რას მოიტანს IPRM-ის გალის შეხვედრების აღდგენა

გაეროს ოფისი ჟენევაში

გაჩნდა იმედი, რომ კვლავაც განახლდება გალის შეხვედრების პრაქტიკა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში, რომელსაც ბოიკოტი სოხუმმა 2012 წელს გამოუცხადა. ეს არის ერთადერთი „პრინციპული“ შეთანხმება, რომელსაც ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებათა მონაწილეებმა 35-ე რაუნდის ფარგლებში (23 მარტს) მიაღწიეს. თბილისი ამ გადაწყვეტილებას მიესალმება და უსაფრთხოების ჭრილში განიხილავს. 35-ე რაუნდის სამუშაო ატმოსფეროს „კონსტრუქციული“ უწოდა მოსკოვმა, თუმცა ის დიდ უკმაყოფილება გამოხატავს ნატოსთან საქართველოს დაახლოების პროცესით.მოსკოვი კიდევ ერთხელ აცოცხლებს საქართველოს მხრიდან ტერორისტების ხელშეწყობის თემასაც.

გალის მიმართულებით შეხვედრების პრაქტიკის განახლების შესახებ ჟენევის მოლაპარაკებათა თანათავმჯდომარეები – ევროკავშირის, ეუთოსა და გაეროს წარმომადგენლები - იტყობინებიან პრესკომუნიკეში, რომელიც ოთხშაბათს, დღის ბოლოს, 35-ე რაუნდის დასრულების შემდეგ გამოქვეყნდა:

„შეხვედრის მსვლელობისას მონაწილეებმა მიაღწიეს მნიშვნელოვან შეთანხმებას – გალის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) აღდგენის თაობაზე. ამავე დროს, მონაწილეებმა მაღალი შეფასება მისცეს ინტენსიურ მუშაობას ერგნეთის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) ფარგლებში“.

ჟენევაში მიღწეულ შეთანხმებას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო „ხანგრძლივი კონსულტაციებისა და ძალისხმევის“ შედეგს უწოდებს და მიაჩნია, რომ ოთხწლიანი პაუზის შემდეგ გალის შეხვედრების განახლება უმნიშვნელოვანესიწინგადადგმული ნაბიჯია მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად. საკითხს სწორედ უსაფრთხოების ჭრილში განიხილავს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე:

„ეს არის მექანიზმი, რომელიც ასე თუ ისე უზრუნველყოფს, გარკვეულწილად, სტაბილურობას და იმ უფლებების უზრუნველყოფას, რომელიც ადგილობრივ მოსახლეობას სჭირდება, რათა უზრუნველყოფილ იქნეს მათი დაცულობა... შესაბამისად, ჩვენ ველოდებით, რომ ეს ფორმატი იმუშავებს ეფექტურად, იქნება კონსტრუქციული მონაწილეობა და, შესაბამისად, იქნება მისი რეაგირებაც ეფექტური“.

ერგნეთისგან განსხვავებით, გალის შეხვედრების მექანიზმი უკვე ოთხი წელიწადია შეჩერებულია. ამ მექანიზმზე აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკამ ჯერ კიდევ 2012 წლის აპრილში თქვა უარი და ეს უარი თავდაპირველად უკავშირდებოდაევროკავშირის სამეთვალყურეო მისიის ყოფილ ხელმძღვანელს ანჯეი ტიშკევიჩს, რომელსაც სოხუმი მიკერძოებასა და არაობიექტურობაში ადანაშაულებდა. პოლონელი დიპლომატის ცალკეულ გამონათქვამებზე სოხუმმა იმხანად დიდი განგაში ატეხა და ბოლოს საქმე იქამდეც მივიდა, რომ ანჯეი ტიშკევიჩი „არასასურველ პირად“ გამოაცხადა და გალის შეხვედრებზე თქვა უარი. მართალია, ტიშკევიჩმა ეს პოსტი მალე დატოვა და 2013 წელს ევროკავშირის სამეთვალყურეო მისიას უკვე სხვა ხელმძღვანელი ჰყავდა, მაგრამ გალის შეხვედრების აღდგენა ვერა და ვერ მოხერხდა.

რატომ გადაწყვიტა სოხუმმა სწორედ ახლა დათანხმდეს ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის პრაქტიკის აღდგენას – დღეს ამის ახსნა უძნელდებათ ანალიტიკოსებს, თუმცა მათთვის ცხადია, რომ რუსეთის ხელდასხმის გარეშე სოხუმი ამას დამოუკიდებლად ვერ გადაწყვეტდა. ასე ფიქრობს ატლანტიკური საბჭოს აღმასრულებელი დირექტორი გიორგი მუჩაიძეც და რადიო თავისუფლებასთან საუბრისას იმასაც აღნიშნავს, რომ, ცხინვალის რეგიონის მაგალითის გათვალისწინებით, 23 მარტს ჟენევაში მიღწეულ შეთანხმებას გადამეტებული მოლოდინი არ უნდა დავუკავშიროთ:

„მოდით, ნუ დაგვავიწყდება, რომ ჩვენს მოქალაქეებს ავიწროებენ, იტაცებენ, ურღვევენ ადამიანის უფლებებს, მათ კანონიერ მფლობელობაში არსებულ მიწებს სტაცებენ, უკანონოდ ავლებენ იქ ღობეებსა თუ სხვა სახის ბარიერებს... აქედან გამომდინარე, მათი უფლებები, მათი ყოველდღიური ცხოვრების სიმშვიდე და ნორმალური არსებობა ირღვევა... ასე რომ, განსაკუთრებით ეფექტიანად მე არც სამხრეთ ოსეთის მიმართულებით მოქმედ მექანიზმს (IPRM) შევაფასებდი“.

გალის შეხვედრების პრაქტიკის აღდგენასთან დაკავშირებით განსაკუთრებული სიხარული არ გამოუხატავს მოსკოვს, მაგრამ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ვებსაიტზე გამოქვეყნებულ განცხადებაში ეს ფაქტი ერთ-ერთ ცენტრალურ ადგილს იკავებს. ხაზგასმულია ასევე ის გარემოება, რომ 35-ე რაუნდის სამუშაო ატმოსფერომ მოსკოვზე „კონსტრუქციული“ ატმოსფეროს შთაბეჭდილება დატოვა, თუმცა ვლინდება მრავალმხრივი უკმაყოფილებაც. მაგალითად, რუსეთის საგარეო უწყების ცნობით, აფხაზეთის, რუსეთისა და სამხრეთ ოსეთის წარმომადგენლებმა შეშფოთება გამოხატეს საქართველოსა და ნატოს შორის სამხედრო თანამშრომლობის გაძლიერების გამო. ტექსტში ვკითხულობთ, რომ ძალიან საშიშია ნატოს მხარდაჭერით საქართველოს სამხედრო პოტენციალის გაძლიერება, რადგანაც ამ ქვეყანას კვლავაც ამოძრავებს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის თავის საზღვრებში დაბრუნების სურვილი. აქვე კიდევ ერთხელ ესმება ხაზი საქართველოს მიერ ტერორისტების წვრთნის ხელშეწყობას პანკისის ხეობაში. როგორც ექსპერტმა კავკასიის საკითხებში ალეკო კვახაძემ უთხრა რადიო თავისუფლებას, რუსეთის სვლა ახალი არ არის და, როგორც წესი, საქართველოდან მომავალ „მითიურ საფრთხეებზე“ ლაპარაკით რუსეთი თავისი ნამოქმედარის, მაგალითად, „მცოცავი ანექსიის“ გადაფარვას ცდილობს.

ჟენევის მოლაპარაკებების 35-ე რაუნდზე კვლავაც უშედეგოდ წარიმართა მსჯელობა ძალის არგამოყენების საკითხთან დაკავშირებით. როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებსაიტზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი, მთელი რიგი საფრთხეების გათვალისწინებით, „ქართულმა მხარემ ხაზი გაუსვა რუსეთის მიერ ძალის არგამოყენების ვალდებულების აღებისა და ადგილზე უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნის აუცილებლობას, 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმების იმპლემენტაციის უზრუნველყოფის მიზნით. აღნიშნული დადებითად წაადგება ადგილზე ტრანსპარენტულობის უზრუნველყოფას, ისევე როგორც ნდობისა და უსაფრთხოების მშენებლობის პროცესს“.