„მეტი საქართველო ნატოში“ - მოთელვა ვარშავის სამიტის წინ

„ღირსეული პარტნიორი 2016“

24 მაისს ვაზიანის სამხედრო პოლიგონზე დასრულდა ორკვირიანი საერთაშორისო სწავლება „ღირსეული პარტნიორი 2016“ (Noble Partner 2016), რომელიც ნატოს სწრაფი რეაგირების ძალებში ქართული ასეულის მონაწილეობისთვის მზადყოფნის ამაღლებასა და თანამშრომლობის გაღრმავებას, აშშ-ის, დიდი ბრიტანეთისა და საქართველოს შეიარაღებული ძალების ურთიერთთავსებადობის გაძლიერებას ისახავდა მიზნად. ქართულ-ამერიკული სამხედრო სწავლების პარალელურად კი თბილისში გაიხსნა თავდაცვისა და უსაფრთხოების რიგით მე-10 კონფერენცია (GDSC), რომლის მთავარი განსახილველი საკითხებიც არის ევროატლანტიკური უსაფრთხოება, ნატო-საქართველოს ურთიერთობა, მოახლოებული ვარშავის სამიტი, შავი ზღვის რაიონის უსაფრთხოება. კონფერენციას მაღალი რანგის ამერიკელი და ევროპელი სამხედრო მოხელეები ესწრებიან.

ქართულ-ამერიკული სამხედრო სწავლება „ღირსეული პარტნიორი 2016“ დასრულებულია. უკვე მეორედ და უფრო მასშტაბურად ჩატარებულ სწავლებაში სულ 1300 სამხედრო მოსამსახურე მონაწილეობდა, მათ შორის, 500 ქართველი, აშშ-ის არმიის ევროპული სარდლობის 650 და დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს 150 სამხედრო მოსამსახურე. თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური ინფორმაციით, პირველად საქართველოს შეიარაღებული ძალების ისტორიაში, სწავლებაში M1A2 ტიპის ამერიკული ტანკები, „აბრამსები“, მონაწილეობდნენ. წვრთნაში ჩართული იყო ასევე ქვეითთა საბრძოლო მანქანები „ბრედლი", სამედიცინო საევაკუაციო და სამეთაურო-საშტაბო ჯავშანმანქანები, ჰამერის ტიპის ჯიპები, C-130 ტიპის ამერიკული სამხედრო თვითმფრინავები და სხვა აღჭურვილობა. სწავლებაში მონაწილეობდა IV მექანიზებული ბრიგადის მე-12 მსუბუქი ქვეითი ბატალიონის „ალფა“ ასეული, რომელმაც ნატოს შეფასების II დონე წარმატებით დაასრულა და ნატოსთან სრულად თავსებადი გახდა.

დასკვნითი საჩვენებელი სწავლება

24 მაისს დასკვნით საჩვენებელ სწავლებას საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი, გენერალური შტაბის უფროსი ვახტანგ კაპანაძე, აშშ-ის არმიის ევროპული ჯარების სარდალი, გენერალ-ლეიტენანტი ბენ ჰოჯესი, ნატოს ევროპული ძალების უმაღლესი მთავარსარდლის მოადგილე გენერალი ადრიან ბრედშოუ, საპარლამენტო უმრავლესობისა და უმცირესობის დეპუტატები, ასევე ამერიკის შეერთებული შტატებისა და დიდი ბრიტანეთის ელჩები დაესწრნენ.

„ის ფაქტი, რომ დღეს აქ, ამ მოედანზე, წარმოდგენილი გვყავდა ქართული ასეული, რომელიც ოფიციალურად უკვე ნატოს ასეულია, დასტურია იმისა, რომ ჩვენ ამ ერთი წლის განმავლობაში გადავდგით ძალიან ფუნდამენტური ნაბიჯები და წინ წავედით, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ საბოლოო გადაწყვეტილებას სჭირდება 28 ქვეყანას შორის კონსენსუსის არსებობა“, - განაცხადა თინათინ ხიდაშელმა სამხედრო წვრთნის დასრულების შემდეგ. მისი თქმით, ყოველი ასეთი სწავლება არის ნატოსთან სიახლოვის გარანტია, თუმცა მხოლოდ შეიარაღებული ძალების სიახლოვე არ არის საკმარისი ნატოში გასაწევრიანებლად - ამას, თავდაცვის მინისტრის თქმით, 28 წევრი ქვეყნის პოლიტიკური კონსენსუსი სჭირდება.

ვახტანგ კაპანაძის სიტყვებით კი, შარშან და წელს ჩატარებულმა ამ წვრთნებმა ყველას დაანახვა, თუ რა შესაძლებლობები აქვს საქართველოს:

„დარწმუნებული ვარ, მომავალ წელს უფრო მაღალ დონეს ვაჩვენებთ და მეტად დატვირთული წვრთნები გვექნება. ეს სწავლება, უპირველეს ყოვლისა, საქართველოს შეიარაღებული ძალების განვითარებას, ჩვენს თავსებადობას პარტნიორებთან და, ცხადია, თავდაცვისუნარიანობას გაზრდის“, - განაცხადა გენერალური შტაბის უფროსმა.

ეს იყო ქართველი, ამერიკელი და ბრიტანელი სამხედროების ერთობლივი სამუშაო პროცესი, რომლითაც ისინი თავსებადობის გაუმჯობესებას ცდილობენ, ნდობის ამაღლებას, რაც რეგიონში სტაბილურობისა და უსაფრთხოებისათვის უმნიშვნელოვანესია...
ბენ ჰოჯესი

მედიასთან კომენტარები გენერალმა ჰოჯესმა და გენერალმა ბრედშოუმაც გააკეთეს.

„ეს იყო ქართველი, ამერიკელი და ბრიტანელი სამხედროების ერთობლივი სამუშაო პროცესი, რომლითაც ისინი თავსებადობის გაუმჯობესებას ცდილობენ, ნდობის ამაღლებას, რაც რეგიონში სტაბილურობისა და უსაფრთხოებისათვის უმნიშვნელოვანესია. ასევე უმნიშვნელოვანესი ფაქტორია ავღანეთში ბრძოლის წარმართვისთვის, სადაც საქართველო მისიის უმნიშვნელოვანესი წევრია“, - განაცხადა ბენ ჰოჯესმა. ბრედშოუს განცხადებით კი, დღეს ნატო სერიოზული გამოწვევების წინაშე დგას და ამ გამოწვევების დაძლევა ერთად დგომითა და სამხედრო შესაძლებლობების გაძლიერებით არის შესაძლებელი.

ქართულ-ამერიკულ სამხედრო სწავლებას ესწრებოდა საპარლამენტო უმცირესობის ლიდერი დავით ბაქრაძეც, რომლის სიტყვებით, ის ფაქტი, რომ ქართველი სამხედროები ნატოს სტანდარტებთან თავსებადნი არიან, ცალსახად აჩვენებს, რომ საქართველოს შეუძლია ნატოს წევრობა:

„და აჩვენებს ასევე, რომ საქართველოს მომავალი სწორედ ამ შეიარაღებულ ძალებთან ერთადაა, ნატოს პარტნიორებთან - ამერიკელ, ბრიტანელ, გერმანელ სამხედროებთან ერთად. სწორედ ამაშია ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოება“.

სამხედრო წვრთნების პარალელურად, 24 მაისს საქართველო მასპინძლობდა თავდაცვისა და უსაფრთხოების რიგით მე-10 კონფერენციას (GDSC), რომელშიც მონაწილეობდნენ ლიტვის, ლატვიისა და ესტონეთის თავდაცვის მინისტრები - რაიმონდ ბერგმანისი, იოზას ოლეკასი და ჰანეს ჰანსო, აშშ-ის ატლანტიკური საბჭოს აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტი დეიმონ უილსონი, ნატოს გენერლები, ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაი და სხვები.

გიორგი კვირიკაშვილი

”დარწმუნებული ვარ, რომ ვარშავის სამიტზე ალიანსის ერთობისა და ძალის დემონსტრირება კიდევ ერთხელ მოხდება და NATO-ს სწრაფვას მშვიდობისა და სტაბილურობისკენ კიდევ ერთხელ გაესმება ხაზი. საქართველო ამაყობს, რომ მას, როგორც ერთ-ერთ ყველაზე ახლო და სანდო სტრატეგიულ პარტნიორს, NATO-ს გვერდით დგომის შესაძლებლობა ეძლევა. ქვეყანა ახლო მომავალში ალიანსის სრულფასოვანი წევრობისკენ ისწრაფვის. საქართველო ალიანსისაგან ძლიერ პოლიტიკურ მხარდაჭერას ელის. ვიმედოვნებთ, რომ სამიტზე ჩვენ მიერ მიღწეული მნიშვნელოვანი პროგრესის აღიარება მოხდება“, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციაზე.

„ვარშავის მომავალი სამიტის შემდეგ საქართველო, ალიანსის სხვა პარტნიორებთან შედარებით, ნატოს ეგიდით ჩატარებულ უფრო მეტ შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას“, - განაცხადა 24 მაისს, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრ დავით ბაქრაძესთან შეხვედრის შემდეგ, კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა ჯეიმს აპატურაიმ. აპატურაის თქმით, ახლა ნატოც და საქართველოც ვარშავის სამიტზეა ფოკუსირებული და სამი ძირითადი მიმართულებით მუშაობს:

ჯეიმს აპატურაი

„პირველი, რაზეც ვმუშაობთ, ეს არის იმ გადაწყვეტილებების აღსრულება, რაც უკვე მიღებულია არსებითი პაკეტის ფარგლებში. მეორე - ეს არის ახალი იდეები, რათა კიდევ უფრო გავაუმჯობესოთ საქართველოს შესაძლებლობები ნატოსთან თანამშრომლობის სფეროში და მესამე - ეს არის პოლიტიკური ურთიერთობა ნატო საქართველოს შორის. საქართველო იქნება მეტად წარმოდგენილი ვარშავის სამიტზე, ვიდრე სხვა რომელიმე პარტნიორი ქვეყანა“.

აპატურაიმ თქვა, რომ სამიტის ფარგლებში გაიმართება შეხვედრები თავდაცვის მინისტრების დონეზე, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა და ნატო-საქართველოს კომისიის შეხვედრაც ასევე საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე.

დავით ბაქრაძის თქმით კი, საქართველო დღეს ემზადება იმისათვის, რომ ნატოს წევრობის გზაზე მიღწეული პროგრესი აღიარებული იქნეს ვარშავის სამიტზე, რომელიც 8-9 ივლისს გაიმართება:

„ჩვენ ყველა პრაქტიკული ინსტრუმენტი გვაქვს წევრობისთვის მოსამზადებლად, მაგრამ ეს ინსტრუმენტები კიდევ უფრო უნდა გავაძლიეროთ იმისათვის, რომ განმტკიცდეს საქართველოს თავდაცვისუნარიანობა და ნატოს შეიარაღებულ ძალებთან თავსებადობა კიდევ უფრო მაღალ ხარისხში ავიდეს“.

დასკვნითი საჩვენებელი სწავლება

თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას ამერიკის შეერთებული შტატების ატლანტიკური საბჭოს აღმასრულებელმა ვიცე-პრეზიდენტმა დეიმონ უილსონმა კი აღნიშნა, რომ ატლანტიკურ საბჭოს მიაჩნია, რომ საქართველოს შეუძლია მიაღწიოს მიზნებს და მიაღწიოს მიზანს გახდეს ნატოს წევრი. უილსონის თქმით, საქართველო დამოუკიდებლობის 25 წლისთავზე გახდა მტკიცე დასაყრდენი ნატოსთვის.

რთულია იმის პროგნოზირება, თუ რა მოჰყვება ვარშავის სამიტს, რადგან ხშირად სწორედ სამიტზე მიიღება გადაწყვეტილებები, გვეუბნება ატლანტიკური საბჭოს აღმასრულებელი დირექტორი გიორგი მუჩაიძე, თუმცა იმასაც ამბობს, რომ ნატოში საქართველოს ინტეგრაციის დინამიკა იზრდება. მისი თქმით, საყურადღებოა ის ფაქტიც, რომ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ნატოს პოზიცია რადიკალურად შეიცვალა რუსეთის მიმართ - თუ მას ნატო ადრე პარტნიორად მიიჩნევდა, ახლა ის მოსალოდნელ საფრთხედ აღიქმება. რაც შეეხება MAP-ს, მუჩაიძეს მიაჩნია, რომ მისი მიღება საქართველოსთვის იმაზეა დამოკიდებული, რამდენად სწრაფად და სწორად გაატარებს რეფორმებს:

„თუ ნატოს გაფართოების ისტორიას გადავხედავთ, ბალტიისპირეთის ქვეყნების შემთხვევაშიც ნატოს წევრი ქვეყნების ნაწილი სკეპტიკურად იყო განწყობილი, მაგრამ მათ რეფორმების სწრაფი განხორციელებით, არამხოლოდ თავდაცვის სფეროში, არ დაუტოვეს მათ არანაირი არგუმენტი, რატომაც ბალტიისპირეთის ქვეყნები ვერ გახდებოდნენ ნატოს წევრები“.

თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა კი 24 მაისს იმედი გამოთქვა, რომ 2016 წლის ივლისში დაგეგმილი ვარშავის სამიტი იქნება ახალი სისტემის, შავ ზღვაზე ახალი პლატფორმის, ახალი უსაფრთხოების არქიტექტურის დასაწყისი, ხოლო საქართველოს, მისი სიტყვებით, აქვს ამბიციაც და მოლოდინიც, რომ გახდეს ამ სისტემის სრულფასოვანი ნაწილი.