ევროპარლამენტარი რებეკა ჰარმსი გლდანის მე-8 საპყრობილეში შეხვდა დემირელის კოლეჯის ყოფილ მმართველს, მუსტაფა ემრე ჩაბუქს, რომელიც წინასაექსტრადიციო პატიმრობაში იმყოფება. რებეკა ჰარმსის თქმით, ის ძალიან შეშფოთებულია იმით, რომ მუსტაფა ემრე ჩაბუქი კვლავ პატიმრობაში იმყოფება და მისი საქმის განხილვა ყოვნდება. მისი სიტყვებით, ჩაბუქს ის შეხვდა, როგორც ევროკავშირის წარმომადგენელი, როგორც ევროპარლამენტის წევრი, და დარწმუნებულია, რომ ჩაბუქი არ უნდა იმყოფებოდეს პატიმრობაში, ვინაიდან სჯერა, რომ ის მხოლოდ მასწავლებელია და არა ტერორისტი. რებეკა ჰარმსი იმედოვნებს, რომ თურქეთში მისი ექსტრადიცია არ მოხდება.რებეკა ჰარმსმა ჩაბუქი გასული წლის ივლისშიც მოინახულა საპატიმროში. თბილისის საქალაქო სასამართლოში 19 თებერვალს გაგრძელდება პროცესი დემირელის სახელობის კოლეჯის ყოფილი მმართველის, მუსტაფა ემრე ჩაბუქის, თურქეთში ექსტრადირების საკითხზე. საქართველოს მთავარმა პროკურატურამ საქალაქო სასამართლოს 5 თებერვალს მიმართა ჩაბუქის ექსტრადირების დასაშვებად ცნობის შუამდგომლობით. მუსტაფა ემრე ჩაბუქი 2017 წლის მაისიდან იმყოფება საექსტრადიციო პატიმრობაში. მის გადაცემას საქართველოსგან ითხოვს თურქეთის ხელისუფლება, რომელიც ჩაბუქს ტერორისტული ორგანიზაციის წევრობაში ადანაშაულებს.