საქართველოს ხელისუფლება ირწმუნება, რომ ყველაფერს აკეთებს საქართველოს მოქალაქის, უკრაინაში დაკავებული გია ცერცვაძის, რუსეთში ექსტრადირების შესაჩერებლად. კონკრეტულ პროცედურებსა და გეგმაზე ლაპარაკობს საქართველოს პროკურატურაც. ვიცე-პოლკოვნიკი გიორგი (გია) ცერცვაძე, რომელსაც სამხედრო გამოცდილება აქვს რუსეთის შეიარაღებული აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში, რუსეთის მოთხოვნით, ინტერპოლის წითელი ცირკულარით იძებნებოდა რუსეთში წლების წინ მომხდარი დანაშაულის გამო. ოპოზიცია ხელისუფლებას საქართველოს მოქალაქის შეგნებულ გაწირვაში სდებს ბრალს და არგუმენტად იმ ფაქტს ასახელებს, რომ უკრაინისკენ მიმავალმა გია ცერცვაძემ უპრობლემოდ გადალახა საქართველოს საზღვარი. როგორ უნდა მოქცეულიყო საქართველოს სახელმწიფო და რა შეკითხვები ჩნდება ამ ფონზე?
Your browser doesn’t support HTML5
გავრცელებული ინფორმაციით, 47 წლის ვიცე-პოლკოვნიკი გია ცერცვაძე რუსეთის სამართალდამცველი ორგანოების მიერ 2003 წლიდან მკვლელობასთან დაკავშირებული დანაშაულის გამო იძებნებოდა, ხოლო ინტერპოლის არხებით მასზე საერთაშორისო ძებნა 2016 წლის დეკემბერში გამოცხადდა, კიევში მისი დაკავებაც სწორედ ამ საფუძვლით მოხდა და დაკავებულს 40-დღიანი წინასწარი პატიმრობაც მიესაჯა. ოპოზიციურ ფლანგსა და საზოგადოების გარკვეულ ნაწილში ატეხილი ხმაურის შემდეგ, კომენტარები იმის შესახებ, რომ საქართველო თავისი მოქალაქის დაცვას ყველანაირად ცდილობს, 24 იანვარს ხელისუფლების ბევრმა წარმომადგენელმა გააკეთა. მაგალითად, როგორც იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა, მუშაობა უკვე დაწყებულია:
„ჩვენმა სახელმწიფომ ისე, რომ, სხვათა შორის, ხმამაღლა მყვირალი ზოგიერთი ადამიანის მოწოდება არ გვჭირდება ამისთვის, უკვე განახორციელა ნაბიჯები იმისთვის, რომ ჩვენი მოქალაქის, ბატონი ცერცვაძის, ინტერესები იქნეს უკრაინის ტერიტორიაზე დაცული. ეს არის ის, რაც ამწუთში მე შემიძლია გითხრათ, ისევ და ისევ მოქალაქე ცერცვაძის ინტერესებიდან გამომდინარე. ჩემი და მთავრობის, მთელი სამართალდამცავი ბლოკის უმორჩილესი თხოვნა იქნებოდა, რომ რაც შეიძლება თავი შევიკავოთ აჟიოტაჟისგან ამ თემის გარშემო, რადგან ეს არ ემსახურება თვითონ მოქალაქე ცერცვაძის სასიცოცხლო ინტერესებს. თანამშრომლობა მიმდინარეობს უკრაინასთან და დაველოდოთ შედეგებს“.
24 იანვარს განცხადება გამოაქვეყნა საქართველოს მთავარმა პროკურატურამაც. ტექსტის თანახმად, უწყების ინიციატივით 23 იანვარს შედგა კომუნიკაცია უკრაინის პროკურატურასთან საქართველოს მოქალაქის, გიორგი ცერცვაძის, რუსეთის ფედერაციაში ექსტრადიციის მიზნით დაკავების თაობაზე და უკრაინულ მხარეს მიეწოდა „ყველა შესაბამისი ინფორმაცია გ. ცერცვაძის შესახებ“. ამავე წყაროს ცნობით, გაკეთდა განმარტება ძებნის ინიციატორი მხარისთვის მისი გადაცემის მიზანშეუწონლობასთან დაკავშირებით, რადგანაც „საქართველოს მოქალაქის რუსეთის მხარისთვის გადაცემით დაირღვევა გიორგი ცერცვაძის ძირითადი უფლებები“. საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, „გიორგი ცერცვაძის რუსეთის ფედერაციაში ექსტრადირებასთან დაკავშირებით გაგრძელდება ინტენსიური კომუნიკაცია უკრაინელ კოლეგებთან, რათა არ განხორციელდეს მისი ძებნის ინიციატორი სახელმწიფოსთვის გადაცემა“.
როგორც უკრაინის გენერალური პროკურორის მოადგილემ ევგენი ენინმა აღნიშნა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში, სიცოცხლის საფრთხეზე ან წამების მოსალოდნელობაზე მიმანიშნებელი წინაპირობების არსებობის შემთხვევაში, უკრაინა უარს ამბობს დაკავებულის ექსტრადირებაზე. ენინის განმარტებით, კონკრეტულ შემთხვევაში წინაპირობად შესაძლოა მიჩნეულ იქნეს ის ფაქტი, რომ გია ცერცვაძე სამხედრო პირია და მონაწილეობდა ომში რუსეთის არმიის წინააღმდეგ. „როგორც კი ეს ფაქტი დადასტურდება, უკრაინის პროკურატურა მის გათავისუფლებას მოითხოვს“, - განაცხადა უკრაინის გენერალური პროკურორის მოადგილემ „რუსთავი 2“-ისთვის მიცემულ ინტერვიუში. ტელეკომპანიამ ასევე გაავრცელა ცერცვაძის ადვოკატის, ქსენია პროკონოვას, კომენტარი და ის ამბობს, რომ თავად გია ცერცვაძე თავს პოლიტიკური მოტივით დევნილად მიიჩნევს, რადგანაც ის მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს ომში და იბრძვის, ასევე, უკრაინის ტერიტორიაზე. ადვოკატს უკვირს, რატომ არ დააკავა ის ქართულმა სასაზღვრო სამსახურმა შესაბამისი პროცედურებით და რატომ გაატარეს ის საზღვარზე.
ეჭვებისა და შეკითხვების კონტექსტში ლაპარაკობს რადიო თავისუფლებასთან „კონსტიტუციის 42-ე მუხლის“ იურისტი არჩილ ჩოფიკაშვილიც. მისი განმარტებით, ჩნდება ეჭვები სახელმწიფო სტრუქტურების მიერ მოვალეობის არაკეთილსინდისიერად შესრულებასთან დაკავშირებით, რადგანაც საქართველოს სახელმწიფოს არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაეშვა რუსეთის მოთხოვნით ინტერპოლის მიერ ძებნილი პირის გაშვება ქვეყნიდან და, კონსტიტუციის მე-13 მუხლის თანახმად, სახელმწიფოს, სულ მცირე, ამ პირის ინფორმირება უნდა მოეხდინა საზღვარზე. იურისტი სახელმწიფოს მიერ განსახორციელებელ პროცედურებზეც ლაპარაკობს:
„როგორც ინტერპოლთან მოთანამშრომლე მხარეს, საქართველოს უნდა დაეწყო პირველადი ღონისძიებების განხორციელება, რაც გულისხმობს იმას, რომ გაერკვია, იყო თუ არა საფუძვლიანი ეს მოთხოვნა თავისი მოქალაქის ძებნის შესახებ... მის მიმართ აუცილებლად უნდა დაწყებულიყო სამართლებრივი პროცედურები და სასამართლოს საქართველოში უნდა გადაეწყვიტა მისი პატიმრობაში დატოვება-არ დატოვების საკითხი“.
დარწმუნებული ვარ, რომ ბევრ ადამიანს, ვინც ამაზე საუბრობს, ცერცვაძე საერთოდ არ ახსოვს და არც აინტერესებს. უბრალოდ, არის პოლიტიკური თემა, ხელისუფლების ბრალდების კიდევ ერთი საშუალება გაჩნდა და ამ საშუალებას იყენებს მაქსიმალურად...გია ხუხაშვილი
გია ცერცვაძის მიერ საქართველოს საზღვრის თავისუფლად გადაკვეთის თემასთან დაკავშირებული ეჭვები ფიგურირებს ოპოზიციური ფლანგის ბრალდებებშიც. მაგალითად, როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი აკაკი მინაშვილი აღნიშნავს, ეს არის ღალატი საქართველოს ხელისუფლების მხრიდან:
„ძალიან სამწუხაროა, რომ ივანიშვილმა, მაღალი თანამდებობის პირების მეშვეობით, - მათ შორის, იუსტიციის მინისტრის, შინაგან საქმეთა მინისტრის მეშვეობით, - დაიწყო სადამსჯელო ოპერაცია იმ გმირების წინააღმდეგ, რომლებიც იცავდნენ საქართველოს თავისუფლებას, საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას წლების განმავლობაში და ამის მაგალითია გიორგი ცერცვაძე. და როცა ტოვებდა საქართველოს საზღვარს, ის არ გააფრთხილეს, რომ რუსეთის ფედერაცია ეძებდა მას“.
თემა უკვე სრულიად პოლიტიზებულია და ამან, შესაძლოა, დააზარალოს დაკავებულის ინტერესები, ეუბნება რადიო თავისუფლებას ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი. მისი აზრით, შესაძლოა, საქართველოს ხელისუფლებამ შეცდომები დაუშვა, მაგრამ რადგანაც ამ ეტაპზე იგივე ხელისუფლება საქმის გამოსწორებასა და გია ცერცვაძის რუსეთისთვის გადაცემის თავიდან აშორებას ცდილობს, აჯობებს, რომ მკვეთრი განცხადებებისგან ყველამ შეიკავოს თავი:
„დარწმუნებული ვარ, რომ ბევრ ადამიანს, ვინც ამაზე საუბრობს, ცერცვაძე საერთოდ არ ახსოვს და არც აინტერესებს. უბრალოდ, არის პოლიტიკური თემა, ხელისუფლების ბრალდების კიდევ ერთი საშუალება გაჩნდა და ამ საშუალებას იყენებს მაქსიმალურად. მე არ ვფიქრობ, რომ ეს არის სწორი დამოკიდებულება. შეიძლება ხელისუფლებას რაღაც შეეშალა, კი ბატონო, მაგრამ ამ კითხვებზე პასუხის გაცემა, ალბათ, სხვა რეჟიმში და სხვა დროს უნდა მოხდეს“.
24 იანვარს გია ცერცვაძის დაკავების საკითხთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა სახალხო დამცველმა. როგორც უჩა ნანუაშვილმა აღნიშნა, საქართველოს სახელმწიფო ვალდებულია დაიცვას თავისი მოქალაქის უფლებები და ყველაფერი უნდა გაკეთდეს რუსეთში ექსტრადირების თავიდან ასაცილებლად.
სამშაბათს, დღის ბოლოს, ცნობილი გახდა, რომ ვიცე-პოლკოვნიკ გია ცერცვაძის ადვოკატის საჩივარს კიევის სააპელაციო სასამართლო ხუთშაბათს, 26 იანვარს, განიხილავს. გია ცერცვაძის ადვოკატი ასაჩივრებს კიევის სასამართლოს გადაწყვეტილებას წინასწარ დაკავებასთან დაკავშირებით.