22 მარტს გაიმართება “სამოქალაქო განვითარების სააგენტოს (CIDA)“ გამგეობის სხდომა, სადაც, სავარაუდოდ, გადაწყდება, დატოვებს თუ არა ზვიად დევდარიანი სააგენტოს აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობას.
„მოგაწვდით ინფორმაციას“, - ასე გვიპასუხეს შს სამინისტროს პრესსამსახურში კითხვაზე, დაიწყო თუ არა გამოძიება “სამოქალაქო განვითარების სააგენტოს (CiDA) აღმასრულებელი დირექტორის, ზვიად დევდარიანის მიერ განხორციელებული სავარაუდო სექსუალური შევიწროების ფაქტებზე. პარალელურად, სავარაუდო სექსუალური შევიწროების მსხვერპლ ქალებს ხვდებიან არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და განცხადებით ეხმაურებიან ზვიად დევდარიანის მიერ განხორციელებულ სავარაუდო სექსუალური შევიწროებისა და გენდერული ძალადობის სხვა ფორმებს”, რომლებიც, მათი თქმით, სოციალური ქსელის, მედიისა და შესაძლო სექსუალური შევიწროების მსხვერპლთან შეხვედრის შედეგად გამოვლინდა. ამ ორგანიზაციებს შორისაა „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაც“. ორგანიზაციის იურისტის, თამარ დეკანოსიძის, განმარტებით, „დაზარალებულებთან გასაუბრების შემდეგ გამოვლინდა სერიოზული შემთხვევები და ორგანიზაცია გამოიყენებს ყველა საშუალებას მათი უფლებების დასაცავად“.
თამარ დეკანოსიძე განმარტავს, თუ რა არის სექსუალური შევიწროება, როდის გადაიზრდება ის სექსუალურ ძალადობაში და რა ბერკეტები არსებობს საქართველოში სექსუალური შევიწროების მსხერპლთა უფლებების აღსადგენად.
შესაძლო სექსუალური შევიწროების მსხვერპლთ შეხვდა 19 მარტს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია. როგორც ომბუდსმენის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, სახალხო დამცველმა პირადად მოუსმინა ქალებს, რომელთა მონათხრობი შეიცავდა როგორც სავარაუდო სექსუალური შევიწროების, ასევე სექსუალური ხასიათის ძალადობის ნიშნებს. აღნიშნულ ფაქტებს სახალხო დამცველი საკუთარი ინიციატივით შეისწავლის, დისკრიმინაციისა და ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის მექანიზმის ფარგლებში. შესწავლის პროცესი ყველა მონაწილე მხარის ფუნდამენტური უფლებების, ღირსების, პატივისა და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის პრინციპების დაცვით წარიმართება.
საქართველოში ყველანაირი პირობაა შექმნილი სექსუალური შევიწროებისათვის, რადგან ამის გამო არავინ ისჯება...
ზვიად დევდარიანის მხრიდან სავარაუდო სექსუალური შევიწროების ფაქტების შესახებ სოციალურ ქსელში ინფორმაცია გავრცელდა მას შემდეგ, რაც 16 მარტს სახალხო დამცველმა ის საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატად დაასახელა. ქალთა მოძრაობამ გაავრცელა საჯარო განცხადება, რომლის მიხედვითაც, სამოქალაქო განვითარების სააგენტოს აღმასრულებელი დირექტრი და, ამასთანავე, უფლებადამცველი „მხილებულია სექსუალური შევიწროების ათამდე შემთხვევაში“.
როგორ უნდა მიხვდე, რომ სექსუალური შევიწროების მსხვერპლი ხარ?
როგორ უნდა მიხვდე, რომ სექსუალური შევიწროების მსხვერპლი ხარ?
- სექსუალური ხასიათის ხუმრობები;
- გარეგნობაზე კომენტარები, რაც თავს უხერხულად გაგრძნობინებს;
- ჟესტიკულაცია და მიმიკები, რომლებიც ატარებს სექსუალურ ხასიათს;
- სექსუალური ურთიერთობის შეთავაზება...
17 მარტს ზვიად დევდარიანმა მოხსნა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატურა. წერილობით განცხადებაში ის აღნიშნავს, რომ მიიღო პირდაპირი შეტყობინება ქალთა ჯგუფების მხრიდან, რათა მოეხსნა კანდიდატურა, წინააღმდეგ შემთხვევაში, გავრცელდებოდა ღია წერილი, რასაც მან მიზანმიმართული შანტაჟი უწოდა. მოგვიანებით ის კიდევ ერთი წერილით გამოეხმაურა მედიაში გავრცელებულ ამბებს შესაძლო სექსუალური შევიწროების შესახებ, სადაც ის წერს: „ვაღიარებ, რომ ჩემი შეცდომაა ჩემი ურთიერთობა ოჯახს გარეთ, მაგრამ კატეგორიულად უარვყოფ ძალადობის ან ზეწოლის რაიმე ფაქტის არსებობას!“.
რა იცავს სექსუალური შევიწროების მსხვერპლს - კანონი თუ საზოგადოება? - საიას იურისტი თამარ დეკანოსიძე რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ამბობს, რომ საქართველოში ყველანაირი პირობაა შექმნილი სექსუალური შევიწროებისათვის, რადგან ამის გამო არავინ ისჯება და მსხვერპლს არა აქვს შესაძლებლობა აღიდგინოს დარღვეული უფლება. ამასთანავე, აღსანიშნავია, რომ სტამბოლის კონვენცია, რომლის რატიფიცირებაც საქართველომ 2017 წელს მოახდინა, მოუწოდებს სახელმწიფოს სექსუალური შევიწროებისათვის დააწესოს ან სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა, ან რაიმე სახის სხვა სანქცია, მაგალითად, ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა.
თამარ დეკანოსიძე განმარტავს:
რა არის სექსუალური შევიწროება?
სექსუალური შევიწროება არის სექსუალური ხასიათის ვერბალური, არავერბალური ფიზიკური ქცევა, რომელიც მსხვერპლისთვის არის შეურაცხმყოფელი და მას უქმნის სექსუალური ხასიათის მტრულ გარემოს.
როგორ უნდა მიხვდე, რომ სექსუალური შევიწროების მსხვერპლი ხარ?
- სექსუალური ხასიათის ხუმრობები;
- გარეგნობაზე კომენტარები, რაც თავს უხერხულად გაგრძნობინებს;
- ჟესტიკულაცია და მიმიკები, რომლებიც ატარებს სექსუალურ ხასიათს;
- სექსუალური ურთიერთობის შეთავაზება...
სექსუალური შევიწროება და კანონმდებლობა:
საქართველოს არც ერთ კანონში არ გვხვდება ტერმინი „სექსუალური შევიწროება“.
- გენდერული თანასწორობის კანონი მიუთითებს, რომ იკრძალება სექსუალური ხასიათის ქცევები, თუმცა კანონში არაფერია ნათქვამი სანქციებზე.
- შრომის კოდექსის მიხედვით, იკრძალება ნებისმიერი სახის შევიწროება, თუმცა კოდექსში არ არის დაკონკრეტებული ტერმინი „სექსუალური შევიწროება“.
- საქართველოს ანტიდისკრიმინაციული კანონი არ აღიარებს სექსუალურ შევიწროებას, როგორც დისკრიმინაციის ფორმას.
სექსუალური შევიწროება და სასამართლო:
ერთადერთი შემთხვევა, როდესაც სექსუალური შევიწროების საქმე მივიდა სასამართლომდე, იყო თათია სამხარაძისა და მისი დამსაქმებლის, შალვა რამიშვილის, საქმე. მოსამართლემ დაადგინა, რომ თათია სამხარაძე დისრკიმინაციული ქმედების მსხვერპლი იყო, რადგან მას მოუწია სამსახურის დატოვება. 04:50 – 05:00
იკვეთება ორი სახის პრობლემა:
- საქართველოს კანონმდებლობაში სექსუალური შევიწროების არასათანადო განმარტება;
- არ არსებობს სპეციფიკური სანქციები ამ სახის ქმედებისთვის.
ვის უნდა მიმართო, თუკი ფიქრობ, რომ ხარ სექსუალური შევიწროების მსხვერპლი?
სახალხო დამცველს აქვს ანტიდისკრიმინაციული მექანიზმი და ის განიხილავს სექსუალურ შევიწროებას, როგორც დისკრიმინაციის ფორმას, ანუ ემყარება საერთაშორისო სტანდარტებს. შესაბამისად, თქვენ შეგიძლიათ მიმართოთ სახალხო დამცველს. თუმცა სახალხო დამცველის მექანიზმი არ არის ეფექტური უფლებადაცვის თვალსაზრისით, რადგან სახალხო დამცველს შეუძლია მხოლოდ და მხოლოდ რეკომენდაციების გაცემა. მას არ შეუძლია სანქციების გაცემა. როდესაც სახალხო დამცველი გასცემს რეკომენდაციას კერძო პირის, არასამთავრობო ორგანიზაციისა თუ ფირმის მიმართ, მათ შეუძლიათ არ შეასრულონ ეს რეკომენდაცია.
რა არის სექსუალური ძალადობა?
- გაუპატიურება, მსხვერპლის სხეულში ნებისმიერი სახით შეღწევა;
- სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება - მაგალითად, ფიზიკური შეხება მსხვერლის სხეულზე, რომელიც ჩადენილია ძალადობით, ძალადობის მუქარით ან პირის უმწეობის გამოყენებით.
სექსუალური ძალადობა სისხლის სამართლის დანაშაულია.