რესტავრატორის ბრძოლა დროსთან

მე-14 საუკუნის ჟამნ-გულანი

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნულ არქივში ინახება ძველი საბუთების დედნების უმდიდრესი კოლექცია, რომელიც აერთიანებს XI-XIX საუკუნეების 11 ათასამდე დოკუმენტს, მათ შორის, მეფეების, დედოფლების, ბატონიშვილების, საერო და სასულიერო მოხელეების მიერ გაცემული წყალობის, შეწირულების, სითარხნის, ნასყიდობის, გაყრის, ფიცის, ბრძანებისა და განაჩენების სიგელებს. ძველი ხელნაწერების დიდი ნაწილი არქივში მიღებისას სავალალო მდგომარეობაში იყო, თუმცა ეროვნული არქივის რესტავრაციის ლაბორატორიის თანამშრომლებმა თითქმის ყოველი მათგანის გადარჩენა შეძლეს. ძველი საბუთების რესტავრაცია და კონსერვაცია ამჟამადაც მიმდინარეობს.

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის რესტავრაციის ლაბორატორიის თანამშრომლები მეთოთხმეტე საუკუნეში გადაწერილი ჟამნ-გულანის აღდგენაზე მუშაობენ. მერი ახობაძე, რესტავრატორი 58- წლიანი სტაჟით, ამბობს, რომ ეტრატის თითოეული ფურცლის გასწორებას, გაჭიმვას, გასუფთავებასა და მელნის დამაგრებას, საქმის ცოდნისა და სიყვარულის გარდა, მტკიცე ნებისყოფა სჭირდება:

მერი ახობაძე

„ძალიან რთული გასაკეთებელია. თითო ფურცლის დარბილებას, გასწორებას, რესტავრაციას, თითქმის ოცი დღე დასჭირდა. დარბილებას უნდა დიდი დრო. ჩადებ ექსიკატორში და პროცესის დასრულების შემდეგ ხელახლა უბრუნდებით იმიტომ, რომ ტყავია და იოლად არ რბილდება. ამის შემდეგ გავუკეთეთ რესტავრაცია. ხელოვნური პერგამენტი შევქმენით და მისი ფერი მივუსადაგეთ წიგნს“.

წიგნი, ანუ მეთოთხმეტე საუკუნის ეტრატის ჟამნ-გულანი, საქართველოს ეროვნულ არქივში 1923 წელს წალკის რაიონიდან შევიდა. ხელნაწერი 211 გვერდისგან შედგება და გადაწერილია სხვადასხვა ხელით. საწყის ასოებად გამოყენებულია ასომთავრული, შესრულებული სინგურით, რომელიც, სულხან-საბას განმარტებით, ეწოდება სახატავსა წითელსა შემზადებულს გოგირდითა და ტყვივით, ანუ ვერცხლის წყლით. აკადემიკოს კორნელი კეკელიძის განმარტებით, გულანი ისეთივე ხასიათის კრებულია, როგორიც ბერძნული პანდეკტი, და მასში თავმოყრილია თითქმის ყველა საღმრთისმსახურო წიგნი, რის გამოც ისეთი დიდი ზომებისაა, რომ ხელში ვერ დაიჭერს კაცი.

ამ საბუთებს აგროვებდნენ უმეტესწილად ეკლესია-მონასტრებიდან, კერძო პირებიდან ჩვენი სასიქადულო მეცნიერები სარგის კაკაბაძე, იასე ცინცაძე, ექვთიმე თაყაიშვილი, რომლებიც დადიოდნენ ქალაქ-ქალაქ, სოფელ-სოფელ და ეძებდნენ ამ ძველ საბუთებს, ოჯახებსაც აკითხავდენ და შემოჰქონდათ არქივში...
მანანა ჭუმბურიძე

კორნელი კეკელიძეს „ლიტერატურის ისტორიაში“ მოჰყავს ცნობა ანტიოქიის პატრიარქ მაკარისა, რომელსაც მეჩვიდმეტე საუკუნეში უმოგზაურია საქართველოში და ქართულ გულანს იმდენად წარუშლელი შთაბეჭდილება მოუხდენია მასზე, რომ უთქვამს, თითოეულ ქართულ ეკლესიაში არის უზარმაზარი წიგნი, რომელიც ჯორის საპალნის ცალს მაინც უდრისო. რაც შეეხება ჟამნ-გულანს, ესაა გულანის ერთ-ერთი ნაირსახეობა, შედარებით მომცრო კრებული, რომელიც ძირითადად შეიცავს დამნსა და ღმრთისმსახურების სადღეღამისო ციკლის შემადგენელ ლოცვებს და საგალობლებს, თუმცა, როგორც ეროვნული არქივის ძველ საბუთთა განყოფილების უფროსი მანანა ჭუმბურიძე ამბობს, არქივში უფრო ძვირფასი ხელნაწერი წიგნებიც ინახება:

„მეცხრე და მომდევნო საუკუნეების ხელნაწერი წიგნები ინახება. მეცხრე საუკუნისაა ანბანდიდი სახარება, რომელიც ძალზე იშვიათია და საქართველოში სულ სამი-ოთხი თუ გვაქვს. შემთხვევით არაა, რომ ”იუნესკომ” მსოფლიო დოკუმენტურ რეესტრში წელს შეიტანა ათი უძველესი ქართული ხელნაწერი და საბუთი“.

მანანა ჭუმბურიძე

მანანა ჭუმბურიძის თქმით, ეროვნული არქივი ასევე იწონებს თავს ძველ საბუთთა დედნების მდიდარი კოლექციით, რომელიც არქივში მისი დაარსების დღიდან შევიდა.

„ამ საბუთებს აგროვებდნენ უმეტესწილად ეკლესია-მონასტრებიდან, კერძო პირებიდან ჩვენი სასიქადულო მეცნიერები სარგის კაკაბაძე, იასე ცინცაძე, ექვთიმე თაყაიშვილი, რომლებიც დადიოდნენ ქალაქ-ქალაქ, სოფელ-სოფელ და ეძებდნენ ამ ძველ საბუთებს, ოჯახებსაც აკითხავდენ და შემოჰქონდათ არქივში. ესენი გახლავთ მეფეებისა და დიდმოხელეების მიერ გაცემული საბუთები და თანადროული იმ პერიოდისა, რომელსაც ეხება. ჩვენთან საბუთები ინახება მე-11 საუკუნიდან მე-19 საუკუნის დასაწყისამდე და იმითია საინტერესო, რომ ყველა ეს არის პირველწყარო“, უთხრა მანანა ჭუმბურიძემ რადიო თავისუფლებას.

ძველი საბუთები ეროვნულ არქივში

სულ, ჯამში, ეროვნული არქივის ძველი საბუთების ფონდი შედგება 11 ათასამდე ერთეულისაგან, რომელთა უმეტესი ნაწილი ჯერ კიდევ არქივში მიღების დროს იყო სავალალო მდგომარეობაში, თუმცა რესტავრაციის ლაბორატორიის თანამშრომლების ძალისხმევის წყალობით მოხერხდა მათი გადარჩენა და აღდგენა. რესტავრატორი მაია ბარათაშვილი გვიჩვენებს 1820 წლის 3 თებერვლით დათარიღებულ მამულისა და ყმის უდავობის წიგნს გოდოგანში მცხოვრები იასე კვიმსაძისა ნიკოლოზ ბაკურაძისადმი. დოკუმენტის მიხედვით, ყმა-მამული ეკუთვნოდა კვიმსაძეს, მაგრამ გაენათელმა მიტროპოლიტმა ეფთიმემ შესწირა გელათის მონასტერს და, მიუხედავად იასეს მიერ სასამართლოში ჩივილისა, მამული ეკლესიას დარჩა. იასე კვიმსაძემ ოცი მანეთი ვერცხლის ფულის სანაცვლოდ დაწერა უდავობის წიგნი და პირობა დადო, რომ მისი და მისი ოჯახის მხრიდან მამულიც და ყმაც ხელშეუხებელი იქნებოდა.

„ეს არის მელნით ნაწერი უდავობის წიგნი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით, რომ აღადგენს იმ ეპოქის მართლმსაჯულების სურათს, როგორ ხდებოდა დავების განხილვა და გადაწყვეტა. ეს დოკუმენტი ერთჯერადად უკვე გაწმენდილი და გასუფთავებულია. გაკეთებული აქვს დეზინფექცია... ნახეთ, ამოხეული აქვს ადგილები. ეს უნდა შეივსოს თანამედროვე იაპონური ქაღალდით“, უთხრა მაია ბარათაშვილმა რადიო თავისუფლებას.

თამილა აფაქიძე

ეროვნული არქივის ლაბორატორია, სადაც დოკუმენტების რესტავრაცია და აღდგენა ხდება, რამდენიმე ოთახშია განთავსებული. როგორც ლაბორატორიის უფროსი თამილა აფაქიძე ამბობს, ლაბორატორია აღჭურვილია უახლესი, თანამედროვე აპარატურით, მათ შორის, გამწოვი კარადებით, სხვადასხვა ქიმიური მოწყობილობებით, ღუმელსარეველათი, ბიოსასწორით, გამადიდებელი სანათით, სტერეომიკროსკოპით.

„ერთი სიტყვით, ყველა საშუალება აქვს ჩვენი ლაბორატორიის რესტავრატორს, რომ იმუშაონ უახლესი, თანამედროვე აპარატურითა და სარესტავრაციო მასალით“, უთხრა რადიო თავისუფლებას თამილა აფაქიძემ, რომლის თქმითაც, ლაბორატორიაში მოხვედრილი დოკუმენტი გადის სხვადასხვა ეტაპს, დეზინფექციიდან კონსერვაცია-აღდგენამდე:

„დეზინფექცია, უპირველეს ყოვლისა, საჭიროა დოკუმენტის დაცვისთვის, ვინაიდან დოკუმენტის ზედაპირზე აღინიშნება შეუიარაღებელი თვალითაც და მიკროსკოპული გაშუქებითაც სხვადასხვა მიკრობიოლოგიური ნადები (მაგ. სოკო), დეზინფექცია კი იცავს როგორც დოკუმენტს, ასევე რესტავრატორს სხვადასხვა დაავადებებისგან. შემდეგ, თუ დოკუმენტი საჭიროებს ზედაპირულ დამუშავებას ან გაწმენდას, ჩვენს ახალ სადეზინფექციო კარადებში რესტავრატორი ამუშავებს მას სხვადასხვა ქიმიური საშუალებით. თუ საჭიროებს დოკუმენტი რაღაც ლაქების ან ცხიმიანი ნადების მოცილებას, თავისთავად ამის საშუალებაც გვაქვს. აბსოლუტურად არ ვეხებით ტექსტსა და მელანს, ვინაიდან არ უნდა დაზიანდეს და გაფერმკრთალდეს ნაწერი. პირიქით, ჩვენი მიზანია ნაწერის გამაგრება... მხოლოდ ამის შემდეგ არის დოკუმენტი მზად სრული სარესტავრაციო სამუშაოსათვის“.

ვიცით, რომ საუკუნეებს გაუძლებს ჩვენს მიერ რესტავრირებული დოკუმენტები, არ დაზიანდება და თაობებს გადაეცემა...
მაია ბარათაშვილი

თამილა აფაქიძის თქმით, ეროვნული არქივის რესტავრაციის ლაბორატორიაში 2015 წელს სარესტავრაციო და საკონსერვაციო სამუშაოები ჩაუტარდა 24 ათასამდე ფურცელს, 437 ფოტოს, 14 წიგნს, 126 გაზეთს, 85 ტექნიკურ ნახაზსა და 20 რუკას. ამჟამად, როგორც რესტავრატორმა მაია ბარათაშვილმა უთხრა რადიო თავისუფლებას, ეროვნული არქივის რესტავრატორები წმენდენ, მელანს ამაგრებენ და დაზიანებულ ადგილებს უმუშავებენ საისტორიო არქივში დაცულ XVII-XVIII საუკუნეების 100-ზე მეტ დოკუმენტს, მათ შორის, ვალის წიგნებს, თამასუქებს, ნუსხებს, ეპისტოლური ხასიათის მასალას.

„ვუვლით, ვპატრონობთ, ვუკეთებთ რესტავრაციას, სათითაო ასოს ვუფრთხილდებით, რომ არ დავკარგოთ, არ დავაზიანოთ... ვიცით, რომ საუკუნეებს გაუძლებს ჩვენს მიერ რესტავრირებული დოკუმენტები, არ დაზიანდება და თაობებს გადაეცემა“, უთხრა მაია ბარათაშვილმა რადიო თავისუფლებას.

ძველი დოკუმენტის რესტავრაციის პროცესი

რესტავრირებულ საბუთთა შორისაა 1746 წლის 20 იანვრით დათარიღებული გაყრის წიგნი მუშრიბ მანუჩარ ნასყიდაშვილის ოჯახისა. გაინაწილეს სახლები და დედის დაკრძალვისათვის აღებული ვალები. გაყრა დაამტკიცა ქალაქის (თბილისის) მელიქმამასახლისმა აღამ.

იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის ძველ საბუთთა ფონდში ინახება ასევე 1785 წლის 27 იანვრით დათარიღებული ერეკლე მეორის ოქმი მამუკა გუგულაშვილის ქვრივის არზაზე. როგორც ირკვევა, მუხრანბატონის აზნაურიშვილს ქვრივის 10 წლის შვილი მსახურად წაუყვანია, რის გამოც ქვრივმა მეფეს შესჩივლა: „ჩემის ქვრივოხრობით ერთი ყმაწვილი გავზარდე. ათის წლისა რომ შეიქნა, მუხრანბატონის აზნაურშვილმა მამტაცა და მსახურათ წაიყვანა ... მიშველე რამე, მე უჩემშვილოთ ვერ გავძლებ, თუ არა მეშველა რა, თავს მაინც დავიხრჩობ...“

საჩივრის პასუხად ერეკლე მეორეს გადაუწყვეტია: “ბატონო სახლთუხუცესო, მუხრანის ბატონო იოვანე! ... რადგან ყმაწვილი ყოფილა, ისევ თავის დედას მისცეს თავისი შვილი იმ შენმა აზნაურშვილმა, გაიზარდოს და იმსახუროს, დააცადოს მანამდისინ თხუთმეტ-თექვსმეტის... მერათ როგორ მართებული იყოს, ისე იმსახუროს”.