თუკი პროექტი არ შეიცვალა, ევროკავშირის „აღმოსავლეთის პარტნიორობის“ სამიტის ერთობლივი დეკლარაცია გაცილებით სუსტი იქნება, ვიდრე წინა, ვილნიუსის სამიტის, დოკუმენტი. თუმცა, მნიშვნელოვანია ის, რომ პროექტის მეშვიდე პუნქტში დეკლარირებულია აღმოსავლეთის პარტნიორი ქვეყნების „ევროპული პერსპექტივა“ და „ევროპული არჩევანით დაინტრესება“, რაც, გარკვეულწილად, ერთგვარ კომპენსაციად უნდა ჩაითვალოს უვიზო მიმოსვლის საკითხის გადავადებისა.
რაც შეეხება საქართველოსა და ასევე უკრაინელი მოქალაქეებისათვის მნიშვნელოვან უვიზო მიმოსვლას ევროკავშირის სივრცეში, ეს საკითხი რომ რიგაში არ გადაწყდებოდა, სამიტის დაწყებამდე იყო ცნობილი. უბრალოდ, ქართველები და უკრაინელები ცოტა უფრო მეტ სიცხადეს, ერთგვარ საგზაო რუკას მოელიან. ამ მხრივ, სამიტის დეკლარაციის პროექტი ცხადია და თან არც არის ცხადი.
კერძოდ, ცხადად არის ხაზგასმული უკვე მიღწეული პროგრესი, თუმცა დოკუმენტში არაფერია ნათქვამი იმაზე, თუ რა ვერ გააკეთა საქართველომ უვიზო მიმოსვლის კრიტერიუმების დასაკმაყოფილებლად. მაგრამ რაღაცა რომ გასაკეთებელია, ეს აშკარაა. ამიტომ დეკლარაციის პროექტის 23-ე პუნქტში ნათქვამია, რომ ევროკავშირის „აღმოსავლეთის პარტნიორობის“ სამიტის მონაწილეები 2015 წლის ბოლოსთვის მოელიან საქართველოსა და უკრაინის მიერ სამოქმედო გეგმის მეორე ფაზით გათვალისწინებული რეფორმების შესრულებას, რაც სპეციალური ანგარიშით ევროკომისიამ უნდა შეაფასოს.
როგორც ზემოთ ითქვა, შესაძლოა, დეკლარაციის პროექტში ზოგიერთი რამ დაზუსტდეს 22 მაისს, როდესაც ევროკავშირის „აღმოსავლეთის პარტნიორობის“ სამიტის ძირითადი შეხვედრა გაიმართება. მით უფრო, რომ დოკუმენტის მე-4 პუნქტმა, რომელიც უკრაინაში შექმნილ ვითარებას შეეხება, როგორც სამიტის კულისებში ლაპარაკობენ, უკვე გამოიწვია სომხეთისა და ბელორუსიის უკმაყოფილება.
კერძოდ, ევროკავშირი კვლავაც ადასტურებს პოზიციას, რომელიც 27 აპრილის ევროკავშირ-უკრაინის სამიტის განცხადებაში აისახა - მათ შორის, ყირიმისა და სევასტოპოლის უკანონო ანექსიის თაობაზე - და მხარს უჭერს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას.
სომხეთსა და ბელორუსიას სურთ, რომ დასკვნით დოკუმენტში არ იყოს ნახსენები ყირიმის ანექსია.
თუმცა ამ ჩანაწერთან დაკავშირებით კომპრომისი გამორიცხულია, რადგან ეს ფორმულირება ევროკავშირის არაერთ დოკუმენტსა თუ განცხადებაში უკვე ფიგურირებს.
უკრაინაში შექმნილ ვითარებას რიგის სამიტის დეკლარაციის პროექტში მოსდევს მეხუთე მუხლი კონფლიქტების თაობაზე.ევროკავშირის წევრი ქვეყნები დეკლარაციის პროექტში მიესალმებიან ევროკავშირის როლის გაძლიერებას აღმოსავლეთის პარტნიორ ქვეყნებში არსებული გაყინული კონფლიქტების მოწესრიგების საქმეში და მტკიცედ უჭერენ მხარს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების სრულყოფილი შესრულების აუცილებლობას.
რიგაში 20 მაისსს ჩამოვიდა საქართველოს დელეგაცია, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ხელმძღვანელობს და, „აღმოსავლეთის პარტნიორობის“ სამიტში მონაწილეობის ფარგლებში, რამდენიმე ორმხრივ შეხვედრას მართავს. 21 მაისს, შუადღისას, საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის ხელი მოეწერება მემორანდუმს, რომელიც „საქართველოს აგრარული და სასურსათო სექტორის განვითარებაზეა მიმართული და დაეხმარება საქართველოს ისარგებლოს იმ უპირატესობით, რასაც ამ მიმართულებით ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ფაგრლებში ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო შეთანხმება იძლევა“.