თბილისის საქალაქო სასამართლომ პოეტი ზვიად რატიანი დამნაშავედ ცნო ადმინისტრაციული კოდექსის ორი მუხლის დარღვევაში და სასჯელად 2 ათასი ლარის გადახდა დააკისრა. ბრალდების მხარე რატიანს ადმინისტრაციული კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების დარღვევაში ადანაშაულებდა, რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციისათვის წინააღმდეგობის გაწევას გულისხმობს, თუმცა ზვიად რატიანის ადვოკატები შინაგან საქმეთა სამინისტროს იქით ადანაშაულებენ ძალადობასა და არაადამიანურ მოპყრობაში და თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრებას აპირებენ.
Your browser doesn’t support HTML5
რაც შეეხება მოსამართლის მიერ გაკეთებულ განცხადებას, თითქოს საახალწლოდ თავი შეიკავა ადმინისტრაციული პატიმრობის გამოყენებისგან, ეს არის მინიმუმ არაეთიკური.ანა ნასრაშვილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება მოსამართლე ქეთევან მინაშვილმა გამოაცხადა, თუმცა მოსამართლე არ დასჯერდა განაჩენის მშრალ დეკლარირებას და თქვა, სასამართლომ, საახალწლო დღეების გათვალისწინებით, მიიღო შედარებით ლმობიერი გადაწყვეტილება, თორემ, სამართალდარღვევის ხასიათისა და საქმეში არსებული მასალების მიხედვით, ადმინისტრაციულ პატიმრობას გამოიყენებდაო. პასუხად, განსასჯელის ადვოკატმა ანა ნასრაშვილმა განაცხადა, რომ მოსამართლის ეს განცხადება არაეთიკურია და რომ აპირებს საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას:
„წვრილმანი ხულიგნობის ნაწილში ცალსახად დადგინდა წინა პროცესზე, რომ მოწმეების და წარმოდგენილი მტკიცებულებების ინფორმაცია იყო ურთიერთგამომრიცხავი და წინააღმდეგობრივი, არ არსებობდა არანაირი საფუძველი ამ ნაწილში სამართალდარღვევის დადგენისა. რაც შეეხება მოსამართლის მიერ გაკეთებულ განცხადებას, თითქოს საახალწლოდ თავი შეიკავა ადმინისტრაციული პატიმრობის გამოყენებისგან, ეს არის მინიმუმ არაეთიკური“.
აქ ჩანს, რბილად რომ ვთქვათ, მოსამართლის არაადეკვატურობა და, მე ვფიქრობ, ცინიზმიც. ისევ და ისევ ბორკილებდადებული, დაშანტაჟებული ადამიანი გამოიყვანეს დამნაშავედ.ლაშა ბუღაძე
ანა ნასრაშვილი მიიჩნევს, რომ საქმეში არსებულ ვიდეომასალა, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტრომ წარმოადგინა, არასრულია და მასში ნაჩვენებია პოლიციის მიერ უკვე ნაცემი და ნაწამები ადამიანის რეაქცია. სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ ზვიად რატიანმა განაცხადა, რომ ვერ შეძლო პოლიციის თანამშრომლების მიერ 23 დეკემბერს გადაღებული ვიდეომასალის ყურება:
„არ მქონია იმის სურვილი და ხალისი, რომ გადამეხვია და ამ საშინელებისთვის მეყურებინა. ეს იყო აფექტის მდგომარეობაში მყოფი, ნაცემი და შეურაცხყოფილი ადამიანის ქცევა... მხოლოდ მესამე პირში შემიძლია ვილაპარაკო საკუთარ თავზე. ამოვარდნილი ვარ ყველაფრიდან. აქ არ არის ლაპარაკი მხოლოდ სიმთვრალეზე“.
როგორც ჩანს, სასამართლომ ლმობიერი გადაწყვეტილება მიიღო, იქიდან გამომდინარე, რომ ბატონმა ზვიადმა, ფაქტობრივად, აღიარა სამართალდარღვევა და ის სრულად გააცნობიერა.ბექა დოჭვირი
ზვიად რატიანისა და მისი ადვოკატების გარდა, მოსამართლის გადაწყვეტილებამ უკმაყოფილო დატოვა განსასჯელის კოლეგები. მწერალ ლაშა ბუღაძის თქმით, საქართველოში დამკვიდრებული სავალალო ტრადიციით, სასამართლო კვლავ მოძალადე სისტემას დაუდგა დამცველად:
„აქ ჩანს, რბილად რომ ვთქვათ, მოსამართლის არაადეკვატურობა და, მე ვფიქრობ, ცინიზმიც. ისევ და ისევ ბორკილებდადებული, დაშანტაჟებული ადამიანი გამოიყვანეს დამნაშავედ“.
სასამართლო პროცესის მიმდინარეობისას ლაშა ბუღაძემ და სხვა მწერლებმა თბილისის საქალაქო სასამართლოს წინ თავიანთი კოლეგის მხარდასაჭერად აქცია-პერფორმანსი გამართეს - გააპროტესტეს ზვიად რატიანის წამება და საჯაროდ წაიკითხეს მისი ლექსები.
ზვიად რატიანისა და მისი კოლეგებისგან განსხვავებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებამ კმაყოფილი დატოვა მოსარჩელე მხარე. შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელ ბექა დოჭვირის კომენტარი:
„სასამართლომ სრულად გაიზიარა ჩვენ მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ბატონი ზვიად რატიანი ცნო ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად, წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობაში. როგორც ჩანს, სასამართლომ ლმობიერი გადაწყვეტილება მიიღო, იქიდან გამომდინარე, რომ ბატონმა ზვიადმა, ფაქტობრივად, აღიარა სამართალდარღვევა და ის სრულად გააცნობიერა. რაც შეეხება მის ბრალდებებს პოლიციისადმი, აღნიშნულზე მიმდინარეობს გამოძიება პროკურატურაში. ჩვენ ვიქნებით მაქსიმალურად ღია, ობიექტური და ვითანამშრომლებთ გამოძიებასთან“.
სასამართლო პროცესზე მისული საზოგადოების წარმომადგენლები სწორედ ამ გამოძიების ობიექტურად წარმართვას და დამნაშავე პოლიციელების გამოვლენას მოითხოვენ. მათთვის აშკარაა, რომ 23 დეკემბერს პოლიციის თანამშრომლებმა ჯერ გადაამეტეს უფლებამოსილებას, შემდეგ სასტიკად გაუსწორდნენ ზვიად რატიანს, რომელიც ტვინის შერყევის დიაგნოზით საავადმყოფოშიც კი მოხვდა.