ახალციხის ციხის გარშემო ხმაური არ ცხრება. ციხის ხელმძღვანელის დანიშვნა, საკადრო პოლიტიკა, მშენებლობის ხარისხი, დაფინანსების საკითხი და ციხის მშენებლობის მეორე ეტაპი – ეს ის საკითხებია, რომლებიც ახალციხეში განხილვის თემად იქცა. ყურადღების ცენტრში ახალციხის ციხე მას შემდეგ მოექცა, როცა ციხიდან თანამშრომელთა ნაწილი გაათავისუფლეს.
,,გაძვირდაო და თან ხალხის შემცირებაც მიდის იმის გამო, რომ თანხას ვერ უხდიან თანამშრომლებსო. ახალციხელებისთვის კი არა, მთელი საქართველოსთვის მნიშვნელოვანია, მაგრამ ჩვენი ნება არ არის“.
,,სისუფთავე არის ციხეზე. როგორც ვიცი, ჯარიმაც არის ნაგვის დაყრაზე“.
,,სურვილიც აღარ მაქვს, რომ შევიდე, იმდენად იძახიან უკვე, რომ გაფუჭდა. თუ რამეს არ მიხედავ, ის ყოველთვის დაინგრევა და დაიმსხვრევა. პატრონი უნდა ჰყავდეს ყველაფერს – რაბათსაც, ქალაქსაც, ციხესაც, სახლსაც და კარსაც. ხალხს უშვებენ, რატომ უშვებენ? ამ უმუშევრობის დროს, ამ უფულობისა და უპურობის დროს შეიძლება ვინმე ქუჩაში გაუშვა?“
თანამშრომელთა ნაწილის სამსახურიდან გათავისუფლება რომ მტკივნეული საკითხია, ეს ქალაქის მერს კარგად ესმის, თუმცა გიორგი კოპაძე იმასაც აღნიშნავს, რომ შტატები ხელოვნურად იყო გაზრდილი და ციხის ყოფილ ხელმძღვანელობას 40-ზე მეტი თანამშრომელი ხელშეკრულებით ჰყავდა აყვანილი, მაშინ როცა, დებულების მიხედვით, მხოლოდ ოთხი მათგანის მიღებაა შესაძლებელი. რაც შეეხება ციხის დათვალიერების გაძვირებას, ქალაქის მერმა განაცხადა, რომ ფასმა მხოლოდ უცხოელი დამთვალიერებლებისთვის მოიმატა.
,,საშტატო განრიგით დაშვებულია მხოლოდ 37 ერთეული, აყვანილი ჰყავდათ 104 კაცი. წყლის სისტემის მოშვებისთვის აყვანილი ჰყავდათ 4 ადამიანი. ეს ნიშნავს, რომ ყველანაირი საკითხი – ფინანსური, სახელფასო, საშტატო და ა.შ. - იყო დარღვეული. წყლის ონკანის მომშვები, რომ შენობაში გაეშვათ წყალი, იყო 4 ადამიანი. ამას თავისუფლად აუვა ერთი ადამიანი. ციხეს არ უვარგოდა მენეჯმენტი. შენობაში ბევრ ადგილას ჩავიდა წყალი. ვფიქრობ, რომ არასწორი მენეჯმენტი იყო “, – აცხადებს გია კოპაძე.
გიორგი კოპაძე ციხის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელს კარგი მუშაობისთვის მადლობას უხდის, თუმცა იმასაც ამატებს, რომ ხელმძღვანელის პოსტზე შესაფერის კანდიდატურას მეექვსე თვეა ეძებს. დაფინანსების გარდა, ახალციხის ციხეში მშენებლობის ხარისხზეც ამახვილებენ ყურადღებას. ციხის ტერიტორიაზე არსებულ შენობაში რამდენიმე ადგილას წყალი ჩამოდის. ციხის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ილია სიდამონიძე განმარტავს, რომ ციხის ერთ კედელთან გრუნტის ხელახალი მოხსნა და მილის შეცვლაცაა საჭირო:
,,ეს კედელი მნიშვნელოვანია იმით, რომ მეცხრე საუკუნისაა. გარდა ამისა, საშიშროებას წარმოადგენს, რომ ჩამონგრევისას ვინმე არ მოიყოლოს. რაღაც შეცდომაა დაშვებული მშენებლობის დროს, გრუნტი არასწორად არის მომზადებული და კოლექტორის მილი, რომელიც მოდის პირდაპირ შესასვლელი კარებიდან, მწყობრიდან არის გამოსული. ამიტომ, ჩვენი ძალებით რაც შეგვეძლო, გავაკეთეთ და გავასწორეთ. მომავალში არის საშიშროება, რომ მილი არ გადაიხსნას შუა ნაწილში და ის ბუნებრივი სისველე, რაც აქვს ამ კედელს, ხელოვნურად არ დავამატოთ“.
2014 წლის დეკემბრიდან „ახალციხის ციხემ“ ხელშეკრულებით აყვანილი თანამშრომლებისა და შტატების შემცირება დაიწყო, ადგილობრივმა ბიუჯეტმა კი ციხეს სუბსიდია შეუმცირა. გიორგი კოპაძის განმარტებით, 2015 წელს ციხეს დაფინანსება, საკრებულოსა და მერიის გადაწყვეტილებით, 200 ათასი ლარით შეუმცირდა:
,,ეს ინიციატივა წამოვიდა თვითონ არასამთავრობო ორგანიზაციებიდან, რომლებიც ესწრებოდნენ და წერილობითაც მოგვმართეს ამის შესახებ. საკრებულოზე ინიციატივა დააყენა, ერთი ოპოზიციური ფრაქციაა ჩვენთან, „ნაციონალურმა მოძრაობამ“: რა ამბავია 450 ათასი ლარიო. სხვათა შორის, არც ჩვენს დეპუტატებს უთქვამთ უარი. ჩვენი ფრაქციაც დაეთანხმა. 900-ათასიანი ბიუჯეტიდან 800 ლარია რეკლამაზე გაწერილი და 15 ათასი -სხვადასხვაზე. ეს მათქმევინებს, რომ არასწორი მენეჯმენტია“.
ქალაქის მერის განცხადებას არ ეთანხმება ახალციხის „ნაციონალური მოძრაობის“ პარტიის თავმჯდომარე გელა დემატრაძე:
,,რაც შეეხება ციხის დაფინანსების შემცირებაზე საკითხს, ჩვენ მსგავსი საკითხი არ დაგვიყენებია. ჩვენმა ფრაქციამ მოითხოვა საკრებულოს სხდომას დასწრებოდა ყველა იმ ორგანიზაციის ხელმძღვანელი, რომელიც მერიის მიერ არის დაფუძნებული, და განემარტათ ის ხარჯები, რაც მათ მოთხოვნილი ჰქონდათ, მაგრამ ჩვენი ფრაქციის ეს მოთხოვნა - და არამარტო ეს მოთხოვნა - საკრებულოს სხდომაზე საერთოდ არ გადის და ძალიან მიკვირს რატომ დაგვაბრალეს ეს. ჩვენ საერთოდ 2015 წლის ბიუჯეტისთვისაც არ დაგვიჭერია მხარი და როგორ დაუჭერდით იმას მხარს, რომ ახალციხის ციხეს, სადაც ჩვენი სული და გული დევს, ჩვენი ჯანმრთელობა დევს, მხარი დაგვეჭირა ჩვენ მისი რამე ხელის შემშლელისთვის’’.
ქალაქის მერის განმარტებით, ციხეში აღნიშნული ღონისძიებების გატარება მტკივნეული, მაგრამ აუცილებელი იყო, რადგან ბიუჯეტის შემცირების შემდეგ ციხის ადმინისტრაციამ ფიქრი მენეჯმენტის გაუმჯობესებაზე დაიწყო.