ხმაური ქსნის ციხესთან

პატიმრების საპროტესტო აქცია ქსნის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში

ქსნის სასჯელაღსრულების დაწესებულებასთან წინა დღით დაწყებული ხმაური 5 ნოემბერსაც გაგრძელდა. პატიმრების ახლობლებმა ციხესთან თავი მას შემდეგ მოიყარეს, რაც პატიმრების მიერ პირის ამოკერვისა და შიმშილობის დაწყების შესახებ ინფორმაცია გავრცელდა. სასჯელაღსრულების მინისტრის, სოზარ სუბარის სახელზე დაწერილ განცხადებაში ისინი ციხის ახალი უფროსის გადაყენებას და პატიმართა პირობების გაუმჯობესებას მოითხოვენ. სოზარ სუბარი აცხადებს, რომ არეულობა მხოლოდ ციხის გარეთაა, შიგნით კი ვითარება მშვიდია. გარეთ არსებულ ხელოვნურ დაძაბულობას კონკრეტული ძალა მართავს - სწორედ ამიტომ, აცხადებს სუბარი, კონტროლი კიდევ უფრო გამკაცრდება, დასჯით კი დაისჯება ყველა, ვინც კანონს დაარღვევს.

5 ნოემბერს ქსანში, სასჯელაღსრულების მე-15 დაწესებულებასთან თავმოყრილ პატიმრების ახლობლებსა და ოჯახის წევრებს ყველაზე მეტად ის აინტერესებდათ, რა ვითარება იყო შიგნით, ციხეში. ერთ-ერთ გათავისუფლებულ პატიმართანაც, რომელმაც კოლონია დღის 1 საათისათვის დატოვა, ეს ერთადერთი კითხვა ჰქონდათ. მთელი დღის განმავლობაში ციხიდან სხვადასხვაგვარი ცნობები გამოდიოდა:

”ზოგი ამბობს, რომ ზეწოლის ქვეშაა, ზოგიც ამბობს, რომ არა, მაგრამ მხარს უჭერენ გვერდით მყოფ პატიმრებს, რადგან ერთად ბევრი რამ გამოიარეს... მეშინია, რომ ჩემს შვილსაც არ სცემონ, არ დაასახიჩრონ - ცოტა არ მინახავს აქედან გამოსული ადამიანი, რომელსაც ცხვირ-პირი აღარ აქვს და პირის ღრუ. ვაპროტესტებთ, რომ კაცი, რომელმაც ამდენი ძალადობა ჩაიდინა, მოიყვანეს დ აქ დასვეს ციხის უფროსად. ხომ შეიძლება ნებისმიერი რამ გაუკეთოს მან პატიმრებს, თან, მით უმეტეს, ამ დახურულ სივრცეში”, - გვეუბნება ერთ-ერთი პატიმრის დედა, ცირა ხურციძე.

დღის განმავლობაში ასევე იცვლებოდა ინფორმაცია პროტესტის ნიშნად მოშიმშილე და პირამოკერილი პატიმრების რაოდენობის შესახებ. შუადღისთვის ერთ-ერთმა პატიმარმა, რომელმაც დარეკვა შეძლო, თქვა, რომ
დაახლოებით 30 პატიმარს ჰქონდა პირი ამოკერილი:

”მთელი ღამე გარეთ გავათენეთ. 30 კაცს აქვს პირი ამოკერილი და ხელებითაც გადაბმულები არიან. ჩვენ კიდევ სუბარს ვუყურეთ ახლა ტელევიზორში, რომ თურმე სასჯელს დაგვიმატებენ და ადმინისტრაციული სასჯელები იქნებაო. თქვენ თუ დაიშლებით, არ ვიცით, აქ რა იქნება.. გვინდა, რომ გადადგეს ეს უფროსი და მისი ხუთკაციანი ბანდა მოგვაშორონ. კარგად იციან, ვინც არიან თავადაც... გარკვეული ზეწოლაც იყო. სამედიცინო პუნქტში ნორმალურად მომსახურების და წამლის მიღების შანსს ვითხოვთ კიდევ”.

Your browser doesn’t support HTML5

ქსნის კოლონიაში დაძაბულობა გრძელდება


ციხის უფროსის, ნუკრი ხუხუას, გადაყენების გარდა, პატიმრები მთავარი ექიმის, ოთარ ტრაპაიძის, თანამდებობიდან დათხოვნასაც მოითხოვენ. ირმა ნოზაძე გვეუბნება, რომ მისმა შვილმა ციხეში ფილტვების ანთება ისე გადაიტანა, რომ მისთვის სამედიცინო დახმარება არ აღმოუჩენიათ: ”რენტგენი რომ გადაუღეს, მერეღა გავიგეთ, რომ ფეხზე მდგომარეს გადაუტანია”.

შიგნით არსებული მდგომარეობის შესახებ ზუსტი ინფორმაციის უქონლობის გამო ქსნის კოლონიასთნ ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა. მშობლები შვილების ხუთი წუთით მონახულებას მოითხოვდნენ. ქალების ნაწილი ციხის შესასვლელ კართან ჩადგა:

”მოვიდეს სოზარ სუბარი და გაგვცეს პასუხი! ჩვენ ის იმიტომ ავირჩიეთ, რომ უკეთესი ვითარება ყოფილიყო და არა უარესი”.

საბოლოოდ, სასჯელაღსრულების ქსნის დაწესებულებასთან შეკრებლმა მშობლებმა სოზარ სუბარის სახელზე განცხადება დაწერეს, რომელშიც ციხის უფროსის, ნუკრი ხუხუას, გადადგომა და პატიმრებისთვის მედიკამენტების დარიგება მოითხოვეს:

"მოგახსენებთ, რომ ჩვენი პატიმრები იმყოფებიან ძალიან რთულ ვითარებაში - ისინი შიმშილობენ, გარკვეულმა ნაწილმა პირიც ამოიკერა. მათ შორის ძალიან ბევრი ავადმყოფია. ჩვენ, პატიმრების მშობლები, გთხოვთ და მოვითხოვთ, დააკმაყოფილოთ ჩვენი პატიმრების და ჩვენი მოთხოვნები: დაურიგდეთ წამლები პატიმრებს, გადააყენეთ ახალაიას მიერ გაზრდილი ნუკრი ხუხუა და მისი ამფსონები, რომლებიც ავიწროებენ ჩვენს შვილებს, მამებს, ძმებს, და მიეცით საშუალება, რომ ადამიანურად მოიხადონ თავიანთი სასჯელი. თუ ჩვენი და ჩვენი პატიმრების მოთხოვნები არ იქნება დაკმაყოფილებული, ჩვენც მივმართავთ ზომებს. გთხოვთ, გულთან მიიტანოთ ჩვენი ეს განცხადება და რეაგირება მოახდინოთ დროულად. ჩვენ თქვენ დაგიჭირეთ მხარი, ბატონო სოზარ, და იმედები გაგვიმართლეთ, ძალიან გთხოვთ. ძალა ჩვენშია, ჩვენც ვართ საქართველოს მოქალაქეები".
არც რუსთავის დაწესებულებაში, არც ქსანში არანაირი არეულობა არ არის. ვითარების დაძაბვის მცდელობები არის მხოლო ციხის გარეთ ...
სოზარ სუბარი

ქსნის #15 დაწესებულებაში პირამოკერილი მსჯავრდებულები სახალხო დამცველის აპარატის პრევენციისა და მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უკვე მოინახულეს. პატიმრების განმარტებით, გაუარესდა სამედიცინო მომსახურება, პატიმრები აღარ გადაჰყავთ N18 დაწესებულებასა და სამოქალაქო სექტორის კლინიკებში, როგორც ეს ბოლო თვე-ნახევრის განმავლობაში ხდებოდა. მსჯავრდებულები ასევე აღნიშნავენ, რომ N15 დაწესებულებაში ახალი დირექტორის დანიშვნის შემდეგ დაწესებულების თანამშრომლები მათ გამომწვევად და უხეშად ექცევიან.

სასჯელაღსრულების მინისტრმა სოზარ სუბარმა, რომელმაც 5 ნოემბერს ორი ახალი მოადგილე (არჩილ თალაკვაძე და ნათია ლანდია) წარუდგინა საზოგადოებას, სასჯელაღსრულების დაწესებულებებში მიმდინარე პროცესებს გარედან მართული უწოდა და შენიშნა, რომ ყოფილი ხელისუფლება ზეწოლას განაგრძობს იქ, სადაც რეჟიმი ყველაზე მკაცრი იყო, თუმცა, მისი თქმით, ციხეებში ვითარება გაკონტროლებულია და ეს ბოლო დღეებმაც აჩვენა:

”არც რუსთავის დაწესებულებაში, არც ქსანში არანაირი არეულობა არ არის. ვითარების დაძაბვის მცდელობები არის მხოლო ციხის გარეთ. შიგნით პატიმრები არიან წყნარად, თუმცა რეკავენ და ეუბნებიან ვიღაცებს, ასე მოიქეცითო. ის კი, რაც გარეთ ხდება, ვერ გადაიზრდება არეულობაში - შსს აღკვეთს ყველა ასეთ მცდელობას. არავინ უცემიათ, არც უკანონოდ ჩაუსვამთ ვინმე კარცერში, არც სპეცრაზმი შესულა ციხეში. ეს არის უსაფუძვლო ხმაური”.

სოზარ სუბარი

სოზარ სუბარმა ასევე განაცხადა, რომ დღეიდან დაისჯება კანონის დამრღვევი როგორც პატიმარი, ისე ციხის ადმინისტრაციის წარმომადგენელი. მანვე თქვა, რომ სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან 20 მეტრის პერიმეტრზე არ შეიძლება არანაირი მიტინგის მოწყობა და ამ კანონის დამრღვევიც ასევე დაისჯება.

ამასობაში პატიმრების წამების ამსახველი ვიდეოკადრების ავტორი ვლადიმერ ბედუკაძე "ფეისბუკის" საკუთარ გვერდზე აცხადებს, რომ, შესაძლოა, უახლოეს მომავალში ციხეებში, ბაჩო ახალაიას დავალებით და იმ პატიმრების მეშვეობით, რომელთა გადაბირება ბაჩო ახალაიას დავალებით განხორციელდა, მასობრივი არეულობა და ბუნტი დაიგეგმოს. სუბარმა მედიას განუცხადა, რომ მოსალოდნელი პროვოკაციების შესახებ მათთვისაც ცნობილია, თუმცა მეტი კონკრეტიკისგან თავი შეიკავა.

5 ნოემბერს ასევე გავრცელდა შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის, ბაჩო ახალაიას მიმართვა, რომელშიც ის წერს, რომ ”პასუხისმგებელია თითოეულ ქმედებასა და ნაბიჯზე”.

”მიუხედავად იმისა, რომ "ქართული ოცნების" წარმომადგენლების ბოლო პერიოდის უაპელაციო განცხადებები ჩემ მიმართ ადასტურებს, რომ მათ მიერ ჩემი დევნა არ იქნება პოლიტიკისაგან თავისუფალი, და მიუხედავად იმისა, რომ ვთვლი, მათი მიზანია პოლიტიკური შოუს გამართვა, უხვად დარიგებული დაპირებების შესრულების სანაცვლოდ, მე დავბრუნდი საქართველოში და ვაცხადებ, რომ შესაბამისი უწყებების მიერ გამოძიების ჩატარების შემთხვევაში მზად ვარ პასუხი გავცე ჩემს საქმიანობასთან დაკავშირებულ ნებისმიერ კითხვას”, - ვკითხულობთ ბაჩო ახალაიას განცხადებაში.

დღის ბოლოს ასევე ცნობილი გახდა, რომ შესაძლოა, სასჯელაღსრულების ქსნის #15-ე დაწესებულების დირექტორმა ნუკრი ხუხუამ თანამდებობა დატოვოს. საინფორმაციო სააგენტო ”ინტერპრესნიუსს" ხუხუამ განუცხადა, რომ ის გათავისუფლების შესახებ პატაკს ამზადებს, რომლის დაკმაყოფილების შემტხვევაში, სამსახურს დატოვებს.