ჯერ კიდევ ვერ დააკავეს შპს „ცენტრ პოინტ ჯგუფის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე გუკა რჩეულიშვილი, რომელზეც ძებნაა გამოცხადებული.
ამ ინფორმაციის გარდა, 11 ივლისს გამოქვეყნებულ განცხადებაში მთავარმა პროკურატურამ დაადასტურა ცნობები „ცენტრ პოინტ ჯგუფის“ ფილიალის, შპს „ცენტრ პოინტ აჭარის“, ყოფილი დირექტორების დაკავების თაობაზე. მთავარმა პროკურატურამ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო „ცენტრ პოინტ ჯგუფის“ დამფუძნებელ მაია რჩეულიშვილის წინააღმდეგაც, თუმცა სასამართლომ არ დააკმაყოფილა მისი დაკავების შუამდგომლობა. მაია რჩეულიშვილის დაკითხვა ორშაბათს ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა – მთავარი პროკურატურის წინ საპროტესტო აქცია გამართეს „ცენტრ პოინტ ჯგუფის“ საქმიანობის შედეგად დაზარალებულებმა.
Your browser doesn’t support HTML5
ინფორმაცია ჯგუფურად ჩადენილ დანაშაულზე, რომელიც, მთავარი პროკურატურის ცნობით, დიდი ოდენობით სხვისი ქონების გაფლანგვას უკავშირდება, საზოგადოებას პროკურორმა კოკა კაციტაძემ მიაწოდა. 11 ივლისს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე ითქვა, რომ შპს „ცენტრ პოინტ ჯგუფის“ დირექტორები, ამჟამად დაკავებული სალომე ჩარკვიანი და ირაკლი მინდელი, დანაშაულებრივ კავშირში იყვნენ „ცენტრ პოინტ ჯგუფის“ დამფუძნებელ მაია რჩეულიშვილსა და მის შვილთან, სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე გურამ (გუკა) რჩეულიშვილთან. გამოძიების დასკვნით, შპს „ცენტრ პოინტ ჯგუფის“მიერ გაწეული სარეკლამო კამპანიის შედეგად, 2005 წლის 2 მაისიდან 2010 წლის 8 სექტემბრამდე პერიოდში მოქალაქეებისგან მოზიდულ იქნა 64 219 606 ლარი, თუმცა თანხა არამიზნობრივად დაიხარჯა:
„მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული თანხები უნდა მიმართულიყო მშენებლობისთვის, 2004 წლის 23 ივლისიდან 2006 წლის 28 ნოემბრამდე პერიოდში სალომე ჩარკვიანმა სალაროდან მენაშენეთა მიერ შეტანილი თანხა, 3 756 017.41 ლარის ოდენობით, არამიზნობრივად გაფლანგა და თანხა არ მოხმარდა კონკრეტული ობიექტის მშენებლობას. გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ ფილიალის დირექტორად ირაკლი მინდელის დანიშვნის შემდეგ მან 2006 წლის 28 ნოემბრიდან 2010 წლის ოქტომბრამდე პერიოდში არამიზნობრივად გაფლანგა შპს „ცენტრ პოინტ აჭარის“ მენაშენეთა მიერ საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობისთვის შეტანილი თანხა, 15 984 828.9 ლარის ოდენობით“.
გარდა ამისა, მთავარი პროკურატურის მიერ 11 ივლისს გამოქვეყნებულ განცხადებაში გამოკვეთილია კიდევ ერთი ეპიზოდი, „ცენტრ პოინტ აჭარის“ დირექტორის, ირაკლი მინდელის, მონაწილეობით, რომელიც ამ შემთხვევაში დანაშაულებრივ კავშირშია შპს „ცენტრ პოინტ ჯგუფის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე გურამ (გუკა) რჩეულიშვილთან:
„ირაკლი მინდელი შპს „ცენტრ პოინტ ჯგუფის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე გურამ რჩეულიშვილთან ერთად 2009 წლის 7 ივლისიდან 2010 წლის 30 მარტამდე პერიოდში დაეუფლა მენაშენეთა კუთვნილ დიდი ოდენობით თანხას, 1 657 959,39 ლარის ოდენობით, რაც მათ ერთობლივად მიითვისეს“.
გამოძიება იტყობინება, რომ თანხების გაფლანგვისა და მითვისების გამო, „ცენტრ პოინტ აჭარამ“ ვეღარ უზრუნველყო ობიექტების მშენებლობა ბათუმში, პუშკინისა და ბაგრატიონის ქუჩებზე და არ შეასრულა ნაკისრი ვალდებულებები საცხოვრებელ კომპლექს „თეთრი მაგნოლიის“ მენაშენეების მიმართ, „რის გამოც მოქალაქეებმა განიცადეს დიდი ოდენობით მატერიალური ზიანი“.
ბინის მომლოდინეთა იმედგაცრუებასა და დაზარალებას საკუთარ სათვალავზე სულაც არ იწერს რჩეულიშვილების ოჯახი, რომლის ერთ-ერთი წევრი, ვახტანგ რჩეულიშვილი, „აფერისტებსა“ და „პროვოკატორებს“ უწოდებდა საპროტესტო აქციის მონაწილეებს, რომლებიც ორშაბათს, მაია რჩეულიშვილის დაკითხვის პარალელურად, საგანგებოდ შეიკრიბნენ მთავარი პროკურატურის წინ. აქციის მონაწილეების გათვლით, „ცენტრ პოინტის“ მიერ დაზარალებულთა არმია 6 000-მდე ადამიანს ითვლის.
მე თქვენ გაჩვენებთ, მე თქვენ გაჩვენებთ ახლა, ვინ არის დამნაშავე... მე თქვენ გაჩვენებთ...ვახტანგ რჩეულიშვილი
„მე თქვენ გაჩვენებთ, მე თქვენ გაჩვენებთ ახლა, ვინ არის დამნაშავე... მე თქვენ გაჩვენებთ... თქვენი გულისთვის ვიბრძვი და თქვენ უნამუსოდ და უსინდისოდ, ოღონდ კი ფული არ გადაიხადოთ ბინებში, აწყობთ ამ პროვოკაციებს... ყველაფერი გაირკვევა ახლა, ვინ არის დამნაშავე. მობინადრეები არ არიან ესენი, ესენი დაქირავებულები არიან...“ – მიმართავდა ვახტანგ რჩეულიშვილი საპროტესტო აქციის მონაწილეებს.
თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს მაია რჩეულიშვილიც, რომელიც საქმის გამოძიების უკან პოლიტიკურ ინტერესებს ხედავს, ბრალდებებს უსაფუძვლოდ თვლის და ძალიან აინტერესებს, რატომ არ უნდა აეღო მას ფული საკუთარი სალაროდან:
„ბათუმის „მაგნოლია“ არის ჩემი შპს. მეუბნებიან, რომ აღებულია თანხები – ჩემი შპს-დან, რასაკვირველია, თუ იყო მოგება, აღებული იქნებოდა თანხები და, რასაკვირველია, იქნებოდა მოგება... “
რჩეულიშვილების ოჯახის ბრალდებებს პოლიტიკურად მოტივირებულ დევნასთან დაკავშირებით არ იზიარებენ ხელისუფლებაში. მაგალითად, როგორც იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა აღნიშნა, ის არ იცნობს საქმის დეტალებს, მაგრამ „ყველა სისხლის სამართლის საქმე ვერ იქნება პოლიტიკური დევნის ნიმუში, როგორც ამას ოპონენტები აცხადებენ“.
მთავარი პროკურატურის განცხადების თანახმად, „მაია რჩეულიშვილის, ირაკლი მინდელის, სალომე ჩარკვიანისა და გურამ რჩეულიშვილის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაწყებულია საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით, რაც სასჯელის სახედ და ზომად თავისუფლების აღკვეთას შვიდიდან თერთმეტ წლამდე ვადით ითვალისწინებს“.
„ცენტრ პოინტის“ საქმიანობასთან დაკავშირებულ გამოძიებას კიდევ ერთი დიდი ხმაური 2013 წლის ზაფხულში მოჰყვა, როცა მთავარმა პროკურატურამ თაღლითობასა და თანხების მითვისებაში დაადანაშაულა სამშენებლო კომპანიის დამფუძნებლები მაია რჩეულიშვილი და რუსუდან კერვალიშვილი, ხოლო კომპანია „დექსუსის“ დამფუძნებელსა და 33 %-იანი წილის მფლობელ ივანე ცაგურიას, რომელსაც „ცენტრ პოინტი“ 2010 წელს სამართავად გადაეცა, თაღლითობის ხელშეწყობაში დაედო ბრალი. გამოძიება ირწმუნებოდა, რომ ბიზნესმენმა დებმა უკანონოდ მიითვისეს 11 მილიონ ლარზე მეტი, რის გამოც ამხანაგობა „თაბუკაშვილი 88-ის“ წევრთათვის განკუთვნილი სახლის მშენებლობა შეჩერდა და უამრავი ადამიანი დარჩა უსახლკაროდ.