუ ყველა მოთხოვნა შესრულდება, ვფიქრობ, რომ ვიზების ლიბერალიზაცია ძალაში შევა 2016 წლის შემოდგომაზე. ამასთან, ყველასთვის ნათელი უნდა იყოს, რომ არ შევცვლით ძირითად კრიტერიუმებს თურქეთის მიმართ ვიზების ლიბერალიზაციის ასამოქმედებლად. მაგრამ ვფიქრობ, ეს ყველას კარგად ესმის“, - განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა ჟან-კლოდ იუნკერმა პრესკონფერენციაზე, რომელშიც დონალდ ტუსკსა და აჰმეტ დავუთოღლუსთან ერთად მონაწილეობდა.

მიგრანტთა კრიზისის მოსაგვარებლად თურქეთთან ევროკავშირის დაახლოებას ახლავს აქტივისტების მოწოდება ევროკავშირის ლიდერების მიმართ, თვალს ნუ დახუჭავენ თურქეთში ოპოზიციის, უმცირესობებისა და მედიის შევიწროებაზე, ზოგადად, ადამიანის უფლებების დაცვის მხრივ გაუარესებულ ვითარებაზე.

მეორე მხრივ, ბრიუსელზე ძლიერდება ზეწოლა ევროკავშირის ქვეყნების მოსახლეობის მოთხოვნით, მიმართონ ქმედით ზომებს მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ევროპაში მიგრანტთა უდიდეს ნაკადთან გასამკლავებლად. ბოლო მონაცემებით, მარტო წელს ევროკავშირში ჩავიდა 900 ათასამდე მიგრანტი.