რატომ არ დაუწესა რუსეთმა საქართველოს ემბარგო

ხელისუფლებამ და მისმა პოლიტიკურმა ოპონენტებმა სხვადასხვაგვარად შეაფასეს რუსეთის მთავრობის გადაწყვეტილება, არ დაუწესდეს სასურსათო ემბარგო საქართველოს. თუკი ხელისუფლების წარმომადგენლები ყველა შესაძლებლობის გამოყენების აუცილებლობაზე ლაპარაკობენ, ოპონენტები რუსეთის არასაიმედოობასა და თადარიგის დაჭერის აუცილებლობაზე აკეთებენ აქცენტს. რატომ დაინდო რუსეთმა საქართველო და როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები?

შეიძლება ითქვას, რომ რუსეთის გადაწყვეტილებას საქართველოს მთავრობა გამოკვეთილი კმაყოფილებით შეხვდა. თუკი, მაგალითად, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრს პაატა ზაქარეიშვილს შევეკითხებით, ის ფიქრობს, რომ საქართველო სასურველ შედეგებს „გონივრული და პრაგმატული“ პოლიტიკის წყალობით აღწევს და რომ სწორედ ასე აიცილა თავიდან საქართველომ რუსეთის ემბარგოც. მიღწევებსა და ნებისმიერი შანსის გამოყენების აუცილებლობაზე ლაპარაკობს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადურიც:

„ჩვენ არა გვაქვს იმის ფუფუნება და ბედნიერება, რომ ვარჩიოთ სად ვიმუშაოთ და სად არა. ყველა ბაზარი, ყველა შესაძლებლობა უნდა გამოიყენოს საქართველომ და, ცხადია, რომ რუსეთის და ყოფილი საბჭოთა კავშირის სხვა ქვეყნების ბაზრებიც საინტერესოა ამ თვალსაზრისით“.

მთავრობის წიაღში არის ოდნავ განსხვავებული მიდგომებიც. მართალია, თვითონ იმ ფაქტს, რომ რუსეთმა საქართველოს ემბარგო არ დაუწესა, დადებითად აფასებს თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი, მაგრამ მისთვის ახალი არაფერი მომხდარა და საერთო სურათი მაინც არ შეცვლილა. გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის გიგლა აგულაშვილის შეფასებით კი, რუსეთის გადაწყვეტილება ფრთხილი მიდგომის გამოვლინებაა და საქართველოსგანაც ასევე „ფრთხილ მოპყრობასა და დაფიქრებას მოითხოვს“, თუმცა, მოახლოებული რთვლის წინ, მინისტრი ემბარგოს არდაწესების ფაქტს მიიჩნევს კარგ სიგნალად ღვინის ბიზნესში ჩაბმული ადამიანებისთვის.

ჩვენი ეკონომიკური წინსვლის და წარმატების აქცენტი რუსეთზე არ უნდა დავსვათ. იმის მიუხედავად, რომ ახლა რუსეთმა ჩვენ არ ჩაგვსვა ბლოკირებული ქვეყნების სიაში, ეს არ იძლევა დამშვიდების საფუძველს...
ზურაბ ჭიაბერაშვილი

ის, რომ რუსეთის მთავრობამ საქართველო არ შეიტანა იმ ქვეყნების სიაში, რომლებიც კონტრსანქციებით დასაჯა რუსეთის წინააღმდეგ მიმართული ევროკავშირის სანქციებთან მიერთების გამო, 13 აგვისტოს გახდა ცნობილი. შავ სიაში შევიდნენ: ალბანეთი, ჩერნოგორია, ისლანდია, ლიხტენშტაინი და უკრაინა, მაგრამ, უკრაინასთან დაკავშირებული დათქმის მიხედვით, სასურსათო ემბარგო ამოქმედდება იმ შემთხვევაში, თუკი ძალაში შევა უკრაინა-ევროკავშირის ასოცირების შესახებ შეთანხმების ეკონომიკური ნაწილი.

მართალია, ევროკავშირის ერთ-ერთ სანქციას, რაც ყირიმსა და სევასტოპოლში წარმოებული პროდუქციის იმპორტის აკრძალვას შეეხება, მხარს საქართველოც უჭერს, მაგრამ, როგორც ჩანს, ეს არასაკმარის საფუძვლად მიიჩნიეს მოსკოვში. რუსულენოვან მედიაში ვხვდებით რუსეთის მთავრობის განმარტებას, თუ რატომ არ დასაჯა მოსკოვმა საქართველო:

„ამ ეტაპზე რუსეთსა და საქართველოს შორის არ არის აქტიური ურთიერთობები და არ არის მასშტაბური საქონელბრუნვა. სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით, საქართველოს ხელისუფლების მიერ რუსეთის მიმართ გატარებული ზომები უმნიშვნელოა. ამის გამო, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ აუცილებელი არ არის საქართველოს ჩართვა იმ ქვეყნების სიაში, რომელთა მწარმოებლებსაც ეკრძალებათ ზოგიერთი სახეობის სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის შეტანა (რუსეთში)“.

„რუსეთი კატა-თაგვობანას თამაშობს აბსოლუტურად ყველა პარტნიორთან. ის არასანდო მოთამაშეა“, – ეუბნება რადიო თავისუფლებას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, ზურაბ ჭიაბერაშვილი, და, აქედან გამომდინარე, ის მაქსიმალური სიფრთხილისა და თადარიგის დაჭერის აუცილებლობას ხედავს:

„ჩვენი ეკონომიკური წინსვლის და წარმატების აქცენტი რუსეთზე არ უნდა დავსვათ. იმის მიუხედავად, რომ ახლა რუსეთმა ჩვენ არ ჩაგვსვა ბლოკირებული ქვეყნების სიაში, ეს არ იძლევა დამშვიდების საფუძველს. ჩვენ უნდა ვეცადოთ და ხელისუფლება უნდა ცდილობდეს ქართული კომპანიებისთვის ბაზრების დივერსიფიცირებაში დახმარებას, პირველ რიგში კი, ევროკავშირის ბაზარზე გასვლას“.

ზურაბ ჭიაბერაშვილის შეფასებით, რუსეთი არაფერს აკეთებს სათავისო გათვლების გარეშე და, შესაბამისად, ემბარგოს არდაწესების ფაქტს ის თბილისთან პოლიტიკური ვაჭრობის ბერკეტად გამოიყენებს. პარალელურად, მისი თქმით, მოსკოვი განაგრძობს აგრესიულ მოქმედებას საოკუპაციო ხაზის გასწვრივ, თბილისისთვის იმის შესახსენებლად, თუ რა დაემართება საქართველოს ურჩობის შემთხვევაში.