როგორ გავათბოთ საბჭოთა არქიტექტურით აშენებული სახლები? ელექტროენერგიის სიძვირის გამო რეგიონებში მოსახლეობას დიდი სახლების გათბობის პრობლემა აქვს. რა საშუალებები არსებობს მაქსიმალური ენერგოეფექტიანობის მისაღწევად?
შენობები, რომლებიც რეგიონებში საბჭოთა პერიოდში აშენდა, იაფ ელექტროენერგიაზე იყო გათვლილი, დღევანდელი ფასებით კი მოსახლეობა ზამთარში მხოლოდ ერთი ოთახის გათბობას ახერხებს - ასეთია ის რეალობა, რომელსაც ენერგოეფექტიანობის ცენტრის დირექტორი გიორგი აბულაშვილი აღწერს.
„სოფლებში აშენებული სახლები (ძირითადად 60-იან წლებში) არქიტექტორის ნაკლები ჩარევით არის აშენებული, მათი ფართობი მოხმარებულ მოცულობას აჭარბებს. როგორც წესი, ასეთ სახლებში ცხოვრობენ მხოლოდ ორ ან, შეიძლება, ერთ ოთახშიც კი, განსაკუთრებით - ზამთარში, როცა გათბობის საჭიროება დგას“.
ძირითადად ერთი ოთახი თბება და მეორე ოთახის მაქსიმუმ კარი თუ არის გაღებული. სტუმარი თუ მოვა და სხვა ოთახში დააძინებს, „ფეჩს“ დაუდგამენ, რომ არ შესცივდეთ. მთლიანად სახლი რომ გაათბო, ძალიან ძნელია...გიორგი იორამაშვილი
გიორგი იორამაშვილი, რომელიც თიანეთში ცხოვრობს, ჰყვება, თუ როგორ ატარებენ ზამთარს მის სოფელში. მისი თქმით, თბებიან თხელი თუნუქის ღუმლის მეშვეობით, რომელიც ყოველ ორ წელიწადში უნდა გამოცვალო. მოიხმარენ ნედლ შეშას, ის ძნელად იწვება და არაეკონომიურია:
„ძირითადად ერთი ოთახი თბება და მეორე ოთახის მაქსიმუმ კარი თუ არის გაღებული. სტუმარი თუ მოვა და სხვა ოთახში დააძინებს, „ფეჩს“ დაუდგამენ, რომ არ შესცივდეთ. მთლიანად სახლი რომ გაათბო, ძალიან ძნელია. ის სახლებიც ისე არ არის დათბუნებული, ენერგოეფექტიანობაზე არ არის გათვლილი. კარები, ფანჯრები ისეთია, ჰაერი მოძრაობს და მალე ცივდება. ენერგოეფექტიანობა არც სახლების აშენებაშია გათვალისწინებული და არც იმ ღუმლებში, რომელსაც იყენებენ“.
კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის მონაცემებით, რეგიონებში მოსახლეობის 75-96 პროცენტი შეშას მოიხმარს, რაც ბუნებას გამოუსწორებელ ზიანს აყენებს. ორგანიზაციის წარმომადგენელი რეზო გეთიაშვილი ამბობს, რომ ეს წვალებით მოპოვებული შეშაც კი საკმარისი არ არის და სახლის მხოლოდ ერთ ოთახს ჰყოფნის. გარემოს დაცვის სამინისტოს მიერ ჯერ კიდევ 2008 წელს ჩატარებული კვლევის მიხედვით, დადგინდა, რომ ყოველწლიურად საქართველოში საშუალოდ ორ-ნახევარ მილიონ კუბურ მეტრ შეშას მოიხმარენ, მაშინ როცა სახელმწიფო ლეგალურად მხოლოდ ნახევარი მილიონი კუბური მეტრი შეშის გამოყოფას ახერხებს. რეზო გეთიაშვილის თქმით, მოსახლეობას თავისთვის აუცილებელი შეშა მაინც გამოაქვს ტყიდან:
„მოსახლეობა იძულებული ხდება ლეგალურად თუ არალეგულად მაინც გამოიტანოს ტყიდან შეშა. აქედან გამომდინარე, მძიმე მდგომარეობაა შექმნილი ტყეში, მძიმე მდგომარეობაა თავად მოსახლეობისთვისაც, რადგან ეს ნახევარი მილიონი კუბური მეტრიც ხშირად მიუვალ ადგილებში გამოიყოფა, საიდანაც შეშის გამოტანა ძალიან სერიოზული პრობლემაა“.
მისივე თქმით, ხეების ჭრისას ხშირად ხდება უბედური შემთხვევები. რთული და ძვირია უკვე მოჭრილი შეშის ტრანსპორტირება. თანაც, ამ ხის თვითღირებულება გაცილებით მეტია, ვიდრე, უბრალოდ, საწვავი საშუალების ფასი.
როგორ უნდა მოვიქცეთ ასეთ პირობებში? გიორგი აბულაშვილი იმ მეთოდებზე ლაპარაკობს, რომელიც შეიძლება რეგიონებში მცხოვრებლებს გამოადგეთ, რათა წლების წინ აშენებული სახლი უფრო მეტად ენერგოეფექტიანი გახდეს და სითბო შეინარჩუნოს:
„თბური იზოლაციებით გამოვყოთ ის სივრცე, რომელიც რეალურად არის დატვირთული და რეალურად მოიხმარება მოსახლეობის მიერ. მოვახდინოთ მისი შიდა კედლების თბოიზოლაცია. ამ ოთახებში ფანჯრები თუ ორმაგად შემინული ფანჯრებით არ შეიცვლება, სასურველია, მოწესრიგდეს მაინც. ასევე, აუცილებელია სახლის ამ ნაწილის სახურავის თბოიზოლაცია“.
გიორგი აბულაშვილის თქმით, მას, ვინც ფერმერულ მეურნეობას ეწევა, ბიოგაზის წარმოებაც შეუძლია, უშუალოდ წყლის გასაცხელებლად კი საუკეთესო გზა მზის წყალგამაცხელებელი სისტემების დამონტაჟებაა.
ძალიან მნიშვნელოვანია ენერგოეფექტიანი მასალები. ელექტროენერგია ძვირდება და როცა ვაკეთებთ სახლს ენერგოეფექტიანი მასალებით, ჩათვალეთ, რომ ენერგია 50 პროცენტით ნაკლები დაგვეხარჯება, ვიდრე ვხარჯავთ ახლა. ეს დღევანდელ პირობებში ძალიან მნიშვნელოვანია...მაია წერედიანი
რაც შეეხება თავად ენერგოეფექტიან მასალას, ამგვარი პროდუქციის მწარმოებელი ან შემომტანი კომპანიები ღიად ამბობენ, რომ ის იაფი არ არის, თუმცა, საბოლოო ჯამში, ეკონომიურია. ჰოლდინგ „გეონოვაციის“ წარმომადგენელი მაია წერედიანი ამბობს, რომ მოსახლეობა ნელ-ნელა ხვდება, რამდენად მომგებიანია ენერგოეფექტიანობა:
„ძალიან მნიშვნელოვანია ენერგოეფექტიანი მასალები. ელექტროენერგია ძვირდება და როცა ვაკეთებთ სახლს ენერგოეფექტიანი მასალებით, ჩათვალეთ, რომ ენერგია 50 პროცენტით ნაკლები დაგვეხარჯება, ვიდრე ვხარჯავთ ახლა. ეს დღევანდელ პირობებში ძალიან მნიშვნელოვანია“.
კომპანია "თბილი სახლის" წარმომადგენელი მინდია ჩუგუაშვილი კი თბოიზოლაციის საშუალებებზე საუბრობს:
„არის რამდენიმე კომპანია, რომელიც ასეთ მასალებს აწარმოებს, თუნდაც ერთ-ერთი არის პოლისტიროლის ფილები. შენდება სახლები და ასევე შეიძლება ამ ფილებით უკვე აშენებული სახლებიც დათბუნდეს. შედეგად, 70 პროცენტით ნაკლები ელექტროენერგია დაიხარჯება და ეს თითოეული მოსახლისთვის იქნება სასარგებლო“.
როგორც გიორგი აბულაშვილი ამბობს, შესაძლოა დაიგეგმოს ისეთი პროექტები, რომელიც არა მხოლოდ ერთი სახლის, არამედ მთელი სოფლის უზრუნველყოფაზე იქნება ორიენტირებული, მაგალითად, მიკროჰესი. თუმცა, მისივე თქმით, მსგავსმა პროექტებმა საქართველოში მანცდამაინც არ გაამართლა. პრობლემები იქმნებოდა კოლექტიურ მფლობელობაში არსებული ქონების მართვასა და ზოგადად ერთმანეთთან კონსოლიდაციაზე. აბულაშვილი ამბობს, მსგავსი პროექტები სოფლებში მოსახლეობის სიმცირის გამო ბიზნესისთვის ნაკლებად მიმზიდველია, ამიტომ უფრო ადგილობრივმა სათემო ორგანიზაციებმა უნდა მოჰკიდონ ხელიო.