რა გვაჩვენა "რეპერების საქმემ"

Your browser doesn’t support HTML5

12 ივნისს “თავისუფლების დილის” სტუმარი იყო ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის (EMC) იურისტი გურამ იმნაძე.

Your browser doesn’t support HTML5

რა გვაჩვენა "რეპერების საქმემ"

7 ივნისს სამართალდამცველებმა ნარკოტიკის შეძენა-შენახვის ბრალდებით ჯგუფ “ბირჟა მაფიის” ორი წევრი, მიშკა მგალობლიშვილი და გიორგი ქებურია, დააკავეს, რომლებსაც საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. ბრალდებულებმა დანაშაული არ აღიარეს და ამბობენ, რომ მათი დაკავების მიზეზი რეპერების კლიპი გახდა, რომელშიც პოლიციელია გაშარჟებული და რომლის აღებასაც Youtube-დან დაკავების წინა დღეებში მოითხოვდნენ მათგან.

10 ივნისს აქტივისტებმა და მოქალაქეებმა ჯგუფ “ბირჟა მაფიას” მხარდასაჭერად თბილისში აქცია გამართეს, რომელიც საკმაოდ ხალხმრავალი იყო. “მეტი რაღა უნდა მოხდეს”, “ხალხთან ომი უნდა დამთავრდეს”, - ამბობდნენ შეკრებილი მოქალაქეები.

აქციის შემდეგ “რეპერების საქმეს” გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, რომელმაც თქვა, რომ “კანონმდებლობა ნარკოპოლიტიკის თვალსაზრისით არის ზედმეტად მკაცრი და საჭიროებს ლიბერალიზაციას” და ამ მიმართულებით პარლამენტს სთხოვა სწრაფად და ეფექტურად იმუშაონ. ვიდეომიმართვა გაავრცელა ენერგეტიკის მინისტრმა კახი კალაძემაც, რომელიც პირობას დებდა, რომ “სტრუქტურის ხელმძღვანელობა გააკეთებს ყველაფერს, რომ გაარკვიოს, თუკი ვინმე არის დამნაშავე ან ვინმეს აქვს გადაცდომა ჩადენილი ამ კონკრეტულ ეპიზოდში, ყველა ადეკვატურად დაისაჯოს".

13 ივნისს გასაჯაროვდა პროკურატურის განცხადებაც, სადაც წერია, რომ “სააპელაციო სასამართლოში პროკურატურა დაცვის მხარის მოთხოვნას პატიმრობის არასაპატიმრო აღკვეთის ღონისძიებით შეცვლაზე დაეთანხმება“.

რამდენად არის “რეპერების საქმე” მხოლოდ რეპრესიული ნარკოპოლიტიკის ჭრილში განსახილველი შემთხვევა, რა პრობლემებია სამართალდამცავ სტრუქტურებში, რამდენად ძლიერია სამოქალაქო საზოგადოება და შესწევს თუ არა მას ძალა აიძულოს გადაწყვეტილების მიმღები პირები, განახორციელონ მნიშვნელოვანი ცვლილებები და უარი თქვან მანკიერი ბრძოლის მეთოდებზე - ამ თემებზე გვქონდა საუბარი სტუმართან.