რას აშავებს მედია

„მედიაჩეკერის“ მუშაობის შედეგების შეაჯამება

20 იანვარს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ ერთწლიანი პროექტის, „მედიაჩეკერის“, მუშაობის შედეგები შეაჯამა. პროექტის ფარგლებში, მონიტორინგი ჩაუტარდა ქართულ მედიასაშუალებებს. როგორც მედიაჩეკერები ამბობენ, მედიაში სამი ყველაზე სერიოზული დარღვევა შეინიშნება: უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევა, ფარული რეკლამა და, ხელშეკრულების ფარგლებში, ახალი ამბების გაშუქება.

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის აღმასრულებელი დირექტორი ნატა ძველიშვილი ამბობს, რომ „მედიაჩეკერის“ მონიტორები აკვირდებიან მედიასაშუალებებს და ამოწმებენ, რამდენად შეესაბამება გამოქვეყნებული თუ ტრანსლირებული მასალა ჟურნალისტურ სტანდარტებს. მისი თქმით, გამოიკვეთა რამდენიმე ძირითადი დარღვევა. მათ შორის არის ის, რომ ხშირად მედიაორგანიზაცია ხელშეკრულებას დებს ამა თუ იმ უწყებასთან და შემდეგ იძულებულია, ისეთი ნიუსებიც გააშუქოს, რომელიც საზოგადოებისთვის საინტერესო არ არის:

„საჯარო უწყებებს გაფორმებული აქვთ ხელშეკრულება სხვადასხვა სააგენტოებთან, რომლის ფარგლებშიც სააგენტო აქვეყნებს ყველა იმ მასალას, რასაც საჯარო უწყება გაუგზავნის. მაგალითად, როდესაც პარიზის ტერაქტი მოხდა, თანამდებობის პირებმა სამძიმრის წიგნში ჩანაწერები გააკეთეს. რამდენი პირიც მოვიდა და რამდენი ჩანაწერიც გაკეთდა, იმდენი ახალი ამბავი მომზადდა“.

დარღვევები მეტ-ნაკლებად ყველგან არის. ერთი, რაც გამოიკვეთა, ისაა, რომ სიძულვილის ენას უფრო მეტად იყენებენ ბეჭდურ და ონლაინმედიაში, ვიდრე ტელევიზიაში...
სალომე აჩბა

ნატა ძველიშვილის თქმით, კარგია, თუ ამგვარი ხელშეკრულება საერთოდ არ დაიდება, მაგრამ თუ ის მაინც არსებობს, ჯობია საზოგადოებამ იცოდეს, რომ ესა თუ ის ახალი ამბავი ხელშეკრულების ფარგლებში შუქდება.

„მედიაჩეკერის“ რედაქტორი სალომე აჩბა ამბობს, რომ წლის განმავლობაში მონიტორინგისთვის შერჩეული მედიასაშუალებები იცვლებოდა, რათა მონიტორინგს რაც შეიძლება ფართო სპექტრი მოეცვა:

„დარღვევები მეტ-ნაკლებად ყველგან არის. ერთი, რაც გამოიკვეთა, ისაა, რომ სიძულვილის ენას უფრო მეტად იყენებენ ბეჭდურ და ონლაინმედიაში, ვიდრე ტელევიზიაში“.

ნატა ძველიშვილის თქმით, კიდევ ერთი დარღვევა რეკლამას ეხება. მისი თქმით, მაუწყებლობის კანონი გასართობ გადაცემებში სხვადასხვა კომპანიების პროდუქციის განთავსებას არ ეწინააღმდეგება, მაგრამ მას არ უნდა მიენიჭოს დიდი მნიშვნელობა და ასევე მაყურებელს პირდაპირ არ უნდა მოუწოდონ შეძენისკენ.

„მესამე საკითხი უკვე არის კრიმინალური საკითხების გაშუქება, როცა პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა ირღვევა, როცა პირი მოიხსენიება მკვლელად, ამ დროს კი ბრალი ჯერ კიდევ არ არის დამტკიცებული, ან ხდება ისეთი პირადი დეტალების გახმაურება, რომელიც საქმესთან კავშირში არაა, სტერეოტიპული დამოკიდებულება იკვეთება და ასე შემდეგ“...

აი, მაგალითად, რა სიტუაციაა ბალანსის დარღვევისას: იმდენი რამე არის ნათქვამი, იმდენი რესპონდენტი ჰყავთ, რომ თუ მახვილი თვალი არა გაქვს, ვერ დაინახავ, რომ ვინც არის ადრესატი, სწორედ ის არ ჰყავთ ჩაწერილი...
თამარ კარელიძე

პროექტის ერთ-ერთი მონიტორი, თამარ კარელიძე, ამბობს, რომ ძალიან ხშირად ირღვევა ბავშვების უფლებები: მათ შესახებ ინფორმაცია შუქდება ისე, რომ შესაძლებელია ბავშვის იდენტიფიცირება, პირდაპირ სახელით და გვარით თუ არა, სხვა დეტალების მეშვეობით მაინც.

გარდა ამისა, თამარ კარელიძე ლაპარაკობს ბალანსის დარღვევაზეც, როდესაც ამა თუ იმ სტატიასა თუ სიუჟეტში ყველა მხარე არ არის წარმოდგენილი:

„აი, მაგალითად, რა სიტუაციაა ბალანსის დარღვევისას: იმდენი რამე არის ნათქვამი, იმდენი რესპონდენტი ჰყავთ, რომ თუ მახვილი თვალი არა გაქვს, ვერ დაინახავ, რომ ვინც არის ადრესატი, სწორედ ის არ ჰყავთ ჩაწერილი“.

ამ პროექტის ფარგლებში, მონიტორინგთან ერთად, გათვალისწინებულია აღმოჩენილ დარღვევებთან დაკავშირებით კრიტიკული სტატიების მომზადება და ვებგვერდზე განთავსება. პროექტის ფარგლებში შეიქმნა ასევე ჟურნალისტთა დამხმარე სამართლებრივი ბაზა. ვებგვერდს აქვს აგრეთვე ქართული ენის მართლწერის მოდული, რომლის მიზანია მედიაში ქართული ენის სწორად გამოყენების ხელშეწყობა.