რადიო თავისუფლების რუსული სამსახური მე-60 წლისთავს აღნიშნავს

"რადიო განთავისუფლების" პირველი შტაბბინა მიუნხენის რაიონ ობერვიზეფელდში (1953 წელი).

პარასკევს, 1 მარტს, 60 წელი შეუსრულდა რადიო „თავისუფლების“ რუსულ სამსახურს. ამ დღის აღსანიშნავად საგანგებო ღონისძიებები იმართება მოსკოვსა და ვაშინგტონში. რუსულ ენაზე, ყოფილ საბჭოთა კავშირში მაუწყებლობა რადიო თავისუფლებამ (მაშინ მას „რადიო განთავისუფლება“ ერქვა) 1953 წლის 1 მარტს დაიწყო და თითქმის მაშინვე მოიპოვა მნიშვნელოვანი აუდიტორია - როცა პირველი გადაცემიდან ოთხ დღეში იოსებ სტალინის სიკვდილი გააშუქა. მთელი „ცივი ომის“ განმავლობაში რადიო თავისუფლება და მისი პარტნიორი მაუწყებელი, რადიო თავისუფალი ევროპა ცენზურაგაუვლელ ახალ ამბებს და ინფორმაციას გადასცემდნენ რკინის ფარდის მიღმა და, ამავე დროს, მიკროფონს უთმობდნენ დისიდენტებსა და ოპოზიციურ მოძრაობებს კომუნისტურ ქვეყნებში.

ზუსტად 60 წლის წინათ ჟურნალისტმა სერგეი დუბროვსკიმ საზეიმოდ ამცნო მსმენელს ახალი რადიოსადგურის დაარსება. ახალი რადიოსადგურის მიზანი იყო, კონკურენცია გაეწია კომუნისტური პროპაგანდისთვის და მიუკერძოებელი ინფორმაცია მიეწოდებინა საბჭოთა კავშირის მოქალაქეებისთვის. როგორც თავის პირველ გადაცემაში თქვა სერგეი დუბროვსკიმ, ახალი რადიო მხარს დაუჭერდა „სინდისის სრულ თავისუფლებასა და რელიგიური აღმსარებლობის უფლებას“, ხელს შეუწყობდა „პარტიის ან სახელმწიფოს მიერ ადამიანის ექსპლუატაციისთვის ბოლოს მოღებას“.

რუსული სამსახურის თავდაპირველი ამოსაცნობი მელოდია ემყარებოდა ალექსანდრ გრეჩანინოვის „თავისუფალი რუსეთის ჰიმნს“, რომელიც 1917 წელს, რუსეთში ცარიზმის დამხობის შემდეგ, სახელმწიფო ჰიმნის ერთ-ერთ ვარიანტად განიხილებოდა, მაგრამ უარყოფილ იქნა დროებითი მთავრობის მიერ.

ძნელი სათქმელია, რამდენად აღწევდა რადიოსიგნალი რუსეთის ქალაქებს - გადამცემების სიმძლავრე თავიდან აშკარად არადამაკმაყოფილებელი იყო. თუმცა, მალე აღჭურვილობა გაუმჯობესდა და ახალ რადიოს მსმენელთა რიცხვმაც მატება იწყო.

კევინ კლოსი

წლების მანძილზე საბჭოთა ხელისუფლება დიდ ფულს ხარჯავდა რადიო თავისუფლების სიგნალის ჩახშობაზე, რაზეც უარი მხოლოდ 1988 წელს თქვა. ფართოდ გავრცელებული აზრით, რადიოსადგურმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულა კომუნიზმის რღვევის საქმეში. როგორც რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლების პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი, კევინ კლოსი ამბობს, რუსულ სამსახურს არც დღეს დაუკარგავს მნიშვნელობა: „დღეს ჩვენ პატივს მივაგებთ რადიო თავისუფლების რუსული სამსახურის ძველსა და ამჟამინდელ თანამშრომლებს. პატივს მივაგებთ მილიონობით მსმენელს, რომლებიც ექვსი ათწლეულის განმავლობაში ეძებდნენ და უსმენდნენ თავისუფლების ხმებს, რომლებიც მათ აწვდიდნენ მიუკერძოებელ, დამოუკიდებელ ახალ ამბებს სიმართლის, უფლებებისა თუ კულტურული თავისუფლებების უსასრულო ძიების შესახებ თვით რუსეთში და მთელს მსოფლიოში.“

რუსული სამსახურის დაარსებას სულ მალე მოჰყვა მაშინდელი საბჭოთა კავშირის სხვა რესპუბლიკების ენებზე მომუშავე სამსახურების შექმნა. მათ შორის იყო ქართული სამსახურიც, რომლის პირველი გადაცემა ეთერში 1953 წლის 3 მარტს გადაიცა.

1995 წლამდე რადიოსადგურებს ბინა მიუნხენში ედოთ, შემდეგ კი მათ პრაღაში გადმოინაცვლეს. რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლება ამჟამად რამდენიმე მედია-პლატფორმაზე მოქმედი ორგანიზაციაა, რომელიც ახალ ამბებსა და ინფორმაციას აწვდის ქვეყნებს, სადაც დამოუკიდებელი მედია ან მთავრობის მიერ არის აკრძალული, ან სათანადოდ არ არის განვითარებული.