„მსოფლიო მუსიკის ნათლია“

რავი შანკარი

რავი შანკარი 1920 წლის 7 აპრილს ინდოეთის ჩრდილო-აღმოსავლეთში დაიბადა, ბრაჰმანთა ნავსაყუდელში - უძველეს ქალაქ ვარანასში, რომლის შემოქმედიც, ლეგენდის თანახმად, თავად შივა გახლდათ. რავიც ძველინდური რელიგიური ჰიმნების მოსმენაში გაიზარდა. უფროსი ძმის დასში მოცეკვავედ ირიცხებოდა, პარიზში, ბერლინსა და ლონდონში გასტროლირებდა. სიტარით კი მოგვიანებით დაინტერესდა, როცა დასში იმხანად განთქმული ვირტუოზი, ვინმე ალაუდინ ხანი გამოჩნდა. ამ ღვთისნიერმა კაცმა 14 წლის ასაკში დაობლებულ რავის მამობაც გაუწია და შეგირდადაც დაიყენა, თუმცა, სანამ სიტარის ანა-ბანას შეასწავლიდა, დასის ევროპულ გასტროლებს განარიდა - ახალგაზრდა კაცისთვის აქ მეტისმეტად ბევრი ცდუნებაა და რაგას ხელოვნების დაუფლებას მკაცრი, ასკეტური გარემო სჭირდებაო. პირტიტველა ინდოელი გურუს უყოყმანოდ გაჰყვა მშობლიურ სოფელში. ინდური რაგას აშრამში მეცადინეობა ყოველდღე დილის ოთხი საათიდან იწყებოდა და საღამოს შებინდებისას სრულდებოდა, მხოლოდ მცირეხნიანი შესვენება დაიშვებოდა, ისიც ლოცვისა თუ წახემსებისათვის. მასწავლებელი რაგას ამა თუ იმ ფრაგმენტს თვითონ კი არ ასრულებდა, არამედ ფრაზებს ვოკალურად არტიკულირებდა და შეგირდს თავად უნდა ევარგა და სიტარაზე გადაეტანა.

http://www.youtube.com/embed/pFnyg3YhuP4

რავის სულის, გონებისა და ნებისყოფის წვრთნამ 7 წელს გასტანა. 24 წლის ასაკში უკვე გამოცდილი მუსიკოსი ეთქმოდა და ბომბეიში მართავდა კონცერტებს, თუმცა ეს წლები მეტწილად კომპოზიციურ მოღვაწეობას შეალია: ინდური ფილმებისა და ეროვნული ბალეტისათვის მუსიკას თხზავდა. 1948 წელს ინდური რადიოს მუსიკალური პროგრამების დირექტორად დაინიშნა, იმავდროულად, ეროვნულ საკრავთა ანსამბლის ხელმძღვანელადაც მუშაობდა. 1965 წელს კი, პოპულარულ ენაზე რომ ვთქვა, დაკავებული თანამდებობიდან გადადგა და უფრო მნიშვნელოვანი დაიკავა: დასავლეთში თავისი ქვეყნის მუსიკალური კულტურის ელჩად იქცა.

http://www.youtube.com/embed/KOi45THGJdQ

შეიძლება თამამად ითქვას, რომ რავი შანკარი პირველი მუსიკოსი გახლდათ აღმოსავლეთიდან, რომლის დასავლურ სცენაზე გამოჩენამაც უფრო გაამძაფრა ამერიკელი თუ ევროპელი ინტელექტუალების ისედაც აღტკინებული ორიენტალური ვნებები, განსაკუთრებით კი, მუსიკალურ ხელოვნებაში. მაგალითად, ჯონ კოლტრეინი რავი შანკარის გავლენას არასოდეს მალავდა, ავანგარდული ჯაზი და აღმოსავლური მოტივები ჯერ კიდევ 1961 წლის ალბომში My Favourite Thing განეზავებინა და ერიკ დოლფისთან ერთად შედევრად ქცეული India-ც ჩაეწერა. ჰოდა, კოლტრეინ-შანკარის შეხვედრას წინ თითქოს არაფერი ედგა: იმრპოვიზაციული ბუნების გამო, ინდური რაგაც და ჯაზიც ხომ ერთმანეთისთვის იყვნენ გაჩენილნი. მოლაპარაკებაც ჰქონდათ, საქსოფონისტი ინდოელის შეგირდი უნდა გამხდარიყო. მაგრამ მოვლენები სხვაგვარად განვითარდა. საქსოფონისტი 1967 წელს გარდაიცვალა, რავიმ კი ჯაზურ სცენას გვერდი აუარა და იმავე წელს ჯერ მონტერეის, ხოლო 2 წლის თავზე ვუდსტოკის ფესტივალზე გამოჩნდა. სადაც ჰენდრიქსი გიტარას წვავდა, რავი შანკარი ფეხმორთხმით მოკალათდა, ჰიპი მსმენელი განუმეორებელი მედიტაციური ბგერით გამოათრო და მთელ თაობას ინდური საკმეველივით სურნელოვანი მუსიკით თავბრუ დაახვია.

http://www.youtube.com/embed/h5sRbmJdsFI

„თავბრუდახვეულები“ ბევრნი იყვნენ: Byrds, Rolling Stones, Yardbirds, Jefferson Airplane. „დორსის“ გიტარისტი რობი კრიგერი კი ისე „დარეტიანდა“, რომ რავი შანკარის მიერ ლოს-ანჯელესში დაარსებულ სკოლაში ეუფლებოდა სიტარაზე დაკვრის ხელოვნებას და მოგვიანებით ჯგუფის სიმღერა End-ში ინდური ჟღერადობით გამოიჩინა თავი. მაგრამ ზემოხსენებულ ბატონებს შორის ყველაზე ფხიანი ჯორჯ ჰარისონი გამოდგა. მისი ინდური ფილოსოფიითა თუ მისტიციზმით გატაცების შესახებ ყველას მოგეხსენებათ, რავიმ ინდოეთში რომ წაიყვანა და რაგას ურთულესი სტრუქტურების სწავლებაში სიქა გააცალა. მისგან შეძენილი უნარ-ჩვევები კი ისეთ სიმღერებში გამოადგა, როგორიცაა, მაგალითად: "Love You To", "Tomorrow Never Knows" და, რა თქმა უნდა, „Within You, Without You“.

http://www.youtube.com/embed/t79aI-I6ucA

დასავლურ სცენაზე რავი შანკარის თავბრუდამხვევმა წარმატებამ 10 წელს გასტანა, სადღაც 70-იანი ბოლოს თითქოს მინელდა, მაგრამ დღემდე უკონკურენტო არტისტად ითვლება, რომელმაც დასავლური და აღმოსავლური მუსიკალური კულტურა მჭიდროდ დააკავშირა ერთმანეთს.

სამი „გრემი“, „იაპონიის საიმპერატორო პრემია“, „საფრანგეთის საპატიო ლეგიონის კომანდორის ორდენი“, „ბრიტანეთის იმპერიის რაინდის წოდება“, რამდენიმე უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი და გინესის რეკორდსმენი, ყველაზე ხანგრძლივი შემოქმედებითი კარიერისათვის - ეს რავი შანკარის 92 წლიანი ცხოვრების მონაპოვარია. მაგრამ არის კიდევ ერთი, ჩემი აზრით, ყველაზე ნაღდი და მნიშვნელოვანი წოდება, რომელიც საკუთარმა შეგირდმა, ჯორჯ ჰარისონმა მიანიჭა: „მსოფლიო მუსიკის ნათლია“.

http://www.youtube.com/embed/9xB_X9BOAOU