...ქალაქს დაერქვას საგალაკტიონო, ქუჩაზე დაიდგას ძეგლი, გაიხსნას მუზეუმი, მიენიჭოს პოეტის სახელი...
მუდმივ, ყოფით პრობლემებთან (საწერი ქაღალდი, პალტო, ფეხსაცმელი...) ჭიდილის გარდა, პოეტების მეფე ასევე „ზრუნავდა“ (ძირითადად ოცნებებში) თავისი სახელის უკვდავყოფაზე. გალაკტიონის რვეულებში შემორჩენილია გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე გაკეთებული ჩანაწერი, რომელშიც ჩამოთვლილია პოეტის ყველა მეტ-ნაკლებად მნიშვნელოვანი სურვილი.
სურვილების ჩამონათვალში მეშვიდე ნომრად ვკითხულობთ: დაერქვას ქალაქ სამტრედიას სახელწოდება „საგალაკტიონო“.
ასევე გალაკტიონის სურვილია მტკვრის მეორე სანაპიროს (იგულისხმება მარცხენა სანაპირო) დაერქვას გალაკტიონის სახელი და იქვე „აგებულ იქნას სპეციალური შენობა მუდმივი გამოფენისათვის სახელწოდებით: სახალხო პოეტის - გალაკტიონ ტაბიძის შემოქმედებითი გზა. აქვე მოეწყოს წიგნთსაცავი და საბიბლიოგრაფიო კაბინეტი. ამავე ქუჩაზე, შესაფერ ადგილას სიცოცხლეშივე აეგოს ძეგლი სახალხო პოეტს გალაკტიონ ტაბიძეს.
ძეგლთან დაკავშირებული ეს ოცნებაც აუსრულებელი დარჩება. გალაკტიონს ძეგლს დაუდგამენ გარდაცვალებიდან ოცი წლის შემდეგ, თანაც სულ სხვა ადგილას.
გალაკტიონის სურვილთა შორისაა თბილისში მტკვარზე გადებული ერთ-ერთი ხიდისთვის მისი სახელის დარქმევის სურვილი. „დაერქვას ახალ ხიდს „გალაკტიონის ხიდი“-ს სახელწოდება“, - ვკითხულობთ ჩანაწერში.
„ახალ ხიდში“ იგულისხმება ვერის ხიდის ადგილზე, 1952 წელს აშენებული ხიდი, რომელსაც პოეტის გარდაცვალებიდან ზუსტად 40 წლისთავზე (1999 წელს) მიენიჭება გალაკტიონის სახელი.
გალაკტიონის სურვილების ჩამონათვალშია ასევე მაღალი პენსიის დანიშვნისა და სხვადასხვა სახის მატერიალური დახმარების მიღების სურვილი: „განსაკუთრებული დამსახურების გამო სახალხო პოეტს გალაკტიონ ტაბიძეს დაენიშნოს პერსონალური პენსია თვეში 10.000-15.000 მანეთის რაოდენობით. მიეცეს გალაკტიონ ტაბიძეს განსაკუთრებული დამსახურების გამო ერთდროული დახმარება 100 ათასი მანეთის რაოდენობით. დახმარება გაეწიოს გალაკტიონ ტაბიძეს წყნეთში აგარაკის მოწყობაში. დასაჩუქრებულ იქნას სახალხო პოეტი გალაკტიონ ტაბიძე ავტომანქანით. დაევალოს ჯანმრთელობის სამინისტროს უზრუნველყოს ავადმყოფი პოეტი სპეციალური მკურნალობით. მიეცეს შესაფერი ბინა.“
თუმცა, როგორც ჩანს, პოეტის ყველაზე სანუკვარი ოცნებები მაინც თავის ლექსებსა და შემოქმედაბას უკავშირდებოდა. ჩამონათვალში რამდენჯერმე გვხვდება პოეტის ოცნება მოეწყოს მისი მუზეუმი მშობლიურ სოფელ ჭყვიშსა და ქუთაისში. და ბოლოს, პოეტის ოცნებაა გამოიცეს მისი აკადემიური მრავალტომეული ქართულ და რუსულ ენებზე, გამოიცეს საკავშირო რესპუბლიკებში, თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ ასეთი გრანდიოზული ოცნებების მქონე პოეტს, ხშირად ელემენტარული ყოფითი პირობები არ ჰქონდა, რისთვისაც ზამთარშიც კი უწევდა პალტოს დაგირავება. ნიშანდობლივია უფროსი ძმის აბესალომის წუხილი ამის თაობაზე.
„ნეტა ეს მაცოდინა, პალტო თუ გაქვს. მე ხომ მაშინ ფული გაგატანე სპეციალურათ პალტოს დასახსნელათ. ვაი თუ უპალტოოთ ხარ?“ - ვკითხულობთ ერთგან. „რომ ჩამოვალ, აუცილებლად პალტო უნდა ვიყიდოთ, თორემ ამ ზამთარში ამ ძველი პალტოთი ხომ არ იქნები!“ - წერს გალაკტიონის ბედით შეწუხებული უფროსი ძმა.