რელიგიის თავისუფლება და საქართველო 2016 წელს

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი

საქართველოს კონსტიტუცია უზრუნველყოფს რელიგიის თავისუფლებას, თუმცა, ეკლესიისა და სახელმწიფოს ერთმანეთისგან გამიჯვნის მიუხედავად, მართლმადიდებლური ეკლესია ქვეყანაში სარგებლობს პრივილეგიებით, რომლებიც სხვა რელიგიური ჯგუფებისთვის გათვალისწინებული არ არის, - აღნიშნულია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოველწლიურ ანგარიშში რელიგიის თავისუფლების შესახებ, რომელიც 2016 წლის მოვლენებს ასახავს. ანგარიშში რელიგიის თავისუფლების მდგომარეობა 200-მდე ქვეყანასა და ტერიტორიაზეა მიმოხილული. რა აქცენტები მოხვდა ანგარიშში საქართველოზე?

Your browser doesn’t support HTML5

რელიგიური თავისუფლება და საქართველო 2016 წელს

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში 2016 წელს მსოფლიოში რელიგიის თავისუფლების მდგომარეობის შესახებ საქართველოში არსებულ ვითარებას 13 გვერდი ეთმობა. ანგარიში, ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის იურისტის, მარიამ ბეგაძის, შეფასებით, მწვავეა და ქვეყანაში რელიგიური უმცირესობების მძიმე მდგომარეობაზე მიუთითებს:

“ანგარიში განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს ბევრ ფაქტზე, რომელზეც წლების განმავლობაში საუბრობს. გამოძიება კვლავ არაეფექტურია, ისევ აღწერს დეტალურად ქობულეთის პანსიონატის მოვლენებს-კერძოდ, ღორის თავის პანსიონატის კარზე გაკვრის ინციდენტს, მოხის კომისიის არაეფექტურობას ეხება, რომელმაც, საბოლოო ჯამში, არ გადაწყვიტა სადავო საკულტო ნაგებობის წარმომავლობის საკითხი და საუბრობს, რომ სახალხო დამცველისთვის, საბოლოო ჯამში, დღემდე ძალიან მნიშვნელოვან პრობლემად რჩება რელიგიური შეუწყნარებლობით ჩადენილი დანაშაულების გამოძიების არაეფექტურობა. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ყურადღების გამახვილება კვლავ ხდება რესტიტუციის პოლიტიკის არარსებობაზე“.

კერძოდ, ანგარიშის თანახმად,როცა საქმე საბჭოთა პერიოდში ჩამორთმეული შენობების დაბრუნებას შეეხება, მთავრობა მართლმადიდებელ ეკლესიას ფავორიტულ მდგომარეობაში აყენებს. ერთ-ერთ მაგალითად მოყვანილია სომხური სამოციქულო ეკლესია, რომელიც უშედეგოდ ითხოვს თბილისში სამი, ხოლო სამცხე-ჯავახეთში ერთი ეკლესიის გადაცემას.

თავის მხრივ, რესტიტუციის პროექტს - განსაკუთრებით მუსლიმ და ებრაელ თემებთან მიმართებაში - წარმატებულად მიიჩნევს რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ხელმძღვანელი, ზაზა ვაშაყმაძე. იგი ამბობს, რომ მეგობარი ქვეყნების რეკომენდაციებს ყოველთვის ითვალისწინებენ, თუმცა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშის შესახებ კომენტარს ჯერჯერობით არ აკეთებს:

“არ მინდა კომენტარი გავაკეთო ნაადრევად. ჩვენის მხრიდან ხდება ამ საკითხის თავიდან ბოლომდე დამუშავება და, ბუნებრივია, სააგენტო განცხადებას გააკეთებს ამ საკითხთან დაკავშირებით. კონტექსტიდან ამოგდებულად არ მინდა ამ საკითხზე ვისაუბრო, თავიდან ბოლომდე მიდის ამის დამუშავება და, ბუნებრივია, სააგენტო და სახელმწიფო ამ საკითხზე თავის პოზიციას დააფიქსირებენ. 13 გვერდს ელემენტარულად სჭირდება კარგ ქართულ ენაზე თარგმნა და შესაბამისად მერე შესწავლა და დამუშავება და, ბუნებრივია, შეიძლება რაღაცაში დავეთანხმოთ, რაღაცაში ვერ დავეთანხმოთ“.

ევანგელისტურ-ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპოსი რუსუდან გოცირიძე კი, თავის მხრივ, სამწუხაროდ მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ პრობლემათა ნაწილი წლიდან წლამდე ხვდება სახელმწიფო დეპარტამენტის რელიგიის თავისუფლების ანგარიშში, რეკომენდაციების სახითაც გაიწერა არაერთხელ, მაგრამ სახელმწიფოს ყურადღებისა და რეაგირების გარეშე დარჩა. რუსუდან გოცირიძე ამ პრობლემებიდან საგანგებოდ გამოყოფს საჯარო სკოლებში შექმნილ ვითარებას, როდესაც რელიგიური ნეიტრალიტეტი მართლმადიდებლური ეკლესიის სასარგებლოდაა დარღვეული:

“2006 წელს იქნა გადაწყვეტილება მიღებული, რომ სკოლა უნდა ყოფილიყო რელიგიისგან თავისუფალი სივრცე, რომ სკოლაში რელიგიური ნივთები და რელიგიური ატრიბუტები მხოლოდ აკადემიური დატვირთვით უნდა ყოფილიყო გამოყენებული. ეს სულისკვეთება, სამწუხაროდ, მხოლოდ ფურცლებზე დარჩა. იმან, რომ, ვთქვათ, რელიგიის სწავლება ამოღებულია კურიკულუმიდან და ეს რელიგიების შესახებ ცოდნა არის ინტეგრირებული სხვადასხვა საგნებში, რა თქმა უნდა, მეტ-ნაკლებად შეღავათი მისცა სკოლას, რომ ასეთი ინდოქტრინაციის მძიმე შემთხვევები არ ყოფილიყო, მაგრამ, სამწუხაროდ, დღემდე ეს მდგომარეობა ისევ მისახედია“.

საქართველოში არსებული იმ პრობლემებიდან კი, რომლებიც წელს პირველად მოხვდა სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში, რუსუდან გოცირიძე გამოყოფს საკონსტიტუციო სარჩელს საჯარო სამართლის იურიდიული პირებისათვის მიწის გადაცემის საკითხზე. რუსუდან გოცირიძის თქმით, იმის გამო, რომ რელიგიური ჯგუფების უმეტესობა საქართველოში საჯარო სამართლის იურიდიულ პირადაა დარეგისტრირებული, რეგისტრაციის ფორმის მომიზეზებით, სახელმწიფო მათთვის მიწისა თუ შენობა-ნაგებობების გადაცემაზე უარს ამბობს.

“ეს თავისუფლებები მხოლოდ ერთი კონკრეტული გაერთიანებისთვის არსებობს, მაშინ როდესაც სხვა რელიგიური გაერთიანებები ამ უფლებას მოკლებულნი არიან“, - შენიშნავს ევანგელისტურ-ბაპტისტური ეკლესიის წინამძღვარი. ასეთი შეფასება, თავის მხრივ, გვხვდება სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშშიც.

ანგარიშში მოხვდა, ასევე, რელიგიური შეუწყნარებლობის საფუძველზე ჩადენილი 19 დანაშაული, რომელთა გამოძიებაც არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ომბუდსმენის მონაცემებით, „არაეფექტურად“ მიმდინარეობს. აღნიშნულია, ასევე, იეჰოვას მოწმეებზე 11 ფიზიკური თავდასხმის ფაქტი. ანგარიშში აისახა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონებში მართლმადიდებელი ეკლესიის რელიგიური ობიექტების დაზიანებისა და რელიგიური რიტუალების შეზღუდვის ფაქტები, როცა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სამღვდელოებას არ ეძლეოდა აფხაზეთში ღვითსმახურების ჩატარების შესაძლებლობა. ანგარიშში ნათქვამია ისიც, რომ ხელისუფლებამ შეიარაღებული ძალების წარმომადგენელთათვის პირველი მუსულმანური სალოცავი გახსნა, თუმცა ციხეებში სალოცავები მხოლოდ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას აქვს გახსნილი.

იქ, სადაც რელიგიის თავისუფლებას არ იცავენ, უფრო იოლად ვრცელდება დესტაბილიზაცია და ფეხს იკიდებს ადამიანის უფლებების დარღვევა და ძალადობრივი ექსტრემიზმი, - განაცხადა რელიგიის თავისუფლების შესახებ 2016 წლის ანგარიშის წარდგენისას შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა, რექს ტილერსონმა:

“არავინ უნდა ცხოვრობდეს შიშში, თაყვანს სცემდეს მალულად ანდა განიცდიდეს დისკრიმინაციას თავისი რწმენის გამო. როგორც პრეზიდენტმა ტრამპმა განაცხადა, მოუთმენლად ველით იმ დღის დადგომას, როცა ‘ყველა რწმენის ადამიანი: ქრისტიანები და მუსულმანები, ებრაელები და ინდუსები შეძლებენ მისდიონ თავიანთ გულისთქმას და თაყვანი სცენ სინდისის მიხედვით’. სახელმწიფო დეპარტამენტი კვლავაც ეცდება, რომ ეს რეალობად იქცეს“.

საქართველო ერთ-ერთია მსოფლიოს 200-მდე ქვეყანასა და ტერიტორიას შორის, რომელზეც ლაპარაკია აშშ- ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში 2016 წელს მსოფლიოში რელიგიის თავისუფლების შესახებ. ანგარიში 15 აგვისტოს გამოქვეყნდა.