„რეგიონალურ მაუწყებელთა ალიანსი“, 20-მდე რეგიონალური ტელევიზიის სახელით, მიმართავს საქართველოს მთავრობას მედიის განვითარების სტრატეგიის გადასახედად ფართო სამუშაო ჯგუფი შეიქმნას. ამ ჯგუფის პრიორიტეტი, ალიანსის თანახმად, უნდა გახდეს არსებული სისტემის ხარვეზების გამოვლენა და შესაბამისი საკანონმდებლო ბაზის იმგვარად შესწორება, რომ იგი ევროპულ კანონმდებლობასთან იყოს ჰარმონიზებული. „რეგიონალურ მაუწყებელთა ალიანსის“ მიმართვის ადრესატები არიან ასევე საქართველოს პარლამენტი, კომუნიკაციების ეროვნული კომისია და ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში. ალიანსი მიიჩნევს, რომ რეგიონალური მედიის პრობლემებთან დაკავშირებით შეხვედრა უნდა შედგეს პირადად პრემიერ-მინისტრთანაც.
„რეგიონალურ მაუწყებელთა ალიანსის“ მოთხოვნა ხუთ ძირითადად პუნქტად ჩამოყალიბდა და პარლამენტის მიერ „მაუწყებლობის შესახებ“ კანონზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევის მეორე დღესვე, 22 თებერვალს, გახდა საჯარო, რაც შემთხვევითი არ არის იმ ფონზე, როდესაც, მედიაორგანიზაციების შეფასებით, საზოგადოებრივი მაუწყებლის პრიორიტეტულ მდგომარეობაში ჩაყენება, განსაკუთრებით კი მისთვის რეკლამის დროის ხანგრძლივობის გაზრდის უფლების მინიჭება, რეგიონალურ ტელევიზიებს არსებობის საფრთხის წინაშე აყენებს.
თუ რაიმე არ შეიცვალა რეგულაციების თვალსაზრისით და მთავრობამ ამაზე არ იზრუნა, ალბათ, მალე დადგება მომაკვდინებელი პერიოდი. სამწუხაროა, რომ ჩვენ არ დაგვიჯერეს და ჩვენი წარმოდგენილი არგუმენტები არასაკმარისად მიიღეს...მურთაზ ფრანგულაშვილი
ამასთან დაკავშირებით ბათუმის ტელეკომპანია „25-ე არხის“ გენერალურმა დირექტორმა მურთაზ ფრანგულაშვილმა „მაუწყებელთა ალიანსის“ მიერ მოწვეულ საგანგებო პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ „თუ რაიმე არ შეიცვალა რეგულაციების თვალსაზრისით და მთავრობამ ამაზე არ იზრუნა, ალბათ, მალე დადგება მომაკვდინებელი პერიოდი. სამწუხაროა, რომ ჩვენ არ დაგვიჯერეს და ჩვენი წარმოდგენილი არგუმენტები არასაკმარისად მიიღეს“.
ტელეკომპანია „გურჯაანის“ აღმასრულებელი დირექტორი კი, ლევან ალექსიშვილი, დასძენს, რომ ამ ეტაპზე რეგიონალური ტელევიზიები პარლამენტის თავმჯდომარისა და საზოგადოებრივი მაუწყებლის სიტყვის იმედზე არიან, რომ რეკლამა დაბალ ფასად არ გაიყიდება და დემპინგის პირობებში ადგილობრივი მაუწყებლები რეკლამის მიმწოდებლებს არ დაკარგავენ, თუმცა, ამ დათქმის მიუხედავად, ლევან ალექსიშვილისთვის აქტუალობას არ კარგავს შეკითხვა: სად არის გარანტია, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი, პირობითად, 2 ლარად არ გაყიდის 1 წუთ სარეკლამო დროს მაშინ, როცა ეს არც ერთი საკანონმდებლო აქტით არ რეგულირდება?
„მათ კეთილ ნებაზე, მათ ფინანსურ მდგომარეობაზე ან მათ შეხედულებაზე უნდა იყოს დამოკიდებული 22 რეგიონალური ტელევიზია. 83-მილიონიანი ბაზარი უკვე კლებადია და წელს, ალბათ, 75 მილიონზე მეტი ნამდვილად არ იქნება. საუბარია ¼ სარეკლამო დროის გაყიდვაზე საზოგადოებრივი მაუწყებლის მხრიდან. თუნდაც ეს იყოს 2 და 3 მილიონი, ეს არის მთლიანად 22 რეგიონალური ტელევიზიის შემოსავალი“, - ამბობს ლევან ალექსიშვილი.
83-მილიონიანი ბაზარი უკვე კლებადია და წელს, ალბათ, 75 მილიონზე მეტი ნამდვილად არ იქნება. საუბარია ¼ სარეკლამო დროის გაყიდვაზე საზოგადოებრივი მაუწყებლის მხრიდან. თუნდაც ეს იყოს 2 და 3 მილიონი, ეს არის მთლიანად 22 რეგიონალური ტელევიზიის შემოსავალი...ლევან ალექსიშვილი
შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე კი, პლურალისტური მედიაგარემოს შესანარჩუნებლად გადასადგმელ ნაბიჯებს შორის „მაუწყებელთა ალიანსი“ პირველ ამოცანად სახავს აუდიო-ვიზუალური მედიის მარეგულირებელ კანონმდებლობაში ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში ნაკისრი ვალდებულებების ასახვას, ბაზრის კვლევისა და დეტალური ანალიზის შესაბამისად. გადაწყვეტილებების ბაზრის კვლევის შედეგად მიღების აუცილებლობაზე საუბრისას „რეგიონალურ მაუწყებელთა ასოციაციის“ ხელმძღვანელი ნათია კუპრაშვილი ისევ „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ცვლილებებს და ამ ცვლილებების განხილვასთან დაკავშირებულ პერიპეტიებს უბრუნდება:
„ბოლო ცვლილებები იყო ყოველგვარი კვლევების გარეშე მიღებული და მიმდინარეობდა დავა რაღაც ციფრებზე და ვერ გავიგეთ საერთოდ, რაში იყო საჭირო ეს ციფრები, იმიტომ რომ ყველა მედია ამტკიცებდა, რომ გვაქვს პრობლემები და არავინ ამას არ იჯერებდა. ამიტომ საჭიროა დეტალური კვლევა და გამოქვეყნება ყველა იმ ინფორმაციის, რომლებიც აქვთ შესაბამის ორგანიზაციებს მედიებთან დაკავშირებით“.
საზოგადოებრივ მაუწყებელთან არათანაბარი კონკურენციის პირობებში ჩაყენებული რეგიონალური მაუწყებლების მეორე მოთხოვნა მათთვის რეგულირების საკანონმდებლო პირობების შემსუბუქებაა, რასაც ითხოვს ასევე ევროკავშირის აუდიო-ვიზუალური მედიის დირექტივა.
„არ შეიძლება ტელევიზია, რომელიც 15 000 ადამიანისთვის მუშაობს, იგივე ტიპის მოთხოვნების წინაშე იყოს, როგორშიცაა ტელევიზია, რომელიც, მაგალითად, 3 მილიონ აუდიტორიაზე მუშაობს“, - შენიშნავს ნათია კუპრაშვილი.
რეგიონალური მაუწყებლები საქართველოს ხელისუფლებას სთხოვენ ასევე დაწესდეს საგადასახადო შეღავათები, გადაიდგას ქმედითი ნაბიჯები საქართველოში წარმოებული აუდიო-ვიზუალური პროდუქციის ევროპულ პროდუქტად წარსადგენად, ბიზნესის განვითარების ინიციატივები კი, სხვა სფეროებთან ერთად, აუდიო-ვიზუალურ წარმოებასაც შეეხოს.