5 მარტს საქართველოს მთავრობამ დეცენტრალიზაციისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ახალი ეროვნული ხედვა წარადგინა. ინიციატივის მიხედვით, სტრატეგია, რომელიც მიმდინარე წლის ბოლოს უნდა იყოს მზად, უზრუნველყოფს ადგილობრივ თვითმმართველობათა გაძლიერებასა და ამ პროცესში საზოგადოების აქტიურ ჩართულობას. ადგილობრივი თვითმმართველობის ახალი ხედვა, ანუ საშუალოვადიანი სტრატეგია, რვა წელიწადზე იქნება გაწერილი.
Your browser doesn’t support HTML5
ის, რომ ხელისუფლებას ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ ახალი ხედვა აქვს, ცნობილია, მაგრამ იმაზე, თუ როგორია ეს ხედვა, 5 მარტს საქართველოს პარლამენტში კონკრეტული ბევრი არაფერი თქმულა. უფრო ზუსტად, საზოგადოებისათვის ცნობილი გახდა, რომ საქართველოს პარლამენტისა და მთავრობის მიერ შემუშავებული დეცენტრალიზაციისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ახალი ეროვნული ხედვა მეტ შესაძლებლობებს ანიჭებს ადგილობრივ ხელისუფლებას როგორც გადაწყვეტილების მიღების, ასევე ფინანსური რესურსების განკარგვის საკითხებში. ახალი ხედვის სამი ძირითადი მიმართულება პარლამენტში შეკრებილ მთავრობის წევრებს, სამოქალაქო საზოგადოებასა და დიპლომატიურ კორპუსს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა წარუდგინა:
„პირველი, ეს არის თვითმმართველობის უფლებამოსილებების გაფართოება. მეორე ის გახლავთ, რომ თვითმმართველობას მეტი ეფექტიანობისთვის უნდა ჰქონდეს მეტი ფინანსური რესურსი. და მესამე, თვითმმართველობა უნდა აკმაყოფილებდეს გამჭვირვალობის და ანგარიშვალდებულების უმაღლეს პრინციპებს. ის უნდა უზრუნველყოფდეს მოქალაქეების ჩართულობას გადაწყვეტილებების მიღების პროცესში, მართვის პროცესში და, რა თქმა უნდა, ამ სამივე ღერძის ერთობლიობა ჩვენ მოგვცემს სრულიად სხვა თვისებრივ შედეგს თვითმმართველობაში“.
ადგილობრივი თვითმმართველობის ახალი ხედვა, ანუ საშუალოვადიანი სტრატეგია, რვა წელზე იქნება გაწერილიო, ამბობს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე და დასძენს, რომ ეს არ იქნება დოკუმენტი დოკუმენტისთვის, ანუ, მისი მტკიცებით, სტრატეგია, რომელზეც ხელისუფლება მუშაობს და რომელიც, სავარაუდოდ, მიმდინარე წლის მიწურულისთვის უნდა იყოს მზად, იქნება ქმედითი დოკუმენტი, კონკრეტული ამოცანებითა და მიზნებით. ზურაბ ალავიძის სიტყვებით, სტრატეგიის მიხედვით, 2025 წლისთვის საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის 7-8 % რეგიონალურ და მუნიციპალურ ბიუჯეტს გადაეცემა. დღეს მუნიციპალური ბიუჯეტისათვის მთლიანი შიდა პროდუქტის 4 %-ია განკუთვნილი. ეს ცვლილება, ზურაბ ალავიძის თქმით, ეტაპობრივად განხორციელდება:
„დინამიკური პროცესი უნდა იყოს. პირველ რიგში, უნდა მოხდეს დაგეგმვა, შემდეგ უნდა მოხდეს შესაძლებლობების, კადრების ზრდა მუნიციპალიტეტებში და, ასევე, კანონმდებლობის ბაზის ჩამოყალიბება და შემდეგ ამას უნდა მოჰყვეს ფულადი რესურსების ზრდა. პირველ ორ ნაწილს თუ ვერ განვახორციელებთ, მაშინ ძალიან გართულდება პროცესი. ფულის პირდაპირ გადაცემა შეუძლებელია. ამიტომ პროცესი არის დინამიკური. ზუსტად ამას გავწერთ სტრატეგიაში“.
უკანასკნელ წლებში განხორციელებული ცვლილებების მიუხედავად, მიუხედავად 2014 წელს მიღებული „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსისა“, დარგის სპეციალისტები რადიო თავისუფლებასთან საუბრისას აქცენტს აკეთებენ იმ ხარვეზებზე, რომლებიც დღეს ადგილობრივ თვითმმართველობებში არსებობს და რომლის გამომწვევი მიზეზებიც არაერთია. მათ შორისაა ფინანსური ნაწილი, იქნება ეს საშემოსავლო გადასახადები, სასოფლო-სამეურნეო მიწები თუ სხვ. ირაკლი მელაშვილი, სპეციალისტი ადგილობრივი თვითმმართველობის საკითხებში, რადიო თავისუფლებასთან საუბარში იმ აუცილებლად გასატარებელ ღონისძიებებზე მიუთითებს, რომლებიც ადგილობრივი თვითმმართველობის ახალ ხედვაში უნდა აისახოს. ირაკლი მელაშვილის სიტყვებით, ადგილობრივ ხელისუფლებას მეტი უფლებამოსილება უნდა მიენიჭოს როგორც გადაწყვეტილების მიღების პროცესში, ისე ფინანსების განკარგვისას:
შეუძლებელია ჩინოვნიკმა იცოდეს, თუ რა პრობლემაა გადასაჭრელი საქართველოს 3 500 დასახლებაში. თუკი ამ საკითხის გაგება გაჩნდა ხელისუფლებაში, მაშინ ბევრად უფრო წინ და სწრაფად წავა თვითმმართველობის რეფორმა...ირაკლი მელაშვილი
„ჩვენ ვერ შევძლებთ შევქმნათ ადამიანებისათვის კარგი საცხოვრებელი სახელმწიფო, თუ ჩვენი სოფლები და ქალაქები არ იქნება კომფორტული მათი ცხოვრებისათვის. და ამ კომფორტის შექმნა უფრო მეტად შეუძლიათ ადგილობრივ ადამიანებს, ვიდრე თბილისელ ჩინოვნიკებს. და არა იმიტომ, რომ თბილისში მყოფი ჩინოვნიკები ცუდი ხალხია, არამედ იმიტომ, რომ შეუძლებელია ჩინოვნიკმა იცოდეს, თუ რა პრობლემაა გადასაჭრელი საქართველოს 3 500 დასახლებაში. თუკი ამ საკითხის გაგება გაჩნდა ხელისუფლებაში, მაშინ ბევრად უფრო წინ და სწრაფად წავა თვითმმართველობის რეფორმა“.
კიდევ ერთი მიმართულება, რომელიც აუცილებლად უნდა მოხვდეს ადგილობრივი თვითმმართველობის ახალ ხედვაში, ირაკლი მელაშვილის აზრით, ეს არის თვითმმართველობებისათვის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების გადაცემის საკითხი. აღსანიშნავია, რომ, “ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის” 162-ე მუხლის თანახმად, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს 2017 წლის 1 იანვრამდე უნდა შეემუშავებინათ მუნიციპალიტეტებისთვის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების გადაცემის ვადების ამსახველი შესაბამისი გრაფიკი და წესი, თუმცა, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ინფორმაციით, ეს ვალდებულება სამინისტროებს დღემდე არ აქვთ შესრულებული, რითაც ერთმნიშვნელოვნად ფერხდება ხელისუფლების დეცენტრალიზაციის პროცესი, რაც გულისხმობს ადგილობრივი თვითმმართველობებისათვის პოლიტიკური, ადმინისტრაციული, ფისკალური და ეკონომიკური რესურსების - მათ შორის, ქონების - გადაცემას. სწორედ პოლიტიკური ნების უქონლობას გულისხმობს, როგორც პრობლემას, “სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრის“ ხელმძღვანელი, კოტე კანდელაკი, როდესაც ადგილობრივი თვითმმართველობის დეცენტრალიზაციის აუცილებლობაზე ლაპარაკობს:
„ამ ეტაპზე ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ გატარდეს ფისკალური დეცენტრალიზაცია, ანუ მეტი რესურსები და ფინანსები გაჩნდეს ადგილებზე. ამაში იგულისხმება როგორც ფინანსები, ისე ქონების გამიჯვნა ცენტრალურ ხელისუფლებასა და ადგილობრივ თვითმმართველობას შორის. ადგილობრივმა თვითმმართველობამ უნდა იგრძნოს, რომ ის არის ამ ქონებისა და ფინანსების განმკარგავი და, აქედან გამომდინარე, მას უნდა მიეცეს სტიმული, რომ ხელი შეუწყოს ადგილობრივ განვითარებას. დღეს არანაირი სტიმული არ გააჩნია თვითმმართველობებს იმისათვის, რომ რაც შეიძლება მეტი იმუშაონ, რომ მეტი შემოსავალი მიიღონ, რადგან, რაც არ უნდა ნაბიჯები გადადგან მათ, მათი შემოსავლები, სამწუხაროდ, არ იზრდება და ეს, პირველ რიგში, საკანონმდებლო ბაზის ხარვეზია“.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ პუბლიკაციის მიხედვით, აღსანიშნავია, რომ საქართველოში არსებული მუნიციპალიტეტების უმრავლესობას, გარდა იშვიათი გამონაკლისისა, არ აქვთ საკმარისი ბიუჯეტი და ისინი, ფინანსური თვალსაზრისით, სხვადასხვა სახის ტრანსფერებზე არიან დამოკიდებულნი. საქართველოს ხელისუფლებას დღემდე არ გადაუდგამს ქმედითი ნაბიჯები მუნიციპალიტეტების ფინანსური დამოუკიდებლობის უზრუნველსაყოფად, თვითმმართველობებს არ მოეპოვებათ საკმარისი ქონება და ეკონომიკური რესურსები.