ვაშინგტონში გრძელდება საქართველოს პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ვიზიტი, რომელიც დატვირთულია შეხვედრებით აშშ-ის ხელისუფლების უმაღლესი და მაღალი რანგის წარმომადგენლებთან. გიორგი კვირიკაშვილის უშუალო მასპინძლად სახელდება აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი. ვიზიტის ფარგლებში საგანგებო ყურადღების ცენტრში მოექცა 8 მაისს გამართული დაუგეგმავი შეხვედრა, როცა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ოვალურ კაბინეტში მიიღო. რაზე მეტყველებს ეს ფაქტი, რა შემთხვევებში ავლენს ამერიკის პრეზიდენტი მსგავს ინიციატივას და როგორ გამოიყურება ამ ფონზე ამერიკა-საქართველოს ურთიერთობები? ანალიტიკოსები ლაპარაკობენ საქართველოს განსაკუთრებულ როლსა და რუსეთისთვის ვაშინგტონიდან გაგზავნილ სიგნალზე.
Your browser doesn’t support HTML5
იმის გათვალისწინებით, რომ წინასწარ არაფერი თქმულა და არც ვიზიტის პროგრამაში იყო მითითებული, გიორგი კვირიკაშვილისა და დონალდ ტრამპის შეხვედრა აბსოლუტურად მოულოდნელი იყო საზოგადოების დიდი ნაწილისთვის. შესაბამისად, ამ ფაქტის გარშემო საქართველოში დაიწყო მსჯელობა, რომელიც, სავარაუდოდ, კიდევ დიდხანს გაგრძელდება.
შეხვედრები აშშ-ის პრეზიდენტთან, როგორც წესი, დიდი ხნით ადრე იგეგმება, - ეუბნება რადიო თავისუფლებას საქართველოს ყოფილი ელჩი შეერთებულ შტატებში დავით სიხარულიძე. შესაბამისად, 8 მაისს ოვალურ კაბინეტში გამართული დაუგეგმავი შეხვედრა მისთვის ფაქტის საგანგებო მნიშვნელობაზე მიუთითებს:
„ეს არის დიპლომატიური ჟესტი, რომელიც მანიშნებელია იმისა. თუ რაოდენ დიდ მნიშვნელობას ანიჭებს შეერთებული შტატები კონკრეტულ ქვეყანასთან ურთიერთობას და რომ შეერთებულ შტატებს აქვს უფრო სერიოზული გეგმები... პარტნიორობის სერიოზულობასა და თანამშრომლობის მნიშვნელობას უსვამს ხაზს (პრეზიდენტის) ასეთი დაუგეგმავი შეხვედრები. ეს არის ერთ-ერთი გამოვლინება იმისა, რომ შეერთებული შტატები მაღალ მნიშვნელობას ანიჭებს საქართველოსთან ურთიერთობას“.
ეს არის გზავნილი, რომ ამერიკის სახით (რომელიც, რა თქმა უნდა, დღევანდელ მსოფლიოში ერთადერთ სუპერძალას წარმოადგენს) საქართველოს ჰყავს მნიშვნელოვანი პარტნიორი კავკასიის რეგიონში...ნიკა ჩიტაძე
ბევრი სხვა ანალიტიკოსის მსგავსად, იმ ფაქტს, რომ 8 მაისს დონალდ ტრამპმა გიორგი კვირიკაშვილი ოვალურ კაბინეტში მიიღო, შემთხვევითობად არც პოლიტოლოგი ნიკა ჩიტაძე მიიჩნევს. მეტიც, ანალიტიკოსი ამ ფაქტს სხვა მნიშვნელოვანი მოვლენების კონტექსტში განიხილავს. ჩამონათვალშია,მაგალითად: კონგრესის მიერ დამტკიცებული და პრეზიდენტ ტრამპის მიერ ხელმოწერილი საბიუჯეტო კანონი, რომლის თანახმადაც, შეერთებული შტატები არ ითანამშრომლებს იმ ქვეყნებთან, რომლებიც აღიარებენ საქართველოს ოკუპირებული რეგიონების დამოუკიდებლობას; 30 კონგრესმენის მიერ პრეზიდენტ ტრამპისთვის გაგზავნილი საქართველოს მხარდამჭერი წერილი თუ ამერიკა-საქართველოს ერთობლივი საბრძოლო მზადყოფნის ცენტრის შექმნის შესახებ გააქტიურებული თანამშრომლობა.
ნიკა ჩიტაძე თვლის, რომ ამერიკას საქართველოსთან გეოპოლიტიკური, გეოსტრატეგიული და გეოეკონომიკური ინტერესები აკავშირებს და ამ ჭრილში საგანგებო ადგილს იკავებს შავი ზღვის უსაფრთხოების მიზნები, რომლებიც 2016 წლის ივლისში ნატოს ვარშავის სამიტზე გახმაურდა რუსეთის აგრესიის საპირწონედ და ამერიკაც საგანგებოდ აქტიურობდა ამ მიმართულებით. ნიკა ჩიტაძე ფიქრობს, რომ თეთრ სახლში გამართული შეხვედრები და გაკეთებული განცხადებები ძლიერი სიგნალია მოსკოვის მისამართით:
„ეს არის გზავნილი, რომ ამერიკის სახით (რომელიც, რა თქმა უნდა, დღევანდელ მსოფლიოში ერთადერთ სუპერძალას წარმოადგენს) საქართველოს ჰყავს მნიშვნელოვანი პარტნიორი კავკასიის რეგიონში. ამიტომ რუსეთს მოუწევს ანგარიში გაუწიოს ამერიკის ინტერესებს კავკასიის რეგიონში საქართველოს მიმართ... იზრდება ამერიკისა და, საერთოდ, დასავლეთის - პირველ რიგში, ნატოს - დასწრება შავი ზღვის რეგიონში, ასევე ბალტიის რეგიონში და ვფიქრობ, რომ რუსეთი იძულებული იქნება აღნიშნულს გაუწიოს ანგარიში“.
საქართველოს მთავრობის ხელმძღვანელთან შეხვედრას ამერიკის პრეზიდენტი ტვიტერზე გამოეხმაურა. დონალდ ტრამპმა დაწერა: „პატივი მქონდა თეთრ სახლში მიმეღო საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი, ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსთან ერთად“. ტრამპის გზავნილს ახლავს ფოტოც იმავე შინაარსის წარწერით და დაკვირვებულ თვალს არ გამოეპარებოდა, რომ წინადადების ბოლოს დასმულია ძახილის ნიშანი.
გარკვეულწილად, ჩვენ შევაჯამეთ გასული 25 წლის ურთიერთობები და ვისაუბრეთ მომავალ 25 წელზე. მივიღეთ ძალიან მყარი გარანტიები აშშ-ისგან ყველა მიმართულებით პარტნიორობის გაღრმავების შესახებ...გიორგი კვირიკაშვილი
8 მაისს სოციალურ ქსელ ტვიტერში ასევე გამოჩნდა გიორგი კვირიკაშვილის უშუალო მიმწვევისა და მასპინძლის, ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსის, გზავნილებიც. ის წერს, რომ მან და შეერთებული შტატების პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადეს საქართველოს პრემიერ-მინისტრს 872 ჯარისკაცისთვის, რომლებიც ავღანეთში ნატოს მისიაში იბრძვიან. პენსის მიერ გავრცელებული კიდევ ერთი გზანილის თანახმად, პრეზიდენტთან შეხვედრის დროს კიდევ ერთხელ დადასტურდა მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ.
პრეზიდენტთან შეხვედრამდე ხანგრძლივი საუბარი შედგა გიორგი კვირიკაშვილსა და მაიკ პენსს შორის. ამ ფაქტთან დაკავშირებით თეთრი სახლის ოფიციალურ ვებსაიტზე გამოქვეყნებულ განცხადებაში საგანგებო ყურადღება ეთმობა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე და ურყევ მხარდაჭერას, ქვეყნის განსაკუთრებულ წვლილს გლობალური მშვიდობის უზრუნველყოფის საქმეში თუ ამერიკა-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავების პერსპექტივებს. აქვე აღნიშნულია, რომ კიდევ ერთხელ დადასტურდა ამერიკის შეერთებული შტატების მიერ საქართველოს გადაწყვეტილების მხარდაჭერა ევროატლანტიკურ სტრუქტურებში, ნატოს ჩათვლით, ინტეგრაციასთან დაკავშირებით.
თეთრ სახლში გამართულ შეხვედრებს მაღალი შეფასება მისცა თავად საქართველოს პრემიერ-მინისტრმა. გიორგი კვირიკაშვილი გარანტიებზეც ლაპარაკობს და საქართველოს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან სამომავლო თანამშრომლობის მიმართულებებს ასახელებს :
„ჩვენ გვქონდა საკმაოდ ხანგრძლივი შეხვედრა ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსთან. გარკვეულწილად, ჩვენ შევაჯამეთ გასული 25 წლის ურთიერთობები და ვისაუბრეთ მომავალ 25 წელზე. მივიღეთ ძალიან მყარი გარანტიები აშშ-ისგან ყველა მიმართულებით პარტნიორობის გაღრმავების შესახებ. ეს იყო ძალიან პოზიტიური შეხვედრა. ჩვენ გვქონდა საუბარი ურთიერთობებზე ყველა მიმართულებით: თავდაცვის, უსაფრთხოების, კულტურის სფეროებში თანამშრომლობის, დემოკრატიული ინსტიტუციების განვითარებისა და ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების კუთხით. ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო, რომელიც გაგრძელდა ამერიკის პრეზიდენტთან შეხვედრით. აშშ-ის პრეზიდენტის მხრიდან ასევე მივიღეთ ძალიან მკაფიო გზავნილები საქართველოს მხარდაჭერის თაობაზე. ჩვენ ვფიქრობთ, რომ, მთლიანობაში, ეს შეხვედრები არის უმნიშვნელოვანესი საქართველოს მომავალი განვითარებისთვის და სტაბილურობისთვის ჩვენს ქვეყანაში. აშშ, როგორც საქართველოს მთავარი სტრატეგიული პარტნიორი, გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას და ეს ურთიერთობები მნიშვნელოვნად გაღრმავდება მომავალში“.
პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ვებსაიტის თანახმად, პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და ვიცე-პრეზიდენტმა მაიკ პენსმა განიხილეს რეგიონალური გამოწვევები, გლობალურ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხები და განმარტეს, რომ საქართველოს უსაფრთხოება და სტაბილურობა მთელი რეგიონისთვის უმნიშვნელოვანესია.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში გამართული სხვა არაერთი შეხვედრიდან საგანგებო ყურადღებას იპყრობს ასევე გიორგი კვირიკაშვილის 9 მაისის შეხვედრა აშშ-ის სახელმწიფო მდივან რექს ტილერსონთან. ანალიტიკოსები ამ შეხვედრას მნიშვნელოვნად მიიჩნევენ იმ ფონზე, როცა 10 მაისისთვის იგეგმება სახელმწიფო მდივნის შეხვედრა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან. რუს მინისტრთან შეხვედრაზე განსახილველ მთავარ თემებად სახელდება სირიასა და უკრაინაში არსებული ვითარება.