რამდენად ხშირად ისჯება საქართველოში ამა თუ იმ პირის თვითმკვლელობამდე მიყვანა? ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, ამ მუხლით აღძრული საქმეები თითქმის ყველა შემთხვევაში გაუხსნელი რჩება. იურისტები მიზეზად არასრულფასოვან გამოძიებას ასახელებენ.
შსს-ს ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, 2015 წელს თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით 395 საქმე აღიძრა, აქედან არცერთი გახსნილი არ არის. 2016 წლის იანვრის მონაცემებით, აღძრულია 99 საქმე, ამ შემთხვევაშიც არცერთი არ გახსნილა. 334-დან 3 საქმეა გახსნილი 2014 წელს.
Your browser doesn’t support HTML5
დემურ სტურუა 8 აგვისტოს გარდაიცვალა. მან დატოვა წერილი, რომელშიც თვითმკვლელობის მიზეზად უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის მხრიდან ზეწოლას ასახელებს. როგორც წერილშია ნათქვამი, ინსპექტორი აძალებდა ეთქვა, ადგილობრივებიდან მარიხუანა ვის ჰქონდა დათესილი. საქმეს დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურა იძიებს. პოლიციელმა, რომელიც წერილშია მოხსენიებული, პოსტი დატოვა. დამნაშავის სრული სიმკაცრით დასჯა მოითხოვა „ნარკოპოლიტიკის ეროვნულმა პლატფორმამ“. პლატფორმა, რომელიც 38 არასამთავრობო ორგანიზაციას აერთიანებს, აცხადებს, რომ უნდა დაიწყოს არსებული ნარკოპოლიტიკისა და ძალადობრივი პოლიციური სისტემის რეფორმირების პროცესი. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ ამ გამოძიების მიმდინარეობას პირადად გააკონტროლებს:
„გამოძიება, რა თქმა უნდა, ჩატარდება. სახელმწიფო არავითარ შემთხვევაში ხელს არავის არ დააფარებს. მეც პირადად გავაკონტროლებ გამოძიების მიმდინარეობას“.
კანონმდებლობის თანახმად, თვითმკვლელობამდე მიყვანაა, თუკი პირს, რომელმაც თავი მოიკლა, სისტემურად შეურაცხყოფდნენ, ემუქრებოდნენ, აშინებდნენ და ასე შემდეგ. თუმცა, როგორც ზემოთ მოყვანილი სტატისტიკა ცხადყოფს, თვითმკვლელობამდე მიყვანისთვის საქართველოში, ფაქტობრივად, არავინ ისჯება. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტის, ლევან ვეფხვაძის, თქმით, პირის გარდაცვალების შემთხვევაში ხშირად საქმეს სწორედ 115-ე მუხლით (თვითმკვლელობამდე მიყვანა) აღძრავენ, თუმცა შემდეგ საქმეს წყვეტენ. საქმის შეწყვეტისას პროკურატურა ადასტურებს, რომ ეს მკვლელობა არ ყოფილა, მაგრამ იყო თუ არა თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტი, ამას უკვე ვეღარ პასუხობს.
ვეფხვაძის თქმით, 115-ე მუხლით საქმის აღძვრა გამომძიებლისთვის ხელსაყრელია:
„ეს ხელსაყრელია, იმიტომ რომ 115-ე მუხლი ნაკლებად მძიმე დანაშაულია და 5 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. დაზარალებულად ცნობასაც პროკურატურა პრობლემად ქმნის, რადგან მესამე სუბიექტი, ვინც, სავარაუდოდ, დანაშაული ჩაიდინა, გამოკვეთილი არ არის. შესაბამისად, დაზარალებული ვერ ერთვება გამოძიების პროცესში და ვერ ახერხებს მტკიცებულებების შემოწმებას და მოპოვებული მასალების გაცნობას“.
მისივე თქმით, მაშინაც კი, თუ გარდაცვლილის ახლობელი დაზარალებულად ცნეს, საქმის შეწყვეტის შემთხვევაში მას მხოლოდ ზემდგომ პროკურორთან გასაჩივრების უფლება აქვს, სასამართლოსთვის მიმართვა კი არ შეუძლია:
„პროკურატურას არ სურს, რომ ეს საქმეები წავიდეს სასამართლოში“.
ასეთ შემთხვევაში ოჯახები არიან ძალიან მძიმე მდგომარეობაში. ერთი მხრივ, დაკარგეს ოჯახის წევრი, მეორე მხრივ, აქვთ კითხები, თუ რა მოხდა...ეკა ქობესაშვილი
ლევან ვეფხვაძე ამბობს, რომ გამოძიების დროს რეალურად პრობლემა არის არა გამომძიებლების კვალიფიკაცია, არამედ ის, რომ მათ ამ საქმის გამოძიება არ უნდათ:
„პროკურატურის გამომძიებლები არ უჩივიან კვალიფიკაციას, რომ სწორად და კარგად წარმართონ გამოძიება, მაგრამ რატომღაც არ აკეთებენ. მაგალითად, ჩვენ გვქონდა მამუკა მიქაუტაძის საქმე, რომელმაც პოლიციის განყოფილების დატოვების შემდეგ თავი ჩამოიხრჩო. გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით იყო დაწყებული, მაგრამ პროკურატურამ შეწყვიტა საქმე ისე, რომ მთელი რიგი გარემოებები არ გამოუძიებია. ეს პრობლემაა დღეს და ვფიქრობ, რომ ეს უკავშირდება უფრო ნებას, ვიდრე კვალიფიკაციას“.
ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტი ეკა ქობესაშვილი ასევე ამბობს, რომ 115-ე მუხლით აღძრული საქმეები გამომძიებლებს, როგორც წესი, თაროზე აქვთ შემოლაგებული, გაუხსნელი საქმე კი გარდაცვლილის ახლობლებისთვის ორმაგი ტკივილია:
„ასეთ შემთხვევაში ოჯახები არიან ძალიან მძიმე მდგომარეობაში. ერთი მხრივ, დაკარგეს ოჯახის წევრი, მეორე მხრივ, აქვთ კითხები, თუ რა მოხდა“.
მისივე თქმით, ამ რაოდენობის გამოუძიებელი საქმეების დაგროვება იმან განაპირობა, რომ გამომძიებლები 115-ე მუხლს საჭიროზე ხშირად იყენებენ, ნამდვილად თვითმკვლელობამდე მიყვანის შემთხვევაში კი გამოძიება არასრულფასოვნად ტარდება.