კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით, საყდრის-ყაჩაღიანის უძველეს ოქროს მაღაროზე მოპოვებითი სამუშაოების დაწყებას აპროტესტებს სპეციალისტებისა და საზოგადოების ერთი ნაწილი, რომლის წარმომადგენლები, აქციების გამართვის გარდა, აპირებენ ასევე სასამართლოში სარჩელის შეტანას. საყდრისის დაცვის მრავალთვიან აქციაში ჩართული აქტივისტები იმედოვნებენ, რომ სათანადოდ დაისჯებიან ის ადამიანები, რომლებმაც სასამართლოს გვერდის ავლით გასცეს მადნის მოპოვების ნებართვა და გაანადგურეს მსოფლიოს კულტურული მემკვიდრეობის მნიშვნელოვანი ობიექტი.
მესამე დღეა, მძლავრი პნევმატური ჩაქუჩებით აღჭურვილი ტექნიკა და რამდენიმე ექსკავატორი ანგრევს საყდრისი-ყაჩაღიანის N1 სალიცენზიო უბანს, სადაც, მეცნიერების მტკიცებით, უძველესი ოქროს მაღარო მდებარეობს, თუმცა, ქართველი და გერმანელი მეცნიერების დასკვნის საწინააღმდეგოდ, კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ, კულტურულ მემკვიდრეობათა დაცვის საბჭოს დასკვნის საფუძველზე, მიიჩნია, რომ საყდრისის მაღარო მხოლოდ და მხოლოდ არქეოლოგიური ობიექტია და არა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი:
„საბჭომ, ფაქტობრივ გარემოებებზე და დოკუმენტურ მასალაზე დაყრდნობით, მიიღო გადაწყვეტილება მოეხსნა ძეგლის სტატუსი, რის საფუძველზეც გამოვეცი ბრძანება, რომლითაც გამოვაცხადე წინამორბედი მინისტრების - გაბაშვილისა და ოდიშარიას - ბრძანებულებები ძალადაკარგულად“.
შესაბამისად, მიხეილ გიორგაძემ 12 დეკემბერს გამოსცა № 03/266 ბრძანება, რომლის საფუძველზეც კომპანია „RMG GOLD”-მა განაახლა სამთო-მოპოვებითი სამუშაოები საყდრის-ყაჩაღიანის N1 სალიცენზიო უბანზე. კომპანიის სამართლებრივი კონსულტანტის არჩილ კბილაშვილის თქმით, გადაწყვეტილება მიღებული იქნა იმის საფუძველზე, რომ მოხდა ობიექტის ნაწილის სრული არქეოლოგიური შესწავლა, დარჩენილ ნაწილზე კი დამატებითი კვლევების ჩატარება შეუძლებელი იყო ობიექტზე არსებული ავარიული მდგომარეობისა და ნგრევის საფრთხის გამო. ამასთან, კბილაშვილის თქმით, ობიექტზე არ იყო მოსალოდნელი თვისებრივად ახალი არტეფაქტების აღმოჩენა:
„არქეოლოგიური ობიექტის რაობა სადავო არ გამხდარა და აღიარებული იქნა, რომ ის ნამდვილად არის არქეოლოგიური ობიექტი, მაგრამ კანონი ითვალისწინებს არქეოლოგიური ობიექტის დაშლის შესაძლებლობას, კერძოდ, მე-13 მუხლი. საამისოდ დადგენილია ორი წინაპირობა: პირველი ის, რომ ობიექტი იყოს სრულად შესწავლილი და გათხრილი; მეორე ის, რომ არ უნდა არსებობდეს საკმარისი საფუძველი ძეგლად აღიარებისათვის“.
არჩილ კბილაშვილის თქმით, ძეგლად აღიარების საკმარისი საფუძვლის არარსებობას ადასტურებს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, რომელსაც „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ წარმომადგენელი სულხან სალაძე სასამართლოს უგულებელყოფაში ამხელს.
„ოთხი საქმე იხილება საყდრისი-ყაჩაღიანთან დაკავშირებით სხვადასხვა სასამართლო ინსტანციაში, მათ შორის, ორი „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ (საია) საქმე. ერთში საია არის წარმომადგენელი. ეს საქმე ეხება მსხვილმასშტაბიანი სამუშაოების თაობაზე გადაწყვეტილების შეჩერებას დროებით და ერთი საქმეა დავით სახვაძისა და „მწვანე ალტერნატივის“ საქმე, რომელიც საყდრისი-ყაჩაღიანისთვის სტატუსის ბათილად ცნობას ეხება. თავის დროზე კულტურის მინისტრის მიერ გამოცემული ბრძანება, რომელზეც „მწვანე ალტერნატივა“ დავობდა, თავად გააუქმა მინისტრმა და 12 დეკემბერს გამოსცა ახალი ბრძანება, რომლითაც კიდევ ერთხელ მოუხსნა სტატუსი საყდრისი-ყაჩაღიანს“.
სასამართლო დავების გამო, საყდრის-ყაჩაღიანის ტერიტორიაზე „RMG GOLD”-ის მიერ სამთო-მოპოვებითი სამუშაოები 2014 წლის მარტიდან იყო შეჩერებული, თუმცა, როგორც ხელოვნებათმცოდნე სოფო კილასონია ამბობს, ვერც სასამართლო გადაწყვეტილებებმა და ვერც მსოფლიო სახელის მქონე მეცნიერების დასკვნებმა, რომ კაზრეთში მიკვლეულია ძველი წელთაღრიცხვის მეოთხე ათასწლეულით დათარიღებული მაღარო და მტკვარ-არაქსის კულტურის მნიშვნელოვანი ობიექტი, ვერ გადაწონეს მთავრობისა და კულტურის სამინისტროს წარმომადგენლების „არგუმენტები“:
„რამდენიმე მილიონის - სწრაფად მოპოვებადი მილიონის - ხათრით, სახელმწიფოს მაღალჩინოსნები გაურიგდნენ „RMG“-ის და ამ გარიგების მთელი იურიდიული სქემა, კანონთა ცვლილებების სქემა ჩვენ გვაქვს სახეზე. ამის გამო დაიწყება, რა თქმა უნდა, სასამართლოში დავა, ამის გამო მოვითხოვთ მათ გათავისუფლებას, მაგრამ აქ ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ სახელმწიფომ შეცვალოს კულტურისა და გარემოს დაცვის პოლიტიკის ხედვა. საყდრისი არის სწორედ ამ ახალი, გამწვავებული კამპანიის დასაწყისი“.
საყდრისის მაღაროს გადარჩენისათვის ბრძოლაში მარცხი იწვნიეს საყდრისის მცველებმა, რომლებიც თვეების განმავლობაში დარაჯობდნენ ბორცვს, რომლის სიღრმეშიც მაღარო მდებარეობდა. გიორგი მიქანაძემ, საყდრისის ერთ-ერთმა მცველმა, ღია წერილით მიმართა მთავრობასა და „ქართული ოცნების“ დამფუძნებელს ბიძინა ივანიშვილს.
„სამწუხაროდ, საყდრისი წააგეთ თქვენც, მეც, თითოეულმა საყდისის მცველმა და თოთოეულმა ქართველმა. ახლა უკვე სამწუხარო ისაა, რომ საყდრისი განადგურებულია და საამაყო ქართული ისტორიის კვალი მსოფლიო ისტორიის ფურცლებიდან, ფაქტობრივად, იშლება!“ - ვკითხულობთ წერილში, რომლის ავტორმა, გიორგი მიქანაძემ, რადიო თავისუფლებას უთხრა:
„ყველაფერი მოხდა ისე, რომ პროცესები ცალსახად მიმართულია ხალხის გაღიზიანებისკენ. ყველაფერი ისე ააწყვეს, რომ პოლიტიკური განცხადებებიც არ დააკლდა ყველა მხრიდან. ერთი სიტყვით, ძალიან ცუდად მიდის საქმე და ყველაზე ცუდი ისაა, რომ ამ პროცესებით ხდება სამოქალაქო აქტივობის ჩაკვლა საქართველოში“.
თუმცა არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი დარწმუნებულია, რომ სამოქალაქო აქტივობა არ ჩაკვდება. „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ იურისტი სულხან სალაძე ამბობს, რომ აუცილებელია ყველა იმ დოკუმენტის გამოთხოვა, რომლის საფუძველზეც კულტურის სამინისტრომ 12 დეკემბერს ბრძანება გამოსცა:
„რეალურად რას ეფუძნება ეს ბრძანება, რა დოკუმენტებია წარდგენილი, ადმინისტრაციული წარმოება როგორ ჩატარდა, რომ შევაფასოთ სამართლებრივად, რა შეგვიძლია გავაკეთოთ - ეს არის ადმინისტრაციულის არჩევა თუ შეიძლება ისეთი დარღვევები იკვეთება, რომ პირდაპირ სამართალდამცავ ორგანოებს მივმართოთ, თუკი საუბარი იქნება სისხლის სამართლის დანაშაულზე, მაგრამ, პირველ რიგში, აუცილებელია ამ დოკუმენტაციის ნახვა“.
საკითხით დაინტერესებულია სახალხო დამცველიც. უჩა ნანუაშვილი კულტურის სამინისტროს მოუწოდებს შექმნას საყდრისის საკითხზე სამუშაო ჯგუფი, რომელშიც ყველა დაინტერესებული მხარე ჩაერთვება.