რას ჰყვებიან დეპორტირებული ყირიმელი თათრების, ყალმუხების, ვოლგისპირეთის გერმანელების შთამომავლები

18 მაისი ყირიმის ხალხების დეპორტაციის მსხვერპლთა ხსოვნის დღეა. საბჭოთა კავშირის არსებობის პერიოდში ძალადობრივად გადაასახლეს მრავალი ხალხი. თერთმეტი მათგანის დეპორტაცია ტოტალური იყო, წერს ისტორიკოსი პაველ პოლიაკი. ესენი იყვნენ კორეელები, გერმანელები, ინგერმანლანდიელი ფინელები, ყარაჩაელები, ყალმუხები, ჩეჩნები, ინგუშები, ბალყარელები, ყირიმელი თათრები და თურქი მესხები.

რადიო თავისუფლებისა და „ამერიკის ხმის“ ერთობლივმა ტელეპროექტმა, „ნასტოიაშჩეე ვრემიამ“ თავის მკითხველებს ჰკითხა, ხომ არ იყვნენ მათ ნათესავებს შორის საბჭოთა პერიოდში დეპორტირებულები. როგორც გამოკითხულთა პასუხებიდან ჩანს, დეპორტაციების უმრავლესობა, რომელთა შედეგადაც გადაასახლეს მათი ახლობლები, მოხდა 1943-1944 წლებში. ხალხი საქონლის ვაგონებით მიჰყავდათ გაურკვეველი მიმართულებით, ისინი მოწმენი ხდებოდნენ ბავშვებისა და ხანდაზმულების სიკვდილისა, ადგილებში, სადაც მათ ასახლებდნენ, ნახევრად შიმშილობდნენ და დაბრუნებაზე ოცნებობდნენ.

რამდენიმე ამბავს გაგაცნობთ.

ყირიმიდან დეპორტაცია

ანა 44 წლისაა. პაპამისი 1944 წელს 17 წლისა იყო. მაშინ მისი ოჯახი - ყირიმელი ბერძნები - ყირიმიდან გადაასახლეს. თავად ის, დედამისი და ერთ-ერთი და გაგზავნეს ყაზახეთის ქალაქ გურიევში. ოჯახში სულ ექვსი ბავშვი იყო. პაპის დანარჩენი დები ტაჯიკეთსა და უზბეკეთში წაიყვანეს.

„ეს ყველაფერი მოხდა გერმანელების მიერ ყირიმის ოკუპაციის შემდეგ,“ ჰყვება ანა. „მაგალითად, პაპაჩემის სახლში ცხოვრობდა გერმანელი ექიმი. სად უნდა წასულიყვნენ, როგორღაც ხომ უნდა ეცხოვრათ. მახსოვს, პაპა ჰყვებოდა, რომ ის გერმანელები, რომლებსაც ის შეხვედროდა, არც ისე ცუდები იყვნენ, როგორც მიღებულია ლაპარაკი.

ზოგი, მაგალითად, სურსათითაც ეხმარებოდათ. და აი, მას მერე, რაც ჩვენებმა ყირიმი გაათავისუფლეს, ყველას უთხრეს, რომ ერთ დღე-ღამეში ჩაელაგებინათ თავიანთი ნივთები. მერე ყველა შეკრიბეს სადგურზე და საქონლისთვის განკუთვნილ ვაგონებში აიყვანეს“.

ანამ არ იცის, ეუბნებოდნენ თუ არა დეპორტირებულებს, კერძოდ სად მიჰყავდათ ისინი, მაგრამ ვარაუდობს, რომ ამის შესახებ უკვე ადგილზე იგებდნენ. ანას თქმით, ისინი ყველანი „გერმანელებთან თანამშრომლობისთვის“ იყვნენ გასამართლებული. ყაზახეთში რეგულარულად უნდა ყოფილიყვნენ აღრიცხვაზე და საცხოვრებელი ადგილიდან არსად წასვლის უფლება არ ჰქონდათ. „ისინი ათ წელზე მეტი ხნის შემდეგ იქნენ რეაბილიტირებული,“ ამბობს ანა.

ამასთან, ამ ხალხისთვის არ ყოფილა არავითარი „სასამართლო გერმანელებთან თანამშრომლობისთვის“. ყირიმელი თათრები გადაასახლეს სსრკ თავდაცვის სახელმწიფო კომიტეტის ბრძანებით, რომელსაც იოსებ სტალინმა 1944 წლის 11 მაისს მოაწერა ხელი.

ანას პაპის მონათხრობის მიხედვით, მისი ოჯახი ჯერ ბარაკებში ცხოვრობდა. ადგილობრივი მოსახლეობა მათ ეხმარებოდა, მაგრამ მაინც მძიმე იყო. ახალგაზრდამ დურგლობა შეისწავლა და მუშაობა დაიწყო. რამდენიმე წლის შემდეგ ყაზახეთში მან თავისი მომავალი ცოლი გაიცნო. ისიც დეპორტირებულებიდან იყო: ვოლგისპირეთის გერმანელი. მისი ოჯახი თავიდან მოსკოვის ოლქში წავიდა, შემდეგ ციმბირში, ბოლოს კი ყაზახეთში გადაასახლეს. ხეტიალის წლებში ოჯახი ძლიერ შიმშილობდა, ჰყვება ანას ბებია: მათ ჩამოართვეს წისქვილი და მთელი ქონება, მამა კი დააპატიმრეს და 1938 წელს დახვრიტეს.

ფოტო ანას საოჯახო არქივიდან. მარჯვნივ, ქვედა რიგში - ანას ბებია ქალიშვილთან (ანას დედასთან) ერთად. ზედა რიგში მარცხნივ - ანას პაპა.

აზახეთში ანას ბებია თავიდან დამლაგებლად მუშაობდა: საზოგადოებრივ ტუალეტებს წმენდდა. შემდეგ ვიღაც დაეხმარა ბუღალტრობის შესწავლაში. ბებია პაპაზე უფროსი იყო და მაშინ გარდაიცვალა, როცა ანა ჯერ კიდევ ცხრა წლის იყო, ამიტომ ცოტა იცის მისი ცხოვრების შესახებ.

მაგრამ მონაყოლით ახსოვს, რომ პაპის გაცნობიდან ერთი წლის შემდეგ მათ იქორწინეს და მთელი ცხოვრება ერთად გაატარეს. როგორც ამბობენ, პაპას მუდამ ძალიან სურდა ყირიმში დაბრუნება და ფულსაც კი აგროვებდა სახლის საყიდლად. მაგრამ ვინაიდან ოჯახმა უკვე ყაზახეთში მოიკიდა ფეხი და იქ გაუჩნდათ შვილები, გადასვლა ვერ შედგა.

„როცა პაპა უკვე 50-ზე უფროსი იყო, სამშობლოში ჩადიოდა,“ იხსენებს ანა. „ის სახლიც კი მოინახულა, სადაც ადრე ცხოვრობდა. ამან ისე იმოქმედა მასზე, რომ ავად გახდა. მერე უკვე ძალა აღარ ჰყოფნიდა დასაბრუნებლად: ეს ხომ მძიმეა - მიგრაცია, თანაც მთელი ოჯახით. მით უმეტეს, მას და ბებიას სხვადასხვა სამშობლოები ჰქონდათ. ვინც ყირიმელ ბერძენზე დაქორწინდა, ისინი კიდევ ბრუნდებოდნენ“.

ტიმურის (სახელი შეცვლილია) ბებია 1944 წელს გადაასახლეს ყირიმიდან. ის სოფელ აი-სერეზში ცხოვრობდა. დეპორტაციის მომენტში ის 14 წლის იყო.

„18 მაისს დილის 4 საათზე ჯარისკაცები მოვიდნენ და გვითხრეს: ‘მოემზადეთ’. შესაგროვებლად მხოლოდ ხუთი წუთი მისცეს. დედაჩემის დედამ და კიდევ ორმა დამ მოაგროვეს ყველაფერი, რაც შეძლეს და რაც მოასწრეს. ბებიის მამას საერთოდ არაფერი წამოუღია. ის დარწმუნებული იყო, რომ მათ წაიყვანდნენ და მოკლავდნენ ან სადმე შავ ზღვაში დაახრჩობდნენ, როგორც ებრაელებს. ასე ეუბნებოდა საკუთარ ოჯახს. შეკრების შემდეგ სოფლის ცენტრში წაიყვანეს. იქ მანქანებში ჩასვეს. თუ ჯარისკაცებს არ მოეწონებოდათ ნივთები, რომლებიც თან წაიღეს, აიძულებდნენ, პირდაპირ მიწაზე დაეყარათ,“ ჰყვება ტიმური.

დეპორტირებულები მანქანებით ჯერ სუდაკში ჩაიყვანეს, შემდეგ ფეოდოსიაში, იქიდან კი - სიმფეროპოლში, სადაც ხალხი უკვე მატარებლებში ჩასვეს, პირუტყვის ვაგონებში. ტიმურის ბებიას ყველაზე მეტად დაამახსოვრდა მეზობლის ძაღლი, რომელიც დეპორტირებულებით სავსე მანქანას სუდაკამდე მისდევდა.

დეპორტაციის დღის გახსენებისას ბებია დღემდე ტირის, ამბობს ტიმური. ის შვილიშვილს მოუყვა, რაც ძალიან მძიმე იყო: ბევრი კვდებოდა შიმშილით ან იმ პირობების გამო, როგორშიც უწევდათ მგზავრობა. მათ დასაფლავებას ვერ ასწრებდნენ, უბრალოდ გზის პირას ტოვებდნენ.

ტიმურის ბებია და ბებიის დედა საბოლოოდ უზბეკეთში მოხვდნენ. იქ მათ წვნიანი აჭამეს, მეორე დღეს კი შრომისუნარიანი მოსახლეობის აღრიცხვა დაიწყო. ბებია და მისი დები სამუშაოდ წაიყვანეს, ჰყვება ტიმური.

„მერე ბებია ავად გახდა. ტიფიანი ორი თვე იწვა. არც კი იცოდა, რომ იქვე გარდაიცვალნენ მამა და დისშვილი. მათი ცხედრები უბრალოდ ესვენა, ვინაიდან ოჯახს არაფერი გააჩნდა მათ დასასაფლავებლად. არც სახსრები ჰქონდათ, არც ძალა“.

ტიმურის ბებია ყირიმში 1969 წლის მაისში დაბრუნდა. ის უკვე გათხოვილი იყო და ოთხი შვილი ჰყავდა. დღემდე სამშობლოში ცხოვრობს თავის ქალიშვილთან, ტიმურის დედასთან ერთად.

ასევე ნახეთ სტალინური დეპორტაციები - როგორ გადაასახლეს საქართველოდან ასი ათასამდე ადამიანი

ტოხტარს (სახელი შეცვლილია) დედინაცვალი ჰყავდა ყირიმელი თათარი. ის ორჯერ გადაასახლეს. პირველად 1932 წელს მისი ოჯახი ურალში გაგზავნეს მას შემდეგ, რაც დახვრიტეს მამა, რომელიც სოფლის მასწავლებლად მუშაობდა.

მეორედ - 1944 წელს, მას შემდეგ, რაც ყირიმელი თათრები „ოკუპანტების ხელშემწყობებად“ გამოცხადდნენ. ტოხტარის ბებიამ ერთადერთ გადარჩენილ შვილთან - ტოხტარის დედინაცვალთან - ერთად შეძლო დამოუკიდებლად გაქცეულიყო უზბეკეთში. ამან გადაარჩინა ისინი, მიაჩნია ტოხტარს.

ალიმის (სახელი შეცვლილია) პაპაც ორჯერ გადაასახლეს ყირიმიდან. პირველად, როცა ის ცხრა წლისა იყო. მაშინ მამამისი - შეძლებული ვაჭარი - „განაკულაკეს“ და ცოლთან და რვა შვილთან ერთად პერმის ოლქში გაგზავნეს.

„მერე ხელისუფლების განკარგულებით 10 წლამდე ასაკის ბავშვებს სამშობლოში დაბრუნების უფლება მისცეს. პაპაჩემის უფროსი დის ქმარმა პატარა ბავშვები ყირიმში ჩამოიყვანა. მათ შორის იყო პაპაჩემიც,“ ჰყვება ალიმი.

მაგრამ 1944 წელს ალიმის პაპას კვლავ მოუწია დეპორტაციამ. ის სხვა მამაკაცებთან ერთად წაიყვანეს აპრილში, მასობრივ დეპორტაციამდე. იმ დროისთვის ის დაქორწინებული იყო. ცოლი ერთი თვის შემდეგ გადაასახლეს ყირიმიდან.

თავიდან ალიმის პაპა რიბინსკის მაღაროებზე გაგზავნეს. ომის შემდეგ წაიყვანეს ტაჯიკეთში სამუშაოდ, შემდეგ კი უზბეკეთში. ის ყველგან ურანის მაღაროებში მუშაობდა, ჰყვება ალიმი: „ეს სულ სპეციალური დასახლებები იყო, კომენდანტის საათით, თავისუფალი გადაადგილება აკრძალული იყო. და მხოლოდ 1947 წელს შეძლო მან თავისი ცოლის პოვნა და კვლავ ერთად ცხოვრება“.

აზალიას (სახელი შეცვლილია) დედაც ორჯერ არის დეპორტირებული. ოჯახი ყირიმიდან პირველად 1932 წელს გადაასახლეს, მას შემდეგ, რაც ისინი „კულაკებად“ გამოაცხადეს. მშობლები ციმბირში გაგზავნეს, აზალიას დედა კი ნათესავებმა დამალეს თავისთან. მისმა ძმამ გაქცევა მოახერხა.

რა ბედი ეწიათ მშობლებს, არავინ უწყის. ბავშვები მათ გარეშე გაიზარდნენ. მათ ბებია და დეიდა უვლიდათ. ოჯახი სიღატაკეში ცხოვრობდა. ზაფხულობით თავს ირჩენდნენ თხილისა და კენკრის გაყიდვით, დანარჩენ დროს დეიდა დამლაგებლად მუშაობდა.

1943 წელს აზალიას დედის ძმა შრომით არმიაში გაიწვიეს, თავად ის და დეიდა კი ურალში წაიყვანეს. დეიდა იქ გარდაიცვალა.

აზალიას დედამ პროფესიული სასწავლებელი დაამთავრა და ქაღალდის ფაბრიკაში დაიწყო მუშაობა. 1946 წელს ძმამ შემთხვევით მიაგნო მას და ის ძმასთან გადავიდა კუიბიშევში (დღეს - სამარა). 1947 წელს კი ძმამ ის უზბეკეთში წაიყვანა ნათესავებთან.

გერმანელების გადასახლება

ანა 32 წლისაა, ის ყაზახეთში ცხოვრობს. ანას ბებია ურალში დაიბადა, უკრაინელისა და გერმანელის ოჯახში და ეთნიკურ გერმანელად ითვლებოდა. 1942 წელს ანას ბებია ოთხი წლის იყო. ის, დედამისი და ორი წლის ძმა მატარებელში ჩასვეს და ყაზახეთში გადაასახლეს. ბებიის მამა ქარხანაში გაგზავნეს ფრონტისთვის მანქანების საწარმოებლად. ანას თქმით, ბებია აღიარებდა, რომ ცუდად ახსოვს, რა ხდებოდა მაშინ მის, ოთხი წლის გოგონას, გარშემო. მაგრამ ის ოჯახის ისტორიას შვილიშვილს მოუყვა თავისი დედის, ანას დიდი ბებიის მონაყოლის მიხედვით.

ოჯახური მოგონებების თანახმად, დეპორტირებულები სტეპში გადმოსხეს ასტანის მახლობლად. „ადგილობრივმა მოსახლეებმა შეიკედლეს. დიდი ბებია და ბებია თავისთან დაასახლა ხნიერმა ქალმა, რომელიც მიწურში ცხოვრობდა. ორი წელი იცხოვრეს ერთად“.

ანას დიდმა ბებიამ ადგილობრივ კოლმეურნეობაში იშოვა სამუშაო. იქ ცხოველებთან ჰქონდა კონტაქტი და ბრუცელოზით დაავადდა. როცა 1944 წელს ანას დიდმა პაპამ ოჯახის პოვნა შეძლო, ბებიის დედა უკვე კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფებოდა. კაცმა მეუღლე და ბავშვები კვლავ ურალში წაიყვანა. ბებიის დედა იქ გარდაიცვალა.

„ვინაიდან დიდ პაპას და ბავშვებს საცხოვრებელი არ გააჩნდათ (მას ქარხანამ საერთო საცხოვრებელში მისცა ადგილი) მან ბებია და მისი ძმა ბავშვთა სახლში ჩააბარა“, ჰყვება ანა. ბავშვების იქიდან გამოყვანა მხოლოდ ომის დასრულების შემდეგ შეძლო, როცა ქარხნიდან გამოუშვეს.

გარკვეული დროის შემდეგ დიდმა პაპამ კვლავ იქორწინა და ბავშვებთან ერთად გადავიდა ახალი ცოლის სამშობლოში - დონეცკის მახლობლად მდებარე სოფელში. იქ ჩაიარა ანას ბებიის ბავშვობამ. მერე ის სასწავლად გაემგზავრა ჩელიაბინსკში, სადაც თავისი მომავალი მეუღლე გაიცნო. ჯერ მასთან ერთად უკრაინაში დაბრუნება სურდა, მაგრამ მერე ერთად შვებულებაში იყვნენ ყაზახეთში და იქ ისე მოეწონათ, რომ დარჩენა გადაწყვიტეს. ანას ბებია დღემდე იქ ცხოვრობს.

იაკუტიელთა ტრაგედია

21 წლის ანასტასიას ბებია და პაპა ცენტრალური იაკუტიიდან ჩრდილოეთ იაკუტიაში გადაასახლეს 1942 წელს. ანასტასიას ბებია მაშინ 13 წლისა იყო, პაპა კი რვა წლის. დეპორტაცია იმით ახსნეს, რომ რესპუბლიკის ზოგიერთ რეგიონში უმოსავლო წელი იყო და უკვე შიმშილობა იყო დაწყებული. იძულებითი გადასახლება ჩატარდა სსრკ სახალხო კომისართა საბჭოს დადგენილებით „ციმბირისა და შორეული აღმოსავლეთის მდინარეების თევზის რეწვის განვითარების შესახებ“.

„მიიღეს გადაწყვეტილება, ხალხი ჩრდილოეთში გადაესახლებინათ, რათა ისინი თევზჭერით დასაქმებულიყვნენ,“ ჰყვება ანასტასია. „დაჭერილი თევზი ფრონტზე უნდა გაეგზავნათ. დეპორტაციის შესახებ სამი დღით ადრე გააფრთხილეს. ხალხმა რამდენიმე დღე იარა პუნქტამდე, საიდანაც ისინი ბორნით უნდა წაეყვანათ. კიდევ ორ კვირას ელოდნენ ამ ხომალდს, მაგრამ თავიდან ყველამ ვერ მოახერხა მასზე მოხვედრა. ნაპირი სრულიად არ იყო საიმისოდ განკუთვნილი, რომ ხალხი იქ დიდხანს დარჩენილიყო. დაიწყო სიცივეები. განუწყვეტლივ კვდებოდა ხალხი, საკვები არ ჰყოფნიდათ. კოცონებს ანთებდნენ, რომ გამთბარიყვნენ, ხეებზე ტანსაცმელს აფენდნენ, ნალექისგან რომ თავი დაეცვათ, ვისაც არაფერი ებადა, ცივ მიწაზე ეძინა“.

მაგრამ ხალხი გემზეც განაგრძობდა კვდომას. ანასტასიას ბებიისა და პაპის მონათხრობით, ყველას არ ასაფლავებდნენ. როგორც წესი, გვამებს უბრალოდ წყალში ყრიდნენ.

ჩრდილოეთ იაკუტიაში დეპორტირებულები ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად დაასახლეს სოფლებში. იქ იცხოვრეს 1947 წლამდე, სანამ შინ დაბრუნების უფლებას მიიღებდნენ.

ასევე ნახეთ კავკასია კავკასიელების გარეშე - 80 წელი კავკასიის ხალხთა დეპორტაციის დაწყებიდან

„ბებია ჰყვებოდა, რომ ჩრდილოეთში ბევრს მუშაობდნენ, თევზს იჭერდნენ, ხელით ქსოვდნენ ბადეებს, ფრონტის ამბებს ადევნებდნენ თვალს,“ ამბობს ანასტასია. მისი სიტყვებით, „ბებიას და პაპას არ უყვარდათ, როცა მათ იბრალებდნენ“ იძულებითი გადასახლებისთვის: „ბებია ყოველთვის ამბობდა: დიახ, მძიმე იყო, მაგრამ ფრონტის საკეთილდღეოდ ვმუშაობდით. ამავე დროს ამბობდა, რომ [დეპორტაცია] ცუდად იყო ორგანიზებული, მეტი დრო იყო საჭირო მოსამზადებლად, რომ ჯობდა ხალხის გადასახლება ზაფხულში, სიცივეების დადგომამდე, მაშინ ნაკლები მსხვერპლი იქნებოდა“.

ანასტასიას ბებია დღემდე მშობლიურ იაკუტიაში ცხოვრობს, ის მალე 95 წლის გახდება.

ყალმუხების გადასახლება

მარია 65 წლისაა. მისი ორივე მშობელი 1943 წელს გადაასახლეს ყალმუხეთიდან ციმბირში. ეს მოხდა ნაცისტური ოკუპაციისგან რესპუბლიკის განთავისუფლებიდან ერთი წლის შემდეგ. დეპორტაციის დროს მარიას მშობლები 10-12 წლისანი იყვნენ.

ყალმუხების გადასახლების ოპერაცია სსრკ შინსახკომმა ჩაატარა კოდური დასახელებით „ულუსები“. შესრულდა სსრკ სახალხო კომისართა საბჭოს 1943 წლის 28 დეკემბრის დადგენილება „ყალმუხების ასსრ-დან ყალმუხების გადასახლების შესახებ“.

„ოკუპაციიდან ერთმა წელმა გაიარა, ნორმალური ცხოვრება ნელ-ნელა იწყებდა აღდგენას, ამ დროს სოფელში სამხედროები გამოჩნდნენ. ხალხს ეგონა, ალბათ ფრონტიდან ბრუნდებიან, დასასვენებლად მიდიანო. იმ დროს სოფლებში მცხოვრები ყალმუხები ხომ რუსულადაც არ ლაპარაკობდნენ,“ ჰყვება მარია. „ჯარისკაცები ყოველ სახლში შედიოდნენ და ბრძანებას უკითხავდნენ ადამიანებს, რომლებსაც მათი არ ესმოდათ. მოიყვანეს ვიღაც, ვინც ყალმუხური ენა იცოდა. ის უხსნიდა, რომ ორი საათის განმავლობაში უნდა მზად ყოფილიყვნენ“.

მარიას ბებიამ დედის მხრიდან ჯარისკაცებს უჩვენა ფრონტზე მყოფი თავისი ვაჟების ფოტოები და წერილები. ისინი ოფიცრები იყვნენ და ამიტომ ჯარისკაცები მის მიმართ ისე აგრესიულად არ იყვნენ განწყობილი. ბავშვებისთვის თბილი ტანსაცმლის შეგროვების უფლებაც კი მისცეს. მოკლე ქურქის წყალობით მარიას დედამ გზაში გადარჩენა შეძლო, ჰყვება მისი ქალიშვილი.

ყალმუხები, მარიას დედის მოგონებების თანახმად, სატვირთო ვაგონებით გადაჰყავდათ. დაახლოებით 15 დღე იყვნენ გზაში. „არ იყო საწოლები, ხალხს არც საჭმელს აძლევდნენ, არც სასმელს. მხოლოდ გაჩერებებზე არიგებდნენ ადუღებულ წყალს. ბევრი გარდაიცვალა,“ ჰყვება მარია. „ვაგონის ბოლოს იატაკში ნახვრეტი გააკეთეს, ტუალეტში რომ ევლოთ. იქვე აგროვებდნენ გარდაცვლილთა გვამებს. საღამოობით ჯარისკაცები მათ მატარებლიდან ყრიდნენ. დედას მონაყოლით, დღის განმავლობაში იმდენი გვამი გროვდებოდა, რომ გადაბიჯება შეუძლებელი იყო“.

ციმბირში მარიას დედა ჯერ ბარაკში დაასახლეს. გაზაფხულზე მიწურების შენებას შედგნენ. 15 წლის ასაკში დედა მარცვლეულის კალოზე სამუშაოდ გაგზავნეს. დეპორტაციის შემდეგ სკოლაში უკვე აღარ უვლია.

„ტანსაცმელიც კი არ ჰქონდა სკოლაში სასიარულოდ,“ შენიშნავს მარია. „ყველანი, ვინც არ სწავლობდა, მიწურებში ისხდნენ და ელოდნენ, როდის დაბრუნდებოდნენ მშობლები სამუშაოდან, რათა ფეხსაცმელები ჩაეცვათ და ტუალეტში გასულიყვნენ. ზაფხულში ფეხშიშველები დადიოდნენ. მაგრამ ეს ხომ ციმბირია. დედა ჰყვებოდა, რომ ზაფხულობითაც საშინლად ეყინებოდათ ფეხები“.

მარიას მამას უფრო გაუღიმა ბედმა. მან ციმბირში შვიდი კლასის დამთავრებაც კი შეძლო.

მარიას მშობლებმა თავიანთი მშობლების გზით გაიცნეს ერთმანეთი. იმხანად ყალმუხებს შორის ჯერ კიდევ იყო გარიგებით ქორწინება. 1953 წელს დაქორწინდნენ და მთელი ცხოვრება ერთად გაატარეს. ქორწილიდან სამი წლის შემდეგ სამშობლოში დაბრუნების უფლება მისცეს. მარია ოჯახში პირველი ბავშვი იყო, რომელიც გადასახლებაში არ დაბადებულა.

ის იხსენებს, რომ როცა პატარა იყო, მშობლები ხშირად ტიროდნენ, როცა ციმბირზე ლაპარაკობდნენ. მათთან ხშირად მოდიოდნენ ადამიანები, რომლებიც გადასახლებაში გაიცნეს.

დეპორტაცია როგორც რეპრესიის მეთოდი საბჭოთა კავშირში

ისტორიკოსი მაირბეკ ვაჩაგაევი აღნიშნავს, რომ საბჭოთა პერიოდში დეპორტაცია მასობრივი რეპრესიების მექანიზმად გამოიყენებოდა. ის იმოწმებს ფრანგ ისტორიკოს სტეფან კურტუას, რომელიც მივიდა დასკვნამდე, რომ საბჭოთა კავშირში 1930-1940-იანი წლების დეპორტაციებს გენოციდის ხასიათი ჰქონდა.

„ხელისუფლებამ გადაწყვიტა, დაესაჯა მოსახლეობის გარკვეული ჯგუფები, რომლებმაც, როგორც მას მიაჩნდა, არ მიიღეს საბჭოთა ხელისუფლება, ან მიიღეს, მაგრამ არასაკმარისად,“ ამბობს ვაჩაგაევი. „ანუ სჯიდნენ ხალხებს, რომლებიც ჯერ კიდევ ცდილობდნენ, წინ აღსდგომოდნენ კრემლის იმ პოლიტიკას, რომელიც საბჭოთა პერიოდში ტარდებოდა ეროვნული რესპუბლიკების მიმართ. ის ხალხები, რომლებმაც ის არ მიიღეს როგორც რაღაც აუცილებელი, გადაასახლეს. და ისინი პოლიტიკურად არასანდო ხალხებად მიიჩნეოდნენ“.

ყველაზე მასობრივი დეპორტაციები ჩატარდა 1940-იან წლებში, ომი დროს. მაირბეკ ვაჩაგაევი აღნიშნავს, რომ საბჭოთა ხელისუფლება ბევრ დეპორტაციას ისე გეგმავდა, რომ ისინი დღესასწაულებს ემთხვეოდა: „ნოემბრის დღესასწაულებზე გადაასახლეს ჩრდილოკავკასიელი ხალხები. 23 თებერვალს გადაასახლეს ჩეჩნები. ინგუშები გადაასახლეს 8 მარტს. მაშინ უკვე რომ ყოფილიყო 9 მაისის დღესასწაული, ალბათ ყირიმელი თათრების გადასახლებას მას მიუსადაგებდნენ“.

ხალხებს ასახლებდნენ იქ, სადაც მუშახელი ესაჭიროებოდათ, ვინაიდან დეპორტირებულები ვალდებული იყვნენ, ემუშავათ. მაგრამ მათ არავინ უხდიდა გასამრჯელოს, ამბობს ისტორიკოსი. ხალხს ძირითადად გზავნიდნენ ყაზახეთში, ყირგიზეთში, ციმბირსა და შორეულ აღმოსავლეთში. „ყველამ ვიცით ლენინგრადის ბლოკადის დროინდელი 125 გრამი პურის შესახებ. მაგრამ რატომღაც არავინ ლაპარაკობს იმაზე, რომ დეპორტირებულებს დღეში მხოლოდ 100 გრამი პურის უფლება ჰქონდათ, ისიც იმათ, ვინც მუშაობდა,“ დასძენს ვაჩაგაევი.

მას მიაჩნია, რომ საბჭოთა ხელისუფლებას დეპორტაციები ხალხის სულის გასატეხად სჭირდებოდა. „მათ სურდათ დაემორჩილებინათ დეპორტირებული ხალხები და აქედან სარგებელი მიეღოთ, ისინი იძულებით მიეჩვიათ იმ აზრისთვის, რომ ხელისუფლებას ყველაფერი ხელეწიფება,“ ამბობს ვაჩაგაევი.

პაველ პოლიანი თავის წიგნში, რომელშიც საუბარია სსრკ-ში იძულებითი მიგრაციების ისტორიისა და გეოგრაფიის შესახებ, წერს, რომ ხალხის წინააღმდეგ არ გამოჰქონდათ ინდივიდუალური განაჩენი. ბრძანებულების ან დადგენილების საფუძველზე ასახლებდნენ მთელს ხალხებს.

„მთლიანობაში იძულებითი მიგრაციის შესწავლის შედეგად ერთობ არაორაზროვნად აღმოვაჩენთ გამაოგნებელ ტენდენციას, რომ საბჭოთა წყობილება სულ უფრო მეტად მიმართავდა რეპრესიებს არა კლასობრივი, არამედ ეთნიკური კრიტერიუმით (აპოგეას მან სტალინის დროს მიაღწია). სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, სახელმწიფო, რომელიც დაუღალავად ქადაგებდა ინტერნაციონალიზმსა და კლასობრივ მიდგომას, პრაქტიკაში მხოლოდ ნაციონალისტური მიზნებისა და მეთოდებისკენ იხრებოდა“, ამბობს პოლიანი. „დასჯილი ხალხების“ წარმომადგენლებს სრულად ასახლებდნენ არა მხოლოდ ისტორიული სამშობლოდან, არამედ სხვა რაიონებიდან და ქალაქებიდანაც, ასევე არმიიდანაც დემობილიზაციას უკეთებდნენ. „სამშობლოსთან ერთად ‘დასჯილ ხალხს’ ართმევდნენ, თუკი მას ის მოეპოვებოდა, ეროვნულ ავტონომიას, ანუ მის შედარებით სახელმწიფოებრიობას”, შენიშნავს პოლინი.