ორგანიზაციამ „რეპორტიორები უსაზღვრებოდ“ 26 აპრილს გამოაქვეყნა მორიგი ყოველწლიური ანგარიში – „მსოფლიო პრესის თავისუფლების ინდექსი – 2017“. საქართველო 180 ქვეყანას შორის 64-ე ადგილს იკავებს და ამით გასულ წელს მიღწეულ შედეგს ინარჩუნებს. რაზე მეტყველებს საქართველოსთვის მინიჭებული ადგილი და რა გამოწვევები რჩება ქვეყანაში მაუწყებლობის პლურალიზმის თვალსაზრისით?
Your browser doesn’t support HTML5
ორგანიზაციის "რეპორტიორები უსაზღვრებოდ" შეფასებით, მედიის თავისუფლებას მსოფლიოში არასოდეს დამუქრებია საფრთხე ისე, როგორც ახლა. ორგანიზაციის ანგარიშში აღნიშნულია, რომ მედიას დღეს მხოლოდ ავტორიტარული რეჟიმები და დიქტატურები არ ზღუდავენ - მედიის თავისუფლება საფრთხეშია არაერთ ისეთ ქვეყანაშიც, რომელიც დემოკრატიული მოდელით მოქმედებს. პარიზში დაფუძნებულმა ორგანიზაციამ 26 აპრილს გამოაქვეყნა მსოფლიოში 2017 წელს პრესის თავისუფლების ინდექსი, რომელშიც საქართველოს 64-ე ადგილი ერგო. პირველზეა ნორვეგია, ბოლოზე, ანუ 180-ზე, ჩრდილოეთ კორეა. რუსეთს 148-ე ადგილი უკავია. საქართველოს მაჩვენებელი 2016 წელს არ შეცვლილა. საერთაშორისო ორგანიზაციის შეფასებით, ბოლო წლების რეფორმების შედეგად, მდგომარეობა გაუმჯობესდა მედიასაშუალებების მფლობელთა გამჭვირვალობისა და თანამგზავრული მაუწყებლობის პლურალიზმის მხრივ. „რეპორტიორები უსაზღვრებოდ“ აღნიშნავს ასევე, რომ ჟურნალისტებზე ძალადობა იშვიათად ხდება, თუმცა ხშირია ცნობები მუქარის შესახებ. მედია კვლავ ძალიან პოლარიზებულია და, მიუხედავად პროგრესისა, მედიასაშუალებების მფლობელები ხშირად ახდენენ გავლენას სარედაქციო პოლიტიკაზე. წამყვანი ტელეარხების მფლობელობასთან დაკავშირებული ომი შეშფოთების საგანია ქვეყანაში პლურალიზმის მომავლისთვის. მთავარი ოპოზიციური სატელევიზიო არხის, „რუსთავი 2“-ის, ბედი გამოცდას წარმოადგენს ამ კუთხით, - აღნიშნულია ანგარიშში.
თავისთავად ის, რომ იგივე ქულა გვაქვს, არ იძლევა სიმშვიდის საფუძველს. საქართველოში ამ მოცემულობაში არსებული ყველა პრობლემა მაინც დაფიქსირებულია ორგანიზაციის „რეპორტიორები უსაზღვრებოდ“ანგარიშში, რომელშიც საუბარია პოლარიზებულ მედიაგარემოზე, მედიაგარემოს თავისუფლებისთვის არსებულ საფრთხეებზეც...ნინო რობაქიძე
ორგანიზაცია „რეპორტიორები უსაზღვრებოდ“ ეყრდნობა შეფასების შემდეგ კრიტერიუმებს: პლურალიზმს მედიაში, მედიის დამოუკიდებლობას, ჟურნალისტების თავისუფლებისა და უსაფრთხოების პატივისცემას და იმ საკანონმდებლო ინსტიტუციური და ინფრასტრუქტურული გარემოს შეფასებას, სადაც მედია საქმიანობს.
როგორც „ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის“ აღმასრულებელი დირექტორი ნატა ძველიშვილი ეუბნება რადიო თავისუფლებას, სწორედ შეფასების ამ კრიტერიუმებს უნდა მივაწეროთ ის, რომ საქართველოს მედიაგარემოსთან მიმართებით ცვლილებები არ ასახულა ანგარიშში. გასული წლის განმავლობაში მედიისა და გამოხატვის თავისუფლების შემზღუდველი საკანონმდებლო ცვლილებები არ განხორციელებულა და, შესაბამისად, ქვეყნის სარეიტინგო ქულა არ შეცვლილა. თუმცა ეს, ნატა ძველიშვილის თქმით, სიმშვიდის საფუძველს არ იძლევა, ვინაიდან მედიაბაზარზე რეალურად განხორციელებული ცვლილებები, მედიის მდგომარეობის თვალსაზრისით, უკუსვლის მაჩვენებელია.
„2012 წლის სიტუაციაში ვბრუნდებით, როდესაც გვქონდა 2 დიდი მაუწყებელი - „რუსთავი 2“ და „იმედი“, ასევე „საზოგადოებრივი მაუწყებელი“ და რამდენიმე პატარა არხი, რომელიც მნიშვნელოვან ამინდს ვერ ქმნიდა ვერც სარეკლამო ბაზრის და ვერც მედიამდგომარეობის თვალსაზრისით. მაგრამ დღეს კიდევ სხვა სიტუაცია გვაქვს - ეს სარეკლამო კალათებიც გაერთიანდა და 2017 წლის იანვრიდან უკვე ცხადი გახდა ეს გადანაცვლებები. ეს კი მიანიშნებს, რომ მივდივართ არა მრავალფეროვნებისკენ, რაზეც ამდენს ვსაუბრობდით ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლასთან ერთად და რაზეც ხელისუფლებაც ყოველთვის ხაზგასმით საუბრობდა, არამედ, პირიქით, ერთფეროვნებისკენ, რაც არ არის კარგი“.
ანგარიშში არ მოხვდა „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ხელმძღვანელობის შეცვლასთან დაკავშირებული საკითხები, ასევე „რუსთავი 2“- ის მფლობელობასთან დაკავშირებული სასამართლო გადაწყვეტილების საკითხი. ზოგადად, პროცესები, რომელიც 2017 წლის იანვრიდან დაიწყო, უკვე მომდევნო წლის ანგარიშში აისახება, ამბობს „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ პროგრამის მენეჯერი ნინო რობაქიძე.
„თავისთავად ის, რომ იგივე ქულა გვაქვს, არ იძლევა სიმშვიდის საფუძველს. საქართველოში ამ მოცემულობაში არსებული ყველა პრობლემა მაინც დაფიქსირებულია ორგანიზაციის „რეპორტიორები უსაზღვრებოდ“ანგარიშში, რომელშიც საუბარია პოლარიზებულ მედიაგარემოზე, მედიაგარემოს თავისუფლებისთვის არსებულ საფრთხეებზეც, რაც, შესაბამისად, არანაირი სიმშვიდის საფუძველს არ გვაძლევს. ის, რომ გაუარესება არ არის, არ არის კარგი. ჩვენ ველოდებით, რომ საქართველო ყოველ წელს უკეთეს შედეგს უნდა აჩვენებდეს. რაც შეეხება იმას, რომ „საზოგადოებრივი მაუწყებელი“ და „რუსთავი 2“-ის საქმეები ამ ანგარიშში არ მოხვდა, ეს ბუნებრივიცაა, რადგან 2017 წლის ინდექსი 2016 წელს განვითარებულ მოვლენებს ასახავს“.
შესაბამისად, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები მომავალი წლის ანგარიშში საქარველოსთან მიმართებით მოელიან გაუარესებულ სურათს, რაზეც ასევე აისახება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები.
მედიის თავისუფლების მდგომარეობის შესაფასებლად რადიო თავისუფლებამ გამვლელებსაც მიმართა კითხვით. მოქალაქეების შეფასებით, მედიაგარემო ქვეყანაში მეტ-ნაკლებად თავისუფალია:
Your browser doesn’t support HTML5
„არის მიკერძოებული არხებიც“;
„თქვენ გჯერათ, რომ საერთოდ დამოუკიდებელი იყოს [მედია?] მე არ ვიცი ჟურნალისტი, რომელიც დამოუკიდებელია“.
„ვფიქრობ, რომ მეტ-ნაკლებად თავისუფალია. მეტ-ნაკლებად“.
„მე მგონია, ზედმეტად თავისუფალია. არა მგონია, დღეს ვინმე ვინმეს ზღუდავდეს საქართველოში“.
ორგანიზაციის „რეპორტიორები უსაზღვრებოდ“ ანგარიში 2016 წლის 1 იანვრიდან 31 დეკემბრამდე არსებულ მდგომარეობას ასახავს.