2014 - რეალური ნაბიჯების წელი ტექნოლოგიებში

ჰაკათონი

2014 წელი საქართველოსთვის რამდენიმე მნიშვნელოვანი ნაბიჯის წელი იყო ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სფეროში. გასულ წელს ამ სფეროში მოღვაწე ადამიანები ინტერნეტიდან გამოვიდნენ და რეალურ სივრცეში რეალური აქტივობები შემოგვთავაზეს: ჩაატარეს გეიმჯემი, ჰაკათონი, ინტერნეტფორუმი და ა.შ. წლის განმავლობაში აქტიურობდა რამდენიმე საიტი, რომლებმაც ორიგინალური ქართულენოვანი მასალის შეთავაზება დაიწყეს მომხმარებლისთვის. იყო გამოგონებები და სტარტაპები, რომლებიც აგრძელებენ განვითარებას და ზოგიერთი მათგანი ახლა აქსელერაციას გადის.

2014 წელი მნიშვნელოვანი იყო ორგანიზაცია „უნიჰაკისთვის“, რომელმაც ორი ჰაკათონი ჩაატარა თბილისში 2013 წლის დეკემბერში ჩატარებული პირველი ჰაკათონის შემდეგ - ჯერ მარტში და შემდეგ 2014-ის დეკემბერში. ჰაკათონების მასშტაბები ეტაპობრივად იზრდებოდა. საბოლოოდ, პირველი მარათონული შეჯიბრის ჩატარებიდან ერთი წლის შემდეგ, ჩვენ პირველი საერთაშორისო ჰაკათონი მივიღეთ თბილისში. სტუდენტურმა ორგანიზაციამ წელს ასობით ახალგაზრდა გააერთიანა და რამდენიმე გუნდის ჩამოყალიბებას დაუდო სათავე. ჟიურის წევრმა იოსებ ძმანაშვილმა მარტის ჰაკათონის შემდეგ სტუდენტებისა და სკოლის მოსწავლეების პროექტების შესახებ თქვა:

„უკვე მეორე ჰაკათონია და ეს გაცილებით უკეთესი იყო, ვიდრე პირველი. პროექტების თვალსაზრისითაც საკმაო განსხვავებები იყო და მრავალფეროვნება გვქონდა. გამარჯვებულ პროექტებს რაც შეეხება, ამ პროექტებიდან რამდენიმე მართლა გამორჩეული იყო. ასევე აღსანიშნავია, რომ ეს ყველაფერი გაკეთებულია ამ რამდენიმე დღეში ბავშვების მიერ. პირველ ადგილზე გასული, ალბათ, ყველაზე თვალსაჩინო ნიმუში იყო იმისა, თუ როგორ შეიძლება ჰაკათონიდან ჰაკათონამდე განვითარდე და კიდევ უფრო სრულყოფილი პროდუქტი წარმოადგინო. სკოლის მოსწავლეების მონაწილეობა იყო ძალიან ღირსშესანიშნავი, რადგან მათ თავი გამოავლინეს არა როგორც სკოლის მოსწავლეებმა, არამედ როგორც ამ სფეროს სერიოზულმა მოთამაშეებმა“.

დეკემბერში კი გაცილებით მეტი სკოლის მოსწავლე და ინოვაციური იდეა ვიხილეთ. დეკემბერის ჰაკათონზე უკვე შეკრულ საზოგადოებას ნახავდით, რომელშიც ერთიანდებოდნენ ახალგაზრდა დეველოპერები, დიზაინერები, გამომგონებლები. გიორგი ტყეშელაშვილი, „უნიჰაკის“ წარმომადგენელი, შეფასებას აძლევს განვლილ წელს ორგანიზაციისთვის:

„ერთი წლის მანძილზე გვაქვს ძალიან დიდი ზრდა. ჩვენი პირველი სლოგანი ჰაკათონზე იყო „პირველი სტუდენტური ჰაკათონი საქართველოში“, შემდეგ გავიზარდეთ და სლოგანი იყო „ყველაზე დიდი სტუდენტური ჰაკათონი ევროპაში“, სადაც მხოლოდ ქართველები იღებდნენ მონაწილეობას, მაგრამ მასშტაბი იყო ბევრად დიდი. hackTbilisi-ს სლოგანი იყო „პირველი საერთაშორისო ჰაკათონი საქართველოში“, ანუ ერთი წლის მანძილზე გვაქვს ძალიან დიდი ზრდა. ორგანიზების კუთხითაც ბევრი შეცდომა გამოვასწორეთ, სამწუხაროდ, ბევრი გავიმეორეთ, თუმცა რახან ვიცით, რაც გავიმეორეთ, ვეცდებით შემდეგზე გამოვასწოროთ. ჰაკათონი რომ შევაჯამოთ, შეგვიძლია ვთქვათ: hackTbilisi შედგა და შედგა ძალიან დიდი წარმატებით“.

წლის განმავლობაში თბილისში კიდევ ერთი მარათონი მიმდინარეობდა დეველოპერებისთვის - ამჯერად გეიმდეველოპერებისთვის. IGDA Georgia-ს ორგანიზებით, ჯამში, სამი გეიმჯემი ჩატარდა, რომლის შედეგადაც ორიგინალური თამაშები მივიღეთ ქართველი დეველოპერებისგან. ჯემზე შექმნილ თამაშებს გარკვეული წარმატებაც ჰქონდათ. ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ხელმძღვანელმა ირაკლი ქაშიბაძემ ივნისის გეიმჯემზე თქვა, გეიმინგის ინდუსტრია 2 წელიწადში 2 მილიარდ დოლარს მოუტანს საქართველოსო:

„კომპიუტერული თამაშების ინდუსტრია არის ერთ-ერთი ყველაზე მაღალშემოსავლიანი ინდუსტრია მსოფლიოში. მან გაუსწრო შემოსავლებით კინოინდუსტრიას და მუსიკალურ ინდუსტრიას, ერთად აღებულს. წარმოიდგინეთ, რომ გეიმჯემში მონაწილეობას იღებს 40 გუნდი, რომელიც შექმნის თამაშის 40 პროტოტიპს, რომელიც შეიძლება გახდეს ისეთივე წარმატებული, როგორიც Angry Birds, Clash of Clans, World Of Tanks და ა.შ. ამიტომ ჩვენ ვხედავთ რეალურ პოტენციალს. ეს პოტენციალი გამოიხატება იმაში, რომ გარდა იმისა, რომ კარგი პროგრამისტები არიან, არის შემოქმედებითი ხალხი, არიან კარგი გრაფიკოსები, ანიმატორები, სცენარისტები და ა.შ. კრეატიული ინდუსტრიის განვითარების პოტენციალი აშკარად გვაქვს საქართველოში და ჩვენი, ინოვაციების სააგენტოს, ერთ-ერთი ამოცანა ის არის, რომ ინოვაციური და კრეატიული ინდუსტრიების მხარდაჭერა განხორციელდეს საქართველოში“.

გეიმჯემმა რამდენიმე მნიშვნელოვანი სიახლე შემოიტანა წელს - მაგალითად, ქოსფლეი, რომელიც 2014 წელს პირველად ჩატარდა თბილისში და, თანაც, წლის განმავლობაში ორჯერ. იყო Game Battle-ები, CS-ში, დოტაში, ფიფაში და ა.შ. ჯემზე ხალხს საშუალება ჰქონდა გამოეცადა ოკულუს რიფტი, ეთამაშა კინექტზე და, მოკლედ, კომპიუტერული თამაშების შემქმნელების გარდა, ჯემზე ყველას შეეძლო მოსვლა და გართობა. ეს წლის ერთ-ერთი გამორჩეული დღეები იყო ყველასთვის, ვისაც თამაშები უყვარს.

2014 წელს თბილისში ცდილობდნენ გლობალური ინიციატივებიც გაეზიარებინათ. მაგალითად, წელს რამდენიმე პროექტი გამოჩნდა, რომლებიც ტექნოლოგიების სფეროში ქალების ჩართულობის გაზრდას ცდილობდნენ. მარტში მსოფლიოს 120-ზე მეტ ქალაქში ჩატარდა ღონისძიება Women Techmakers, თბილისში კონფერენციის ორგანიზატორი GDG Georgia იყო. ნინო ნანიტაშვილი, გუგლის დეველოპერების ჯგუფის წარმომადგენელი, თვლის, რომ ტექნოლოგიებით ქალების დაინტერესება სფეროსთვისაც მომგებიანი იქნება და ქალებისთვისაც:

„ეს ღონისძიება არის გუგლის გლობალური ინიციატივა, რომელიც მარტის თვეში ხორციელდება მსოფლიოს 120-ზე მეტ ქალაქში. მთავარი მიზანი არის ის, რომ ხელი შევუწყოთ ქალების ჩართულობას ამ სფეროში, იმიტომ რომ IT პოზიციების უმეტესობა მამაკაცების მიერაა დაკავებული. ეს არისარა იმდენად დამსაქმებლის პრობლემა,რამდენადაც თვითონ ქალების, რომელთა ცნობიერება ნაკლებადაა მზად საიმისოდ, რომ ადგნენ და გადაწყვიტონ გახდნენ პროგრამისტები ან აირჩიონ ეს მომავლის კარიერად და ცხოვრების გზად. ჩვენ ამ ღონისძიებით გვინდა ხაზი გავუსვათ იმ ქალ ლიდერებს, რომლებიც არიან ახლა ტექნოლოგიების სფეროში საქართველოში და მათი წარმოჩენით შთაგონება და მოტივაცია მივცეთ ახალგაზრდებს და დამწყებებს“.

წელს თბილისმა მიიღო პირველი ინტერნეტფორუმიც, რომელსაც ხელი უნდა შეეწყო ონლაინაქტივისტებსა და სფეროში ჩართულ ადამიანებს შორის დისკუსიების წამოწყებისა და განვითარებისთვის. ფორუმის შემდეგ,ორგანიზატორმა ფონდმა „ჯუნომ“ მეორე სესიაც ჩაატარა 2014 წელს. ინტერნეტფორუმის შესახებ ლაპარაკობს მირიან ჯუღელი, ერთ-ერთი ორგანიზატორი:

„გასული რამდენიმე წლის განმავლობაში ბევრ მსგავს ღონისძიებაზე ვიყავი საზღვარგარეთ და ყველგან ვფიქრობდი, რატომ არ გაგვეკეთებინა მსგავსი რამ საქართველოში, სადაც ჩვენ ჩვენითვე ვილაპარაკებდით ინტერნეტის პრობლემებზე, გამოწვევებზე, ბლოგინგზე, რა ხდება საქართველოში. შემდეგ, უბრალოდ, ეს იდეა ბოლო პერიოდში ძალიან სწრაფად დავძარი. გავესაუბრე რამდენიმე ადამიანს, რომელიც დაინტერესდა ამ ყველაფრით და დღეს შედეგს ვხედავთ სახეზე, რომ ძალიან ბევრი ადამიანი მოვიდა, ბევრი დაინტერესებაა, რაც რეალურად იმაზე მეტყველებს, რომ ხალხს, ბლოგერებს, ონლაინაქტივისტებს სურთ ისაუბრონ თავიანთ პროექტებზე, გააკეთონ პრეზენტაციები, გაცვალონ იდეები, განახორციელონ ახალი ინიციატივები და ა.შ...“

2014 წელს რამდენიმე საინტერესო პროექტიც მივიღეთ - მაგალითად, Deehubs - საიტი, რომელმაც რეალური და ვირტუალური სივრცე უნდა დააკავშიროს. 2014 წელს გამოჩნდა ათასობით ინტერნეტის მომხმარებელი, ვისაც სურდა პოსტი, რომელსაც საიტზე აკეთებდა, რეალურ სივრცეში, შენობების კედლებზე ენახა სიეტლში. სტარტაპმა გრძელი გზა გაიარა თბილისიდან ჯერ დუბაიმდე, შემდეგ კი სიეტლამდე, საბოლოოდ კი, 2014 წელს, აქტიური განვითარება დაიწყო.

„ჩვენი ინვესტორების დახმარებით ჩამოვედით სიეტლში დაახლოებით აგვისტოს თვეში, სექტემბრის დასაწყისში, სადაც უკვე დავიწყეთ პროექტი. პირველი ბილბორდის დადგმა იგეგმება 2015 წელს, თუმცა მანამდე, ამ ეტაპზე, გვინდოდა საცდელი ვერსია ჩაგვეშვა - რამდენად უყვარს და რამდენად უნდა ხალხს ქუჩაში თავისი მესიჯის ხილვა. ჯერჯერობით, როგორც ვხედავთ, ძალიან წარმატებული გამოდგა, იმიტომ რომ დაახლოებით 20 000 კაცამდე შემოვიდა ბოლო 10 დღის განმავლობაში და პოსტების რაოდენობაც იზრდება, ყოველდღიურად ვეღარ ავუდივართ გაშვებასაც კი. უკვე მივხვდით, რომ ხალხსაც სჭირდება პროდუქტი და ეს არის ერთ-ერთი ეტაპი, ანუ საპილოტე რეჟიმი, და 2015 წლიდან იქნება სრული ჩაშვება“, - ამბობს ბაქარ მარუაშვილი, პროექტის ერთ-ერთი ავტორი.

2014 წელს კიდევ იყო რამდენიმე პროექტი, რომელმაც სიახლე შემოიტანა ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სფეროში მოღვაწე საზოგადოების ცხოვრებაში, მაგალითად, სოციალური კლუბი IdeaBakery, იყო გამოგონებებიც, მაგალითად, 3დ ვებკამერა, რომლის კამპანიაც Indiegogo-ზე წარმატებული არ გამოდგა, რამდენიმე პროექტი ჰაკათონებიდან, რომლებიც ახლა გადიან აქსელერაციას დუბაიში და ა.შ.

ეს ერთ-ერთი ყველაზე აქტიური წელი იყო ამ სფეროში, როდესაც აქტივისტები, დეველოპერები, გამომგონებლები, დიზაინერები, გეიმერები და ყველა, ვისაც აინტერესებს ტექნოლოგიური განვითარება, აქტიურად გამოვიდნენ ვირტუალური სივრციდან, ჩაატარეს კონფერენციები, შექმნეს სოციალური კლუბები, მიიღეს მეტი ყურადღება მედიისგან, მეტი გამოცდილება და გააჩინეს საფუძველი იმისათვის, რომ 2015 წელი უფრო საინტერესო და აქტიური იყოს.