15-დღიანი ტყვეობის ამბავი

რამინ გეგია

რამინ გეგია შარშან, ნოემბერში, ოკუპირებულ ქალაქ გალში სამხედრო ფორმაში ჩაცმულმა და შეიარაღებულმა, რუსულ და ქართულ ენებზე მოსაუბრე პირებმა დააკავეს. ის ჯერ გუდაუთის ციხეში მოათავსეს, მოგვიანებით კი კერძო სახლის სარდაფში დაამწყვდიეს. გეგია ამბობს, რომ 15 დღის განმავლობაში ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას იტანდა, მეთექვსმეტე დღეს კი თავს გაქცევით უშველა. მისი ტყვედ აყვანის მიზეზი, როგორც უთხრეს, აფხაზეთის ომში მონაწილეობა და მეომრის სტატუსი იყო.

ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ რეჩხის მკვიდრი 50 წლის რამინ გეგია ახლა ზუგდიდის ყოფილი პოლიტექნიკური კოლეჯის შენობაში ოჯახთან ერთად ცხოვრობს. ის და მისი მეუღლე ცოტა ხნის წინ განცდილი ტყვეობის ამბავს რადიო თავისუფლებას ღიად უყვებიან, რადგან აფხაზეთში დაბრუნებას უკვე აღარ გეგმავენ.

„30 ნოემბერი იყო. გალიდან ნათესავები ჩამოვიდნენ, წავყევით მე და ჩემი მეუღლე იქეთ. ძალიან გვიჭირს. არაფერი არ გვაქვს. გადავწყვიტეთ რაიმე ჩამოგვეტანა. იმ საღამოს მეუღლის სახლში, გალში დავრჩით. დილით, ხუთ საათზე, ფორმიანი და იარაღიანი სამი სამხედრო შემოვარდა. აფხაზები იყვნენ, რუსულად და ქართულად საუბრობდნენ. დამაკავეს. როგორც მე ვიცი, გუდაუთის ციხეში მიმიყვანეს. იქ სამი დღე ვიყავი“, - ამბობს რამინ გეგია, რომლის დაკავების ფაქტს მისი მეუღლე და მეზობლები შეესწრნენ.

რამინ გეგია სამი დღის შემდეგ ციხიდან გუდაუთის რაიონის სოფელ მიუსერაში, მოხუცი ცოლ-ქმრის სახლის სარდაფში, გადაიყვანეს, ფეხზე რკინის ჯაჭვები დაადეს და დანით მკლავები დაუსერეს. როგორც რესპონდენტი ჰყვება, მის „მოსანახულებლად“ ყოველდღე 10-15-კაციანი ჯგუფი დადიოდა. ნაწილს მილიციის, ნაწილს კი სამხედრო ფორმა ეცვა.

„ჯერ 30 ათას მანეთს მთხოვდნენ, შემდეგ 50 ათასამდე გაიზარდა. უნდა გადამეხადა ეს ფული, იმიტომ რომ ვომობდი. იძულებული ვიყავი დამერეკა მეუღლესთან. მან, დრო რომ მოეგო, თავდაპირველად 30 ათასი გამოაგზავნა და შემდეგ 20 ათასი. ეს ფული თხუთმეტ დეკემბრამდე უნდა გადამეხადა. საჭმელ-სასმელს არ მაწვდიდნენ. დანა ჩამარტყეს. მეუბნებოდნენ, ამ ხელიდან ისროდიო? - მირტყამდნენ. ერთხელაც, ეზოში გასეირნებისას, ძაღლის სახლი შევნიშნე, სადაც “პლოსკო” იდო. ის შეუმჩნევლად ავიღე. 2-3 საათი რკინის ჯაჭვს ვჭრიდი და ფანჯრიდან გაპარვა მოვახერხე. ეს 16 დეკემბერს მოხდა“, - ამბობს რამინ გეგია.

მისი მეუღლე, მანანა ხასია, გვიყვება, რომ გამტაცებლებს ორმოცდაათი ათასი რუსული რუბლი გაუგზავნა. ფული მან ნათესავების დახმარებით შეაგროვა.

„დამირეკეს და მითხრეს, ფულს თუ არ იშოვი, მოვკლავთო. ქმარს ტელეფონში აყვირებდნენ. სად გვქონდა ჩვენ ფული. ჩემები ყველა შევაწუხე. ჯერ ოცი ათასი დავაგროვე, შემდეგ ოცდაათი ათასი საპროცენტო ავიღე“, - ამბობს მანანა ხასია.

ტყვეობიდან გაქცევის შემდეგ გეგია ოთხი დღის განმავლობაში ტყით მოდიოდა. მეხუთე დღეს გაგრის რაიონის სოფელ ბზიფში ახალგაზრდა აფხაზი ცოლ-ქმრის ოჯახში მივიდა. სწორედ მათი დახმარებით მოახერხა ზუგდიდში გადმოსვლა.

გამტაცებლებს ამ დრომდე არ დაუბრუნებიათ რამინ გეგიას და მისი მეუღლის პირადი საბუთები, რომლებიც სამხედროებმა 30 ნოემბერს წაიღეს.

ყოფილ მეომარს ტყვეობაში ცემის შედეგად თვალი აქვს დაზიანებული და სამედიცინო ჩარევას საჭიროებს. გეგიები ახლა ოპერაციისთვის საჭირო თანხას აგროვებენ.