რა სურთ ქართველ მუსლიმებს? - საქართველოში რამაზან ბაირამი აღინიშნა

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს მუსლიმთა თემს იფთარზე უმასპინძლა

17 ივლისს საქართველოში მცხოვრებ მუსლიმთა თემმა, დანარჩენ მაჰმადიანურ სამყაროსთან ერთად, რამაზან ბაირამის დღესასწაული აღნიშნა. ბათუმში მცხოვრებმა მუსლიმებმა ბათუმის მეჩეთში რამაზან ბაირამის ლოცვა დილიდანვე აღასრულეს. მეჩეთში მორწმუნეები ვერ დაეტივნენ, ამიტომ ადგილობრივი მუსლიმების ნაწილმა მიმდებარე ქუჩაზე, ღია ცის ქვეშ, ილოცა. საქართველოს მაჰმადიან მოსახლეობას რამაზან ბაირამის დღესასწაული - წმინდა თვის, რამადანის, დასრულება - საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმაც მიულოცა და თქვა, რომ საქართველოში მცხოვრები მუსლიმები არა მხოლოდ საქართველოს განუყოფელი ნაწილია, არამედ „ხიდი ისლამურ სამყაროსთან“.

„ჩემო ძმებო, ჩვენ გვაქვს განსხვავებული სარწმუნოება, მაგრამ სწორედ ეს განსხვავებულობა და ჩვენი ძმობა არის ჩვენი ქვეყნის სიმდიდრე, ამის გარეშე საქართველოს არსებობა წარმოუდგენელია. საქართველოში მცხოვრები მუსლიმები არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნის განუყოფელი ნაწილია, არამედ თქვენ ხართ ხიდი მთელ ისლამურ სამყაროსთან, რაც დღევანდელი გლობალიზაციის პირობებში განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს“, - ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა რამაზან ბაირამის დამდეგს, 16 ივლისს, გამართულ მიღებაზე მუსლიმ თემს და დღესასწაული მიულოცა.

მისი სიტყვებით, საქართველო გამორჩეულია რელიგიური შემწყნარებლობით და ტოლერანტობით და საქართველოს სახელმწიფო პოლიტიკა რელიგიურ საკითხებთან დაკავშირებით საზოგადოებაში რელიგიის თავისუფლებისა და ტოლერანტობის, როგორც ფუნდამენტური ღირებულების, აღიარებას და მის პატივისცემას ემსახურება.

მთავრობის დადგენილებით, მუსლიმი, ებრაული, კათოლიკური და სომხური თემი სახელმწიფოსგან დაფინანსდა. მუსლიმ თემს სახელმწიფო ბალანსზე არსებული 66 მეჩეთი უკვე გადაეცა. სულ რამდენიმე თვის წინ ბათუმში დასავლეთ საქართველოს სამუფთოს გადავეცით შენობა მედრესისთვის და სამუფთო რეზიდენციისათვის...
ზაზა ვაშაყმაძე

რელიგიური თავისუფლებისა და შემწყნარებლობის მხრივ არსებული ვითარება მისაბაძად მიაჩნია რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ხელმძღვანელს, ზაზა ვაშაყმაძესაც. მისი თქმით, რელიგიური თავისუფლება საქართველოში კანონითაა დაცული და ხელისუფლება არ დაუშვებს რელიგიური შუღლის გაღვივებას. პრემიერთან გამართულ მიღებაზე ზაზა ვაშაყმაძემ ხელისუფლების პოლიტიკასა და ბოლო დროს გადადგმულ ნაბიჯებზე ილაპარაკა. მუსლიმი თემის პრობლემებზე მას არ უსაუბრია:

„მთავრობის დადგენილებით, მუსლიმი, ებრაული, კათოლიკური და სომხური თემი სახელმწიფოსგან დაფინანსდა. მუსლიმ თემს სახელმწიფო ბალანსზე არსებული 66 მეჩეთი უკვე გადაეცა. სულ რამდენიმე თვის წინ ბათუმში დასავლეთ საქართველოს სამუფთოს გადავეცით შენობა მედრესისთვის და სამუფთო რეზიდენციისათვის. ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ სულ ახლახან გამოქვეყნდა ამერიკის შეერთებული შტატების ფედერალური კომისიის დასკვნა მსოფლიოში არსებული რელიგიის თავისუფლების შესახებ და საქართველო არის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ქვეყანა პოსტსაბჭოთა სივრცეში, ახლო აღმოსავლეთსა და შუა აზიაში“.

მადლობებით შემოიფარგლა დასავლეთ საქართველოს მუფთი ბეგლარ ქამაშიძეც. სრულიად საქართველოს შეიხმა რამინ იგიდოვმა კი იმედი გამოთქვა, რომ საქართველოში სხვა რელიგიის წარმომადგენლების მიმართ შემწყნარებლობა უფრო გაძლიერდება.

სამაგიეროდ, დასავლეთ საქართველოს მუფთის მიმართ ბათუმში მეჩეთის მშენებლობის საკითხზე კრიტიკას არ მორიდებია "ქართველ მუსლიმთა კავშირის" ხელმძღვანელი ტარიელ ნაკაიძე. "მუსლიმებს სჭირდებათ მეჩეთი და არა რეზიდენცია და მედრესე", - განაცხადა მან.

„სახელმწიფომ მის მიერ შექმნილ მუსლიმთა სამმართველოს მეჩეთის აშენებაზე უარი ათქმევინა, საზოგადოება კი ითხოვს მეჩეთს და ბათუმში მეჩეთის აშენება აუცილებელია. ეს არის გარდაუვალი და ეს არის საქართველოს დემოკრატიის სასწორი. ეს არ არის ვინმეს ახირება, ეს არის ხალხის სურვილი“, - - აღნიშნა ტარიელ ნაკაიძემ.

ჩვენ ვხედავდით სახელმწიფოს უსუსურობას და არაეფექტურ მუშაობას დაეცვა სეკულარული სახელმწიფოს პრინციპი და დაეცვა მუსლიმი თემის უფლებები. და ჩვენ ვხედავთ იმასაც, რომ ამ დრომდე არ გადაწყვეტილა პრობლემები არც სამთაწყაროში, ქობულეთის პანსიონატი კვლავაც გამოკეტილია და იქ ადგილობრივი ქრისტიანების დე ფაქტო კონტროლია დამყარებული...
თამთა მიქელაძე

17 ივლისს, ბაირამის ლოცვის დასრულების შემდეგ, მუფთმა ბეგლარ ქამაშიძემ განმარტა, რომ თუ საჭიროება მოითხოვს, მეჩეთი შესაძლოა გაფართოვდეს, ხოლო თუ გაფართოებულ მეჩეთში ხალხი ისევ არ დაეტევა, მისი თქმით, სახელმწიფოს გვერდში დგომით, მეჩეთიც აშენდება და მედრესეც. აჭარის მთავრობის თავმჯდომარის არჩილ ხაბაძის განცხადებით კი,ბათუმის მეჩეთი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია და მისი გაფართოებისთვის დეტალური დაპროექტებაა საჭირო.

როგორ აფასებს ქვეყანაში რელიგიის თავისუფლების მხრივ არსებულ ვითარებას და, კონკრეტულად, მუსლიმთა თემის უფლებრივ მდგომარეობას არასამთავრობო სექტორი? ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა პროგრამის დირექტორი თამთა მიქელაძე პრემიერის განცხადებებს ქვეყანაში არსებული იდეალური ტოლერანტული გარემოს თაობაზე რეალობის გაყალბების მცდელობად მიიჩნევს. მისი შეფასებით, ბოლო პერიოდში რელიგიის თავისუფლების კუთხით არსებული ვითარება ქვეყანაში საგრძნობლად გაუარესებულია. ამას მოწმობს რელიგიური ძალადობისა და შეუწყნარებლობის არაერთი შემთხვევა, მათ შორის ექვსი სწორედ მუსლიმი თემისკენ მიმართული:

„ჩვენ ვხედავდით სახელმწიფოს უსუსურობას და არაეფექტურ მუშაობას დაეცვა სეკულარული სახელმწიფოს პრინციპი და დაეცვა მუსლიმი თემის უფლებები. და ჩვენ ვხედავთ იმასაც, რომ ამ დრომდე არ გადაწყვეტილა პრობლემები არც სამთაწყაროში, ქობულეთის პანსიონატი კვლავაც გამოკეტილია და იქ ადგილობრივი ქრისტიანების დე ფაქტო კონტროლია დამყარებული. არ გადაწყვეტილა არც მოხის საკულტო ნაგებობის პრობლემა სწორედ რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს შექმნით, რომელიც ცდილობს რელიგიურ ორგანიზაციებთან, მათ შორის, სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ სამუფთო სამმართველოსთან ილუზორული ურთიერთობების შექმნით აჩვენოს, რომ ყველაფერი კარგადაა“.

თამთა მიქელაძის განცხადებით, მუსლიმი თემის შემთხვევაში რელიგიური თავისუფლების შეზღუდვის ექვსი შემთხვევიდან არც ერთი საქმე ბოლომდე გამოძიებული არ არის. არავინ დასჯილა. მუსლიმ თემთან გაჩენილი პრობლემების გადაწყვეტა სახელმწიფომ, თამთა მიქელაძისავე შეფასებით, პოლიტიკური გზებით სცადა, რაც მათ დაფინანსებაში გამოიხატა. ამ ფონზე კი სამუფთო სამმართველო, რომელიც სახელმწიფოს ფულით ფინანსდება, მწვავე განცხადებებს ერიდება:

„სწორედ ამ დაფინანსების და რელიგიური ორგანიზაციის კონტროლის პირობებში, სახელმწიფომ მოახერხა მუსლიმი თემისთის უარი ეთქმევინებინა ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობაზე, რადგან არსებულ მეჩეთში - განსაკუთრებით დღესასწაულებსა და პარასკევის ლოცვაზე - ხალხი, უბრალოდ, ვერ ეტევა და ვერ ლოცულობს. სახელმწიფომ კი 2014 წლის ნოემბერში ახალი მეჩეთის ალტერნატივად, სამუფთო სამმართველოს დხმარებით, რომელსაც ის ხელფასს უხდის, რეზიდენციის და მედრესის მშენებლობა მოათხოვინა“.

თამთა მიქელაძე აცხადებს, რომ ქართველ მუსლიმებს, როგორც საქართველოს მოქალაქეებს, სრული უფლება აქვთ იცხოვრონ თანასწორ გარემოში და მოითხოვონ საკუთარი უფლებების დაცვა. ამ უფლებებზე უარის თქმას კი ვერც სამუფთო სამმართველოს კონტროლით და ვერც სხვა გზებით მათ სახელმწიფო ვერ აიძულებს. თამთა მიქელაძე ამბობს, რომ თუ მუსლიმ თემს საკუთარი იდენტობის გამოხატვის, არსებობისა და განვითარებისთვის საჭირო სოციალური და პოლიტიკური გარემო არ შეექმნებათ, ეს მათი გაუცხოების პროცესს კიდევ უფრო დააჩქარებს.