საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი და ოდესის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი, რომელმაც 10 სექტემბერს, თავისი მომხრეების დახმარებით, გადაკვეთა პოლონეთ-უკრაინის საზღვარი და უკრაინაში შევიდა, ამ დრომდე ლვოვში რჩება და უკრაინის სახელმწიფოსგან „დამატებით დაცვას“ მოითხოვს. სააკაშვილის ადვოკატმა, მარკიან გალაბალამ 11 სექტემბერს გამართულ ბრიფინგზე განმარტა, რომ, აღნიშნული მოთხოვნით, სახელმწიფო საიმიგრაციო სამსახურში შესაბამისი განაცხადი უკვე შეტანილია, რამაც უნდა შეაჩეროს სააკაშვილის ექსტრადირებაზე მოთხოვნის შესრულება. თავად სააკაშვილმა ასევე თქვა, რომ უკრაინისკენ მომავალ გზაზე, ავტობუსში ყოფნისას, მას უკრაინის პასპორტი მოპარეს – ახლა მას აღარც პასპორტი აქვს, აღარც მოქალაქეობა, თუმცა ბრძოლას მის აღსადგენად კიევის სასამართლოში აპირებს. ამასობაში, უკრაინის პოლიციამ, მომხდართან დაკავშირებით, უკვე აღძრა სისხლის სამართლის საქმე.
Your browser doesn’t support HTML5
უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს აფასებენ თბილისში – სააკაშვილის თანაგუნდელებისთვის სააკაშვილის ეს ნაბიჯი ექსპრეზიდენტის გამარჯვებაა ოლიგარქებზე, ხელისუფლებისთვის კი – მორიგი ავანტიურა.
იმ შემთხვევაში, თუ 10 სექტემბერს, ღამით უკრაინა-პოლონეთის სასაზღვრო პუნქტთან მომხდარში მონაწილე პირებს დანაშაული დაუმტკიცდებათ, მათ 3-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ. ოდესის ყოფილი გუბერნატორის, მიხეილ სააკაშვილის მომხრეებმა უკრაინის ტერიტორიაზე გადასვლა კორდონის გარღვევის შემდეგ შეძლეს და ამ გზით შეიყვანეს კიდეც სააკაშვილი ამ ქვეყანაში. სისხლის სამართლის საქმე ორი მუხლითაა აღძრული – 332-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც გულისხმობს უკრაინის სახელმწიფო საზღვრის გავლით პირთა არაკანონიერ გადაყვანას და 342-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც ხელისუფლების, სამართალდამცველი ორგანოს წარმომადგენლისთვის წინააღმდეგობის გაწევას გულისხმობს. მიხეილ სააკაშვილი ამ დრომდე ლვოვში რჩება, თუმცა, როგორც სააკაშვილის პრესმდივნის, დარინა ჩიჟის მიერ გავრცელებულ პრესრელიზში ვკითხულობთ, „მიხეილ სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეობის აღდგენისათვის ბრძოლას კიევში, სასამართლოში გააგრძელებს“.
„ის ფაქტი, რომ ოპოზიციის ამდენი ლიდერი დღეს ჩემს გვერდითაა, მოწმობს, რომ ეს ამბავი მხოლოდ მე არ მეხება, ეს არის უკრაინის არჩევნის საკითხი, თუ რა გზას აირჩევს დღეს უკრაინა – რუსეთის, და, შესაბამისად, ადამიანის უფლებების დარღვევის გზას, თუ კანონის უზენაესობას და ევროპულ ორიენტაციას“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
„რატომღაც, პოროშენკოს აქვს ძალიან უცნაური წინათგრძნობა, რომ თუ მე უკრაინაში შევალ, ის ხელისუფლებას დაკარგავს, რაც არასწორია. მაგრამ ის, თუ როგორც იქცევა, როგორ არის მობილიზებული მთელი სახელმწიფო აპარატი, მხოლოდ იმაზე მიუთითებს, თუ რა ძლიერ საფრთხეს გრძნობს“ – განაცხადა სააკაშვილმა „როიტერისათვის“ მიცემულ ინტერვიუში.
უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ „დანაშაული“ უწოდა უკრაინის ტერიტორიაზე ოდესის ყოფილი გუბერნატორის, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის შესვლას, საპასპორტო კონტროლის გარეშე. ის სააკაშვილს ურჩევს, მიმართოს უკრაინის სასამართლოს ან ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს, თუ არ ეთანხმება გადაწყვეტილებას, მისთვის უკრაინის მოქალაქეობის ჩამორთმევის შესახებ. „გავიდა თვენახევარზე მეტი – სასამართლოსათვის არავის მიუმართავს! ამის ნაცვლად, დანაშაული იქნა ჩადენილი, რადგან არსებობს სახელმწიფო საზღვრის ხელშეუხებლობის კონსტიტუციური პრინციპი. ეს არის ეროვნული უსაფრთხოების საკითხი – ჩემთვის სულერთია, ვინ არღვევს საზღვარს: მეამბოხეები აღმოსავლეთში თუ პოლიტიკანები დასავლეთში. უნდა არსებობდეს მკაფიო იურიდიული პასუხისმგებლობა“, – განაცხადა პოროშენკომ 11 სექტემბერს კიევში გამართულ თათბირზე.
მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში შესვლის ფაქტს უკრაინის ხელისუფლების სხვა მაღალი რანგის პირებიც გამოეხმაურნენ. უკრაინის პრემიერ-მინისტრის, ვლადიმერ გროისმანის განცხადებით, შეგინის გამშვებ პუნქტთან საზღვრის გარღვევა სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ მიმართული ქმედებაა და მისი ორგანიზატორები პასუხს აგებენ.
უკრაინის შს მინისტრი არსენ ავაკოვი კი მიიჩნევს, „სააკაშვილმა და ყველამ, ვინც უკანონოდ გადაკვეთა საზღვარი, ორი ვარიანტიდან ერთი უნდა აირჩიონ: მივიდნენ შეგინის გამშვებ პუნქტზე და პროცედურები გაიარონ და/ან საიმიგრაციო სამსახურის დანაყოფს ეწვიონ“. უკრაინის გენერალურმა პროკურორმა იური ლუცენკომ კი განაცხადა, რომ შეგინის გამშვებ პუნქტზე საზღვრის არაკანონიერი გადაკვეთის ორგანიზატორები, ასევე ისინი, ვინც ხელს უწყობდა და ხელმძღვანელობდა ასეთ ქმედებებს, სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცემიან.
საქართველოს ხელისუფლებაში მიიჩნევენ, რომ ის, რაც დღეს უკრაინაში ხდება, მხოლოდ უკრაინის საქმეა, თუმცა, თუ მიხეილ სააკაშვილი საქართველოს საზღვარს გადმოკვეთს, კანონის წინაშე აგებს პასუხს იმისთვის, რაც მას ბრალად ედება. როგორც პარლამენტის უმრავლესობის წევრმა, გედევან ფოფხაძემ განაცხადა რადიო „თავისუფლებასთან“ საუბარში, „სააკაშვილი, როგორც ტროას ცხენი, თავის დროზე თავად უკრაინელებმა შეუშვეს თავიანთი ქვეყნის ტერიტორიაზე“:
„სააკაშვილი არის ავანტიურისტი, რომელიც თავის პოლიტიკურ ხელწერას არ ღალატობს. ძალიან საწყენია, რომ უკრაინაში არიან პოლიტიკოსები, რომლებიც ამას იყენებენ და მათთვის ეს არის გარკვეული რესურსი და საშუალება უკრაინაში მიმდინარე პროცესებზე ზემოქმედების მიღწევისთვის. ჩემი აზრით, უკრაინა არის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი, მოკავშირე, რომელიც გვჭირდება, სააკაშვილი კი, იქ, უბრალოდ, სიტუაციის ამრევია. მგონია, რომ უკრაინამ დღეს უნდა გამოიჩინოს პოლიტიკური წინდახედულება და გადმოცეს მიხეილ სააკაშვილი ქართულ მხარეს. ჩვენ კი, ვიზრუნოთ იმაზე, რომ იმ ათასობით დაზარალებული, ნაწამები და უფლებააყრილი ადამიანის წინაშე მართლსმსაჯულება აღსრულდეს და სააკაშვილს გაეცეს ის პასუხი, რაც მას ქართულმა სახელმწიფომ უნდა გასცეს იმ უსამართლობისთვის, რასაც მისი ხელისუფლება სჩადოდა 9 წლის განმავლობაში“, – განაცხადა ფოფხაძემ.
უმრავლესობის კიდევ ერთი წევრის, დავით მათიკაშვილის შეფასებით კი, იმ კონკრეტულ ბრალდებებს, რაც სააკაშვილის მიმართ მართლმსაჯულებას აქვს, კონკრეტული პასუხები სჭირდება და, ამ მხრივ, არც სააკაშვილი უნდა იყოს გამონაკლისი:
„დღეს მიხეილ სააკაშვილს არ გააჩნია საქართველოს მოქალაქეობა, არ გააჩნია უკრაინის მოქალაქეობა, საქართველოში მის მიმართ კონკრეტული ბრალდებებია წაყენებული, რომლებსაც კონკრეტული პასუხები სჭირდება. მართლმსაჯულების წინაშე ყველამ უნდა აგოს პასუხი“.
11 სექტემბერს მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში შესვლის ფაქტს საგანგებო პრესკონფერენციით გამოეხმაურნენ თავად სააკაშვილის პარტიაშიც – „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“. პარტიის პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, ზაზა ბიბილაშვილმა განაცხადა, რომ უკრაინაში დამარცხდა პოროშენკო, საქართველოში ივანიშვილი, ხოლო ევრაზიაში პუტინი. ეს ტალღა ძალას იკრებს და საქართველომდეც ჩამოვა. ბიბილაშვილმა მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას, აღუდგინონ სააკაშვილს მოქალაქეობა:
„დაუყოვნებლივ შეწყვიტონ პოლიტიკურად მოტივირებული დევნა მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ. დევნა, რომელიც იმთავითვე დაკვეთილია ვლადიმერ პუტინის მიერ. დაუყოვნებლივ აღუდგეს მიხეილ სააკაშვილს საქართველოს მოქალაქეობა და მიეცეს მას საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში დაბრუნების და პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობის მიღების საშუალება“.
ოლიგარქები ყოველთვის დამარცხდებიან ხალხის ნების წინაშე – ასე გამოეხმაურა სააკაშვილის კიდევ ერთი თანაგუნდელი „ნაციონალური მოძრაობიდან“, ნიკა მელია უკრაინაში დღეს მიმდინარე მოვლენებს:.
„დღევანდელმა დღემ დაადასტურა, რომ ოლიგარქები, კრიმინალები და მილიარდერები უძლურნი არიან ფასეულობებისა და ღირებულებების წინაშე და ის,რაც დღეს უკრაინაში მოხდა, სადაც ათამდე მილიარდერი ოლიგარქია, ნიშნავს იმას, როგორ მარცხდებიან ისინიც კი ხალხის ნების წინაშე. ამ ტალღას ვერაფერი შეაჩერებს და მოაღწევს საქართველომდეც“.
სააკაშვილის ყოფილი თანაგუნდელი, ამჟამად კი „ევროპული საქართველოს“ წევრი სერგო რატიანი კი მიიჩნევს, რომ სააკაშვილის პოლიტიკური დევნის საფუძვლები სწორედ ივანიშვილის ხელისუფლებამ შექმნა.
პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაზე მიიჩნევს, რომუკრაინის ხელისუფლებამ თავისი ქცევით სააკაშვილისგან ოპოზიციის ლიდერად ქცევას შეუწყო ხელი. ის ფორმა, რა ფორმითაც სააკაშვილი უკრაინაში შევიდა და მისი განცხადებების შინაარსიც დესტაბილიზაციის საფუძველია, მიიჩნევს პოლიტოლოგი, ხოლო თუ უკრაინის ხელისუფლება იგივე პოლიტიკას გააგრძელებს მის მიმართ, შესაძლოა, სააკაშვილისგან ოპოზიციის ლიდერი შექმნას. ეს ფაქტორი კი, შესაძლოა მესამე ძალის მიერ იყოს გამოყენებული დესტაბილიზაციის შესაქმნელად არა მხოლოდ უკრაინაში, არამედ საქართველოშიც, – გვითხრა ვახტანგ ძაბირაძემ.
აქვე ისიც გავიხსენოთ, რომ 27 ივლისს უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ ჩამოართვა უკრაინის მოქალაქეობა ოდესის ოლქის ადმინისტრაციის ყოფილ ხელმძღვანელს, ხოლო 5 სექტემბერს უკრაინის იუსტიციის სამინისტრომ მესამედ მიიღო თხოვნა საქართველოს მთავარი პროკურატურისაგან, სააკაშვილის დაპატიმრებისა და საქართველოში მისი ექსტრადიციის თაობაზე.