შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა, საგანმანათლებლო პროგრამების მიხედვით, აბიტურიენტთა განცხადებების რაოდენობა გამოაქვეყნა. როგორც გამოცდების ეროვნულ ცენტრში ამბობენ, გასულ წლებთან შედარებით, პოპულარობას იძენს ისეთი მიმართულებები, როგორიცაა საბუნებისმეტყველო, საინჟინრო და აგრარული. რამ განაპირობა ამ პროგრამებზე მოთხოვნის გაზრდა და რამდენად პასუხობს შრომის ბაზარი ამ მოთხოვნებს?
Your browser doesn’t support HTML5
ეკონომიკის სფერო, ბიზნესადმინისტრირება, სამართალი - ეს იმ საგანმანათლებლო პროგრამების მცირე ჩამონათვალია, რომლებიც, ისევე როგორც გასულ წლებში, წელსაც აქტუალურია აბიტურიენტებისათვის და მათი მნიშვნელოვანი ნაწილი სწორედ ამ პროფესიის დასაუფლებლად აბარებს გამოცდებს უმაღლეს სასწავლებლებში. თუმცა, როგორც შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე ივა მინდაძე ამბობს, აბიტურიენტების განაცხადების რაოდენობაზე დაყრდნობით, სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება ისეთი პროგრამები, როგორიცაა საბუნებისმეტყველო, საინჟინრო თუ აგრარული. მისი აზრით, აბიტურიენტების მოთხოვნა ამ პროგრამებზე ორმა ფაქტორმა განაპირობა: პირველი - აგრარულ-საინჟინრო სფეროში გაჩენილი სამუშაო ადგილები და, მეორე - ე. წ. სახელმწიფო დაფინანსება:
„სავარაუდოდ, გაჩნდა სამუშაო ადგილები აგრარულ-სამშენებლო სექტორში, სოფლის მეურნეობაში და ამას, ალბათ, კარგად ხედავენ თავად აბიტურიენტები. მიმდინარეობს მშენებლობები, ნელ-ნელა საწარმოებიც იხსნება და სჭირდებათ კვალიფიციური კადრები, ფიზიკოსები, ქიმიკოსები. მოთხოვნადი პროფესიებია უკვე ეს პროფესიები. ცხადია, ეს ხანგრძლივი პროცესი იქნება, მაგრამ, მგონი, ეს ფაქტორი მნიშვნელოვანია. გარდა ამისა, მნიშვნელოვანი ფაქტორია უფასო მიმართულებებიც“.
ე. წ. უფასო მიმართულებები, ანუ პროგრამები, რომლებსაც სრულად აფინანსებს სახელმწიფო, 2013 წელს განათლების სამინისტროს ინიციატივით გაჩნდა. პროგრამული დაფინანსების გაცემის მიზნებიც იმთავითვე განისაზღვრა: ინტელექტუალური პოტენციალის მიზნობრივი გამოყენების ხელშეწყობა; ჰუმანიტარულ, საბუნებისმეტყველო, სოციალურ, ტექნიკურ, აგრარულ მეცნიერებათა და სხვა პრიორიტეტული პროგრამული მიმართულებების განვითარება და ახალგაზრდების დაინტერესების ხელშეწყობა; სტუდენტების ისეთი პროფესიული მოღვაწეობისათვის მომზადება, რომელიც მოითხოვს სამეცნიერო ცოდნისა და მეცნიერული მეთოდების გამოყენებას. 2016-2017 სასწავლო წელს ასეთ, ე. წ. უფასო, მიმართულებად 21 პროგრამა განისაზღვრა და მისაღებ აბიტურიენტთა რაოდენობამ 5 000-ს გადააჭარბა. უფასო პროგრამათა შორისაა, მაგალითად, ქართული ფილოლოგია. წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა ამ პროგრამისთვის 200 ადგილი გამოყო, პირველ არჩევანად კი ეს მიმართულება 800-მდე აბიტურიენტმა მონიშნა. როგორც ექსპერტი განათლების საკითხებში შალვა ტაბატაძე რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ამბობს, მართალია, აბიტურიენტები თავისუფლდებიან ფინანსური ტვირთისგან, მაგრამ, შესაძლოა, მათი არჩევანი უარყოფითი შედეგის მომტანი აღმოჩნდეს როგორც თავად მათთვის, ისე სახელმწიფოსთვის, რომელიც სტუდენტების განათლებაში ფულს ხარჯავს. შალვა ტაბატაძე განმარტავს:
„ფილოლოგთა დიდი რაოდენობა, ისტორიკოსთა დიდი რაოდენობა, არქეოლოგთა დიდი რაოდენობა... მათი დიდი ნაწილი საკუთარი პროფესიით დასაქმებას ვერ შეძლებს და ეს არის პრობლემა. ვგულისხმობ იმას, რომ შესაძლებელია ამ უფასო პროგრამებმა მოიზიდოს აბიტურიენტები, რადგან უფასოა, და, საბოლოო ჯამში, ამ პროგრამებმა გამოზარდონ კურსდამთავრებულები, რომლებსაც არ ექნებათ პერსპექტივა დასაქმების ბაზარზე“.
საქართველოს შრომის ბაზარი თავისი სიმცირის გამო ვერ დაასაქმებს დიდი რაოდენობით ინჟინრებს, ტექნიკოსებს, მექანიკოსებს და ა.შ. მაგრამ, რადგანაც საერთაშორისო ბაზარზე ასეთი კადრების დეფიციტია, რატომაც არ უნდა იყოს ჩვენი ერთ-ერთი ამოცანა, რომ ავითვისოთ ეს ნიშა...ციური ანთაძე
ფუნდამენტური სამეცნიერო მიმართულებებისა თუ ტექნიკურ-ტექნოლოგიური მიმართულებების განვითარების ხელშეწყობა რომ მნიშვნელოვანია, ამის შესახებ რადიო თავისუფლებასთან საუბრობს ციური ანთაძე, ექსპერტი შრომისა და დასაქმების საკითხებში. პოზიტიურ ნაბიჯად აფასებს ის სახელმწიფოს გადაწყვეტილებასაც შექმნილიყო ე. წ. უფასო პროგრამები სტუდენტებისათვის, თუმცა, მისი თქმით, არსებობს ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელიც აუცილებლად უნდა იქნეს გათვალისწინებული იმისათვის, რომ ბაზრის მოთხოვნა და მიწოდება დაბალანსებული იყოს. ციური ანთაძის თქმით, ის, რომ ფუნდამენტური სამეცნიერო მიმართულებების კადრებით უზრუნველყოფა აუცილებელია, სადავო არ არის, თუმცა სადავოდ შეიძლება იქცეს მისაღები კონტინგენტის რაოდენობა: ის უნდა შეესაბამებოდეს იმ მიზანს, რისთვისაც ეს მიმართულებები პრიორიტეტად გამოიყო. რაც შეეხება ტექნიკურ-ტექნოლოგიურ მიმართულებებს, იმისათვის, რომ უმაღლესდამთავრებული ახალგაზრდები შრომის ბაზრის მიღმა არ აღმოჩნდნენ, ამ პროგრამებზე, ციური ანთაძის აზრით, განათლების სისტემამ კადრების საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად მომზადება უნდა უზრუნველყოს:
„საქართველოს შრომის ბაზარი თავისი სიმცირის გამო ვერ დაასაქმებს დიდი რაოდენობით ინჟინრებს, ტექნიკოსებს, მექანიკოსებს და ა.შ. მაგრამ, რადგანაც საერთაშორისო ბაზარზე ასეთი კადრების დეფიციტია, რატომაც არ უნდა იყოს ჩვენი ერთ-ერთი ამოცანა, რომ ავითვისოთ ეს ნიშა. მაგრამ, ვიმეორებ, აქ მნიშვნელოვანია საერთაშორისო სტანდარტებისა და მაღალი ხარისხის კადრის მომზადება. თუ ამ ამოცანას შევუსადაგებთ მისაღები კონტინგენტის რაოდენობას და სწავლების ხარისხს, ვფიქრობთ, რომ, ამ თვალსაზრისით, არ უნდა გვქონდეს გარღვევა“.
2016 წლის ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგები, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ათ დღეში გახდება ცნობილი.