ასფალტს წყლის სისტემის ძველ მილებზე აგებენ – პროტესტი ქეთევან დედოფლის ქუჩაზე

ახალციხეში ქეთევან დედოფლის ქუჩის მოასფალტება იწყება. მოსახლეობას გზის საფარის მოწესრიგება მოსწონს, თუმცა ადგილობრივ ხელისუფლებას ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელების თანმიმდევრობას უწუნებს. ასფალტის საფარის დაგებამდე ქუჩაზე საკანალიზაციო სისტემა იცვლება. "საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის" წარმომადგენლებმა სამუშაოები 2016 წლის შემოდგომაზე დაიწყეს, თუმცა ამინდის გაუარესების გამო მხოლოდ 28 მარტს განაახლეს. საკანალიზაციო სისტემის 100–მეტრიანი მონაკვეთის გამოცვლა რამდენიმე დღეში დასრულდება. ქეთევან დედოფლის ქუჩის მოსახლეობა, სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაციასაც ითხოვს. ადგილობრივები ამბობენ, რომ მილები მოძველებულია და ხშირად სკდება.

Your browser doesn’t support HTML5

ასფალტს წყლის სისტემის ძველ მილებზე აგებენ – პროტესტი ქეთევან დედოფლის ქუჩაზე

სასმელი წყლის მილების გამოცვლის მოთხოვნით ქუჩის მცხოვრებლებმა ,,საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის" რეგიონალურ ხელმძღვანელობას მიმართეს. კომპანიიდან მოსახლეობა ადგილობრივ ხელისუფლებასთან გადაამისამართეს. 13 მოქალაქის მიერ ხელმოწერილი განცხადება ქალაქის მერის სახელზე 29 მარტს შეიტანეს. მოქალაქეები წერენ, რომ სასმელი წყლის სისტემის ქსელს საკუთარი ხარჯებით მოაწყობენ, "საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიისგან" კი მხოლოდ იმას ითხოვენ, რომ ქსელი ცენტრალურ სისტემას მიუერთონ.

ახალციხის მერი არ გამორიცხავს, რომ ადგილობრივების ეჭვი გამართლდეს და ასფალტის საფარის დაგების შემდეგ, წყლის მოძველებული მილების დაზიანების გამო, ქუჩის გადათხრა გახდეს საჭირო. ვლადიმერ ზედგინიძე ამბობს, რომ "საქართველოს გაერთიანებულ წყალმომარაგების კომპანიას" ქეთევან დედოფლის ქუჩაზე სასმელი წყლის სისტემის შესაცვლელად თანხა არ ჰქონდა და ამიტომ ადგილობრივმა ხელისუფლებამ გადაწყვიტა ასფალტის საფარი მოძველებულ სისტემაზე დაეგო.

"საქართველოს გაერთიანებულ წყალმომარაგების კომპანიაში" ამბობენ, რომ ქუჩის მცხოვრებლებმა ერთობლივი განცხადებით მათ უნდა მიმართონ. კომპანია 10 დღის ვადაში განიხილავს და მიიღებს გადაწყვეტილებას, შეიცვლება თუ არა სასმელი წყლის სისტემა ქეთევან დედოფლის ქუჩაზე.