როგორ დავეუფლოთ აუთვისებელს? - რეგიონალური ტელევიზიები სარეკლამო ბაზარზე აქტიურდებიან

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ მიერ ჩატარებული ბოლო კვლევის თანახმად, რომელიც ერთი თვის წინ გამოქვეყნდა, მაუწყებლების მიერ დეკლარირებული სარეკლამო შემოსავლები 2015 წელს, წინა წელთან შედარებით, 15 მილიონ 300 ათასი ამერიკული დოლარით შემცირდა, რადიოებისა კი - 800 ათასით. ყველაზე დიდი დარტყმა მაინც ადგილობრივმა ტელევიზიებმა მიიღეს, იმის გათვალისწინებით, რომ მათი წილი მთლიანი სატელევიზიო რეკლამიდან 3-4 პროცენტს არ აღემატება.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ მონაცემებით, რომელიც კომუნიკაციების ეროვნული კომისიიდან მიღებულ ინფორმაციას ეყრდნობა, 25 ადგილობრივი არხის შემოსავლებმა 2015 წელს, წინა წელთან შედარებით, 700 ათასი ამერიკული დოლარით იკლო და 2 მილიონ 600 ათასი დოლარი შეადგინა.

Your browser doesn’t support HTML5

როგორ დავეუფლოთ აუთვისებელს? - რეგიონალური ტელევიზიები სარეკლამო ბაზარზე აქტიურდებიან

არასამთავრობო ორგანიზაციის შეფასებით, კლება, პირველ რიგში, რთული ეკონომიკური გარემოთი და ლარის დევალვაციითაა განპირობებული. მისი ზეგავლენა განიცადეს როგორც რეგიონალურმა, ისე ნაციონალურმა არხებმა.

ამ შეფასებას იზიარებს ბათუმის ტელეარხ „25“-ის გენერალური დირექტორი გია სურმანიძე. როგორც ჩანს, აღნიშნა სურმანიძემ, არც მოსახლეობაში, არც ბიზნესში იმდენი ფული არ არის, რომ რეკლამაში ჩადონ, ურჩევნიათ რეკლამის გარეშე დაკმაყოფილდნენ.

კვლევითმა ორგანიზაციამ უნდა შემოგვთავაზოს ისეთი პანელი, რომ მან შეძლოს კონკრეტულ ტერიტორიულ ერთეულში კონკრეტული სატელევიზიო არხების, ვინც კი იქ მაუწყებლობს, ყველას გაზომვა. ასევე, პანელი არ უნდა იყოს დისკრიმინაციული - რაღაც არხებს ზომავდეს და რაღაც არხებს არ ზომავდეს...
ლევან ალექსიშვილი

თუმცა ადგილობრივი ტელევიზიები კიდევ ერთ, ამ შემთხვევაში, სისტემურ პრობლემაზეც ამახვილებენ ყურადღებას. საქმე ისაა, რომ მათ რეიტინგებს, ნაციონალური არხებისგან განსხვავებით, არავინ ითვლის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ორი მთვლელი კომპანიაა - „თი-ვი-ემ-არ საქართველო“ და „ტრი მედია ინტელიჯენსი“. ორივე კომპანიის კვლევის პანელი მოიცავს მხოლოდ დიდ ქალაქებს, სადაც მოსახლეობის რაოდენობა არის 45 ათასი და მეტი. ასეთებია, მაგალითად, თბილისი, ქუთაისი, ბათუმი, რუსთავი, გორი და ზუგდიდი.

როგორც რეგიონალურ მაუწყებელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ნათია კუპრაშვილი შენიშნავს, იმის გამო, რომ არ ხდება ადგილობრივ გადაცემათა რეიტინგების დათვლა, შეუძლებელია აუდიტორიის განწყობის განსაზღვრაც, რაც მაუწყებლებს ხელს უშლის სარეკლამო პოლიტიკის შემუშავებაში, რეკლამის ტარიფის დადგენასა და შემოსავლების მიღებაში:

„საქართველოში ყველაზე მეტად რომელი რეგიონები ხარჯავს ფულს? კახეთი ყველაზე შემოსავლიანია. სამცხე-ჯავახეთი, ქვემო ქართლი. შეიძლება არ ითვლიდე ამ მოსახლეობას, რომელიც ყველაზე მეტი დამხარჯავია ფულის? წვენში, შოკოლადებში, მანქანებში. შემოსავლები მეტი აქვთ და რანაირად შეიძლება ბიზნესს ეს არ აინტერესებდეს?! ცხადია, ბიზნესს ეს რეგიონები აინტერესებს“.

ნათია კუპრაშვილის პოზიციასთან ერთგვარ უნისონშია რუსთაველი ბიზნესმენის, ზაზა მაღლაკელიძის, განცხადება. მისი კომპანია, რომელიც კომპიუტერებით ვაჭრობს, რეკლამებს ძირითადად თბილისურ მაუწყებლებს უკვეთს იმის გამო, რომ, მაგალითად, არ ფლობს ინფორმაციას ქვემო ქართლის ტელერადიოკომპანიის აუდიტორიის შესახებ:

„რომ ვთქვა ვინმეს [ტელეკომპანიას] დამაჯერებელი [რეიტინგი] აქვს, მეეჭვება. რას დავეყრდნოთ ჩვენ, ბიზნესმენები, არ ვიცით. ერთადერთი ვეყრდნობით რას - ბრენდი ვინ არის. ადგილობრივი ტელევიზია რეგიონში ბრენდად ითვლება? - არ ვიცი“.

ზაზა მაღლაკელიძის განცხადებით, ქვემო ქართლის ტელევიზიის მარკეტინგის სამსახურს რომ მეტ-ნაკლებად დამაჯერებელი არგუმენტები მოჰყავდეს, მის ეთერში რეკლამის განთავსებაზე იფიქრებდა - თან, გრძელვადიანი ხელშეკრულების საფუძველზე. არადა, ხსენებული ტელევიზიის დირექტორი, გიგი მგალობლიშვილი, ირწმუნება, რომ მათ არხს ბევრი უყურებს, განსაკუთრებით ბევრი უყურებს საინფორმაციო და ანალიტიკურ გადაცემებს, თუმცა ამაში რეკლამის პოტენციური დამკვეთების დარწმუნება, ცოტა არ იყოს, უჭირთ. უჭირთ რუსთავის მუნიციპალიტეტის გარდა, რომელმაც ტელევიზიას საინფორმაციო სერვისისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან წელს სოლიდური თანხა - 180 ათასი ლარი - გამოუყო. აი, რას ამბობს ქვემო ქართლის ტელერადიოკომპანიის დირექტორი:

„გვიჭირს დავარწმუნოთ [ბიზნესმენები]...ყურებადობა, რეიტინგი. თავად ბიზნესმენებიც...უმეტესობას უჭირს, რეკლამაში ვერ ხედავენ დადებით მხარეს. არიან კომპანიები, რომლებიც არ მოდიან რეკლამაზე დათვლების გარეშე. გაგებული აქვთ, რომ საჭიროა რეიტინგები, მაგრამ, ვთქვათ, მაღაზიებს ეს დათვლები არ სჭირდებათ“.

ამის გამო, რეგიონალურ მაუწყებელთა ასოციაციამ, რომელიც 23 ტელეკომპანიას აერთიანებს, სარეკლამო კომპანიებსა და ბიზნესმენებთან ერთად ერთი თვის წინ რეგიონალური მაუწყებლების ინდუსტრიული კომიტეტი შექმნა.

ნათია კუპრაშვილი

„ზოგადად [რეიტინგების] დათვლის მოდელი არის ის მოდელი, როცა იქმნება ინდუსტრიული კომიტეტი, სადაც შედის ბიზნესი, რომელიც ათავსებს რეკლამას, სელს ჰაუსები, რომლებიც შუამავალი კომპანიებია მაუწყებლებსა და ბიზნესს შორის, და მაუწყებლები, რომლებსაც, ასევე, აქვთ ხმა და აქვთ საშუალება, ერთი მხრივ, დადონ ტექნიკური ამოცანა, თუ როგორი დათვლა სჭირდებათ, მეორე მხრივ კი, არიან კომპანიები, რომლებიც ითვლიან და აქვთ რეიტინგების აუდიტის, გადამოწმების საშუალება“, - ამბობს რეგიონალურ მაუწყებელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ნათია კუპრაშვილი. მისი თქმით, გაცილებით უკეთესი იქნებოდა, რომ თავის დროზე ინდუსტრიული კომიტეტი ეროვნულ დონეზე შექმნილიყო. ის მოიცავდა საქართველოს მთელ სამაუწყებლო სივრცეს, ასეთი კომიტეტი სარეკლამო ბაზარზე თამაშის საერთო წესებზე - მათ შორის, რეიტინგების დათვლის სისტემაზე - შეთანხმდებოდა. კუპრაშვილის თქმით, ასეთი მცდელობა იყო, მაგრამ მიზეზთა გამო - მათ შორის, პოლიტიკური მიზეზით - ამის გაკეთება ვერ მოხერხდა.

საგულისხმოა, რომ რეგიონალურ მაუწყებელთა ინდუსტრიულმა კომიტეტმა უკვე შეიმუშავა ტელევიზიების რეიტინგის დათვლის ზოგადი ხედვა, მთვლელი კომპანიები ინტერესთა გამოსახატავად მოიწვია. განაცხადების წარდგენის ვადა დღეს, 22 ივლისს, ამოიწურა.

ლევან ალექსიშვილი, ტელეკომპანია „გურჯაანის“ დირექტორი, რომელმაც რამდენიმე წლის წინ ჩამოაყალიბა გაყიდვების სახლი “რეგიონალური მედიამარკეტი”, ამბობს, რომ ინდუსტრიული ჯგუფი კომპანიებისგან ელოდება ისეთ წინადადებებს, რომლებიც ადგილობრივი ტელევიზიების საჭიროებებზე იქნება მაქსიმალურად მორგებული:

„კვლევითმა ორგანიზაციამ უნდა შემოგვთავაზოს ისეთი პანელი, რომ მან შეძლოს კონკრეტულ ტერიტორიულ ერთეულში კონკრეტული სატელევიზიო არხების, ვინც კი იქ მაუწყებლობს, ყველას გაზომვა. ასევე, პანელი არ უნდა იყოს დისკრიმინაციული - რაღაც არხებს ზომავდეს და რაღაც არხებს არ ზომავდეს“.

ლევან ალექსიშვილის თქმით, პროექტის წარმატების შემთხვევაში დიდი ალბათობაა იმისა, რომ ადგილობრივმა არხებმა შეძლონ სატელევიზიო რეკლამის ბაზარზე აუთვისებელი 20 მილიონი დოლარის მოზიდვა.

„თი-ვი-ემ-არ“ საქართველოში 2004 წელს შემოვიდა. ის არის პირველი კომპანია, რომელმაც საერთაშორისო სტანდარტის მიხედვით თბილისისა და ნაციონალური არხების რეიტინგების გაზომვა დაიწყო. კომპანიის დირექტორი ნინო გოგოლაძე ამბობს, რომ რეგიონალური არხების წინადადება მიმზიდველია. შესაბამისად, მისი კომპანია ტელევიზიებს შესთავაზებს საკუთარ ხედვას, თუ რა მეთოდით უნდა განხორციელდეს რეგიონებში სატელევიზიო რეიტინგების დათვლა.