რა თამაშს თამაშობს ალექსანდრ ლუკაშენკო

ალექსანდრ ლუკაშენკო

ავტორი: რობ კოლსონი

ბელორუსიის პრეზიდენტი თავდაპირველად აკრიტიკებდა იმ მოსკოველ მოხელეებს, რომლებიც მის ქვეყანას რუსეთის „ჩრდილო-დასავლეთ პროვინციად“ მიიჩნევდნენ. შემდეგ ლუკაშენკომ კატეგორიულად განაცხადა, „ჩვენ ვიყავით და ყოველთვის ვიქნებით რუსეთთან ერთადო“. უკრაინაში მიმდინარე საომარმა მოქმედებებმა კი წარმოაჩინა, რომ ბელორუსიის ლიდერი სულ უფრო მეტად ცდილობს დასავლეთის გულის მოგებას, თუმცა არც ტრადიციულ ავტოკრატიულ პოლიტიკასა და მოსკოვთან სტრატეგიულ მოკავშირეობაზე ამბობს უარს.

ბრძოლა საბელის სიგრძისათვის

იმ დროს, როდესაც დასავლეთთან ურთიერთობა დღითი დღე უარესდება, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინისათვის საერთაშორისო პრესტიჟის საკითხად იქცა 9 მაისის გამარჯვების დღე, რომლის 70-ე წლისთავსაც მოსკოვი დიდი სამხედრო აღლუმით აღნიშნავს.

მაგრამ იმ დროს, როდესაც ვლადიმირ პუტინი აღლუმის ტრიბუნაზე მისასალმებელი სიტყვის წარმოთქმას დააპირებს, მოსკოვში არ იქნება რუსეთის მთავარი მოკავშირე, აღმოსავლეთევროპელი ავტოკრატი ალექსანდრ ლუკაშენკო. მის ამ საქციელს „შეუფერებელს“ უწოდებენ რუსი კონსერვატორები, რომლებიც ბელორუსიას „რუსული სამყაროს განუყოფელ ნაწილად“ მიიჩნევენ.

უკრაინის კრიზისმა და განხეთქილებამ მოსკოვსა და დასავლეთს შორის ლუკაშენკოს მისცა ერთგვარი ბერკეტი კრემლთან ურთიერთობაში ახალი მიმართულების არჩევისა. თანაც, დასავლეთის ეკონომიკური სანქციების გამო რუსეთი აღმოჩნდა ვითარებაში, როდესაც აღარ ძალუძს ბელორუსიის უხვად დაფინანსება, რაც ნიშნავს, რომ ლუკაშენკოს, რომელიც ნოემბერში მომდევნო საპრეზიდენტო არჩევნებისათვის ემზადება, ახალი არგუმენტები სჭირდება ამომრჩევლებზე ზემოქმედებისათვის.

ახლა, როდესაც რუსეთი მართლაც დასუსტდა, ლუკაშენკოსათვის მოსკოვის მიერ აღიარება უკვე აღარ არის საკმარისი. მას სჭირდება გარკვეული ლეგიტიმაცია დასავლეთის მხრიდან...
ანდრეი სუზდალცევი

რუსეთის ორბიტაზე დასარჩენად ალექსანდრ ლუკაშენკო განაგრძობს ათწლეულების განმავლობაში ჩამოყალიბებული პოლიტიკური გზით სიარულს, მაგრამ იმისათვის, რომ თავიდან აიცილოს მთლიანად რუსეთის გრავიტაციის ველში ყოფნა, ბელორუსიის ლიდერი დროგამოშვებით დამოუკიდებელი პოზიციის გამოხატვასაც არ ერიდება და ცდილობს ისე განავითაროს ურთიერთობა დასავლეთთან, რომ მის პირად ძალაუფლებას საფრთხე არ შეექმნას.

„რაც შეეხება ლუკაშენკო-პუტინის ურთიერთობას, ყველაფერი, ჩემი აზრით, მარტივ ფორმულამდე დაიყვანება: ბრძოლა მიმდინარეობს საბელის სიგრძისათვის. ლუკაშენკო იყო, არის და უახლოეს მომავალშიც დარჩება გამობმული კრემლის საბელზე. ერთადერთი, ის ახლა ცდილობს, რომ ეს საბელი იყოს უფრო გრძელი, პუტინს კი ამ საბელის დამოკლება სურს“, - ამბობს ბელორუსიის ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი ანატოლი ლებედკო.

ბელორუსიის პრეზიდენტი ჭირის ოფლს იწმენდდა, როდესაც გასული წლის ბოლოს ქვეყნისადმი ყოველწლიურ მიმართვაში, რუსეთთან სამარადისო კავშირის შესახებ რომ ლაპარაკობდა, ვლადიმირ პუტინს მათ შორის დადებული პირობა შეახსენა:

„ჩვენ თქვენი ძმები ვართ! ჩვენ ყოველთვის ვიყავით ერთად და მომავალშიც ერთად ვიქნებით. მაგრამ ნება გვიბოძეთ ვიქონიოთ საკუთარი თვალსაზრისი, საკუთარი შეხედულება სამყაროზე. ჩვენ ძალიან იშვიათად ვსაუბრობთ მათზე საჯაროდ. რუსეთის პრეზიდენტთან მოვილაპარაკეთ, რომ არ ვისაუბრებდით საჯაროდ ჩვენს ურთიერთობებზე და ამ კურსს ჩვენ მკაცრად ვიცავთ“.

მოგვიანებით ალექსანდრ ლუკაშენკომ მაინც გაამჟღავნა საკუთარი შეხედულება.

ბელორუსიის პრეზიდენტი ცოტა ხნის წინ საქართველოს ესტუმრა, სადაც მხარი დაუჭირა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, მიუხედავად იმისა, რომ მოსკოვს აღიარებული აქვს სეპარატისტული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა. როგორც ზემოთ ითქვა, ლუკაშენკომ უარი მოხერხებულად თქვა 9 მაისს მოსკოვში ჩასვლაზე, რადგან ბელორუსიის პრეზიდენტი გამარჯვების დღეს, ტრადიციულად, მინსკში აღნიშნავს. ლუკაშენკო ასევე უხმაუროდ ატარებს ბელორუსული ენისა და კულტურის მხარდაჭერის პოლიტიკას და მოსახლეობაში რუსეთისგან დამოუკიდებელი ეროვნული იდენტობის გრძნობის გაღვივებას უწყობს ხელს.

პოლიტიკური თამაში დასავლეთისა და რუსეთის წინააღმდეგობებზე

უკრაინის კრიზისმა კი ალექსანდრ ლუკაშენკოს მისცა შანსი რუსეთსა და დასავლეთს შორის ხიდი გამხდარიყო. ევროკავშირმა ბელორუსიის ლიდერს მადლობაც გადაუხადა აღმოსავლეთ უკრაინაში კონფლიქტის მოწესრიგების , ე.წ. მინსკის შეხვედრების რეგულარული მასპინძლობისათვის. ამისთვის ლუკაშენკოს მადლიერია რუსეთიც, რომელსაც არ ეგულება სხვა ალტერნატიული ადგილი, სადაც პრორუსულად განწყობილი დონბასელი სეპარატისტების მიღებას ისურვებდნენ.

და მაშინ, როდესაც რუსეთის საერთაშორისო პოზიცია სუსტდება და მოსკოვს აღარ შესწევს უნარი ფინანსური დახმარება გაუწიოს ბელორუსს, ლუკაშენკო მადლიერი უნდა იყოს ბედისა, რომ მიეცა შესაძლებლობა განამტკიცოს ლეგიტიმური ძალაუფლება და მოემზადოს მეხუთე ვადით საპრეზიდენტო არჩევნებში ბრძოლისთვის, - ამბობს მოსკოვის უმაღლესი ეკონომიკური სკოლის პოლიტიკის ანალიტიკოსი ანდრეი სუზდალცევი:

„უკრაინის ფაქტორი ლუკაშენკოს სასარგებლოდ მუშაობს, მაგრამ აქ არსებობს პრობლემა. თუ ადრე ლუკაშენკოს სავსებით აკმაყოფილებდა აღიარება რუსეთის, როგორც პოსტსაბჭოთა სივრცის დომინანტი ქვეყნის მიერ, რომელიც სხვადასხვა, მათ შორის, ყველაზე სისხლიანი რეჟიმების ლეგიტიმაციას ახდენდა, ახლა, როდესაც რუსეთი მართლაც დასუსტდა, ლუკაშენკოსათვის მოსკოვის მიერ აღიარება უკვე აღარ არის საკმარისი. მას სჭირდება გარკვეული ლეგიტიმაცია დასავლეთის მხრიდან“.

მისი ერთადერთი მოკავშირე, რომელიც ეზიზღება, რომლისაც ეშინია, რომელიც არ უყვარს, რომელსაც უღალატებს და რომელსაც ჩაებღაუჭება, როგორც მაშველ წრეს,ეს კრემლის მმართველები არიან...
ალექსანდრ ფედუტა

რა თქმა უნდა, ბელორუსიის ურთიერთობა დასავლეთთან იდეალურისაგან ძალიან შორსაა. ბელორუსიის მიმართ ჯერ კიდევ მოქმედებს სანქციები, რომელიც ლუკაშენკოს რეჟიმს პოლიტიკური ოპონენტების მიმართ 2010 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდგომ განხორციელებული რეპრესიებისათვის დაუწესეს. ამ რეპრესიებისას ბელორუსიის ხელისუფლებამ განუკითხავად დააპატიმრა იმ პოლიტიკოსთა უმრავლესობა, რომლებიც საპრეზიდენტო არჩევნებში ლუკაშენკოს უპირისპირდებოდნენ. ასევე, ნაცვლად იმისა, რომ სტრუქტურული რეფორმები გაეტარებინა, ლუკაშენკომ პოპულისტური მიზნით დახარჯა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ 2010 წელს გამოყოფილი 3,5 მილიარდი დოლარის მოცულობის სესხი, რითაც საშუალო ხელფასი ქვეყანაში თვეში 500 დოლარამდე გაზარდა. ამიტომ ბელორუსიას შემდგომში აღარ უნდა ჰქონდეს საერთაშორისო საფინანსო დახმარების იმედი. დაბოლოს, ბელორუსი, მართალია, დუნედ, მაგრამ მაინც მონაწილეობს ევროკავშირის „აღმოსავლეთის პარტნიორობის“ პროგრამაში. ამიტომ ლუკაშენკომ შეიძლება მიაღწიოს დასავლეთისაგან ლეგიტიმაციას, თუ ევროკავშირი მინსკს სავიზო შეთანხმების ხელმოწერას დაჰპირდება ანდა მიიწვევს ალექსანდრ ლუკაშენკოს ევროკავშირის „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტზე, რომელიც მომავალ თვეში რიგაში გაიმართება.

თუმცა მოვლენათა ასეთ განვითარებაზე საკუთარი შეხედულება აქვს ოპოზიციური „ბელორუსიის სამოქალაქო პარტიის“ ლიდერს ალექსანდრ ფედუტას, რომელიც დარწმუნებულია, რომ სამიტზე ჩასვლას ლუკაშენკო ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნების წინ საკუთარი მოსახლეობის თვალში იმიჯის გასაძლიერებლად გამოიყენებს და არავითარ შემთხვევაში არ შეეცდება პუტინთან ურთიერთობის გაწყვეტას ანდა ანტირუსული, კრემლის საწინააღმდეგო პოლიტიკის გატარებას:

“მისი [ლუკაშენკოს] ერთადერთი მოკავშირე, რომელიც ეზიზღება, რომლისაც ეშინია, რომელიც არ უყვარს, რომელსაც უღალატებს და რომელსაც ჩაებღაუჭება, როგორც მაშველ წრეს,ეს კრემლის მმართველები არიან“.

ის, რომ ბელორუსიის ლიდერი თამაშობს დასავლეთისა და რუსეთის წინააღმდეგობაზე და არ აპირებს ავტორიტარულ მმართველობაზე უარის თქმას, სულ ახალი ფაქტებით მტკიცდება. მაისის დასაწყისში მინსკში ახალი სასამართლო პროცესი დაიწყო 2010 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ოპოზიციონერი კანდიდატის ნიკოლაი სტატკევიჩის წინააღმდეგ. 211 წელს სტატკევიჩს სასამართლომ ექვსი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, სადავოდქცეული საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ „მასობრივი არეულობის ორგანიზების“ ბრალდებით. ნიკოლაი სტატკევიჩის პატიმრობის ვადა შესაძლოა გაიზარდოს, თუ სასამართლო მას ახალ ბრალდებას - საპატიმრო წესების დარღვევას -დაუმტკიცებს. პოლიტიკური ოპონენტებისა და სამოქალაქო სექტორის წინააღმდეგ არჩევნების შემდეგ განხორციელებული რეპრესიებისათვის ბელორუსიის ხელისუფლება დღემდე დასავლეთის სანქციების ქვეშ იმყოფება.