„ქართლოსის ხმა“ - სამშვიდობო პოლიტიკა

ქართულ-ოსური რადიოსტუდია

არასამთავრობო ორგანიზაცია „ქართლოსის“ პროექტის ფარგლებში, გორში ქართულ-ოსური რადიოსტუდია შეიქმნა, სადაც მზადდება დისკუსიები ქართულ-ოსურ ურთიერთობებზე, სამოქალაქო დიალოგის ფორმატში განხილულ თემებზე, ჰუმანიტარული მიმართულების პრობლემათა მოგვარებაზე. რადიოდისკუსიას „ქართლოსის ხმა“ ჰქვია. გადაცემა ორ კვირაში ერთხელ იწერება და რადიო „თრიალეთის“ ეთერით გადაიცემა. ეს რადიო სამხრეთ ოსეთის ტერიტორიასაც ფარავს. სტუდიის ჟურნალისტი ცხინვალში ადგილობრივი საზოგადოების, ანალიტიკოსებისა და სპეციალისტების მოსაზრებებს იწერს, რაც შემდეგ დისკუსიის საგანი ხდება. სტუდიაში მოწვეული სტუმრები ძირითადად ნდობის აღდგენისა და სამშვიდობო მიმართულების პროექტების აუცილებლობაზე მსჯელობენ ხოლმე. „ქართლოსის“ ხელმძღვანელი მეგი ბიბილური მიიჩნევს, რომ საქართველოს მედიასივრცეში ეს არის პირველი პროექტი, როცა ერთ გადაცემაში ისმის ქართველი და ოსი სპეციალისტების მოსაზრებები და ურთიერთობათა აღდგენის მათეული ხედვები. ბიბილურის აზრით, ამ გადაცემით როგორც ერთ, ისე მეორე მხარეს მცხოვრები ადამიანები ერთმანეთის შესახებ უფრო მეტს იგებენ.

პირველი დისკუსია ქალთა სამშვიდობო მოძრაობას დაეთმო. ცხინვალშიც და თბილისშიც მიიჩნევენ, რომ სამშვიდობო მიმართულების პროექტებში ქალთა ჩართულობა აუცილებელია. ცხინვალში მოძრაობის ლიდერის ლირა კოზაევას აზრით, მოლაპარაკებების პროცესში უფრო მეტი ახალგაზრდის ჩაბმაა საჭირო. საქართველოში ქალთა მოძრაობის ლიდერი მანანა მებუკე მიიჩნევს, რომ მედიას შეუძლია დიდი როლი შეასრულოს სამშვიდობო პოლიტიკის მიმართულებით და ეს რესურსი საკმარისად არ არის გამოყენებული.

ბოლო დისკუსია მედიის წარმომადგენელთა ურთიერთობებს დაეთმო. სტუდიაში მოწვეული ჟურნალისტები მამუკა ყუფარაძე და ზურაბ დვალი სამშვიდობო ჟურნალისტიკის ჯგუფში ჩართულ კოლეგებზე საუბრობდნენ. აღსანიშნავია, რომ მედიის წარმომადგენლებს ურთიერთობის პრობლემა არა აქვთ და, ჩაკეტილი გზების მიუხედავად, ეს ურთიერთობა სოციალური ქსელების მეშვეობით მაინც გრძელდება. მამუკა ყუფარაძე მიიჩნევს, რომ აუცილებელია როგორც ქართულ, ისე ოსურ მედიასაშუალებებში სტერეოტიპები და სიძულვილის ენა დაიძლიოს, - წინააღმდეგ შემთხვევაში, ჟურნალისტიკა შუღლის გამაღრმავებლად უფრო იქცევა, ვიდრე კონფლიქტის მოგვარების ხელშემწყობად.

დისკუსიაში ცხინვალიდან რადიო „ეხო კავკაზას“ ჟურნალისტი ზარინა სანაკოევა ჩაერთო. მისი აზრით, კონფლიქტის თემებზე მომუშავე ჟურნალისტები საკუთარ საქმეს დიდი პასუხისმგებლობით უნდა მიუდგნენ, რადგან მათი მკითხველები და მსმენელები განსხვავებულ პოზიციებზე დგანან.

პროექტის ფარგლებში, 12 გადაცემის მომზადება იგეგმება. დისკუსიები 2 კვირაში ერთხელ მზადდება. გორში რადიოსტუდია რობერტ ბოშისა და გერმან მარშალის ფონდის პროექტის - „შავი ზღვის კონსორციუმი რეგიონალური თანამშრომლობისთვის“ - ფარგლებში შეიქმნა.